Category: ახალი ამბები

  • 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა (ფოტოგალერეა)

    9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა (ფოტოგალერეა)

    1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.

    31 წლის წინ, 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა.

    8 აპრილს საქართველოს პარტიულმა აქტივმა მოიწონა გადაწყვეტილება მიტინგის სამხედრო ძალით აღკვეთის თაობაზე (საწინააღმდეგო აზრი შეკრების მხოლოდ ორმა მონაწილემ გამოთქვა). მომიტინგეთა დასაშინებლად იმავე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტანკი გაატარეს, ხოლო თბილისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მიტინგის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

    მიტინგის აღკვეთის ოპერაციას ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ იგორ როდიონოვს დაევალა.

    1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსულმა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენეს.  სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალი. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის, უფროსი კი 70 წლის იყო.

    9 აპრილის დარბევისას დაიღუპნენ:

    1. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
    2. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლი
    3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის
    4. მამუკა ნოზაძე, 22 წლის
    5. აზა ადამია, 22 წლის
    6. მანანა მელქაძე, 23 წლის
    7. ნატო გიორგაძე, 23 წლის
    8. ნინო თოიძე, 25 წლის
    9. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
    10. გია ქარსელაძე, 25 წლის
    11. თამუნა დოლიძე, 28 წლის
    12. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
    13. მანანა ლოლაძე, 33 წლის
    14. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
    15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის
    16. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
    17. თამარ მამულიშვილი, 50 წლის
    18. ვენერა მეტრეველი
    19. ზაირა კიკვიძე, 61 წლის
    20. თინა ენუქიძე, 70 წლის
    21. შალვა ქვასროლიაშვილი

    9 აპრილის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ფართო მოძრაობა დაიწყო, რაც 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა.

    ფოტოები: Tabagari

     

  • პრეპარატმა “ივერმექტინმა“  კორონავირუსი უჯრედულ დონეზე  2 დღეში დათრგუნა

    პრეპარატმა “ივერმექტინმა“  კორონავირუსი უჯრედულ დონეზე  2 დღეში დათრგუნა

    პრეპარატმა ივერმექტინმა  კორონავირუსი უჯრედულ დონეზე  2 დღეში დათრგუნა

    კორონავირუსთან საბრძოლველად მთელი მსოფლიოს მეცნიერები და მედიკოსები არიან გაერთიანებული. მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევა და პრეპარატების ტესტირება. ვირუსზე გამარჯვება თანდათან რეალური ხდება.

    ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის და მელბურნის სამეფო ჰოსპტლის მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ანტიპარაზიტული პრეპარატი ივერმექტინი Covid-19-ს ეფექტურად ებრძვის.

    პრეპარატს ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს. 48 საათის მანძილზე მას შეუძლია კორონავირუსის გავრცელება უჯრედულ დონეზე დათრგუნოს. ივერმექტინი ლაბორატორიულ პირობებში გამოიცადა.

    ის უჯერედების დაინფიცირებიდან ორი საათის შემდეგ გამოიყენეს. პრეპარატის ერთმა დოზამ რიბო ნუკლეინის მჟავის 93%–ით დაქვეითება გამოიწვია, ორი დღე–ღამის შემდეგ კი 99%–ზე მეტად.

    “ამგვარად პრეპარატის გამოყენება იწვევს ვირუსის მასალის პრაქტიკულად სრულ განადგურებას“ – ასეთი დასკვნა გამოაქვს  Antiviral Research–ს კვლევის შედეგად.

    ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ივერმექტინის შესწავლისას გაირკვა, რომ მას ნიმუშებზე არავითარი ტოქსიკური გავლენა არ მოუხდენია. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ნივთიერება შეძლებს დაავადებისას გართულებების თავიდან აცილებას და ადამიანებს შორის ინვექციის გადადების რისკს შეამცირებს.

     

     

  • “ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა“–საერთაშორისო პარტნიორების ღია წერილი საქართველოს მთავრობას და ხალხს

    “ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა“–საერთაშორისო პარტნიორების ღია წერილი საქართველოს მთავრობას და ხალხს

    საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას პირდებიან და ქართველ ხალხს და მთავრობას წერილს უგზავნიან.

    გთავაზობთ წერილს სრულად

     

    ღია წერილი საქართველოს მთავრობას და ხალხს 

    COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი
    უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ
    უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე
    უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება.

    საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე,
    ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა
    დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

    საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი
    პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით
    დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და
    გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი
    გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო
    დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების
    დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება.

    ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში
    რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის
    ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული
    სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია
    კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

    მიუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო
    იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის
    სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

    არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის
    მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ
    მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის
    ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

    ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური
    პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების
    ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და
    განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის
    ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW)
    საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD)
    საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად
    ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად,
    განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს
    ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების
    სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს
    საქართველოს ხალხისთვის.

    როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა
    ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”!

    9 აპრილი, 2020
    სელიმ შეკირი
    საერთაშორისო სავალუტო ფონდის
    მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

    მისი აღმატებულება დიეგო კოლასი
    საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

    მაჩიე ჩურა

    ევროპის საინვესტიციო ბანკის
    რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში

    კატარინა ბიორლინ ჰანსენი

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
    კავკასიის რეგიონული დირექტორი

    მისი აღმატებულება კარლ ჰარცელი
    ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

    მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში
    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

    სებასტიან მოლინუსი
    მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი
    სამხრეთ კავკასიის რეგიონში

    შეინ როზენტალი
    აზიის განვითარების ბანკის
    მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში

    სიუპი ტერავანინტორნი
    აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის
    საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი – რეგიონი II, გენერალური დირექტორი

  • ხან პაჭანიგები გვძიძგნიდნენ, ხან ყივჩაღები, კორონავირუსსაც გავუძლებთ – პუტინი

    ხან პაჭანიგები გვძიძგნიდნენ, ხან ყივჩაღები, კორონავირუსსაც გავუძლებთ – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსი ყივჩაღებსა და პაჭანიგებს (კავკასიურ ტომს) შეადარა. მისი თქმით, ხან ყივჩაღები ძიძიგნიდნენ რუსეთს, ხან პაჭანიგები.

    „ყველაფერი დამთავრდება, ესეც გაივლის. ჩვენმა ქვეყანამ მრავალ განსაცდელს გაუძლო – ხან პაჭანიგები [კავკასიური ტომები] გვძიძგნიდნენ, ხან ყივჩაღები, მაგრამ რუსეთმა ყველაფერს გაუძლო. ამ გადამდებ კორონავირუსსაც გავუძლებთ. ყველაფერს გადავლახავთ ერთად“, – განაცხადა პუტინმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში და ეკონომიკური საქმიანობა მასობრივად არ გაჩერდება, რადგან მკაცრ შეზღუდვებს შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

    პუტინმა ეს განცხადება გუშინ, 8 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მმართველებთან შეხვდრისას გააკეთა.

    უახლესი მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 1131 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  76 დაიღუპა, ხოლო 698 გამოჯანმრთელდა.

     

  • ივანიშვილისთვის ქველმოქმედება და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია – მდინარაძე

    ივანიშვილისთვის ქველმოქმედება და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია – მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძი ივანიშვილის მიერ StopСov ფონდში 100 მლნ-ს ჩარიცხვს გამოეხმაურა და თქვა, რო მისთვის ქველმოქმედება და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია.

    “90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი – ქველმოქმედება – საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა.

    ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ გყავს ადამიანი გვერდით და ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ასეთი სერიოზული ქველმოქმედება, ასეთი სერიოზული დონაცია გააკეთოს და ეს გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კოვიდ-19 -ის მიერ გამოწვეული ზიანი, ეს ყოველთვის მისასალმებელია. არ შეიძლება არ ვთქვათ ასევე, რომ არამხოლოდ ეს დონაცია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში”, – განაცხადა მდინარაძემ.

    გუშინ საღამოს კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ” 100 მილიონი ჩარიცხა. ამჟამად ანგარიშზე 124 543 899-ია შეგროვილი.

  • აშშ–დან საქართველოს მოქალაქე 79  სკოლის მოსწავლეს სპეცრეისით ჩამოიყვანენ

    აშშ–დან საქართველოს მოქალაქე 79 სკოლის მოსწავლეს სპეცრეისით ჩამოიყვანენ

    პრემიერ გახარიას განცხადებით საქართველოს და აშშ–ს მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით 79 სკოლის მოსწავლეს, რომლებიც აშშ–ში იმყოფებიან საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ

    “ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან.

    10 აპრილს შედგება რეისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან  დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.  მისივე განცხადებით, მათმა მშობლებმა გამოთქვეს ამის სურვილი.

    მე მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. ასევე, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა მადლობა გადავუხადო.

    გარდა ამისა, ჩვენ, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით და ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე, სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – გომელაური პოლიციელების მიერ მოძღვრის ოჯახის წევრებზე ძალადობას უარყოფს

    ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – გომელაური პოლიციელების მიერ მოძღვრის ოჯახის წევრებზე ძალადობას უარყოფს

    შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას არ უძალადია.

    მისი თქმით, ამ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა ოპერატიული ინფორმაცია აქვს, რომ ძალადობა არ მომხდარა.

    ,,თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, აგინეს მათ? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები. სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ამაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა.

    არსებობს ძალიან ბევრი სამსახური – პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ [პოლიციელმა] ცემა ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია რაც მაქვს დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, – განაცხადა გომელაურმა.

    ჭიათურაში მცხოვრები გიორგი კაპანაძის თქმით, 8 აპრილს საღამოს ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო მას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენე. ის ყვება, რომ სიგარეტი დაუმთავრდა და მეზობელთან გადავიდა, რათა მისთვის აივნიდან სიგარეტი გამოერთმია, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში მასთან პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს, რომ სამმართველოში უნდა გადაეყვანათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა და პოლიციელებმა სამმართველოში ჯარიმის დასაწერად ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

    თავად მოძღვარი, რომლის ოჯახის წევრებიც პოლიციამ 18 ათასი ლარი დააჯარიმა, ამბობს, რომ ამ თანხას მისი ,,ქალაქი გადაიხდის”. ის სამართალდამცველებს ამართლებს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთზე უბრალოდ გაბრაზდნენ. ,,რატო ახლა, რატო გაბრაზდებიან, რომ გამაბრაზო, არ გავბრაზდები?!”,- პასუხობს ჟურნალისტს კაცხის ეკლესიის წინამძღვარი.

  • ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია – გახარია კორონავირუსის პიკზე

    ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია – გახარია კორონავირუსის პიკზე

    პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუმცა ყველანაირი პროგნოზი პირობითია.

    მისი თქმით, კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის და ეკონომიკისთვის.

    ,,ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი.

    ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის,“- განაცხადა გახარიამ.

    საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

  • გვყავს უნიკალური დაზღვევა საქართველოს მოქალაქის სახით – გახარია ივანიშვილზე

    გვყავს უნიკალური დაზღვევა საქართველოს მოქალაქის სახით – გახარია ივანიშვილზე

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს ,,უნიკალურ დაზღვევას” უწოდებს, რომელიც სახელმწიფოს ეხმარება ყველგან, სადაც სისტემური ჩავარდნა აქვს.

    ,,ქართუ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში”, – განაცხადა გახარიამ.

    ის ფონდი ქართუს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონის ჩარიცხვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს რესურსები მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაიხარჯება.

    ,,ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ როდესაც COVID-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას”,- ამბობს პრემიერი.

    გუშინ საღამოს კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ” 100 მილიონი ჩარიცხა. ამჟამად ანგარიშზე 124 543 899-ია შეგროვილი.

  • სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ანტიკრიზისული გეგმა–დავით ჭიჭინაძის ღია წერილი პრემიერ გახარიას

    სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ანტიკრიზისული გეგმა–დავით ჭიჭინაძის ღია წერილი პრემიერ გახარიას

    პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. ჭიჭინაძე იმ პრობლემების ჩამონათვალს აკეთებს, რომლებსაც პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები ქმნის. ის გახარიას უსვამს კითხვებს კონკრეტულ სფეროებში, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას. გთავაზობთ წერილს სრულად:

    “1. პირველი ტალღა, რომელიც დღეს უკვე დაწყებულია, ეს არის უმუშევრობა ქვეყანაში – ამდენი ხნის მანძილზე არარსებული შემოსავლების გამო, კრედიტის გადახდის უუნარო ადამიანები, რასაც ავტომატურად უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა და ზოგადად, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები მოყვება.
    დღეს, რეალურად გაჩერებულია ყველაფერი, საავადმყოფოების, სააფთიაქო, საკვები ქსელების გარდა. ადამიანები, ამ მიმართულებების გარდა, ქვეყანაში ვეღარ ახორციელებენ სრულყოფილ საქმიანობას. მათი შემოსავლები ვარდება და ვერც დამქირავებლები გადაუხდიან ფულს.

    შესაბამისად, გვყავს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დიდი არმია, რომელთაც მალე ამოიწურებათ ის მცირე დანაზოგებიც, თუ საერთოდ არსებობდა.
    უკეთეს შემთხვევაში, მაისში მაინც თუ მოხდება ამ გაჩერებული ობიექტების ჩართვა ქართულ ეკონომიკაში, ამ ობიექტებს პრობლემები მაინც ექნებათ. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მთელი ამ დროის განმავლობაში დაკარგულ შემოსავლებს მათ ვერავინ დაუბრუნებს და მეორეც, პრაქტიკულად ყველა გაჩეებულ ორგანიზაციას აქვს  კრედიტი. ამ ვალდებულებებს კი,  მხოლოდ თავისი შემოსავლებით ემსახურებიან
    რა პასუხი გააჩნია ამაზე ხელისუფლებას? რა მეთოდების გატარებას აპირებს და არსებობს თუ არა გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო ადგილი დავკარგოთ და ამხელა დანაკარგებსაც ავცდეთ?

     

    1. მეორე ტალღა, ეს გამოიწვევს ბაზარზე მსყიდველობითი უნარის ვარდნას, ანუ არ იქნება მოთხოვნა. რასაც მოყვება რეალიზაციის ვარდა – არ იქნება რეალიზაცია, ვერ აღდგება ისედაც მცირე წარმოება, რომელიც ქვეყნის მაშტაბით არსებობს. წარმოების გაჩერება გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და სამუსაო ადგილების შემცირება ისევ გამოიწვევს მსყიდველობითი უნარის, ანუ, მოთხოვნების შემცირებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება დეპრესიული მარყუჟი.

    ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებისთვის მაინც, ვინც მოახერხებს გადარჩენას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, გვქონდეს გარკვეულ წილად ჩამოყალიბებული გეგმა, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს.
    ანუ, არსებობს თუ არა ამ საწარმოების (იქნება ეს წარმობები, სამშენებლო სექტორი…)
    ფინანსური დახმარების გეგმა, რომელშიც ეს ადამიანები არიან დასაქმებული, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს და გარკვეულ წილად მოვახერხოთ ნორმალური ცხოვრების რიტმის შენარჩუნება. თუ ეს ვერ იქნა მიღწეული და დავკარგეთთ მოსახლეობის მსყიდველობით უნარი, მაშინ ეკონომიკას უკვე დაემუქრება დეფლაციური შოკი, რომელიც ბევრად კატასტროფულ შედეგს მოიტანს ეკონომიკისთვის, ვიდრე ინფლაცია. დეფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც არამრავალფეროვანი  ეკონომიკის კიდევ უფრო გაერთგვაროვნება და პრაქტიკულად დეპრესია. თუ არის ყველა ეს პრობლემა დაყენებული დღის წესრიგში და რა გაწყვეტილებას გვთავაზობს მთავრობა?

    1. ქვეყანაში უზრუნველყოფის ლიკვიდურობის პრობლემა დადგება.
      ყველაფრის ფასი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაიწყებს ვარდნას . ანუ, ბანკებში ჩადებული უზრუნველყოფები იქნება გადასაფასებელი.
      არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც უნდა გაატაროს ეროვნულმა ბანკმა, რათა დაიცვას ჩვენი მეანაბრეები? რადგან ვარდნასთან ერთად ბანკებს შეექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემები და ის ხალხი, ვინც დღეს მეანაბრეა, მათ ანაბრებს შეექმნებათ პრობლემები, რადგანაც გაცემულ სესხებს შეექმნათ პრობლემები.
      ანუ, დღესვე უნდა გამოცხადდეს ეროვნული ბანკის და მთავრობის ერთობლივი, მიზანმიმართული გეგმა, რათა ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული .
      ლიკვიდურობის პრობლემა კი, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც ჩვენ ეკნომიკის გაჩერების შედეგად მივიღებთ.

    ამიტომაა ეს განსასაზღვრი და მკაფიოდ სათქმელი, ადამიანებში რომ არ გამოიწვიოს პანიკა, რომ ისინი დაკარგავენ ანაბრებს.ამას გარდა, რეალურად შეიზღუდება თუ არა ის არაპროფილური საქმიანობა, რომელსაც კანონის აკრძალვის მიუხედავად, დღეს ყველა კომერციული ბანკი ეწევა? რადგან დღევანდელ პირობებში მათი არსებობა ბაზარზე ნიშნავს იმას, რომ სხვა ყველა კონკურენტის განადგურება მოხდება. იმიტომ რომ, ახალი ფინანსური რესურსი არავისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი ბანკების გარდა, ბანკები კი, მათთვის საინტერესო ბიზნესებს ძალიან მარტივად ან მიითვისებენ, ან კონკურენტებს გააკოტრებენ.

    აქიდან გამომდინარე, აპირებთ თუ არა რეალურად ბანკებს აუკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და მატი ძალისხმევა მიმართოთ დაფინანსებაზე და არა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ბიზნესის კეთებაში. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ყველასთვის არის ცნობილი, რაზეც ვსაუბრობ.

    4. მეოთხე ტალღა -სოფლის მეურნეობა.

    ორ თვეზე მეტია ქვეყანა იმყოფება უმძიმესი გამოწვევების პირობებში , სრული სიმძაფრით ვიგრძენით სასურსათო უსაფრთხოების არსი და მნიშვნელობა. იმპორტის დომინირება 80 -20 % კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას და დღის წესრიგში დგება სასწრაფოდ ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედება , ( თვენახევარი საკმარისი ვადაა მის შესაქმნელად ) სადაც გაწერილია მოქმედების გეგმა-პროგრამა , როგორც მოკლევადიან , ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაზღვრული და შესწავლილია ოპერატიული სურათი , გაკეთებულია სიტუაციური ანალიზი გამოკვეთილია მთავარი მიმართულებები , ჩატარებულია შესაძლებლობების კვლევა და გაცემულია ოპერატიული დავალებები პასუხისმგებელ პირთა ჩვენებით.

    –  სოფლის მეურნეობის მთავარი რესურსი მიწა შეიძლება ითქვას მართვის გარეშეა დარჩენილი , რაც ყოვლად დაუშვებელია , მით უმეტეს დღევანდელ პირობებში , შესაბამისად საინტერესოა რა დავალებები და ნაბიჯები იქნა გადადგმული მისი ეფექტურად და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით.

    –  მოგეხსენებათ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს თესვა , თუ გაქვთ ოპერატიული ინფორმაცია ადგილებზე პროცესის მიმდინარეობაზე. რა დამატებით აქტიურობას ანხორციელებს მთავრობა . მინდა შეგახსენოთ , რომ კარტოფილის , ბოსტნეულის და ბაღჩეულის ნათესი ფართობები ყოველწლიურად იკლებს და 2019 წელს მან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია-32,2 ათასი ჰექტარი . შედარებისთვის გეტყვით , რომ ეს მონაცემი 2012 წელს იყო 52,6 ა. ჰ , ხოლო 2015 წელს 43,8 ა.ჰ .

    –   სასათბურე მეურნეობებში არსებული ვითარების და პროდუქციის მოწოდება-რეალიზაციის მონაცემები.

    – არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნიდან ახალგაზრდა , მცირეწონიანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყვანის შეზღუდვაზე.

    –   რა სურათი და პრობლემები გვაქვს იმპორტის კუთხით , შეგახსენებთ მთელი რიგი ქვეყნები დროებით ზღუდავს პროდუქციის გატანას , რაც დამატებით თავსატეხს უჩენს ჩვენისთანა ქვეყნებს . 2019 წელსთითქმის ნახევარი მილიარდია დახარჯული სასურსათო კალათის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე როგორიცაა: ხორბალი, ხორცი, რძის პროდუქტები, შაქარი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. რამდენად შესწავლილია საკითხი და სად ველოდებით დეფიციტს . რა ზომებს ვიღებთ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია გამჭვირვალედ და ტრანსფარენტულად ვისაუბროთ იმპორტის 9 სასურსათო პროდუქტის დასუბსიდირებაზე , რადგან გაჩნდა მრავალი კითხვის ნიშანი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა.

    –  ჩემი ინფორმაციით სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება ღვინის ექსპორტი , განსაკუთრებით რუსეთში . რატომ ვერ მოხერხდა ბაზრების დივერსიფიცირება , როდესაც ამისთვის არნახულად დიდი ფულია დახარჯული . ვერ მივიღებ განმარტებას რომ ექსპორტის გეოგრაფია გაიზარდა.

    –   გაქვთ თუ არა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი , რადგან მომავალში ახალი დარგობრივ-მიზნობრივ პროგრამების განხორციელება დაუშვებელია უკვე არსებულის შედეგების გაანალიზების გარეშე.  მიგაჩნიათ თუ არა , რომ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პრიმიტიულ , არაფრისმომცემ , ფრაგმენტულ აქტიურობებს და გადავიდეთ პროექტების კომპლექსურ მოდელებზე , სადაც პროცესის მიზან-შედეგობრივი კავშირი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

    –   რამდენად ვაკონტროლებთ ამ მძიმე რეალობაში საბანკო-საფინანსო სტრუქტურების მოქმედებას. დაფინანსების პროცენტები გაზრდილია ან შეზღუდულია, ლიზინგი შეჩერებულია ან სახეცვლილი , ზოგადად ჩვენ ქვეყანაში იგი ჩვეულებრივ მაღალპროცენტიან სესხს დაემსგავსა. რა აზრის ხართ ბანკირების ახალ იდეაზე 3 მილიარდი მიიღონ პროცენტის დასაფინანსებლად ?

    –   თუ დღეისთვის არ არსებობს ანტიკრიზისული დოკუმენტი დარგის განვითარების , საინტერესოა რა ვადებში

    1. კრიმინალის ზრდა.

    როდესაც ცხოვრების დონე იწყებს ვარდნას, ეს იწვევს კრიმინალის ზრდას. რა ქმედითი ღონისძიებებია იგეგმება ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავიქცეთ დამსჯელ მექანიზმად? რას ვაკებთ პრევენციის თვალსაზრისით, რა შეიძლება შემოვიღოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თუნდაც ის მცირე უზრუნველყოფა, რომელიც მათ ყაჩაღებად არ აქცევს? რადგან, როდესაც შიმშილი მოდის, ეს შეიძლება ქუჩაში დაპირისპირებებშიც კი გადავიდეს… და ეს პრობლემა დღეს, ჩვენ კი არა, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს უდგას. “– წერს დავით ჭიჭინაძე.