Category: ახალი ამბები

  • “მამაოს გარდა კონტაქტი არავისთან მქონია” – რას ყვება  კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი

    “მამაოს გარდა კონტაქტი არავისთან მქონია” – რას ყვება კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი

    კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანის განცხადებით, მას ტაძარში მისვლისას ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, შეხება ჰქონდა მამაოსთან.

    როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, სასულიერო პირმა, სტიქაროსნის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ის სახლში გაუშვა.

    “მამაო სულ მაფრთხილებდა, რომ როცა გაიგებ დაინფიცირების ამბავს, ეცადე რომ აღარ მოხვიდეო. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა მივედი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა. როცა გაიგო მამაომ ჩემი ამბავი, გამიშვა და მითხრა სახლში იყავიო. როცა ბაბუას დაუდგინდა კორონავირუსი, მე უკვე სახლში ვიყავი. მე არ ვიცი, მამაო იმყოფება თუ არა იზოლაციაში, მაგრამ მე მის გარდა არავისთან მქონდა კონტაქტი”, – განაცხადა სტიქაროსანმა.

    მისივე თქმით, ბაბუა ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება. ის კი დედასა და დეიდასთან ერთად ერთ-ერთ პალატაში.

    როგორც სტიქაროსანმა თქვა, დედას აწუხებს უჰაერობა და სუნთქვის აპარატს იყენებს, ამასთან, სამივეს (დედას, მას და დეიდას) კი ორმხრივი ფილტვების ანთება აქვთ.

    “სტაბილურად ვგრძნობ თავს, სიცხე არ მაქვს, არც ხველება და სხვა სიმპტომები. ფილტვების ანთება მაქვს. პირველად ბაბუა დაინფიცირდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, დედამ არაერთხელ დაურეკა სასწრაფოს, სამწუხაროდ, სასწრაფომ უარი გვითხრა გადაყვანაზე და დედაჩემმა გადაწყვიტა ბაბუა ჩაგვეყვანა ტაქსით კორპუსთან მდებარე კლინიკა “ჯერარსში”. ფილტვებზე სურათი რომ გადაგვეღო და გაგვეგო რა სჭირს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ბაბუა ტაქსიში ჩავსვით, მოვიდა სასწრაფოს მანქანა, ის ტაქსიდან გადმოვიყვანეთ და გადაიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში”, – განაცხადა სტიქაროსანმა.

    როგორც მან აღნიშნა, მას ჰგონია, რომ 82 წლის ბაბუის დაინფიცირება ლიფტიდან მოხდა, სხვა მხრივ, მას და მესამე სართულზე მცხოვრებ ოჯახს შეხება არ ჰქონიათ.

    “პირველი შემთხვევა იყო ჩვენს კორპუსში მესამე სართულზე და როცა ეს შემთხვევა გავიგეთ, დედაჩემმა დარეკა მერიაში, დეზინფექცია რომ გაეკეთებინა. მესამე სართულიდან გადაიყვანეს ცოლი, ქმარი და მათი ძიძა, ოღონდ ის სხვა კორპუსში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ამ ამბის შემდეგ დეზინფექცია ჩვენი სახსრებით ვერ ჩავატარეთ. სავარაუდოდ, მგონია, რომ დაინფიცირება მოხდა ლიფტიდან, რადგან ბაბუა ხშირად გადიოდა საყიდლებზე პურს, ჟურნალს ყიდულობდა და ამ მხრივ ლიფტი მგონია ინფიცირების წყარო. ერთმანეთის სახლშიც არ დავდიოდით სტუმრად და არც არაფერი. ბაბუამ პირველი სიმპტომის გამოვლენამდე ორი დღით ადრე თქვა, რომ სუსტად იყო. მას ეგონა რომ გაცივდა. ორი დღის შემდეგ იყო სუნთქვის უკმარისობა. კლინიკაში გადაყვანის მეორე დღეს როცა გავიგეთ ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩვენ ვითხოვეთ კარანტინში წავსულიყავით. სასწრაფომ გვითხრა უარი ტესტირებაზე სახლში იყავითო და იმკურნალეთო. ინფექციურშიც ვაპირებდით წასვლას”, – განაცხადა სტიქაროსანმა.

  • თუ არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, თავი შეიკავეთ COVID-19-ის პოლიტიზირებისგან – WHO-ს ხელმძღვანელი

    თუ არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, თავი შეიკავეთ COVID-19-ის პოლიტიზირებისგან – WHO-ს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის პოლიტიზირებას, თუ არ უნდათ, რომ მეტი ცხედრის ჩანთა ჰქონდეთ.

    გებრეიესუსი  დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც ჯანმო-ს ჩინეთის მიმართ მიკერძოებული უწოდა და ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.

    ,,გთხოვთ, ნუ მოვახდენთ ვირუსის პოლიტიზირებას. ის თავის სასარგებლოდ იყენებს იმ უთანხმოებებს, რაც ეროვნულ დონეზე გაქვთ. თუკი გსურთ ექსპლუატაცია და გსურთ, რომ გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა გქონდეთ, მაშინ განაგრძეთ ასე. თუკი არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან“, – განაცხადა გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე.

    WHO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ და კვლავაც განაგრძობენ კორონავირუსთან დაკავშირებით მუშაობას.

  • “შესაძლოა ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული” –ლევან  რატიანი

    “შესაძლოა ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული” –ლევან რატიანი

    “საზოგადოებამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულებს შესაძლოა კლინიკური ნიშნები არ ჰქონდეს” – ამის შესახებ, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

    “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ ადამიანების 80 პროცენტი შესაძლოა ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის. რაც შეეხება 20 პროცენტს, მათგან 17 პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაში საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამიტომაა მოწოდება სოციალური დისტანცირება. ამ  და ავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე.” – განცხადა რატიანმა.

  • ქვეყნებში სადაც ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი, ციფრები არის დაბალი – პროფესორი გიორგი ფხაკაძე

    ქვეყნებში სადაც ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი, ციფრები არის დაბალი – პროფესორი გიორგი ფხაკაძე

    პროფესორი და გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ტვ “პირველთან” ეთერში აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი ციფრები არის დაბალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც არის დაბალი.

    “გადახედეთ რუკას, რა ხდება აფრიკის ქვეყნებში. იქ ჩვეულებრივად შეიძლება ნახოთ ერთი ორი კოვიდის პაციენტი. გჯერათ, რომ მეტი არ არის იქ? რა თქმა უნდა არა, იმიტომ, რომ იქ ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არ არის. სადაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არის, იქ სადაც არის საშუალება ტესტირების, ციფრები უფრო ჩანს. იმიტომ, რომ იქ არის გამოვლენა უფრო მაღალი და მკურნალობაც არის უფრო მაღალ დონეზე. იმ ქვეყნებში სადაც ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი, ციფრები არის დაბალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც არის დაბალი.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

  • ფილტვების გასასინჯად  ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, კარანტინში მყოფი ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა – ბაია პატარაია

    ფილტვების გასასინჯად ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, კარანტინში მყოფი ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა – ბაია პატარაია

    ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაიას თქმით, კარანტინში ექიმმა ახალგაზრდა ქალი სექსუალურად შეავიწროვა.

    პატარაია ყვება, რომ ქალი ექიმმა ვირუსის გამო შეამოწმა, რა დროსაც მას ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა და სახსრების გასინჯვა დაუწყო, რაც კორონავირუსის შემოწმების დროს საჭირო არ არის. გასინჯვის დროს ექიმი ქალს რამდენჯერმე ,,არასასიამოვნოდ შეეხო.”

    „მარტის ბოლოს, კარანტინში მოთავსებული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად სექსუალურ შევიწროვებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ქალს ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, რათა ფილტვებზე მოესმინა. გოგონამ სრულ გაშიშვლებაზე უარი განაცხადა. ფილტვების მოსმენის შემდეგ, როდესაც ბიუსჰალტერი შეუხსნა და პაციენტს დაწოლა მოსთხოვა, რათა დაწოლილ მდგომარეობაში გაესინჯა სახსრები. ამ პროცესში, როდესაც „სახსრებს“ უსინჯავდა არაერთხელ ჰქონდა არასასიამოვნო შეხებას ადგილი.

    მთავარი არის ის რომ კარანტინში გადაყვანილი ადამიანები რომლებსაც არაფერი არ აწუხებთ და მხოლოდ ვირუსზე მოწმდებიან, ამ შემთხვევაში სახსრების შემოწმება საჭირო არაა. მე მქონდა საშუალება შევხმიანებოდი რამდენიმე ექიმს, რომლებიც ამ საკითხში ერკვევიან და ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა ეს ფაქტი. ასე არ ხდება ვირუსზე შემოწმება”,- ამბობს ბაია პატარაია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა, რომელიც პასუხისმგებელი ორგანოა იმ შემთხვევებზე, როდესაც ექიმი არაეთიკურად იქცევა, თუმცა, როგორც ,,საფარის” წარმომდგენელი ამბობს, სააგენტოში ამბობენ, რომ ბევრი საქმე აქვთ და ამ შემთხვევას სათანადო ყურადღებას ამ ეტაპზე არ უთმობენ.

    ,,მინდა მივმართო საზოგადოებას, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს და აქტიურად ჩაერთოს ამ საკითხში. ვფიქრობ, რომ ეს ექიმი აუცილებლად უნდა იყოს ჩამოშორებული საქმიანობას ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან ის სხვა პაციენტებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

  • საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 50.

    ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე – stopgov.ge – ახლახან განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით სულ 208 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 50 უკვე განიკურნა,  გარდაიცვალა 3 პაციენტი.

  • თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

    თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

    თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია დღეს საღამოს მოხდა. BMW-ს და ოპელის მარკის ავტომობილები ერთმანეთს სავარაუდოდ საპირისპირო მიმართულებით შეეჯახნენ.

    BMW-ში მსხდომი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ხოლო მეორე ავტომობილში სამივე მგზავრი დაიღუპა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

    ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

    ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰელი სოციალურ ქსელ ტვიტერზე წერს.

    როგორც ოლივერ ვარჯელი აცხადებს, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჯამში 962 მილიონ ევროს გამოყოფს.

  • პოლიცია ეკლესიაში არ შეიჭრება, მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა მისი მიმართულება- წულუკიანი

    პოლიცია ეკლესიაში არ შეიჭრება, მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა მისი მიმართულება- წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა პოლიციის მიმართულება არ არის.

    ,,პირდაპირ თქვით, საით მიგყავთ საუბარი, გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ ის, მე რასაც გატყობთ, რომ პოლიციას უბიძგოთ, შეიჭრას ეკლესიაში… თქვენ არ უნდა მოუწოდებდეთ არავის, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში… თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს არ მოხდება” – მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

    კითხვაზე, რატომ არ ვრცელდება კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული 3 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ეკლესიაზე, წულუკიანი პასუხობს, რომ კანონს ვინც არღვევს, ის ჯარიმდება და ღამე ყველაზე თვალსაჩინოა პოლიციის მოქმედება. მისი თქმით, როცა ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც.

    ,,იმ ღამით ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. ციფრები გუშინ იყო შედარებით უკეთესი იმიტომ, რომ წინა ღამეებზე მართლაც იყო პოლიციის მხრიდან ყველანაირი ლმობიერების გარეშე სანქციების გამოყენება.

    თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი პოლიციიდან, ეს არ არის ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არც უნდა იყოს და ეს სწორია. კანონი წერია, კანონი იხსნება და ამ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს”, – ამბობს წულუკიანი.

    ქვეყანაში დაწესებული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში ერთი კოვზით ზიარება და წირვა მიმდინარეობს. მთავრობის თქმით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება. კომენდანტის საათის წესებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე სახლიდან გასვა აკრძალულია, ასევე არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოს მადლობას უხდის

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოს მადლობას უხდის

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითერზე  პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პოსტს გამოეხმაურა და  საქართველოს მადლობას უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

    „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

    გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,  ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც გახარიამ აღნიშნა მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

    ” დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ქართველ ხალხს ჯანმრთელობასა და იმედს ვუსურვებ. უსაზღვრო მადლიერებას გამოვთქვამთ ექიმების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ყველა პროფესიონალის მიმართ, რომლებიც  ახლა  გმირულად ებრძვიან უხილავ მტერს.- დაწერა გუშინ გიორგი გახარიამ.