Category: ახალი ამბები

  • ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ შეიძლება სააღდგომო ლიტურგია ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს

    ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ შეიძლება სააღდგომო ლიტურგია ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს

    მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ შეიძლება ლიტურგია ონლაინ ჩატარდეს და ტაძარში ხალხი არ მივიდეს.

    მისი თქმით, ეკლესიასთან მოლაპარაკების პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება, ვინაიდან სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, რომ საფრთხის გამო სახლში დარჩნენ.

    „ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

  • ,,მოვითხოვთ, მრევლი ლიტურგიიდან გადაიყვანოთ კარანტინში” – მოქალაქეების პეტიცია მთავრობას

    ,,მოვითხოვთ, მრევლი ლიტურგიიდან გადაიყვანოთ კარანტინში” – მოქალაქეების პეტიცია მთავრობას

    საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ მთავრობას პეტიციით მიმართავენ და მოითხოვენ, სააღდგო ლიტურგიაზე დამსწრე მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანონ, რადგან ლიტურგია არაერთ რისკთან არის დაკავშირებული.

    “საქართველოს მთავრობას!

    გთხოვთ უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება ახალი კორონა-ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

    გამომდინარე იქიდან, რომ საქრთველოს მოსახლეობის ნაწილი არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს და კომენდანტის საათის მიუხედავად დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში,”- წერია პეტიციის ტექსტში, რომლის ავტორი მოქალაქე მაია ცირამუაა.

    პეტიციას ამ დროისთვის 1600-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.

    შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

  • სახელმწიფომ ჩვენი სიცოცხლე დააგეგმინა საპატრიარქოს – მამა ანდრია სარია

    სახელმწიფომ ჩვენი სიცოცხლე დააგეგმინა საპატრიარქოს – მამა ანდრია სარია

    მამა ანდრია სარია აცხადებს, საპატრიარქო სახელმწიფოს არ გაუფრთხილდა და კრიზისისთვის გაიმეტა. მისი თქმით, საპატრიარქომ სახელმწიფო დაანგრია, რადგან ყველა კანონი წყალში ჩაუყარა.

    ,,საპატრიარქო არ გაუფრთხილდა სახელმწიფოს. საპატრიარქომ თავისი ძალა აჩვენა. წითელი აანთო – ეს არის სახელმწიფოს დანგრევა. ყველა ის კანონი, რაც სახელმწიფომ აქამდე მიიღო, წყალში ჩაუყარა საპატრიარქომ. არაფერს არ აქვს აზრი. ჩვენი სიცოცხლე დააგეგმინეს საპატრიარქოს”, – თქვა სასულიერო პირმა.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

    პაატა იმნაძე და სხვა ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმანძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები – რატიანი

    ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მის კლინიკაში , იმის გამო რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ, კორონავირუსით ინფიცირებული იხრჩობიან.

    ,,ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდენ. ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვის ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამ ხრჩობის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ,”- განაცხადა რატიანმა.

    მან მოსახლეობას მოუწოდა, სახლში ყოფნისას წყალი, ჩაი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დალიონ.

    მანვე განაცხადა, რომ ,,თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება”.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება – რატიანი

    თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, თუ მოსახლეობა ასე გააგრძელებს ,,ღლიცინს”, დადგება მომენტი, რომ ქვეყანას ექიმი არ ეყოლება.

    ,,თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა აკეთებს , ვერ აუვალთ ამას ქართველი ექიმები. დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, იმიტომ რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა. ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან”,- ამბობს რატიანი.

    მისი თქმით, თვე-ნახევარია ოჯახის წევრები არ უნახავს.

    ,,მყავს სამი შვილი , თვე-ნახევარია ჩემი ოჯახის წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება ვიდრე სხვებს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ”,- თქვა ლევან რატიანმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ალბათ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, როგორ იხრჩობიან პაციენტები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში, იმიტომ რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • 2 ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი გვყავს, 7-ს მძიმე პნევმონია აქვს – ეზუგბაია

    2 ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი გვყავს, 7-ს მძიმე პნევმონია აქვს – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში 2 ძალიან მძიმე პაციენტი მკურნალობს, 7-ს კი მძიმე პნევმონია აქვს.

    მისი თქმით, 2 მძიმე პაციენტთან უკვე მე-3 დღეა სტაბილური სიტუაციაა და იმედოვნებს, რომ მათი მდგომარება დინამიკაში გაუმჯობესდება.

    ,,ამ ეტაპზე ჩვენთან 37 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმე დღეა გახსენებთ, რომ გვყავს 2 ძალიან მძიმე, ანუ პრობლემური პაციენტი და დაახლოებით, 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ამ 2 მძიმე პაციენტთან უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, ისინი ამ ძალიან მძიმე პაციენტების სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელდება”, – თქვა ეზუგბაიამ.

    რაც შეეხება 30 ახალ ინფიცირებულს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მათი წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი.

    ,,ჩემთვის ეს პაციენტები ცნობილი არ არის. წყარო ყველგან დადგენილი არ არის. თუ ეს 30 შემთხვევა სცილდება ამ ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები, იმედია, რომ ამ ახალ კლასტერებსაც შემოვღობავთ, არ მივცემთ საშუალებას გავრცელდეს და გავრცელებამ მიიღოს დაუძლეველი ხასიათი. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება”, – თქვა ეზუგბაიამ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში გვეყოფა – ბოჭორიშვილის კლინიკა

    თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში გვეყოფა – ბოჭორიშვილის კლინიკა

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუკი რეკომენდაციებს არ დაიცავენ და სახლში არ დარჩებიან, მარაგები, მედპერსონალი და ადგილები აღარ ეყოფათ.

    ,,გვეყოფა თუ არა მარაგი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის”,- ამბობს სოლოღაშვილი.

    მისი განმარტებით, თუ ინფიცირებულთა ზრდა ასე გაგრძელდა, სამედიცინო აღჭურვილობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ეყოფათ.

    ,,ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, ეს არაპროგნოზირებადია. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებული კიდევ ერთი ამდენი, დაახლოებით 22 პაციენტი მივიღოთ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები მაშინ რესურსი საკმაოდ მცირეა,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

    ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • პირდაპირ ვუყურებთ ხალხის ხოცვას სამღვდელოების მიერ, ისინი უნდა დააპატიმრონ – ბასილ კობახიძე

    პირდაპირ ვუყურებთ ხალხის ხოცვას სამღვდელოების მიერ, ისინი უნდა დააპატიმრონ – ბასილ კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძის განცხადებით, ახლა ტაძრებში დიდი ხუთშაბათის წირვაზე ადამიანების ფართომასშტაბიანი დავირუსება ხდება, რაც ხალხის ხოცვაა საპატრიარქოს მიერ. ამიტომ , როგორც კობახიძე ამბობს, პატრიარქიდან დაწყებული, ყველა მღვდელი უნდა დააპატიმრონ, ვინც წირვას აღავლენს.

    ,,სატანას აღუვლენს წირვას ყოველი მღვდელი, ვინც დღეს მსახურობს და ხალხს აზიარებს. დღეს ასევე უამრავი ბავშვი მიიყვანეს ზომბმა მშობლებმა ზიარებისათვის. დღეს, აი ახლა, ხდება ფართო მასშტაბიანი დავირუსება, რომელიც აღდგომას კიდევ გაიზრდება. დღეს პირდაპირ ვუყურებთ ხალხის ხოცვას სამღვდელოების მიერ. ყოველი ეს მღვდელი, პატრიარქიდან დაწყებული, უნდა დააპატიმრონ. სამხედრო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. მედიამ ახლავე განგაშის ზარები უნდა დარეკოს”,- ამბობს ბასილ კობახიძე.

    ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, დიდი ხუთშაბათის წირვა ტარდება.

    გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 74 გამოჯანმრთელებულია, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 30 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 336

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 30 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 336

    საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 336 შემთხვევა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    336 ინფიცირებულიდან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.