Category: ახალი ამბები

  • სუპერმარკეტში ჩვენ არ ვკოცნით სალარო აპარატსა და მოლარეს – ლაშა ბუღაძე სასულიერო პირებს

    სუპერმარკეტში ჩვენ არ ვკოცნით სალარო აპარატსა და მოლარეს – ლაშა ბუღაძე სასულიერო პირებს

    მწერალი ლაშა ბუღაძე სასულიერო პირების განცხადებებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი სუპერმარკეტებშიცაა, ეხმაურება და ამბობს, რომ სუპერმარკეტში შესული ადამიანები სალარო აპარატსა და მოლარეს არ კოცნიან.

    ,,სუპერმარკეტში ჩვენ არ ვკოცნით სალარო აპარატსა და მოლარეს. იქ როდესაც ერთი კოვზით იღებს საზიარო პურს, ან როდესაც კოცნიან ერთსა და იგივე ხატს და შუშას ეს არის პრობლემა, თორემ ერთმანეთს არ ვკოცნით ჩვენ ბანკის რიგში თუ ვდგავართ”, — განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

    ის სასულიერო პირების მხრიდან მრევლის პასუხისმგებლობაზე საუბარს შუქნიშანზე გადასვლას ადარებს.

    ,,სამარცხვინოა, როცა საზოგადოებას, ხალხს გვაკისრებენ პირველ რიგში პასუხისმგებლობას. თურმე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. გამოვიჩენთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს იგივე იდიოტიზმია, ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცე, ვთქვათ, გაჩერდეს თუ არა, როდესაც შუქნიშანზე წითელი აინთება, აი, შენ გადაწყვიტე, დაგარტყამს თუ არა მანქანა. ან – იცი რა, ღვედი თუ გინდა გაიკეთე, თუ გინდა არ გაიკეთო. ეს ხომ მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას, ახლა გაახსენდათ თურმე არჩევანის თავისუფლება”,- თქვა ბუღაძემ.

    მეუფე იაკობის განცხადებით, მრევლმა, ვინც აღდგომის ღამეს წირვაზე მივა, თვითონ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

    კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების მოწოდებების მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება, ხოლო მცირე ეკლესიებში ისინი გარეთ იქნებიან. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ დისტანციას დაიცავენ, თუმცა მათ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლიათ.

  • საბერძნეთში აღდგომაზე ხალხის თვითიზოლაციას 52 ათასი პოლიციელი გააკონტროლებს

    საბერძნეთში აღდგომაზე ხალხის თვითიზოლაციას 52 ათასი პოლიციელი გააკონტროლებს

    საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულზე ხალხის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. მსგავსი უპრეცენდენტო მობილიზიაცია ქვეყანაში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ არ ყოფილა.

    ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის პირობებში აღდგომის ლიტურგიაზე დასწრება და საოჯახო შეკრებები მკაცრადაა აკრძალული.

    მთავრობა ხალხს მოუწოდებს, რომ ეკლესიაში წასვლა კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებას შეუწყობს ხელს.

    ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელი, სტავროს ბალსაკასის თქმით, ხალხი სახლებიდან არ უნდა გამოვიდეს.

    ,,განსაკუთრებით კვირას (აღდგომის დღეს) ხალხი სახლებიდან არ უნდა გამოვიდეს”, – ამბობს პოლიციის ხელმძღვანელი სტავროს ბალასკასი.

    ბალასკასის განცხადებით, სამართალდამცველებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება ხალხის დამორჩილება, რათა არ დატოვონ სახლები, – ,,ამიტომ მოვიწოდებ საზოგადოებას, უფრო ნუ გაურთულებენ პოლიციას საქმეს”.

    ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში COVID-19-ის 2192 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 102 გარდაიცვალა, 269 გამოჯანმრთელდა.

  • “თეოკრატიაზე“ საეთერო განცხადებების შემდეგ საქართველოს მუსლიმი ლიდერები სუსში დაიბარეს

    “თეოკრატიაზე“ საეთერო განცხადებების შემდეგ საქართველოს მუსლიმი ლიდერები სუსში დაიბარეს

    ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ  შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

    “სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მირტაგი ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია მთავარში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა “ჩვენ-სხვები” სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: “მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა”. მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო.

     EMC მირტაგი ასადოვს და სხვა პირებს საადვოკატო დახმარებას უწევს. რამდენიმე საათში ჩვენი ადვოკატი მარნეულში, სუს-ის შენობაში მირტაგი ასადოვთან და სხვა დაბარებულ პირებთან ერთად მივა. საქმის შესახებ ახალ დეტალებს EMC უახლოეს საათებში გაგიზიარებთ.“– წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

  • ვინც ეზიარება, ორი კვირით თვითიზოლაციაში ამყოფოს თავისი თავი, ღირს ეს ზიარებად – მეუფე ისაია

    ვინც ეზიარება, ორი კვირით თვითიზოლაციაში ამყოფოს თავისი თავი, ღირს ეს ზიარებად – მეუფე ისაია

    ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ განაცხადა, რომ მრევლის შიშები, რომ თუ ეზიარებიან, შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდნენ, უსაფუძვლო არ არის.

    ,,თვითონ ზიარება, თუ ამას რწმენით არ აკეთებ, არ არის დიდი გარანტია. ზიარებით კი უნდა ეზიაროს ქრისტიანი, მაგრამ არის ასეთი მაგალითები. მაგალითად, მარიამ ეგვიპტელი მხოლოდ ერთხელ ეზიარა მის ცხოვრებაში და უდიდესი წმინდანი არის. დიდმარხვაში ერთი კვირა მას ეძღვნება მთლიანად. ჩვენ ქრისტიანები უნდა ვეზიარებოდეთ, ვემზადებოდეთ და ვეზიარებოდეთ, მაგრამ ძნელია ამის თქმა, რომ ვინც ეზიარება, კორონავირუსი არ შეეყრება. შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში. ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელვყოფდეთ, მითუმეტეს რომ ეს შიშები უსაფუძვლო არც არის“, – ამბობს მეუფე საზოდოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

    მისი თქმით, გონივრული იქნება, ვინც ეზიარება, ორი კვირით თვითიზოლაციაში დარჩეს.

    ,,ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში, გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვითიზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი. ღირს ეს ზიარებად. ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან“, – თქვა მიტროპოლიტმა ისაიამ.

    შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება. საპატრიარქოს არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

     

  • არ შეიძლება იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც, კანონის მიუხედავად, შეიკრიბებიან – კლინიკა ნეოლაბის დირექტორი

    არ შეიძლება იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც, კანონის მიუხედავად, შეიკრიბებიან – კლინიკა ნეოლაბის დირექტორი

    კლინიკა ნეოლაბის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ ახლა აკადემიური მსჯელობები რელევანტურობას კარგავს.

    მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც კანონის მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან.

    ,,ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო თანმიმდევრული აქამდე, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო და ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარეშემო. აქამდე მიდიოდა აკადემიური მსჯელობები იმაზე, როგორ ჯობია დიაგნოსტიკა, როგორ ჯობია, რომ პაციენტებს მოვემსახუროთ, ახლა ეს რელევანტობას კარგავს და ყველა ვერთიანდებით ძალიან მარტივი ჭეშმარიტების გარშემო – არ შეიძლება, იყოს პრივილეგირებული ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც, კანონის მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან და ამ მხრივ შეუქმნიან ძალიან დიდ საფრთხეს დანარჩენ მოსახლეობას. ეს დაუშვებელია.”,- აცხადებას კამკამაძე.

    მისივე თქმით, ბზობის დღესასწაულმა აჩვენა, რომ ტაძრებში მრევლის ნაკადი დარეგულირებული არ იყო, მთავრობის და საპატრიარქოს გადაწყვეტილება კი , მრევლის 9-დან 6-მდე შეკრების შესახებ, დამღუპველია.

    ,,განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენს ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი უნდა შეიკრიბოს საღამოს ცხრიდან დილის 6-მდე. ეს არის დამღუპველი გადაწყვეტილება. ამას ჯობია მოიხსნას ეს შეზღუდვა და გადანაწილდეს ხალხი, თუ ვერ ვახერხებთ ამ აკრძალვას, მაშინ ჯობია მოიხსნას. 9 საათის განმავლობაში ადამიანების თავმოყრა არის ყველაზე უფრო საშიში ქცევა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ეკლესიის ნაწილი”,- განაცხადა კლინიკა ნეოლაბის დირექტორი.

    შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • ფონდი “ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს

    ფონდი “ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს

    საქართველოს მთავრობის ინფორმაციით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

    წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

    გახარიამ  ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

    „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლ

    ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აცხადებს, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

    „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე.  ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს რესპირატორი, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19 თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც  გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, –  განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

    მთავრობის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზს უსვამს, რომ ეს არის  უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

    კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“–ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება – ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.

  • ზოგიერთმა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალიან ცხელი წყალი დალია და დამწვრობა მიიღო – ქაშიბაძე

    ზოგიერთმა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალიან ცხელი წყალი დალია და დამწვრობა მიიღო – ქაშიბაძე

    დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს.

    მან მოქალაქეებს მოუწოდა, ამ ხერხს ნუ მიმართავენ.

    “ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა გუგა ქაშიბაძემ.

    მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდების დროს ცეცხლი გაუჩნდა.

    ,,ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი გაუჩნდათ და მიიღეს დამწვრობა. ამასაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ”, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

    ინფექციონისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, სახლში დარჩნენ და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავოთ, ადუღებული წყლის დალევა მათ რეკომენდაციებში არ შედის.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევა დასტურდება, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ნოდარ მელაძემ მთავარი არხი დატოვა. თანამშრომლები მას ფეისბუქით ემშვიდობებიან

    ნოდარ მელაძემ მთავარი არხი დატოვა. თანამშრომლები მას ფეისბუქით ემშვიდობებიან

    ტელეკომპანია “მთავარი არხის”  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა.  ეს ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება, თუმცა მას არავინ ადასტურებდა. გუშინ საღამოს კი ნოდარ მელაძის ფეისბუქ გვერდზე ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის სტატუსი გამოჩნდა:

    “მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო”, წერს დაბრუნდაშვილი.

    იმას, რომ ნოდარ მელაძე არხიდან წავიდა და თანამშრომლებს დაემშვიდობა არხის თანამშრომლებიც ადასტურებენ, თუმცა არაოფიციალურად. ნოდარ მელაძის გვერდზე ამის დამადასტურებელი სხვა სტატუსებიც გამოჩნდა:

    ნოდარ მელაძე წლების მანძილზე რუსთავი2–ში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც 2019 წლის ზაფხულში არხი ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე რუსთავი2-ის თანამშრომელთა ნაწილთან ერთად მთავარ არხზე გადავიდა.

    არხის დატოვების მიზეზები არ სახელდება, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება გახდა.

  • ექიმების კლასტერიდან COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 3 მედპერსონალია – რეხვიაშვილი

    ექიმების კლასტერიდან COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 3 მედპერსონალია – რეხვიაშვილი

    ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია.

    მისი ინფორმაციით, რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების სულ 50 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 8 გამოჯანმრთელდა, ერთი – გარდაიცვალა.

    „ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვაქვს 8 დამატებული ფაქტი სამედიცინო პერსონალის კლასტერიდან. გუშინ გითხარით, რომ 34 ადამიანს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, საკვლევი მასალა აუღეს. მათგან და მათი ოჯახის წევრებიდან 8 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრია და სამი ადამიანი – ორი ექთანი და ერთი ექიმი – სამედიცინო პერსონალიდან ახალი ფაქტია. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვლილი,“- განაცხადა რეხვიაშვილმა.

    ცნობისთვის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა ბოლნისის სოფელ სავანეთში.

    ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირეის 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები და აგრარული ბაზრები დაიხურება

    ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები და აგრარული ბაზრები დაიხურება

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

    “ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ”, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

    მისივე განცხადებით, დაიხურება აგრარული ბაზრებიც. დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, დღეიდან დისტანციის დაუცველობის გამო ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.