Category: ახალი ამბები

  • ხულოს მერიის თანამშრომლებმა COVID-19-ის პანდემიის დროს აღებული პრემიები ბიუჯეტში დააბრუნეს

    ხულოს მერიის თანამშრომლებმა COVID-19-ის პანდემიის დროს აღებული პრემიები ბიუჯეტში დააბრუნეს

    ხულოს მერიის თანამშრომლებმა მარტის თვეში აღებული პრემიები ბიუჯეტში დააბრუნეს. მერიის თანამშრომლის, ნური გორგაძის თქმით, პრემიები თანამშრომლებს წინა კვირას იმიტომ ჩაერიცხათ, რომ მათთვის პრემიის მიცემა 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა.

    ,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამშრომლებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიაზრებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში”,- წერს გორგაძე.

    ცნობისთვის, 50%-ინი პრემია ხულოს მერიის 16-მა თანამშრომელმა წინა კვირას აიღო.

  • ვის ევალება კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი- მთავრობის დადგენილება

    ვის ევალება კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი- მთავრობის დადგენილება

    მთავრობამ ახალი, 221-ე დადგენილება გამოსცა, რომელიც ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მონიტორინგის პროცედურას ეხება.

    დადგენილების მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროდან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განახორციელებს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროდან- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

    ,,ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს, სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებები”,- ვკითხულობთ დადგენილებაში.

    უწყებებს უფლება ექნებათ კომპანია ადგილზე დააჯარიმონ, თუ დარღევევის გამოკვლევის საჭიროება არ იქნება.

    ,,საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,” – წერია დოკუმენტში.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებული დადგენილებით საქართველოში მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება შეიზღუდა, თუმცა დარჩა საგამონაკლისო საქმიანობები.

    საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა იურიდიული პირისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს – 15 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

  • ყოველდღიურად ვგრძნობთ, როგორ ღარიბდება ადამიანებს შორის კავშირი–იაგო კაჭკაჭიშვილი

    ყოველდღიურად ვგრძნობთ, როგორ ღარიბდება ადამიანებს შორის კავშირი–იაგო კაჭკაჭიშვილი

    სოცილოგი იაგო კაჭკაჭიშვილი პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე ადამიანების იზოლაციას ფეისბუქ სტატუსს უძღვნის:

    “ყოველდღიურად ვგრძნობთ, როგორ ღარიბდება ადამიანებს შორის კავშირი – ფიზიკური შეხება (ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ჩახუტება, გადაკოცნა და ა.შ.) ქართველებისთვის (სხვა ტემპერამეტიანი ერებისთვისაც) წარმოადგენს ურთიერთობების ემოციურ დამატებას, რომელიც ამ ურთიერთობებს უფრო დამაჯერებელს, სანდოს ხდის. ტაბუმ ფიზიკურ შეხებაზე ურთიერთობები გახადა მშრალი და გაუცხოებული. ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული კონტაქტები ამას ვერ ჩაანაცვლებს.

    მოკლედ, ახლა ძლიერდება არა “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, არამედ „ვეხები, მაშასადამე ვარსებობ!“– წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

  • სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა

    სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა

    სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

    ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობდა.

    ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იმ დღეს მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ. ტაძარში მიდიოდა სტიქაროსნის დედაც, რომელიც ასევე ინფიცირებულია. covid-19 დუდასტურდა სტიქაროსნის ბაბუასაც.

  • სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ – მეუფე გრიგოლი

    სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ – მეუფე გრიგოლი

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, სააღდგომო მსახურებას ღია ცის ქვეშ ჩაატარებს, სადაც სივრცე საკმაოდ არის და ხალხი დასწრებას შეძლებს, თუ საგანგებო მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემთ.

    მისი თქმით, დაინფიცირებისგან აბსოლუტურად დაცული ქვეყანაში არავინ არ არის, მაგრამ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.

    „დამიჯერეთ, დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მე რაც შემიძლია გითხრათ, სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მგონია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. რომ გითხრათ, შემოთავაზებული ნორმები ეს არის აბსოლუტური საშუალება ვირუსისგან დაცვისა, რა თქმა უნდა, ეს მთლად ასე არ არის მაგრამ, ალბათ მინიმუმამდე დაყავს დაინფიცირების რისკი. აბსოლუტური დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის.

    ამრიგად, ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირების, არ არის საჭირო. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას,“- თქვა მეუფე გრიგოლმა.

    მან ჟურნალისტებსაც მიმართა და უთხრა, რომ თუ მორჩილებით იქნებიან, კორონავირუსის ჩავლის შემდეგ ყველაზე ეკლესიურები ისინი გახდებიან.

    „თუ დამიჯერებთ და ყურადღებით, მორჩილებით იქნებით, მე მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით, ამის დიდი შანსი გაქვთ, სხვა დროს კაცი ვერ მოგიყვანთ ტაძარში. ოღონდ ისე კია, ვირუსივით რომ ჩუმად შემოხვალთ, არამედ რწმენით, სიყვარულით და რა თქმა უნდა, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, ეს იქნება ყველაზე კარგი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

    ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. კომენდანტის საათის პირობებში მოქალაქეებს 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

     

  • ეს დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი კორონავირუსზე

    ეს დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი კორონავირუსზე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ნათელია, რომ დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს.

    „ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ – 80%-მა აკლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, – ამბობს რატიანი.

    მისივე თქმით, დაავადებისგან გამოჯანმრთელების პერიოდი და სირთულე ინდივიდუალურია და 2 ფაქტორზეა დამოკიდებული.

    „შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია, ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური … დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე – სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“,- განაცხადა რატიანმა.

    ის იმედს გამოთქვამს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.

    ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პაციენტი. 

     

  • ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა 9 პატიმარი ქალი შეიწყალა

    ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა 9 პატიმარი ქალი შეიწყალა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

    მათივე განცხადებით, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა.

    ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

  • პატრიარქის ექიმის თქმით, ილია II სამებაში წირვას წნევის მომატების გამო არ ესწრება

    პატრიარქის ექიმის თქმით, ილია II სამებაში წირვას წნევის მომატების გამო არ ესწრება

    პატრიარქის მკურნალი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია II სამების ტაძარში წირვას წნევის მცირე მომატების გამო არ ესწრება.

    მისი თქმით, პატრიარქი წირვას საპატრიარქოს ეზოში მდებარე ეკლესიაში დაესწრო.

    ,,ცოტა წნევის ციფრები ჰქონდა ოდნავ მომატებული და ვინაიდან წინ ბზობაა და რამდენიმე დღესასწაულია, ჩვენი თხოვნაა, რომ უფრო ყოჩაღად იყოს. გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე”, — განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

    მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას ესწრება.

    ტაძარში წირვას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი და მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აღავლენენ. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კვირას განაცხადა, რომ ხარების სადღესასწაულო წირვას პატრიარქი ჩაატარებდა.

  • დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება

    დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება

    მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან, 7 აპრილიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.

    „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

    აგრარული ბაზრები საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად იხურება.

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 127 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 127 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდა.

    სამართალდამცველებმა, 6 აპრილის საღამოს 9 საათიდან, 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს

    შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

    შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

    ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.