Category: ახალი ამბები

  • “თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა“–ზურაბ გურული თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

    “თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა“–ზურაბ გურული თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს, რომელმაც ის გუშინ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში და ტენდენციური  ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ზურაბ გურულამა მას ფეისბუქზე უპასუხა:

    “ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებთან და არამეგობრებთანაც, უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან და პატიოსან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მკურნალობენ უმსუბუქეს, ასიმპტომატურ პაციენტებს პლაქვენილით თბილისში. ძალიან გთხოვთ, დამიდასტურეთ სახელებით, რომ ეს ხდება. დამიდასტურეთ იმისათვის, რომ უბრალოდ დაიცვათ ადამიანი ცილისწამებისაგან, დაუმსახურებელი შეურაცხყოფისაგან.

    ამ ხნის განმავლობაში არაერთი თქვენთაგანის წერილი მივიღე, სადაც თქვენი თხოვნით ის პრობლემები გავაჟღერე საჯაროდ, რომელთა თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავთ, მაგრამ საოცრად გაშფოთებთ და გაშინებთ.

    ვერ ბედავთ იმიტომ, რომ დასაბუთებულად გეშინიათ შურისძიების, სამსახურის დაკარგვის.
    ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც მე სტატუსი დავწერე, იყო ის, რომ პაციენტები დამეცვა ტოქსიკური პრეპარატის შესაძლო მავნე გავლენისაგან, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ.
    იმედია გაბედავთ.

    გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად.

    თუ არა, ამასაც გავიგებ

    რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძის უსუსურ პასკვილს.
    ბატონო თენგიზ,

    თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა და თუ რატომ, ეს ჩემზე უკეთ იცით “– წერს ზურაბ გურული.

    შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი:

    “ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.”

    “ასე მაგალითად ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად ეფექტური ლუსტრირება მოახდინა არამარტო ქართული პოლიტიკური სპექტრების, არამედ ქვეყნის შიდა ინტელექტუალური პოტენციალის და რაც მთავარია იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გახრწნის ხარისხის, ფარისევლობის მიმართულებით. მსოფლიოსათვის კორონა ყველაზე დიდი ეგზისტენციალური გამოწვევაა ამჟამად, საქართველოსათვის კი კორონა მეათეხარისხოვანი პრობლემაა“. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

    ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო თავს ვიკავებდით პასუხისაგან, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა ჩათვალოს, რომ ის რასაც ბ-ნი ზურაბი ამბობს, სიმართლეა. ამიტომ გადავწყიტეთ გვეპასუხა. ამასთან, ჩვენ მხოლოდ ა.წ. 17 აპრილის პოსტზე გავაკეთებთ კომენტარს.

    რასაც ბ-ნი ზურაბი წერს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.

    თავის პოსტში ბ-ნი ზურაბი სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ თითქოს ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის, რომელთა CT (კომპიუტერული ტომოგრამა) ნორმალურია და რომ „ეს აბსოლუტურად მიუღებელია“. ის ასევე ამბობს, რომ პლაქვენილს არავითარ შემთხვევაში არა აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და რომ უსიმპტომო COVID-19-ს მკურნალობა არ სჭირდება.

    ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:
    ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.

    ზემოთაღნიშნულის სისწორეში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი მსურველი, ვინც გაეცნობა COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ქართულ პროტოკოლს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

    ბუნებრივია ისმება კითხვა – რატომ დასჭირდა ბ-ნ გურულს, რომელმაც იმედი გვაქვს წერა-კითხვა იცის „თეთრზე შავის“ თქმა? ვფიქრობთ, კომენტარი აქაც ზედმეტია.

    ცნობისთვის აშშ-ში, რომელიც საქართველოზე ეკონომიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ა.წ. 20 აპრილისთვისCOVID-19-ით 770,564 ავადმყოფია და მათგან 41,114 გარდაცვლილი (5,3%),ხოლო საქართველოში COVID-19-ით სულ 399 ავადმყოფია და მათგან მხოლოდ 4 გარდაცვლილი (1%). სხვა გათვლებით აშშ-ში ყოველ მილიონ მოსახლეზე COVID-19ისგან 125 გარდაცვლილი ავადმყოფია,ხოლო საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე – მხოლოდ 1 გარდაცვლილი.

    კიდევ სხვა გათვლით – საქართველოში 4 გარდაცვლილის ასაკი 73, 79, 81 და 86 წელია, მაშინ დროდესაც აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა 20% არის 20-64 წლამდე ასაკის. საინტერესოა, რით ახსნიან ამას ბ-ნი გურული და მისი თანამოაზრეები და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გურულმა თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება“ იმ ქვეყანაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს.

    აქვე გვინდა ვუპასუხოთ ჩასაფრებული ადამიანების ერთ მოსალოდნელ რეპლიკას: „რა, თქვენ აშშ-ს ედრებით და მასზე უკეთესები ხართ?“ კატეგორიულად არა. აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად ჩOVID-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის დაავადების კლინიკური მენეჯმენტი საქართველოში ბევრად უკეთესია და მთელი მსოფლიო ასე თვლის.

    ცნობისთვის გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს ასახელებს COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. საქართველოს მიღწევებს COVID-19-თან ბრძოლაში ცალსახად მაღალ შეფასებებს აძლევენ ჯანმო-ს ხელმძღვანელობა და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები. აშშ-ს და მთელი მსოფლიოს უპირობო ლიდერი – ექსპერტი COVID-19-ის დარგში პროფესორი Aნტჰონყ Fაუცი, რომელთანაც 20 წლის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ა.წ. 15 აპრილს ჩვენს სახელზე გამოგზავნილ იმეილში სიტყვა-სიტყვით წერს „I ამ პლეასედ ტო სეე ტჰატ Gეორგია ჰას ცონტროლლედ ტჰე ოუტბრეაკ ვერყ წელლ”.

    ახლა რაც შეეხება პლაქვენილის ავკარგიანობას.

    არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა რემდესივირის შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომCOVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

    ჩვენ პლაქვენილს ჯერ კიდევ ა.წ. თებერვლიდან ვიყენებთ და როგორც შედეგებმა უჩვენა, წარმატებით.ჩვენი არჩევანის სისწორე „მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის“ (ბ-ნი გურულის სიტყვებით) გარდა, დაადასტურა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კვლევაში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ პლაქვენილის გამოყენებას მისცა. საინტერესოა, ბ-ნი გურული FDA-საც „უსუსურ“ და „იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად გახრწნილ“ ინსტიტუტად მიიჩნევს? აღარაფერს ვამბობთ ბ-ნი ტრამპის ა.წ. 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ყველას მოუწოდა COVID-19-ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დაეწყოთ პლაქვენილის გამოყენება. მართალია, ბ-ნი ტრამპი ექიმი არ არის, მაგრამ არ გვგონია, რომ მისი მრჩევლები მედიცინის დარგში ბ-ნ გურულზე ნაკლები კომპეტენციის არიან.

    პლაქვენილს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ჩინეთი, იტალია და ბევრი სხვ.

    რაც შეეხება პლაქვენილის შესაძლო ნაკლებ ეფექტიანობას, ჩვენ ბ-ნ გურულზე არანაკლებად ვიცნობთ იმ კვლევებსაც, რომელთა მიხედვით თითქოს არ დასტურდება პლაქვენილის მაღალი ეფექტი, მაგრამ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები (დადებითიც და უარყოფითიც) პრაქტიკულად ყველა იმ მედიკამენტზე კეთდება, რომელთა კვლევაც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და როგორც კი დაიდება სარწმუნო მონაცემები რომელიმე მედიკამენტის, მაგ. რემდესივირის, ან მკურნალობის რომელიმე ახალი მეთოდის სასარგებლოდ, გვერწმუნეთ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ სიახლეს დანერგავს და არც პლაქვენილზე უარის თქმა გაგვიჭირდება.

    სხვათაშორის, ჯანმო სწორედ ახლა იწყებს ოთხი მედიკამენტის, მათ შორის რემდესივირის და იგივე პლაქვენილისდიდ მულტიცენტრულ კვლევას (თრიალ), რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ესეც დაგვეხმარება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევაში.
    და ბოლოს, ბ-ნი გურულის და მისი თანამოაზრეების საყურადღებოდ.
    საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ პლაქვენილის იმედად.

    ჩვენს ცენტრში და მთლიანად ქვეყანაში COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტ ტოცილიზუმაბს (მონოკლონური ანტისხეულები ინტერლეიკინ-6-ის რეცეპტორების წინააღმდეგ). ვიყენებთ პროტეაზას ინჰიბიტორებს(ლოპინავირ/რიტონავირი, დარუნავირ/კობიცისტატი).

    უკვე ვიყენებთ ან ვემზადებით მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების გამოსაყენებლად,როგორიცაა მაგალითად პლაზმაფერეზი, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირების (კონვალესცენტების) პლაზმა, ოზონოთერაპია და სხვ. ოღონდ ყველაფერს ამას ვაკეთებთ ძალიან ფრთხილად, ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ და FDA-ის და ევროკომისიის ჯანდაცვის და კვების უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

    ახალი მედიკამენტების და მიდგომების დანერგვის პარალელურად, ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდების და მიდგომების სრულყოფას. ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს მძიმე პაციენტების ოქსიგენოთარეპიის ოპტიმიზაციისათვის ბოლო კვლევების შედეგების გათვალისწინებას. ცენტრი აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს COVID-19-ით ავადმყოფებში სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ არსებულ ან მოსალოდნელ დარღვევებს და ამ დარღვევების კორექციას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ცენტრის გამოცდილებით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვენესი რგოლია ჩOVID-19-ის პათოგენეზსა და მკურნალობაში.

    ცენტრი ყურადღებით სწავლობს ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ როლს COVID-19-ის პათოგენეზშიდა მის გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე და მისი კორექციის გზებს, აგრეთვე COVID-19-ით პაციენტებში ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების შემთხვევებს.

    და ბოლოს, ურწმუნოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა დადებული შედეგებით ფასდება. საქართველოში 20 აპრილისათვის სულ 399 COVID-19-ით ავადმყოფია და მათგან მხოლოდ ოთხია გარდაცვლილი. ამ შედეგებით საქართველო ევროპის რეგიონში 53 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ – ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს.

    ასეთია სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება ბ-ნ გურულს და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ.”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

  • მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ, მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ცხოვრებს ეკლესიურად – ეზუგბაია

    მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ, მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ცხოვრებს ეკლესიურად – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ლიტურგიაზე ნამყოფი მრევლი თვითიზოლაციაში და ელოდება თუ არა პიკს ამასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ მარტო არ სეგმენტზე არ უნდა ვისაუბროთ, რადგან მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ცხოვრობს ეკლესიურად.

    ,, ლაპარაკი ასე არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ, ჩემთვის ახლა უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს ისე. ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიმე სეგმენტზე”, – ამბობს ეზუგბაია.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.

    შეგახსენებთ, რომ სააღდგომო ლიტურგია მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მრევლთან ერთად ჩატარდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.

  • პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 182 პირი დააჯარიმა

    პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 182 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 182 პირი დააჯარიმეს.

    20 აპრილის 21:00 საათიდან 21 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 66 მოქალაქე დაჯარიმდა, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის – 38.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

  • სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო – ბოჭორიშვილის კლინიკა

    სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო – ბოჭორიშვილის კლინიკა

    ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ კლინიკაში სულ 54 პაციენტი მკურნალობს. აქედან 24-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა, ერთი კი ბოლნისის კლასტერიდან დღეს დაემატათ.

    მისი თქმით, სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა.

    ,,დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი კოვიდდიაგნოზით, 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემა, არის შუახნის ქალბატონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალბატონი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი კონტაქტები შესწავლილია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამ ეტაპზე გვყავს ისევ 24 პაციეტი, საიდანაც კიდევ ერთი გამოჯანმრთელება დადასტურდა და ისიც გაეწერება. სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარება ზომიერად დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო”,- ამბობს სოლოღაშვილი.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს, 06:08 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან აღმოსავლეთით 9 კილომეტრში სოფელი ახალსოფელი იყო.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო სიღრმე 35 კმ-ს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 408-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდა.

    408 ინფიცირებულიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი.

     

  • “შინაგანი სიცივე მქონდა..”- რას ყვება Covid19 – ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე

    “შინაგანი სიცივე მქონდა..”- რას ყვება Covid19 – ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე

    ლონდონში მოღვაწე კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს სადაც ყვება თუ როგორ გრძნობდა თავს დაინფიცირების პირველ დღეებში და როგორ განვითარდა ეს სიმპტომები მომდევნო დღეებში.

    “ცოტა გადავახტი ჩემს კომფორტულ ზონას, მაგრამ მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია ეს ვიდეო. ყოველი შემთვევისთვის მე ასეთ ვიდეოებს ვეძებდი ცუდად რო გავხდი.”- წერს  საქართველოს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

  • “წაიღეთ ნავთობი და იქით გადაგიხდით“: WTI მარკის ნავთობის ფასი 0–ს ქვევით ჩამოვიდა

    “წაიღეთ ნავთობი და იქით გადაგიხდით“: WTI მარკის ნავთობის ფასი 0–ს ქვევით ჩამოვიდა

    წაიღეთ ნავთობი და იქით გადაგიხდით: WTI მარკის ნავთობის ფასმა პირველად ისტორიაში უარყოფით ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლად ეცემოდა.

    ნულს ქვევით ფასი ერთ ბარელზე ამ სფეროსთვის უჩვეულო არ არის. საცავების გადავსებისას მწარმოებლები იძულებულნი არიან მათი განტვირთვისთვის იქით გადაიხადონ ფული. სწორედ ეს დაემრათა WTI-ს. ფასების ჩამოშლას ფაქტორების მთელ კომპლექსს უკავშირებენ: ზოგადი ჭარბწარმოება, კორონავირუსის ფონზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემა, ტრეიდერების გაურკვევლობა სიტუაციის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

    შედეგად, საცავებში ნავთობის მარაგები იზრდება. ამჟამად WTI-ს რეზერვები რეკორდულ 160 მილიონ ბარელად ფასდება. ამიტომაც ფინანსური ტრეიდერები, რომლებსაც იშვიათად აქვთ საქმე რეალურ მიწოდებასთან, იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდნე, როცა უბრალოდ აღარ იციან სად განათავსონ შენაძენი.

    უფასურდება  Brent–ის მარკის ნავთობიც, თუმცა ისე ძლიერ არა, როგორც WTI. მისი ფასი ერთ ბარელზე 26%–ით შემცირდა.

    ერთი კვირის წინ ოპეკის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს ორი წლის მანძილზე ნავთობის მოპოვების “ანტიკრიზისულ შემცირებასთან“ დაკავშირებით. თუმცა, ანალიტიკოსები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამ შეთანხმებას სკეპტიკურად შეხვდნენ. ნებსმიერ შემთხვევაში მოპოვების შემცირება ისე, რომ მოთხოვნის კოლოსალური ვარდნა დააკომპენსიროს, უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია.

    ექსპერტების შეფასებით დაგროვილი მარაგების შემცირება და შესაბამისად ფასების ვარდნის შეჩერება ამ წლის მეორე ნახევარზე ადრე არ დაიწყება.

  • “ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,მომხდარს  ძალიან განიცდის“–პოლიციელის ადვოკატი, რომლის ბრმა ტყვიამ ქალი მოკლა

    “ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,მომხდარს ძალიან განიცდის“–პოლიციელის ადვოკატი, რომლის ბრმა ტყვიამ ქალი მოკლა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ უმისამართო გასროლასაც ვაჟა ფშაველას გამზირზე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცხადებს, რომ მან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.

    მისი ადვოკატი, რომელიც დაკავებულ პოლიციელს საღამოს შეხვდა, ამბობს რომ ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და მომხდარს ძალიან განიცდის.

    “ძალიან განიცდის იმ ფაქტს რაც მოხდა. ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.

    ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას გადმოგვცემენ. ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. “ – ამბობს ადვოკატი.

    მეზობელი კორპუსიდან გასროლილ ტყვიას 50 წლის ქალი თამარ ანთელავა კვირას საღამოს შეეწირა. ის საკუთარ ბინაში დივანზე იჯდა, როდესაც სოსო გაბრიაძის მიერ 600 მეტრის დაშორებით მდებარე კრპუსიდან აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გასროლილი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი ორშაბათს დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად  ხვალ წარუდგენენ. მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ედება ბრალი.

     

  • მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

    მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    როგორც  მულახის თემის რწმუნებულმა სოსო ზურაბიანმა განაცხადა, შემთხვევამდე შელაპარაკება მოხდა თანამშრომლებს შორის, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით გარდაიცვალა.

    “სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან ორივენი. ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა მკვლელობა. შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა. გაისროლა თანამშრომელმა. ორივე სამსახურში იყო. ის მეორე არ არის დაკავებული. არავინ იცის, გაიქცა იქიდან, სადღაც ტყეში გავიდა, ეძებენ და ვერ პოულობენ. 35-38 წლის ბიჭები იქნებოდნენ, მეგობრები იყვნენ”, – განაცხადა სოსო ზურაბიანმა.

    ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

    პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

    სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.