Category: ახალი ამბები

  • გამოვიყენეთ და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პირბადეები – რატიანი ქართულ პირბადეებზე

    გამოვიყენეთ და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პირბადეები – რატიანი ქართულ პირბადეებზე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათ ქართული წარმოების პირბადეები უკვე გამოიყენეს და სხვებსაც ურჩევს იმავეს.

    “NCDC-მ გასცა რეკომენდაცია და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პირბადეები”, — უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

    სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. პირბადეების ხარისხი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა.

    პაატა იმნაძემ კრიტიკას უპასუხა, რომ პირბადეები უსაფრთხოა და თავად დიზაინითაც კმაყოფილია. ,,მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც გამოუშვას”,– თქვა იმნაძემ.

    საქართველოში წარმოებული 400 პირბადე სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად 8 აპრილს შეიტანეს. თითოს ფასი 50 თეთრია.

  • ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, ვინ მივიდა რიტუალზე?! – ბასილ კობახიძე

    ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, ვინ მივიდა რიტუალზე?! – ბასილ კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა  პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ მრევლი ზომბიერებულია ,,ანტიქრისტიანული შხამით”, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსის პანდემიისას ისინი შვილებს ტაძარში არ მიიყვანდნენ.

    ,,მრევლი არის ზომბირებული ამ შხამით, ანტიქრისტიანული შხამით, რომელსაც ეკლესია უდებს და  დედებს და მამებს საკუთარი შვილები მიჰყავთ სასიკვდილო საფრთხემდე. ისინი რომ ნორმალურად აზროვნებდნენ, ამას ხო არ გააკეთებდნენ?! მზე და მთვარე ამოსდით საკუთარ შვილებზე. იმ მღვდლებმა, ვისაც ეს ესმის, აუცილებლად ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და თვითონ დაკეტონ ეკლესიები”,- ამბობს კობახიძე.

    მისივე თქმით, ქრისტეს რიტუალების ჩატარება არ სჭირდება.

    ,,ეს რიტუალები – კოვზი, ლოცვები, ხატზე მთხვევა და სხვა რიტუალები ქრისტეს არ სჭირდება, ქრისტეს გული ტკივა, რომ ჩვენ ამ დღეში ვართ, არის საფრთხე და მაინც ვუსრულებთ რიტუალებს. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, აბა შენ მოხვედი რიტუალზე? შენ ეს გამიკეთე? ვინც ოდნავ ქრისტეს იცნობს, შეიძლება, რომ მასზე ეს წარმოიდგინოს? “,- განაცხადა ბასილ კობახიძემ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ,,უსაზღვრო ფანატიზმთან ერთად, დონატიზმის მწვალებლობაში ვარდება”, რაც უკვე დიდი ხანია დაგმობილია.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, საპატრიარქოს მრევლის ტაძარში სიარული არ აუკრძალავს. ასევე, არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.

  • ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.38 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.51 თეთრით გამყარდა.

    ახალი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.1456 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი – 3.4425 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილებს საერთო საფლავებში მარხავენ (ვიდეო)

    ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილებს საერთო საფლავებში მარხავენ (ვიდეო)

    ნიუ-იორკში ჰერმეტულ კოსტიუმებში ჩაცმული მუშები კორონავირუსით გარდაცვლილებს საერთო საფლავებში მარხავენ.

    BBC-ს ინფორმაციით, ადგილი, სადაც დრონით კადრებია გადაღებული Hart Island-ია. იქ უკვე 150 წელია იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არ ჰყავთ ახლობლები, ან ოჯახებს დაკრძალვის საშუალება არ აქვთ.

    ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება, აშშ-ის გარდა.

    ხუთშაბათს, 9 აპრილს, შტატში ვირუსით ინფიცირების 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, დადასტურებულია COVID-19-ის 159 937 შემთხვევა. ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 153 222 შემთხვევაა, იტალიაში კი – 143 626. ვირუსით გარდაიცვალა 7000-ზე მეტი ადამიანი.

     

  • “ეკლესიას ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს, გავლენა მოახდინეთ საქართველოს ეკლესიაზე – ქართველი თეოლოგები მსოფლიო პატრიარქს  მიმართავენ

    “ეკლესიას ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს, გავლენა მოახდინეთ საქართველოს ეკლესიაზე – ქართველი თეოლოგები მსოფლიო პატრიარქს მიმართავენ

    ქართველი თეოლოგები, ზვიად ცაბაძე,გიორგი ტიგინაშვილი,შოთა მათითაშვილი, კახა უსუფაშვილი და  ლადო წითლიძე მსოფლიო პატრიარქს და სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმძვრებს საგანგებო წერილით მიმართავენ. მიმართვის წერილში კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს ავტორიტარ მმართველად მოიხსენიებენ და მოითხოვენ გავლენა მოახდინონ საქართველოს ეკლესიაზე. ასევე აცხადებენ რომ ეკლესია თავს არიდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებას.

    „უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,XXI საუკუნის ახალი მტერი – ,,კოვიდ 19“ მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.

    მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს. შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით. სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხილი. ამის გარდა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადექვატური ზომები მიიღეს.

    ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლგიურ პრინციპს წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.

    უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ“.

    პატივისცემით,

    ზვიად ცაბაძე – თეოლოგიის მაგისტრანტი, პადერბონი, გერმანია

    გიორგი ტიგინაშვილი – თეოლოგიის ბაკალავრი, თბილისი, საქართველო

    შოთა მათითაშვილი – ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი

    კახა უსუფაშვილი – თეოლოგიის ბაკალავრი, ათენი, საბერძნეთი.

    ლადო წითლიძე – თეოლოგიის მაგისტრანტი, ჟენევა, შვეიცარია.

    წერილის ადრესატები არიან:

    მსოფლიო პატრიარქ ბართლომე კონსტანტინეპოლელი

    თეოდორე ალექსანდრიელი

    იოანე ანტიოქიელი

    თეოფილე იერუსალიმელი

    კირილე მოსკოველი

    ირინეოს სერბელი

    დანიელ რუმინელი

    ნეოფიტე ბულგარელი

    ქრიზოსტომოს კვიპროსელი

    იერონიმე ელადელი

    ანასტასი ალბანელი

    საბა პოლონელი

    როსტისლავ პრეშოველი

    ეპიფანე კიეველი

  • Covid19 -ზე გადაღებული კლიპის ავტორებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

    Covid19 -ზე გადაღებული კლიპის ავტორებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

    “ეს არის უფლების დარღვევა” – Covid 19 ზე გადაღებული კლიპის ავტორებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ. ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც გიორგი ჩალაძე აცხადებს,გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, თუმცა მათ ამის ნებართვა არ გაუციათ.

    „კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.ეს არის ქურდობა.უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.ვინ არის ამ კლიპის ავტორი? საქპატენტი • Sakpatenti“, – წერს გიორგი ჩალაძე.

  • ქალს, რომელსაც დეფიციტური წამალი სჭირდებოდა, ლევან რატიანმა უყიდა და თავად მიუტანა

    ქალს, რომელსაც დეფიციტური წამალი სჭირდებოდა, ლევან რატიანმა უყიდა და თავად მიუტანა

    მოქალაქე თაკო ნოზაძე, სოციალურ ქსელში თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს. თაკო ნოზაძის  დედას შოგრენის სინდრომი აქვს და მას აუცილებლად სჭირდება პრეპარატი პლაქველინი, რომელიც ახლა დეფიციტშია.

    როგორც ის აღნიშნავს, მან ლევან რატიანს მიწერა და მან თავისი სახსრებით ნაყიდი წამლების მარაგი აჩუქა თაკოს და დედამისს, ხოლო აბები სახლთან მიუტანა.

    „ძალიან დიდი ხანია დედაჩემისთვის ვეძებ პლაქველინს (200 მგ).სად არ ვეძებე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ უშედეგოდ.გუშინ მივწერე ბატონ ლევან რატიანს. ზუსტად ნახევარ საათში მიპასუხა და დღესვე მომაწოდა 13 აბი, რომელიც პირადად მას ჰქონდა შეძენილი. შევთავაზე, რომ მე გავიდოდი და გამოვართმევდი, მაგრამ როგორც ხედავთ, პირდაპირ სახლთან მომაწოდა მედიკამენტი.

    ამიტომ, ასე საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო მას! უმნიშვნელოვანესია დედასთვის ამ წამლის მიღება და უზომოდ დასაფასებელია ის, რაც ბატონმა ლევანმა ჩვენთვის გააკეთა“ , – წერს თაკო ნოზაძე.

     

  • საუკუნის აფიორაა, ივანიშვილის $30 მილიონიდან ხალხთან არც ერთი თეთრი არ მივა – ნათელაშვილი

    საუკუნის აფიორაა, ივანიშვილის $30 მილიონიდან ხალხთან არც ერთი თეთრი არ მივა – ნათელაშვილი

    „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხული 30 მილიონი დოლარი საუკუნის მეორე აფიორაა ,,უფასო ფულთან” ერთად.

    მისი თქმით, ამ 30 მლნ დოლარიდან ხალხთან არც ერთი თეთრი არ მივა, ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ ხალხის დახმარება უნდა, თითოეულ ოჯახს 1000 ლარი დაურიგოს.

    „ზარზეიმით გამოცხადებული ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება მის შემოქმედებაში საუკუნის მეორე აფიორაა უფასო ფულთან ერთად. არც ერთი თეთრი ჩვეულებრივ ხალხთან არ მივა. ეს არის მოპარული 20 მილიარდიდან მცირედი ნაწილი, რომელიც მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადაიტანა. თუ ეს ასე არაა, დაურიგონ თითოეულ ოჯახს 1000-1000 ლარი. რომელი ელმუხი და საჭურისი გინახავთ, რომელიც თავის ბრძანებელს არ ადიდებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

    8 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ” კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა.

  • “ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით გაუმართლებლად“– გადამხდელთა კავშირის განცხადება

    “ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით გაუმართლებლად“– გადამხდელთა კავშირის განცხადება

    საქართველოს გადამხდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს და თბილისის მერიის მიერ ნაგვის ურნების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერის შეჩერებას მოითხოვს. გარდა ამისა, განცხადების ავტორთა აზრით უნდა შეჩერდეს ყველა სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც პანდემიის ფონზე გადაუდებელ აუცილბელობას არ წარმოადგენს და მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება.

    გთავაზობთ განცხადებას სრულად:

    “შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 50 % წილის მფლობელი სახელმწიფოა, 1000 ცალ ნაგვის ურნის შესყიდვისთვის, დაახლოებით 1 მილიონ 300 ათას ლარს დახარჯავს.

    აღნიშნული ტენდერში (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე-NAT200005239) რომელიც  ა.წ. 6 აპრილს დაიხურა, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომელმაც საწყის ფასთან შედარებით (1,527,400  ლარი) ნაკლებ ფასად –  1,296,000 ლარად  შესთავაზა ნაგვის ურნები შემსყიდველს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს 3 დღის ვადა აქვს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის და თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შესყიდვის პროცედურებიც დაიწყება.

    არანაკლებ საყურადღებოა ასევე თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფი”-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი შადრევნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მილიონამდე ლარია განკუთვნილი

    იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიასთან ბრძოლაში თითოეული მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი ჩართულია მთელი თავისი რესურსებით და ვცდილობთ,  რაც შეიძლება რაციონალურად მოხდეს თანხების მობილიზება და განკარგვა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენს გადაუდებელ  აუცილებლობას. უფრო მეტიც, ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რათა მსგავსი ტენდერებისთვის განკუთვნილი თანხები გადანაწილდეს იმ გადაუდებელი ღონისძიებებისა და შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ეფექტიანად დაგვეხმარება.

    კიდევ ერთხელ პრინციპულად ავღნიშნავთ, რომ დღეს, მობილიზებული თუ გადახდილი თითოეული ლარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეზღუდული რესურსების მქონე ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ჩერდება ბიზნესი,  მოსახლეობის დიდი  ნაწილი კარგავს სამსახურს, შემოსავლებს და ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ასეთ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ვადის გასვლის შედეგ – წულუკიანის განმარტება

    გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ვადის გასვლის შედეგ – წულუკიანის განმარტება

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებაზე მსჯელობა საწყის ეტაპზეა დ  ვადის ამოწურვის მოახლოვებასთან ერთად აქტიურ ფაზაში შევა.

    წულუკიანი ამბობს, რომ ვადის გახანგრძლივება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების, უწყებების მოსაზრებებსა და მოქალაქეების ქცევაზე.

    ,,ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა და აქტიური ჯერ არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ არის.

    გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2 ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ და შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდეგნილი მოსაზრებები იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო, რათა ასევე ეფექტურად, როგორც ახლა არის. მხედველობაში იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობა. ჩვენი ქცევა ყოველთვის არის მხედველობაში მიღებული, როცა მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

    გუშინ პრემიერმა გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,ყველაფერი შესაძლებელია”. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს 1 თვით , 21 აპრილამდეა გამოცხადებული.