Skip to content

newsreport.ge

Category: ახალი ამბები

  • პეპ გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

    პეპ გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

    ცნობილი ესპანელი მწვრთნელის პეპ გუარდიოლას დედა 82 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას THE SUN- ი ავრცელებს.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსის 135,032 შემთხვევაა დაფიქსირებული საიდანაც 13,055 გარდაცვლილია ხოლო 40,437 გამოჯანმრთელებული.

     

    პეპ გვარდიოლას დედა, დოლორეს სალა კარიო

     

    April 6, 2020
  • კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

    კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

    ეროვნული ბანკის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

    “საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, ნებისმიერ ვითარებაში, საფინანსო სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში.

    სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკში აქტიურად მუშავდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის (საქმიანობის) უწყვეტობის გეგმა. ასევე, შემუშავდა სისტემა პოტენციური რისკების შეფასებისა და მოვლენათა სხვადასხვა სცენარებისთვის, რათა გართულებების პირობებშიც კი, ბანკს ჰქონოდა სრული ოპერაციული მზაობა საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად.

    როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია.

    ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

    ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ”,-აღნიშნულია განცხადებაში.

    April 6, 2020
  • შესაძლოა, იზოლაცია ქალებისთვის მოძალადე პარტნიორების ხაფანგს წარამოადგენდეს – გაეროს გენერალური მდივანი

    შესაძლოა, იზოლაცია ქალებისთვის მოძალადე პარტნიორების ხაფანგს წარამოადგენდეს – გაეროს გენერალური მდივანი

    როგორც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აცხადებს,  Covid 19 -ის  გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი შესაძლოა, მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდეს. გუტიერეშის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

    “ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია. მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. რისთვისაც ონლაინსერვისებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ინვესტიციის გაზრდაა საჭირო”, – განაცხადა ანტონიო გუტიერმა.

    April 6, 2020
  • ჯობს ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს – რამზან კადიროვი პოლიციის მიერ მოქალაქის ცემაზე

    ჯობს ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს – რამზან კადიროვი პოლიციის მიერ მოქალაქის ცემაზე

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ქალაქ არგუნის მცხოვრებლის პოლიციის მიერ ცემის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მსგავს საქციელს ამართლებს.

    „თავდაპირველად უკმაყოფილო ვიყავი, რომ თანამშრომელმა ამ არანორმალურს სცემა, მაგამ მას არაფერი დაუშავებია. მე მწერენ, შენ ხომ მუსლიმი ხარ, რატომ უშვებ ამას? მე მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს. ამიტომ ვიღებ მკაცრ ზომებს. ვისაც საჭიროა „ბიტებით“ გავლახავთ, ვისაც საჭიროა ციხეში ჩავსვამთ, თუ საჭიროა სარდაფში. ამით საკუთარ ხალხს ვიცავ“, – განაცხადა კადიროვმა.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ფიზიკურად როგორ უსწორდება ჩეჩნეთის პოლიცია ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც მათი ინფორმაციით, კარანტინს არღვევს.

    April 6, 2020
  • 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან

    60 წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან

    სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

    ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.

    „ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .

    მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.

    გარდა ამისა, ტიკარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ პნევმოკოკის აცრა სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში შევიდეს.

    „ამ ეტაპისთვის გვაქვს კონრეტული რაოდენობა და ასევე სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ვცდილობთ, განვახორციელოთ ზემოთ ხსენებული ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოხდეს ამ მოქალაქეებში ვაქცინის განახლება“, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

     

    April 6, 2020
  • თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

    თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

    დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.

    სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

    ამავე დოკუმენტის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 145 000 ლარია, გარანტიის ოდენობა 290 000 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე.

    მერიის მოთხოვნის თანახმად, მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.

    ამასთან ერთად, პირობების მიხედვით პრეტენდენტს თბილისში ან თბილისიდან 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი.

    შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

    სიგრძე – არაუმეტეს 6.97 მეტრი; სიგანე – არაუმეტეს 2.5 მეტრი; სიმაღლე – არაუმეტეს 2.9 მეტრი; ძრავი – დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი; ძრავის მოცულობა – არაუმეტეს 3.0 ლიტრი; ძრავის სიმძლავრე – არანაკლებ 130 ცხენის ძალა; საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე – ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა, შერეული/კომბინირებული – არაუმეტეს 9 ლიტრისა; ქალაქგარეთ – არაუმეტეს 7.5 ლიტრისა; საწვავის ავზის მოცულობა არანაკლებ 70 ლიტრისა.

    არანაკლებ 2 (ორი) უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის და წინა მგზავრის). ყველა სავარძელზე დამონტაჟებული სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი.

    მიკროავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.

    შემოთავაზებული ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. სკამების ჩარჩოები დამზადებული უნდა იყოს მეტალის ან მსგავსი გამძლე მასალისაგან რომელიც ხილვად (დაუცველ) ნაწილში შეღებილი იქნება შავად. დასაჯდომები და საზურგები დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით სტანდარტული დიზაინის და ფერის. მძღოლის სავარძელი უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი. მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლებს უნდა ქონდეთ არანაკლებ 2 (ორი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი თავის მისაყრდნობები და მძღოლის სავარძელს უნდა გააჩნდეს იდაყვის ჩამოსადები.

    მიკროავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდინცირება და გათბობა. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C – +45˚C). გათბობის სისტემამ უნდა უზრუნველყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას. აგრეთვე კონდინცირების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში ცივი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას.

    მიკროავტობუსს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) დინამიკი, AM/AF რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აუდიოკონტროლი საჭეზე. მიკროავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 17 დასაჯდომი ადგილი + 1 დასაჯდომი მძღოლისთვის.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა მიკროავტობუსების ჩანაცვლების საჭიროებაზე განცხადება გასული წლის ბოლოს გააკეთა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავდა, დედაქალაქის მერია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ერთობლივად განახორციელებენ.

    მერიაში ასევე აცხადებდნენ, რომ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მოძველებული ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება მგზავრობის ტარიფის შეუცვლელად განხორციელდება.

    April 6, 2020
  • “ბორის ჯონსონ, გამაგრდით!“–სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პრემიერს გამოჯანმრთელებას უსურვებს

    “ბორის ჯონსონ, გამაგრდით!“–სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პრემიერს გამოჯანმრთელებას უსურვებს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

    ,,ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19 -ს სახლში დარჩენით ებრძვის.

    ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“,  – წერს საქართველოს პრეზიდენტი ,,ტვიტერის“ საშუალებით.

     

    April 6, 2020
  • ჩერნობილთან მომხდარი ხანძრის გამო რადიაციის დონემ იმატა

    ჩერნობილთან მომხდარი ხანძრის გამო რადიაციის დონემ იმატა

    ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა. ამის შესახებ გამოცემა “The Guardian” წერს.

    „ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – წერს უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლი ეგორ  ფირსოვი სოციალურ ქცელში.

    მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

    ჩერნობილის ზონაში ხანძარი 4 აპრილს დაიწყო. ცეცხლი ტყეს წაეკიდა, ხანზარი 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

    April 6, 2020
  • მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა. ნახეთ FAO–ს მონაცემები

    მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა. ნახეთ FAO–ს მონაცემები

    გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა.
    მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-ის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე, ნავთობის ფასის ვარდნით. ეს უკანასკნელი ძირითადად ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებს უკავშირდება, რადგან მთავრობები ცდილობენ სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

    გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად ასახავს ცვლილებებს ყველაზე ხშირად გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე, შეადგენდა 172.2 ქულას, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 პროცენტით ნაკლებია. ,,ფასის კლება ძირითადად გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით და არა მიწოდებით, ხოლო მოთხოვნის ფაქტორებზე გავლენას ახდენს არასახარბიელო მომავლის ეკონომიკური პროგნოზები’’, ამბობს აბდოლრეზა აბასიანი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი.

    FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა: წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 19.1%-ით არის შემცირებული. აღნიშნული განპირობებულია სახლის გარეთ მოხმარების კლებით, რაც თავისთავად დაკავშირებულია ბევრი ქვეყნის მიერ გატარებულ შეზღუდვებთან და ასევე, ეთანოლის მწარმოებლებისაგან დაბალ მოთხოვნასთან, მას შემდეგ, რაც ნედლ ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა.

    FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 12.0 პროცენტით შემცირდა ერთ თვეში, რაც ძირითადად განპირობებულია პალმის ზეთზე ფასის ვარდნით და ნედლ მინერალურ ნავთობზე ფასის სწრაფი კლებით; ასევე, გაურკვევლობით, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით; სოიოსა და კანოლის ზეთის ფასებიც ამ ტენდენციას მიჰყვება.


    ,,ზეთის ფასი წინა თვეში თითქმის განახევრდა, რაც დიდ გავლენას ახდენს ბიო საწვავის ფასის მკვეთრ კლებაზე, რადგან ბიო საწვავი არის მოთხოვნის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო შაქრისა და მცენარეული ზეთის ბაზარზე’’, ამბობს FAO-ს ანალიტიკოსი პიტერ თეონესი.
    FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებულია კლებადი კვოტებით და გლობალური იმპორტის შემცირებული მოთხოვნით მაღალი და საშუალო ცხიმშემცველობის რძის ფხვნილებზე. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, რძის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით.

    მარტში, FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.9 პროცენტით დაეცა თებერვალთან შედარებით და თითქმის 2019 წლის მარტის მაჩვენებლის დონეზე დადგა. ხორბლის საერთაშორისო ფასი შემცირდა, ხოლო დიდი გლობალური მარაგების ეფექტებმა და სასურველი მოსავლის პროგნოზებმა გადაწონა ჩრდილოეთ აფრიკიდან გაზრდილი იმპორტის მოთხოვნის ეფექტი და რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული მცირე შეზღუდვები ექსპორტზე.
    სიმინდის ფასიც შემცირდა, როგორც მნიშვნელოვნად დიდი მიწოდების, ისე ბიო-საწვავის სექტორის გაცილებით შესუსტებული მოთხოვნის გამო.


    აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრინჯზე საერთაშორისო ფასი უკვე მესამე თვეა თანმიმდევრულად იმატებს.

    FAO აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ფასებზე და სასურსათო პროდუქციის ლოჯისტიკურ საკითხებზე და განსაკუთრებით აკვირდება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, სადაც პანდემიამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამწვავოს სურსათის მიწოდების პრობლემა.

    FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებული იყო ცხვრისა და წყვილჩლიქოსანი ცხოველის ხორცზე საერთაშორისო კვოტების ვარდნით. ამ ტიპის ხორცზე ექსპორტის ხელმისაწვდომობა მაღალია და ვაჭრობის სფეროს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აზარალებს ლოჯისტიკური პრობლემები. თუმცა, მერყევი გლობალური მოთხოვნის ფონზე, გაიზარდა ღორის ხორცის კვოტები; ამავდროულად, გადამამუშავებელი საწარმოები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მუშახელის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო.

    მარცვლეულის მარაგები

    FAO-ს 2020 წლის პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოების მაჩვენებელი წინა თვიდან არ შეცვლილა; ბოლო რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა, რაც დიდ მარაგებთან ერთად, სასურსათო ბაზრებს დაიცავს არეულობისგან კორონავირუსის შტორმის პერიოდში.


    ამ თვის პუბლიკაციაში ,,მარცვლეულის მიწოდება და მოთხოვნა’’ (Cereal Supply and Demand Brief), FAO-ს 2019 წლის სავარაუდო გათვლები მსოფლიოში მარცვლეულის პროდუქციის შესახებ იყო 2 721 მილიონი ტონა, რაც 2.4 პროცენტით მაღალია 2018 წლის მაჩვენებელზე. FAO-ს 2019 წლის გათვლების თანახმად, მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საკვები მარცვალი – 1 445 მილიონი ტონა, ხორბალი – 763 მილიონი ტონა და ბრინჯი – 512 მილიონი ტონა (დაფქვილ მდგომარეობაში).

    მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე, ლოჯისტიკური პრობლემები დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს სურსათის მიწოდების ჯაჭვს რიგ ბაზრებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მასშტაბი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალური სურსათის ბაზრებზე, ამბობს FAO.

    FAO-ს 2020 წლის პროგნოზი მსოფლიოში ხორბლის წარმოების შესახებ წინა თვიდან არ შეცვლილა და კვლავ 763 მილიონი ტონაა; არსებობს მოლოდინი, რომ ევროკავშირი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ პროდუქციას გამოუშვებს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი და პაკისტანი გაზრდიან წარმოებას, თუმცა გადამფრენი კალიების ინვაზიამ შესაძლებელია შეაფერხოს მოსალოდნელი ზრდა.

    რაც შეეხება სიმინდს, მთავარ საკვებ მარცვლეულს, რეკორდულ მოსავალს მოელიან ბრაზილიასა და არგენტინაში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება გასულ წელთან შედარებით, როცა დიდმა გვალვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსავალზე. სხვა ქვეყნებში, დათესვის შესახებ გადაწყვეტილებებზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სიმინდზე საერთაშორისო ფასების კლებამ.

    FAO-ს 2019-2020 წლების პროგნოზი მარცვლეულის მოხმარებასთან დაკავშირებით, მცირედით გაიზარდა 2 722 მილიონ ტონამდე, რაც ნიშნავს წლიურ 1.2% ზრდას. მოელიან, რომ მსოფლიოში მარცვლეულის მარაგი 2020 წლის სეზონის ბოლოს სეზონის დაწყებასთან შედარებით, 8 მილიონი ტონით შემცირდება, რაც გლობალური მარცვლის მარაგი-მოხმარების თანაფარდობას 30.7 პროცენტზე დაიყვანს. ეს მაინც კომფორტულ დონედ ითვლება. პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში მარცვლეულის გაყიდვა 2.3 პროცენტით გაიზრდება წინა წელთან შედარებით და 420 მილიონ ტონას მიაღწევს.

    April 6, 2020
  • დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება  – ინფიცირებული სპორტსმენი ვიდეომიმართვას ავრცელებს

    დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება – ინფიცირებული სპორტსმენი ვიდეომიმართვას ავრცელებს

    კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენი, რომელთან კავშირშიც საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება, ბოდიშს იხდის. სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა იმ პირს, რომელიც ამ ფაქტის გამო კარანტინშია მოთავსებული.

    „მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა, ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო იძულებული გავხდი ეს ვიდეო ჩამეწერა. პირველ რიგში მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ხალხს, რომელებიც ჩემს გამო კარანტინში ახლა კარანტინში იმყოფებიან, გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს, ვიცი დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.

    მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება, არც ყელის ტკივილი, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს ვგრძნობდი მშვენივრად და 28 მარტს საქმეზე წავედი ქალაქ ზუგდიდში, ვინახულე ჩემი მეგობარი, ზუგდიდში ოჯახში შევედი, დავიცავი დისტანცია, რამოდენიმე ხანი ვიყავი და შემდეგ წავედი სოფელ ლიაში, ლიაში ვიყავი ოჯახში, ერთი ღამე გავატარე. შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ბებიაჩემის საფლავზე, იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან, დისტანციურად ხელის ჩამორთმევის გარეშე. ის, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, ვითომდა რუსეთის მოქალაქე ვარ და ახალი ჩამოსული ვარ, თვითიზოლაცია არ დამიცავს და მოვიარე სამეგრელო, ეს არის ცრუ ინფორმაცია.

     

    ისიც, რომ მე აფხაზეთიდან გადმოვედი სამეგრელოში ესეც არის ცრუ ინფორმაცია. ისიც, რომ მე ვიმყოფებოდი ჩხოროწყურს რაიონში დაბადების დღეზე ეგ არის ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა მან.

    April 6, 2020
←Previous Page
1 … 2,261 2,262 2,263 2,264 2,265 … 2,383
Next Page→

newsreport.ge

  • Blog
  • About
  • FAQs
  • Authors
  • Events
  • Shop
  • Patterns
  • Themes

Twenty Twenty-Five

Designed with WordPress