ფრანგები, რომლებიც უკვე 21–ე დღეა კარანტინში არიან ექიმებს მხარდაჭერას სიმღერით უცხადებენ. ისინი საკუთარი სახლების აივნიდან მღერიან, რადგან ქვეყანაში გადაადგილება და ქუჩაში გამოსვლა მკაცრი წესებით არის შეზღუდული. ბოლო დღეებში საფრანგეთში ეპიდემია პიკს აღწევს. დაინფიცირებულთა რიცხვი თითქმის ასი ათასია, გარდაცვლილია 8911 ადამიანი. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 833 შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 აპრილს დაფიქსირდა, როცა 24 საათში 1300 ადამიანი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 7000 პაციენტი.
Category: ახალი ამბები
-

მდგომარეობა დამძიმდა – ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, ახალი კორონავირუსის სიმპტომების გართულების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბორის ჯონსონის კაბინეტის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი გონზეა და მას ამ დროისთვის ფილტვების ვენტილაციის აპარატი არ სჭირდება.
“პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სამედიცინო გუნდის რჩევის შესაბამისად, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს”, – წერია განცხადებაში.
-

გერმანია საყოველთაო კარანტინის დასრულებისთვის ემზადება. გერმანიაში მცხოვრები ქართველი გერმანული რეალობის შესახებ
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გერმანია ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გამართული ჯანდაცვის სისტემით, მაშტაბური ტესტირებით, მკაცრი კარანტინით და სხვადასხვა ზომებით მან შეძლო სიკვდილიანობის დონის მინიმუმამდე შემცირება და ვირუსთან ბრძოლა. ამ დროისთვის გერმანიაში 101,178 ინფიცირებულია. გარდაცვლილია 1,612 ადამიანი. ტესტირებულია მილიონამდე გერმანელი. ახლა უკვე დღის წესრიგში დგას, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კარანტინის მდგომარეობიდან და როგორ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ირინე დანელია ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი აქცენტი სპეციალურ აპლიკაციაზე კეთდება, რამაც ქვეყანას დაავადების კონტროლის საშუალება უნდა მისცეს. ირინე დანელია მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის მოქალაქეა, ამჟამად ცხოვრობს ქალაქ შვეცინგენში, არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში. გერმანული რეალობის შესახებ ის სპეციალურად solostudio.agency/-სთვის მომზადებულ სტატიაში გვიამბობს.
“უკვე რამდენიმე კვირაა ფაქტიურად მთელი მსოფლიო აქამდე არნახული მასშტაბების საყოველთაო საგანგებო სიტუაციის პირობებში იმყოფება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების მედიასაშუალებებში საყოველთაო “Lock Down”ის სახელით მოიხსენიებენ. სოციალურმა დისტანციამ, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების ექსპონენციალური ზრდის შესაჩერებლად იყო საჭირო, მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგები, თუმცა დღის წესრიგში ასევე მწვავედ დააყენა ამ სიტუაციიდან გამოსვლის სტრატეგიის შექმნის აუცილებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის არც ვაქცინა არსებობს და არც თერაპიის ეფექტური მეთოდი, ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა რაც შეიძლება ზუსტად იქნას დაავადების გავრცელების სისწრაფისა და ხარისხის დადგენა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი სიტუაციის მოდელირება და ეპიდემიის შესაძლო მასშტაბების გამოთვლა.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა ორი კვლევა, რომელთა შედეგებიც რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო ინტერნეტ გვედებზე გამოქვეყნდა.
პირველი კვლევა მიუნხენის კლასტერს ეხება და იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა სისწრაფითა და ინტენსივობით ხდებოდა დაავადების გავრცელება (https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3551335). კვლევის ამოსავალი წერტილი, ანუ ეგრეთწოდებული ნულოვანი პაციენტი, იყო იანვრის ბოლოს ბავარიის ავტო-ნაწილების მწარმოებელ ერთ-ერთ ფირმაში საქმიან ვიზიტით ჩამოსული ჩინელი ქალი, რომლისგანაც ვირუსი 16 ადამიანს გადაედო. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილეობდა 249 ადამიანი, რომლებსაც ნულოვან პაციენტთან სხვადასხვა ინტენსივობის კავშირები გააჩნდათ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადების გავრცელება სხვადასხვა ინტენსივობით მე-4 თაობის კონტაქტებამდეა შესაძლებელი. ამასთან, დაავადების გადატანის ხარისხმა ოჯახის უახლოეს წევრებზე 75% შეადგინა, ერთ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს შორის, მათ შემდგომ იზოლაციამდე – 10%, ხოლო ყველა დანარჩენ კონტაქტებზე 5%. 108 დისტანციურ კონტაქტებზე დაავადების გავრცელება საერთოდ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე მკვლევარებმა მიიღეს ზოგადი დასკვნა, რომ თუკი ადამიანს აქვს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პირდაპირი კავშირი დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, მაშინ არსებობს 5% შანსი დაავადების გადაცემისა, რაც, მეცნიერების აზრით ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
დაახლოებით იგივე პრობლემატიკას ეხება ინგლისელი ეპიდემიოლოგის, პროფესორ კრისტოფერ ფრეიზერის ხელმძვანელობით ჩატარებული მეორე, ასევე უაღრესად აქტუალური და საინტერესო კვლევაც , რომელის კონკრეტული მიზანიც იყო პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რა სახის ზომების გატარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხში, ისე რომ არ ყოფილიყო საჭირო ეგრეთწოდებული საყოველთაო „ლოკ დაუნი“ (https://science.sciencemag.org/content/early/2020/03/30/science.abb6936). ამისთვის მკვლევარების ჯგუფი შეეცადა განესაზღვრა დაავადების თუ რომელ ეტაპზე რა ინტენსივობით ხდებოდა ინფექციის გავრცელება.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ვირუსული ინფექციის გავრცელება ასიდან 46 შემთხვევაში ხდებოდა პაციენტების პრესიმპტომატურ პერიოდში, ანუ მაშინ, სანამ ინფიცირებული ადამიანი რაიმე სახის საეჭვო სიმპტომებს გამოამჟღავნებდა, ხოლო ასიდან 54 შემთხვევაში პაციენტის მიერ საეჭვო სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ. რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების 46 % -ს ადგილი აქვს მაშინ, სანამ ფარულად ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ არანაერ ეჭვს არ იწვევს. რადგანაც ტესტირება უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში კეთდება და ასევე სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ ხდება პაციენტის იზოლაცია და მისი შესაძლო კონტაქტების კვლევა, ცხადი ხდება, რომ უსიპტომო ინფიცირებულისაგან ვირუსი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად ვრცელდება. აქედან გამომდინარე ვირუსის გავრცელება თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მის შესაკავებლად მიღებული ზომები შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე ფაქტობრივად შეუძლებელია საყოველთაო კარანტინის გარდა სხვა რაიმე ფორმით ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება, თუ არ იქნა შესაძლებელი უფრო სწრაფად მოხდა საეჭვო კონტაქტების აღრიცხვა და იზოლაცია.
რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში და რა ფორმითაა შესაძლებელი დაავადებულთა გამოკვლევისა და იზოლაციის პროცესის დაჩქარება?
ამ პრობლების გადაჭრის ეფექტურ გზად კრისტოფერ ფრეიზერის კვლევითი ჯგუფი თანამედროვე ტექნოლოგიების მიზანმიმართულ გამოყენებას მიიჩნევს. მკვლევარების აზრით, თუკი შექმნილი იქნება აპლიკაცია მობილური ტელეფონებისათვის, რომელის საშუალებითაც ადრეულ ეტაპზე მოხდება ინფიცირებული ადამიანის ყველა შესაძლო კონტაქტის აღრიცხვა და დროული იზოლაცია, რათქმაუნდა იმ პირობით, რომ ამ აპლიკაციას მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც გამოიყენებს, მაშინ შესაძლებელი იქნება დაავადების გავრცელების კონტროლი, ისე რომ, თავიდან იქნას აცილებული როგორც ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, ასევე საყოველთაო კარანტინი. ამასთანავე შესაძლებელი გახდება ეტაპობრივად აღდგეს საზოგადოების ცხოვრების ჩვეული რიტმიც. ამ მოსაზრებას ამტკიცებს სამხრეთ კორეის დადებითი მაგალითი, სადაც მასობრივი ტესტირების პარალელურად თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უსწრაფესად და მაღალეფექტურად ხდებოდა შესაძლო ინფიცირებულთა ლოკალიზება და იზოლაცია.
ახლა მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ ფუნქციონირებს სატელეფონო აპლიკაცია.
მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულ ადამიანს გამოუმჟღავნდა საეჭვო სიმპტომები იგი იწყებს მობილური ტელეფონის საშუალებით აპლიკაციის შევსებას. მობილური აპლიკაცია სიმპტომების რეგისტრაციის საფუძველზე სავარაუდო ინფიცირებულს ანიჭებს ტესტის ჩასატარებლად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდს, რის შემდეგაც პაციენტს უტარდება შესაბამისი ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში ასევე აპლიკაციის საშუალებით ხდება ყველა იმ საეჭვო აბონენტის დადგენა, ვისთანაც ამ მობილური ტელეფონის მფლობელს ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ ახლო კავშირი, იმისათვის რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი დაინფიცირებაც. შემდეგ ეტაპზე ხდება ამ საეჭვო კონტაქტების ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მათ ჰქონდათ ვირუსით დაავედებულ ადამიანთან კონტაქტი, რის საფუძველზე მათაც უტარდებათ სიმპტომების გამომჟღავნებამდე ტესტირება და მაშინვე ხდება მათი იზოლაციაც.
ეჭვგარეშეა, რომ ახალი კორონა ვირუსის შემთხვევაში მთავარი პრობლემა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელის გარდა, მისი გავრცელების სისწრაფეა, რაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს იწვევს. აქედან გამომდინარე, მანამ, სანამ არ არსებობს ვაქცინა, პრიორიტეტულად სწორედ ვირუსის გავრცელების სიჩქარის შენელება რჩება.
გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში უკვე განიხილება შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლო გზები და ვადები. ამასთან მიმართებაში მასმედიის საშუალებებში მართლაც უფრო და უფრო ხშირად განიხილება მობილური ტელეფონების მონაცემების დამუშავების საფუძველზე ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის კონტროლის შესაძლებლობა. რადგანაც გერმანიის არსებული კანონმდებლობით მოქალაქეების თანხმობის გარეშე ასეთი აპლიკაციის გამოყენება შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს აპელირება მოახდინოს საზოგადოების ფართო მასებზე, რათა მათ გამოიჩინონ მაღალი სოციალური შეგნება და ნებაყოფლობით ჩაერთონ მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა რიგებში. ამავე მეთოდის გამოყენებაზე საუბარია ასევე ავსტრიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.
მობილური ტელეფონების მონაცემებისა დამუშავებისა და სპეციალური აპლიკაციების საშუალებით მართლაც რომ გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ამას სამხრეთ კორეის მაგალითიც მოწმობს. თუმცა რამდენად წარმატებული იქნება იგი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ეს მეტ წილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება მოქალაქეების მზაობა ნებაყოფლობით და კეთილსინდისიერად ისარგებლონ ამ აპლიკაციით.“
ირინე დანელია
-

ოპოზიცია ხელისუფლებას ემიგრანტების ჩამოსაყვანად საკარანტინე სივრცეების დამატებისკენ მოუწოდებს
უკვე სამ კვირაზე მეტია ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სთხოვენ, დროულად დაიწყოს მათი საქართველოში დაბრუნების პროცესი.
საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ემიგრანტების დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. მთავრობის არაერთი დაპირებისა და განცხადების მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
ემიგრანტებს პრობლემა აქვთ სპეც.რეისების ავიაბილეთების შეძენასთან დაკავშირებითაც – მათ ნაწილს ბილეთების შეძენის რესურსი აღარ აქვს, ნაწილი კი იმ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ბილეთების ელექტრონულად შეძენას ვერ ახერხებს. ემიგრანტების თქმით, საელჩოები მათ პრობლემის მოგვარებაში არ ეხმარებიან.
ხელისუფლება უარს ამბობს ემიგრანტების დაბრუნების იმ გეგმაზე, რომელიცნაციონალურმა მოძრაობამ შესთავაზა. ოპოზიცია ამბობს, რომ აქვს ფინანსური რესურსები და უკვე შემდაგარია მოლაპარაკება უკრაინულ ავიაკომპანია „skyup”-თან ევროპის ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტების უფასოდ ჩამოყვანის შესახებ და ხელისუფლებისგან მხოლოდ ნებართვის წერილი უნდა. თუმცა ხელისუფლება არ აპირებს მათ რამე წერილი მისცეს. გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს შეუძლია ფული კორონავირუსის ფონდში გადარიცხოს.
იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად მისცემს „skyup“-ს რეისების განხორციელების უფლებას, „ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა თანხები ფონდში გადარიცხოს.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქის დაბრუნების გაჭიანურება, ქვეყანაში საკმარისი საკარანტინო სივრცეების არარსებობას უკავშირდება. პარტია ხელისუფლებას საკარანტინე სივრცეების დამატებისკენ მოუწოდებს.
ხელისუფლების განცხადებით, საკარანტინო სივრცეების პრობლემა ქვეყანაში არ არის – ემიგრანტების დასაბრუნებლად კი დღეს მხოლოდ ორი ახალი რეისი, ბარსელონას და ვარშავას მიმართულებები დაამატეს.
-

“არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხი იყოს, ვინც თანახმა იქნება, რომ ღირსება შეელახოს ვირუსის გამო” – მეუფე ნიკოლოზი
“მე არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხი იყოს, ვინც თანახმა იქნება, რომ ღირსება შეელახოს ვირუსის გამო.”- ეს განცხადება მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასა და ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
“არის რაღაცა, რაზეც უარს ვერ იტყვის ადამიანი, ეს არის ადამიანის ღირსება. მე არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხი იყოს, ვინც თანახმა იქნება, რომ ღირსება შეელახოს ვირუსის გამო. ყველას თავისებური გაგება აქვს ღირსების. ჩვენ გვაქვს მრწამსი. აი, მრწამს ვერ დავარღვევთ, არ შეგვიძლია. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ძალიან სწრაფად შეიძლება მოვლენები განვითარდეს. დავიცადოთ, იქნებ არ განვითარდეს ეს მოვლენები, იქნება მტერმა აგვიაროს ვირუსის სახით.” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
-

“ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებით“–რას გვირჩევს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჩკორი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ აქტიურად ერთვება ქართულ ტელეეთერებში და საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც ქართულ აუდიტორიას მუდმივად აწვდის ინფორმაციას და რჩევებს. ის The Mount Sinai Hospital–ში მუშაობს და კოლეგებთან ერთად კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს. გთავაზობთ მის ბოლო რჩევებს, რომლებიც ექიმმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:
“რაც ეს ეპიდემია დაიწყო, ყოველ დღე ვესაუბრები უამრავ უცნობ ადამიანს. ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო მათ კითხვებს და დავეხმარო დაავადების სახლში მართვაში (თუ ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ). ძალიან ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა თვითნებურად ღებულობენ სხვა და სხვა ანტიბიოტიკებს, განსაკუთებით კი ორი ცნობილი ანტიბიოტიკის კომბინაციას (სახელებს შეგნებულად არ ვწერ, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს მიღების სურვილი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას!
კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული ან მართვით სუნთქვაზე. სხვა შემთხვევაში არანაირ მედიკამენტს არ ვიყენებთ! მეტიც, ორივე ამ ცნობილ წამალს ახასიათებთ ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის სიკვდილის რისკის შემცველი არითმია, ეგრეთ წოდებული პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
არ მიიღოთ ეს წამლები ექიმის ნებართვის გარეშე, გთხოვთ!ჩემს კოლეგებს კი ვთხოვდი ნუ გამოწერთ ამ წამლებს სახლის პირობებში.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსუბუქ ფორმებს არ სჭირდება არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.
ასეთი ფორმების მართვის მთავარი პრინციპებია:
1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.
2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).
3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.
4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის რომ ელექტროლიტური. ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ სადაც სხვები სეირნობენ).
6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.
7. ასევე, სუნთქვის უკმარისობის მქონეთ შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით ავარჯიშოთ ფილტვები რომ აერაცია სრულფასოვანი იყოს ყველგან. არსებობს მარტივი მოწყობილობა incentive spirometer (ქართულადაც მგონი სპირომეტრი ჰქვია) და ავარჯიშეთ ფილტვები ამის გამოყენებით. ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. თუ სპირომეტრი არ გაქვთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გასაბერი ბურთი ან ბუშტი გამოიყენოთ და ბეროთ დღეში რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი). დაავადებას ახასიათებს ძლიერი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ შეეცადეთ ფილტვების კარგი აერაცია როგორღაც უზრუნველყოთ.
8. სასურველია შეიძინოთ პულსოქიმეტრი. ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა. ასევე იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. ამით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგს. მაჩვენებლები გაუზიარეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლინიკური მონაცემების დაჯამება საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. თუ პულსოქსიმეტრი არ გაქვთ დარდს ნუ მიეცემით, გამოცდილი ექიმი ამის გარეშეც მიიღებს სწორ დაგაწყვეტილებას.
8. ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტალინოლი, თუმცა ისიც იცოდეთ რომ შეიძლება სრულად კონტროლი ვერ მოხერხდეს. ეს საშიში არაა, ტალინოლი უფრო იმისთვისაა საჭირომ რომ დისკომფორტი შეიმსუბუქოთ.
9. არ დაგავიწყდეთ ქრონიკული დაავადებების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით დიაბეტის იდეალური მართვაა აუცილებელი.
10. ეცადეთ დაავადების პერიოდში არ დაიწყოთ რამე ახალი პრეპარატი სხვა დაავადების სამართავად თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
11. დაისვენეთ ბევრი, ეცადეთ განიტვირთოთ და ნუ ჩაეჭიდებით ნეგატიურ ინფორმაციას.
12. სასურველია არ მისდიოთ არაექიმი მეზობლების, მეგობრების, ბიცოლების და მამიდების რეკომენდაციებს. აირჩიეთ ერთი ექიმი ვისაც ენდობით და მოუსმინეთ მას. ბევრ წყაროზე დამოკიდებულება შეცდომების ალბათობას ზრდის.
13. ნუ დაეყრდნობით არაოფიციალურ წყაროებს. ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებითაც კი.
14. არავითარი სპორტი და დიეტები ავადობის დროს. სხეულის გალამაზებას დაავადების გადავლის შემდეგაც მოასწრებთ.
15. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ავადობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ასევე აუცილებელია კარანტინის პირობების დაცვა სიმპტომების გაქრობის შემდგომ პერიოდში.
16. და ისევ, ნუ მკურნალობთ თვითნებურად მედიკამენტებით. ეს სიცოცხლისთვის საშიშია!!!
ვეცდები შეძლებისდაგვარად ვუპასუხო ყველა წერილს. გთხოვთ იყავით ლაკონურები კითხვებში. ეს დროს დამიზოგავს და მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებ. აქვე გთხოვთ, არასამედიცინო კითხვებს და თხონებს ეხლა ნუ გამომიგზავნით. ამის დროც მოვა და ყველაფერს გავაკეთებ რომ ყველას გიპასუხოთ რეზიდენტურასთან, სტაჟირებასთან და სხვა არასამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ეხლა უბრალოდ შეუძლებელია, ჩემს მდგომარებაში, დღეში ათეულობით წერილის პასუხი და ამასობაში არ მინდა გამომრჩეს ისინი ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.სანამ სიტუაცია გამოსწორდება, დარჩით სახლში, დაიცავით საკუთარი თავი და ამით გადაარჩენთ უამრავ სიცოცხლეს.
ხშირად მწერენ, რომ მე და ჩემი კოლეგები გმირები ვართ. ვერ დავეთანხმები ამაში ვერაფრით. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. როცა ამ პროფესიას ვირჩევთ, ჩვენ ვიცით რომ ის რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვალდებულები ვართ ასეთ დროს ვიყოთ თქვენს გვერდით.
ნამდვილი გმირები არიან ის ადამიანები ვისაც სრულად აქვს გაცნობიერებული სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვით უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ხშირად საარსებო წყაროს დაკარგვის ფასად.
და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს. ყველანი ერთად გამოვალთ აქედან მეტი ცოდნით, მეტი გამოცდილებით და ახალი ფასეულობებით. -

გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი, რატი სამყურაშვილი
43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. რატი სამყურაშვილი წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.
რატი სამყურაშვილი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მისმა მეუღლემ, მწერალმა ეკა ტოგონიძემ ქმარს ფეისბუქზე ემოციური სტატუსი მიუძღვნა:“უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე გულში შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი…შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.შეხვედრამდე.“– წერს ეკატერინე ტოგონიძე.
-

საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანია გამოჯანმრთელებული
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია – 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 მოქალაქეა.
-

საქართველომ ნატოს კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობა სთხოვა
საქართველოს მთავრობამ ნატოს “კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს” დახმარებისთვის მიმართა.
მთვარობის მიერ გაგზავნილ მოთხოვნაში აღწერილია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა, ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე გადადგა. საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის მატერიალურ აღჭურვილობას ითხოვს.
დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის.
საჭირო აღჭურვილობის სია:
- საველე ბანაკი — 100;
- სამედიცინო ბანაკი — 100;
- საველე სასადილო — 100;
- საწოლი — 2 500;
- პირსაბანი — 100;
- გენერატორი — 100;
- გამათბობელი — 600;
- ცეცხლმაქრი — 300;
- მაცივარი შუშის კარით — 100;
- ელექტროჩაიდანი — 200;
- თერმომეტრი — 200;
- სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი — 500;
- ელექტროთერმომეტრი — 200;
- ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი — 200;
- გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები — 1200;
- ამკრძალავი ნიშანი — 200;
- ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი — 200;
- პროექტორი (150-ვოლტიანი) — 400;
- მეგაფონი — 100;
- მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) — 100;
- სამედიცინო პირბადე — 7 500;
- ხელთათმანები — 7 500;
დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:
- ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი — 20 500;
- რესპირატორი — 26 000;
- დამცავი ნიღაბი — 190 000;
- სადეზინფექციო შხაპის კარავი — 4;
- წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 — 4;
- ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის — 1000;
- გასაბერი კარავი გათბობის სისტემით — 40;
- ინფრაწითელი თერმომეტრი — 290;
- დამცავი ხელთათმანი — 23 000;
- სადეზინფექციო საშუალება — 500 ლიტრი;
- სათვალე/სახის დამცავი ფარი — 2 000;
- ელექტროსპრეი — 50.
-

გახარიამ ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტვიტერზე დაწერა.
“ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით გისურვებთ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა COVID-19-ის გამოწვევასაც გაუძლებს და გადალახავს, როგორც ეს ისტორიის მანძილზე ხდებოდა”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
