Category: ახალი ამბები

  • საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 10 მაისამდე გახანგრძლივდა

    საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 10 მაისამდე გახანგრძლივდა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 10 მაისამდე გახანგრძლივდა. მათი განცხადებით, ამის შესახებ უკვე აცნობეს ავიაკომპანიებს.

    ,,გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და ამ ეტაპზე მოქმედებს 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით (10.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით”,- აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

    უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, შეიკავონ თავი ბილეთების შეძენისგან.

    ,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გრძელდება.

  • გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე საპატიმროდან გაათავისუფლეს.

    ,,გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს.

    მან ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

    ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემებერს 5 მაღალჩინოსანი: გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო.

    მათ სამსახურეობრივი უფლებამოსლების გამოყენებით მტკიცებულებების გაყალბებას ედავებოდნენ – პროკურატურა აცხადებდა, რომ 2004 წელს პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი „პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს.

    გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

  • სჯობს ის დათვალოს, რეალურად რამდენი ინფიცირებულია – მეუფე იაკობი პაატა იმნაძეს

    სჯობს ის დათვალოს, რეალურად რამდენი ინფიცირებულია – მეუფე იაკობი პაატა იმნაძეს

    ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს”, – ასე ეხმიანება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი პაატა იმნაძის მოწოდებას, რომ თუ ხალხი სახლში არ დარჩება, “ვეღარ ავითვლით საქართველოში კუბოებს.”

    “რეალურად რამდენი გვყავს, ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გინდათ ახლა, რა… ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს. ექიმებს ჰკითხეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    გუშინ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ,,ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია”. ,,მესმის, რომ ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს ვთქვათ უარი ერთხელ იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ სულ ყველამ, იგივე ეკლესია რომ გადარჩეს. ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია”,- თქვა პაატა იმნაძემ.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

  • სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი – ამირან გამყრელიძე

    სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

    გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების შექმნა გახდეს საჭირო.

    მისი თქმით, სიკვდილიაობის პროცენტი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მომატებულია. მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, ახლა უხილავ ომშია და თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რა იქნება მომავალში.

    ,,ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ომში ვართ დღეს, ეგეთი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. ის ღორის გრიპი არ შეედრება ამას. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10 და 12 პროცენტს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ ვერ შევედრებით. ვერ შევედრებით ჩვენ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას.

    ლოქდაუნი გვაქვს ჩვენ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულ ქვეყანაში. სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

    მან მოსახლეობას მოუწოდა, არ წავიდნენ ეკლესიაში და სახლიდან ილოცონ.

    გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ მომდევნო ორ კვირაში 2000 ინფიცირებული იქნება ქვეყანაში, სრული, მკაცრი კარანტინი გამოცხადდება. 

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • მიჭირს ამის მოწოდება, ნუ წახვალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი – გამყრელიძე

    მიჭირს ამის მოწოდება, ნუ წახვალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი – გამყრელიძე

    ,,ძალიან მიჭირს ამის მოწოდება, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წახალთ ეკლესიებში “,- ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას.

    მისი თქმით, მომდევნო 4 იქნება გადამწყვეტი.

    ,,არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სცენიდან. ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას”,- განაცხადა გამყრელიძემ.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • “სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ“–კახა კალაძე

    “სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ“–კახა კალაძე

    დედაქალაქის მერი  ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში  შესაბამისი სამსახურების დახმარებით სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება. კალაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

    „ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში. სააღდგომო დღეები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა შემდეგ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას, ისინი რობოტები არ არიან – მეუფე იაკობი

    მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას, ისინი რობოტები არ არიან – მეუფე იაკობი

    ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მრევლი, რომელიც ტაძარში მივა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას.

    მეუფე ამბობს, რომ მას შეუძლია მხოლოდ საკუთარ თავზე იყოს პასუხისმგებელი.

    „მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო.

    თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა არ მივა,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

    კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების მოწოდებების მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება, ხოლო მცირე ეკლესიებში ისინი გარეთ იქნებიან. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ დისტანციას დაიცავენ, თუმცა მათ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლიათ.

  • ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისგანაა – პატრიარქი ილია II

    ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისგანაა – პატრიარქი ილია II

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ღვთისაგანაა.

    ,,მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის.

    დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი. წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი”,- თქვა ილია მეორემ.

    მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა. ,,63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მაკურთხა დიაკვნად. ვმადლობ უფალს და ვმადლობ უწმინდესს და უნეტარესს”, -განაცხადა პატრიარქმა.

    დღეს სამებაში დიდი ხუთშაბათის წირვას პატრიარქი აღავლენს.

    კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების მოწოდებების მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება, ხოლო მცირე ეკლესიებში ისინი გარეთ იქნებიან. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ დისტანციას დაიცავენ, თუმცა მათ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლიათ.

  • ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა – ღარიბაშვილი

    ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა – ღარიბაშვილი

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა.

    მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ ვფიქრობ გამოძებნა ოქროს შუალედი და თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ.

    „ფორმაზე და მასშტაბებზე, რა თქმა უნდა შეიძლება ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ, არის მართლაც ოქროს შუალედი. კონსულტაციებში სახელმწიფოც იყო ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

  • როგორ შეგვიძლია აპლიკაციის გამოყენება, რომელიც მთავრობამ COVID-19-ის პრევენციისთვის შექმნა

    როგორ შეგვიძლია აპლიკაციის გამოყენება, რომელიც მთავრობამ COVID-19-ის პრევენციისთვის შექმნა

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს ინიციატივით აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა.

    აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან.

    „აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.

    იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია – კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით – დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს”,- განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

    მათი განცხადებით, აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შექმნა.

    აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ COVID20-ის დასახელებით.