Category: ახალი ამბები

  • BMW სამედიცინო ნიღბების წარმოებას იწყებს

    BMW სამედიცინო ნიღბების წარმოებას იწყებს

    „ავტომობილების გერმანული მწარმოებელი – BMW სამედიცინო ნიღბების გამოსაშვებად არის მზად”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ ციპსემ.

    „ამ გზით ჩვენ გლობალური დეფიციტის აღმოფხვრაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მალე შევძლებთ დღეში რამდენიმე ასეული ნიღბის წარმოებას. ისინი როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ისე საზოგადოების უზრუნველყოფას მოხმარდება”, – აღნიშნა ოლივერ ციპსემ.

    მედია აღნიშნავს, რომ კომპანია უკვე მოკლევადიან პერსპექტივაში მიაწვდის ბავარიას 150 ათასს FFP2 ტიპის სამედიცინო ნიღაბს სამედიცინო პერსონალისთვის და 1 მლნ ჩვეულებრივ ნიღაბს.

  • არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია – რომის პაპი

    არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია – რომის პაპი

    ესპანურში ასეთი გამოთქმა არსებობს, „ღმერთი ყოველთვის გაპატიებს, ადამიანებიც ხანდახან გაპატიებენ, მაგრამ ბუნება არასდროს გაპატიებს“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანსისკემ The Tablet-თან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.

    „ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია“,-აღნიშნა პაპმა.

    მისივე თქმით, ეს კრიზისი ყველას შეეხო და ახლა ერთობის დროა.

    „ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობ… ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე“, – განაცხადა პაპმა.

  • ფოტორეპორტაჟი – უხანში 76 დღიანი კარანტინი დასრულდა და ქალაქი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

    ფოტორეპორტაჟი – უხანში 76 დღიანი კარანტინი დასრულდა და ქალაქი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

    უხანში, სადაც 76 დღიანი კარანტინი დასრულდა, მოსახლეობა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. რეგიონის მოსახლეობას უხანიდან გამგზავრების უფლება უკვე აქვთ. გაიხსნა მაგისტრალები, აღდგა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ქალაქში გამოსვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც  სპეციალურ ჯანმრთელობის აპლიკაციაში ე.წ. მწვანე კოდი აქვთ მინიწებული. მიუხედავად იმისა რომ კარანტინის პერიოდი დასრულდა, მოსახლეობა მაინც სიფრთხილეს იჩენს და ქალაქში სპეციალური ტანსაცმლით, ნიღბებით ხელთათმანებითა და სხვა დამცავი საშუალებებით გადაადგილდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

    21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

     

     

  • “ეკლესიები უნდა დაიკეტოს..” – ბასილ კობახიძეს პირდაპირი ეთერი დროზე ადრე დაატოვებინეს

    “ეკლესიები უნდა დაიკეტოს..” – ბასილ კობახიძეს პირდაპირი ეთერი დროზე ადრე დაატოვებინეს

    ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ჩაერთო საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბასილ კობახიძე, რომელმაც შენიშვნა მისცა მედიას, რომ ეპიდემიის დროს არ უნდა ხდებოდეს ისეთი სასულიერო პირების განცხადებების ტირაჟირება, რომელიც მოუწოდებს მრევლს შეკრებისკენ. ამის გამო მას პირდაპირი ეთერი სწრაფად დაასრულებინეს, რაც გახდა კიდეც მიზეზი სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობისა.

    ბასილ კობახიძემ განაცხადა, რომ ეპიდემიის პირობებში, ეკლესიები უნდა დაიკეტოს, რათა დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოება.

  • ვიდეო : შეზღუდვების გამო დედამ მესამე მცირეწლოვანი შვილი მანქანაში ვერ ჩასვა

    ვიდეო : შეზღუდვების გამო დედამ მესამე მცირეწლოვანი შვილი მანქანაში ვერ ჩასვა

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო,თუ  როგორ მგზავრობს ოჯახი საგანგებო რეჟიმის პირობებში. ქვეყანაში დაწესებული  შეზღუდვების გამო დედა ვერ ახერხებს 3 შვილის ერთ ავტომობილში  ჩასმას, ამიტომ ორი მცირეწლოვანი შვილი უკანა სავარძლებზე სხედან ხოლო ერთი მანქანას ფეხით მიყვება.

     

  • მამაკაცმა ძაღლი  კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო – დაწყებულია გამოძიება

    მამაკაცმა ძაღლი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო – დაწყებულია გამოძიება

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.

    ძაღლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და  მას ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც დაზუსტდება სამართლებრივი კვალიფიკაცია.

    „პოლიციამ მოახდინა მოქალაქის იდენთიფიცირება. პირი უკვე გამოიკითხა პოლიციის განყოფილებაში.  გამოძიება 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს,  რამაც მისი დასახიჩრება, ან დაღუპვა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.

    როგორც ირკვევა, საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი  მასპინძელ ქალთან შეკამათება მოუვიდა, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც თან ძაღლიც ახლდა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

    ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდება. უკვე ცნობილია, რომ მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აქვს.

  • რამდენი ტესტია ქვეყანაში და რამდენს ელოდებიან

    რამდენი ტესტია ქვეყანაში და რამდენს ელოდებიან

    ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და მაღალი სანდოობა დამტკიცდება, იგეგმება კიდევ 200 000 ცალის შემოტანა.

    „აქ წარმოდგენილი მაქვს ჩვენი შესყიდვების მიერ განხორციელებული ხელშეკრულების საფუძველზე ტესტების ზუსტი რაოდენობა. ამ ეტაპისთვის საქართველოში გვაქვს 2 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, დამატებით კიდევ შემოსულია 10 000 ტესტი, ხოლო გზაში არის 18 000 ტესტი. შეკვეთის საერთო რაოდენობა არის 84 ათასი ტესტი. გარდა ამისა, ადგილზე უკვე არის 4 000 ანტისხეულების ტესტი, გზაში არის 20 000 ტესტი. გაფორმებული ხელშეკრულებით, მათი საერთო რაოდენობა არის 24 ათასი. რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი. რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

  • სოხუმში პნევმონიით მოზარდი გარდაიცვალა

    სოხუმში პნევმონიით მოზარდი გარდაიცვალა

    სოხუმში პნევმონიით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა მას COVID-19. ტესტის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

    7 აპრილს აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი გაგრაში მცხოვრები 57 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

  • საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება

    საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება

    დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.

    როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე.

    მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.

    “დღეიდან ჩვენი ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს წამყვან სააფთიაქო ქსელებზე: ავერსი, ჯი-პი-სი, პსპ და ფარმადეპო. ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ამ ქსელებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს – იცით, რომს სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ჩვენთვის ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 1 პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში აფთიაქებში გაიყიდოს 50 თეთრად თითო ცალი. სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას,“ – განაცხადა თურნავამ.

    ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება. თურნავას განმარტებით, პირბადეებით ბაზრის გაჯერების შესაბამისად, შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას.

  • ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი რომელსაც საგანგებო მდგომარეობისას ფუნქციონირება არ ეზღუდება

    ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი რომელსაც საგანგებო მდგომარეობისას ფუნქციონირება არ ეზღუდება

    მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ მთავრობის №222 დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვა ეკონომიკურ საქმიანობებთან ერთად, ასევე დაშვებული იქნება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია.

    საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს დაემატა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტიც.

    ჯამში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები: 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია, 2. შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 3. სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 4. სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 5. საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 6. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); 7. სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის); 8. სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 9. სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 10. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება; 11. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 12. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 13. საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 14. საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა); 15. ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 16. IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 17. საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად); 18. სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 19. ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები; 20. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); 21. სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; 22. საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 23. საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად); 24. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 25. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 26. შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 27. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 28. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება; 29. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 30. არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 31. ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 32. ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 33. ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად). 34. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.