Category: ახალი ამბები

  • “პატრიარქი პუტინის ხელშია,კრემლი ეკლესიის ხელით გენოციდს აწყობს” – კობახიძე

    “პატრიარქი პუტინის ხელშია, კრემლის ხელში, ხოლო კრემლი ეკლესიის ხელით გენოციდს აწყობს.”- ამის შესახებ ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

    “უმთავრესი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე გვეუბნება, რომ მრევლის ხელშია ჩვენი ცხოვრება. […] მრევლის ხელში რომაა ჩვენი სიცოცხლე, მრევლი მღვდლების ხელშია, მღვდლები მეუფეების, მეუფეები პატრიარქის, ხოლო პატრიარქი გეგონათ ვიტყოდი ღმერთის? პატრიარქი პუტინის ხელშია, კრემლის ხელში, ხოლო კრემლი ეკლესიის ხელით გენოციდს აწყობს.”- განაცხადა კობახიძემ.

  • ვუხანში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა – ჩინეთმა მონაცემები ჩაასწორა

    ვუხანში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა – ჩინეთმა მონაცემები ჩაასწორა

    ჩინეთის ოფიციალური პირების ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩაასწორეს, რის შემდეგაც ქალაქ ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. ჩინეთმა მონაცემებს 1290 გარდაცვლილი და 325 ინფიცირებული დაამატა.

    ამჟამად ქალაქში დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რადენობა 50 333-ს შეადგენს, გარდაცვლილია 3,869 ადამიანი. 16 აპრილის გარდაცვალების შემთხვევები ვუხანში ჩინური ოფიციალური წყაროების მიხედვით, 2 579 იყო, ამიტომ 1290 დაღუპულების 50%-ით ზრდა დაფიქსირდა.

    ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ზრდის მიზეზი ის არის, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ პიკის დროს ექიმები ძირითადად პაციენტების მკურნალობაზე იყვნენ ორიენტირებული და ზოგიერთი ინფორმაცია სრულყოფილად ვერ აღრიცხეს, რამაც მონაცემების არევა გამოიწვია.

    მათი მტკიცებით, რეალური მონაცემები არ დაუმალავთ, თუმცა ამაში ეჭვი ეპარება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

  • ქალი, რომელსაც COVID-19-ი დაუდასტურდა საპატრიარქოში მუშაობს

    ქალი, რომელსაც COVID-19-ი დაუდასტურდა საპატრიარქოში მუშაობს

    წყნეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქალს, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს, COVID-19-ი დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას  “ფორმულა ნიუსი”  ავრცელებს. იზოლაციაშია ერთ-ერთი მონასტერი, რომლის აქტიური მრევლიც ინფიცირებული იყო. ასევე, იზოლაციაში იმყოფებიან თავად საპატრიარქოს თანამშრომლის დედა და შვილიც.

    კორონავირუსით დაავადებული ქალი ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოცხადდება თუ არა მომხდარის გამო წყნეთი საკარანტინო ზონად, ეს ჯერჯერობით უცნობია.

     

  • საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა.

    მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 370 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ – 370

    საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ – 370

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მთლინობაში ინფიცირებულია 370 ადამიანი.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ინფიცირებული 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5 079 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 558.

  • ვის არ ეკრძალება ავტომობილით გადაადგილება – მთავრობის დადგენილება

    ვის არ ეკრძალება ავტომობილით გადაადგილება – მთავრობის დადგენილება

    დღეს, 17 აპრილს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო.

    საქართველოს მთავრობის 252-ე დადგენილების მიხედვით, გადაადგილება არ ეკრძალებათ:

    •  საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
    •  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
    •  საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
    • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
    •  სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების მიზნით გადაადგილებას;
    •  ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას;
    •  შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
    •  ფიზიკური პირის გადაადგილებას საჯარო დაწესებულებაში მისვლის მიზნით (გარდა ამავე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ფიზიკური პირისა), რაც დასტურდება საჯარო დაწესებულების მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით/უწყებით;
    •  ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
    •  ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
    •  კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
    • მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილებას, ასევე სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
    • საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
    • საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) გაწევის მიზნით გადაადგილებას;
    • სასოფლო-სამეურნეო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
    •  ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
    •  ევაკუატორით მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
    • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
    •  მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის/გაზის/ელექტროენერგიის/ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
    •  საჯარო დაწესებულებების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
    •  ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
    •  ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
  • “ქრისტესთან ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება“–სასულიერო პირების და თეოლოგების მიმართვა

    “ქრისტესთან ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება“–სასულიერო პირების და თეოლოგების მიმართვა

    სასულიერო პირები და თეოლოგები მართლმადიდებელ მრევლს წერილით მიმართავენ, და უხსნიან, რომ ეპიდემიის გამო  სააღდგომო ლიტურგიაში მონაწილეობაზე უარის თქმა ქრისტეს ღალატს არ ნიშნავს, და ამ ვითარებაში ეს მოყვასის სიყვარულის გამოხატულებაა.

    გთავაზობთ წერილს სრულად:

    “სააღდგომო გზავნილი ჩვენი ქრისტესმიერი დებისა და ძმებისადმი

    ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავად ადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა.

    ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“

    იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათა საკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ეს თანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგია წარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“ (გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არის მონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს.

    ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.

    მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშის განქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაც უფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა — ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაც და აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).

    სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა.

    რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამ გახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად — იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44).

    იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთან ჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო და გავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა.

    ქრისტე აღდგა!“– ნათქვამია მიმართვაში

    ხელმომწერები:

    სასულიერო პირები:

    დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი
    დეკანოზი ზაზა თევზაძე
    დეკანოზი ილია ჭიღლაძე
    დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
    მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
    მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
    მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
    მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
    მღვდელი ალექსი აბულაშვილი
    მღვდელი მირიან მესხაძე
    მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
    დიაკონი გიორგი ღიბრაძე
    დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

    თეოლოგები:

    ნინო საყვარელიძე
    ზურაბ ჯაში
    თამარ გოგუაძე
    ლევან ბუკია
    შოთა კინწურაშვილი
    გიორგი ხუბულური
    ეკა ჭყოიძე
    ნინო საძაგლიშვილი
    ვლადიმერ წითლიძე
    ვლადიმერ ნარსია
    კახა კურტანიძე
    გურამ ლურსმანაშვილი
    დავით ჩიკვაიძე
    ალექსი მესტუმრიშვილი
    მირიან გამრეკელაშვილი
    გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი)

  • Covid19: ლომებმა პირდაპირ ტრასაზე დაიძინეს, სადაც ადამიანები და მანქანები დიდი ხანია აღარ გამოჩენილან

    Covid19: ლომებმა პირდაპირ ტრასაზე დაიძინეს, სადაც ადამიანები და მანქანები დიდი ხანია აღარ გამოჩენილან

    პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე ხშირად ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, როგორ დასეირნობენ დაცარიელებულ ქალაქებში ცხოველები და ფრინველები.

    როგოც ჩანს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კრიუგერის ნაციონალური პარკის ბინადარმა ლომებმაც შეამჩნიეს, რომ ადამიანები დიდი ხანია არსად გამოჩენილან და შეუძლიათ მათი ტერიტორია დაიკავონ. მათ ერთ დროს გადატვირთულ, დღეს კი გაუკაცრიელებულ ტრასაზე დაიძინეს. პარკის მეთვალყურემ, რიჩარდ სოურიმ ეს ფოტო პარკში პატრულირების დროს გადაიღო. პარკი 25 მარტს კარანტინმა დაიკავა, თუმცა სოური მუშაობას განაგრძობს.

    მან ეს იშვიათი ფოტოები საკუთარი ავტომობილიდან მობილური ტელეფონით გადაიღო.

     

  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არ იცის გადადის თუ არა კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არ იცის გადადის თუ არა კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საღამოს განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჩაუტარებიათ მეცნიერული კვლევა და არ იცის, გადადის თუ არა კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას.

    ჟურნალისტმა მინისტრს ასეთი კითხვა დაუსვა: შეგიძლიათ დაზუსტებით გვითხრათ, რომ ზიარების კოვზით არ გადადის კორონავირუსი?

    ჯანდაცვის მინისტრმა კითხვას ასე უპასუხა:

    “ამ საკითხზე საჭიროა მეცნიერული კვლევა. თუ ჩვენ ამ კვლევას ჩავატარებთ შესაბამისად შეგვეძლება მერე  გაგცეთ ამაზე  კითხვაზე  პასუხს.“

    ახალი ტიპის კორონავირუსის, Covid19-ის შესახებ ბევრი რამ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საკმაოდ ბევრი რამ უკვე შესწავლილი, გამოკვლეული,  გარკვეული და დადგენილია, მათ შორის ის, რომ ის წვეთოვანი გზით გადადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე ახალი კორონავირუსის შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მისი გავრცელების გზების შესახებ ვკითხულობთ:

    “ადამიანები შეიძლება Covid19–ით შეიძლება დაავადდნენ ადამიანისგან, რომელსაც ვირუსი აქვს. დაავადება შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს მცირე წვეთებით ცხვირიდან ან პირიდან, რომლებიც ვრცელდება, როცა დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან სუნთქავს. ეს წვეთები ზედაპირებზე,  და ნივთებზე ხვდება ადამიანის გარშემო,  შემდეგ კი სხვა ადამიანები ეხებიან მას. შემდეგ ადამიანები ეხებიან ამ ზედაპირებს და ამ ხელით თვალს, ხელს ან პირს ეხებიან. ადამიანები ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ , თუ ისინი Covid19-ით დაინფიცირებული ადამიანის მიერ ამოხველებულ ან ამოსუნთქულ წვეთებს ჩაისუნთქავენ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაავადებულიდან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა.“

    იქვე მითითებულია, რომ გავრცელების გზების შესახებ ინფორმაცია ახალი შედეგების მიღების შემთხვევაში განახლდება. თუმცა, ეს არის ის, რაც ჯანმომ ამ დროისთვის უკვე ზუსტად დაადგინა და რასაც ეფუძნება მთელ მსოფლიოში განხორციელებული პრევენტული ზომები.

    რა საფუძველი აქვს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ინფორმაციას არ ენდოს და რა კვლევის შედეგებს ელოდება, უცნობია.

     

  • მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი – თენგიზ ცერცვაძე

    მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი – თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი.

    ,,უახლოესი სამი დღის განმავლობაში პირველ რიგში მრევლზეა დამოკიდებული, გვყავდეს ნაკლები პაციენტი. მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს”,- ამბობს ცერცვაძე.

    საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. საპატრიარქო მთავრობასთან შეთანხმდა, რომ დიდ ტაძრებში მრევლი დაესწრება ლიტურგიას, მცირე ეკლესიებში კი ისინი გარეთ იქნებიან. საპატრიარქოს განცხადებით, დაიცავენ დისტანციას, თუმცა უცვლელია ერთი კოვზით ზიარების წესი.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ სააღდგომო ლიტურგიისას ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, რადგან მასობრივი ჩავშეყრა იქნება ტაძრებში.

    ინფექციონისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ წავიდნენ ტაძარში და დარჩნენ სახლში.