Category: ახალი ამბები

  • თუ ზედმიწევნით არ დავიცავით შეზღუდვებს, უახლოეს პერიოდში სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს – ჩიქოვანი

    თუ ზედმიწევნით არ დავიცავით შეზღუდვებს, უახლოეს პერიოდში სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს – ჩიქოვანი

    პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ დაიცავენ დაწესებულ შეზღუდვებს, უახლოეს პერიოდში მთავრობა სრულ კარანტინს გამოაცხადებს.

    ,,იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყვველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მსგომარეობის შეზღუდვები, ეს გახდება ვითარების გამწვავების საფუძველი და მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა”,- განაცხადა ირაკლი ჩიქვანმა.

    17 აპრილიდან ქვეყანაში მსუბუქით ავტომობილით გადაადგილება იკრძალება. 17 აპრილიდანვე სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 348

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 348

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 348-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

    348 ინფიცირებულიდან 76 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.

  • ხვალიდან საქართველოში ავტომობილების მოძრაობა სრულად იკრძალება

    ხვალიდან საქართველოში ავტომობილების მოძრაობა სრულად იკრძალება

    მთავრობა საგანგებო მდგომარეობის წესებს ამკაცრებს. 17 აპრილის დღის 1 საათიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში.

    იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15000 ლარით.

  • დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

    დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

    ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში სოფელი სავანეთის და ქვემო ბოლნისის შემდეგ, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭიც ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

    დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საზღვრებთან მოეწყობა ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

    ,,აღსანიშნავია, რომ კომპანია RMG საქმიანობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს.

    საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას! “,- წერია მერიის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 340 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 76 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 76

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 76

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში განკურნებულია 76 პაციენტი.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა შორისაა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული პაციენტი. ეზუგბაია ამბობს, რომ ის არაინვაზიურ ვენტილაციაზე იყო

    მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსის 340 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუფიქსირდა და საერთო რაოდენობა 340-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა  Stopcov.ge-ზეც.

    ამ დროისთვის ქვეყანაში 340 ინფიცირებულიდან 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • თუ ტაძრები გაივსება, ეკლესია ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას და მივიღებთ აფეთქებას – წულუკიანი

    თუ ტაძრები გაივსება, ეკლესია ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას და მივიღებთ აფეთქებას – წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღდგომის ღამეს ტაძარში უნდა იყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და რამდენიმე მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ დისტანციის დაცვას და საქართველოში კორონავირუსის აფეთქებას მივიღებთ.

    ,,მე არ მივდივარ ტაძარში და რატომ არ მივდივარ – პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, ეკლესია კი, ტაძრებს თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არ და ვერ დაკეტავდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაძარი უნდა გაივსოს, ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ამ აფეთქების თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, დიდმა, პატარამ ყოველ დღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ, ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება.

    ღია ტაძარში ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო, ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ, თუ იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპიდემიოლოგიური და სანიტარული კატასტროფის წინაშე”,- ამბობს თეა წულუკიანი.

    ცნობისთვის, 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია უნდა ჩატარდეს. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება. სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

  • მამა ანდრია არის ტერორისტი – მოქალაქემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს უჩივლა

    მამა ანდრია არის ტერორისტი – მოქალაქემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს უჩივლა

    გიორგი ოკმელაშვილმა საპატრული პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს სისხლის სამარათლის კოდექსის 132-ე მუხლით უჩივის, რაც სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

    ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველამ დარეკოს პოლიციაში და უჩივლოს.

    ,,მამა ანდრიას ვუჩივი სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით, რომ არის ტერორისტი. მინდა ყველამ დარეკოთ და იჩივლოთ”, – თქვა მან Facebook-ზე დადებულ ვიდეოში.

    გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

    პაატა იმნაძე და ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმნაძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • დარწმუნებული იყავით, ეკლესიებში ორმეტრიანი დისტანცია დაცული ვერ იქნება – გამყრელიძე

    დარწმუნებული იყავით, ეკლესიებში ორმეტრიანი დისტანცია დაცული ვერ იქნება – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ სააღდგომო ლიტურგიისას ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, რადგან მასობრივი ჩავშეყრა იქნება ტაძრებში.

    მისი თქმით, ამ დღეებში კორონავირუსის გადადების ძალიან მაღალი რისკია ეკლესიებში.

    ,,ამბობენ, რომ ეკლესიებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ვერ იქნება დაცული, როდესაც მასობრივი თავშეყრა იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ინფიცირებულია გარდა ამ 336-სა არის დაუდგენელი, გამოუვლენელი ადამიანები, რომლებიც ინფექციის მატარებლები არიან და გადამდები არია. ამის გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში”, — განაცხადა გამყრელიძემ.

    მან საპატრიარქოს თხოვა, წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩაატარონ.

    ,,გარდა ამ 336 ადამიანისა, ვიცით რომ არიან გამოუვლენელი ინფიცირებულებიც, რომლებიც არიან ინფექციის მატარებლები და გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში, სწორედ ეკლესიებში.

    ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ და პატივცემულ ინსტიტუციას ქვეყანაში და ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • ფონდი ,,ქართუსთვის” 4 მლნ პირბადეს ,,ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი ამზადებს

    ფონდი ,,ქართუსთვის” 4 მლნ პირბადეს ,,ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი ამზადებს

    ფონდმა ,,ქართუმ” ადგილობრივ კომპანია ,,რესპირატორს” 4 მლნ სამედიცინო პირბადე შეუკვეთა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემას გადასცემს. ,,რესპირატორის” დირექტორი სერგო გალუსტიანია, რომელმაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებისას პარტია ,,ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს – 40 ათასი ლარი.

    მთლიანობაში, კომპანიის დირექტორს, რომელსაც ,,ქართუმ” მსხვილი შეკვეთა გაუფორმა, მმართველი პარტიისთვის 100 ათასი ლარი აქვს გაღებული.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია ,,რესპირატორი” გუშინ, 15 აპრილს დაარსდა, დღეს კი უკვე 4-მილიონიანი შეკვეთა მიიღო.

    თავად სერგო გალუსტიანი ,,მთავარ არხთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ დროის სიმცირის გამო შეკვეთისთვის საჭირო მასალა 2 კვირის წინ შემოიტანეს, თუმცა კომპანია გუშინ დაფუძნდა.

    დღეს ამ კომპანიაში წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

    გახარიამ  ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

    მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.