Category: ახალი ამბები

  • ბაღდათში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

    ბაღდათში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც ბაღდათში პოლიციელს თავს დაესხა და დაჭრა.

    იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ა.ს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.

    შშს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

    მომხდარზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    17 აპრილს კაცმა ბაღდათში, სოფელ ხანში გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა.

  • რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს – ლავროვი

    რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს, იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება საქართველოს მხრიდან მოხდება.

    “მზად ვიქნებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, რამდენადაც მისი მოშლის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ.

    ალბათ, უნდა დაველოდოთ იმას, როცა ქართველი კოლეგები ამ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. სავაჭრო წარმომადგენლობები ასევე მოიცავს რაღაც ტიპის შეთანხმებების მიღწევასაც”,- თქვა ლავროვმა.

    სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხის გადაჭრა მოხდება.

    ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში არ გაღვივდეს რუსოფობიური კამპანია და ექსცესები, რომლებიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის დროს მოხდა. ამ ყველაფერმა, ცხადია, გვაიძულა, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსების უსაფრთხოების პრობლემაზე. თუმცა, შემდეგ ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

    ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა, რის მიზეზადაც ოკუპანტმა სახელმწიფომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაასახელა.

  • ,,ევროპული საქართველო” ითხოვს, საგანგებოს გაგრძელების საკითხი პარლამენტში გახარიამ წარადგინოს

    ,,ევროპული საქართველო” ითხოვს, საგანგებოს გაგრძელების საკითხი პარლამენტში გახარიამ წარადგინოს

    პარტია ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი პარლამენტში პრემიერმინისტმა გახარიამ უნდა წარადგინოს.

    მისი თქმით, აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ასი ათასობით ადამიანის მდგომარეობაზე.

    ,, აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, როგორ იქნება გამოყენებული და როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორ გამოსწორდება ის ხარვეზები, რომლებიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას და რაც მთავარია, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანსა და ოჯახს, ვისი ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა”,- ამბობს ბაქრაძე.

    მისივე თქმით, არის უამრავი კითხვა, რომელთაც პასუხი პრემიერმა უნდა გასცეს. მთავარი კი არის ის, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანს და ოჯახს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა.

    კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა დღეს იწურება.

    მთავრობამ 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და სხვა შეზღუდვები.

     

  • პუტინის თქმით, კორონავირუსის პიკი ჯერ წინ არის – რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 50 ათასს გაცდა

    პუტინის თქმით, კორონავირუსის პიკი ჯერ წინ არის – რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 50 ათასს გაცდა

    ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსის გავრცელება გრძელდება, თუმცა მისი ტემპის შენელება შემზღუდავი ზომების დახმარებით მოხერხდა. მისივე თქმით, პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

    პანდემიის ცენტრად მოსკოვი ითვლება, ხოლო ქვეყნის რეგიონები რუსეთის დედაქალაქს 2-3 კვირით ჩამორჩებიან.

    რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

    ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის გვერდზეა განთავსებული.

    რუსეთში ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორორონავირუსის 5642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 52 763-მდე გაიზარდა, მათგან 456 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 873 გამოჯანმრთელდა.

  • აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, განკითხვა კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი ვურუსია – ჯაღმაიძე

    აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, განკითხვა კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი ვურუსია – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ქართველი ექიმების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, ექიმები დაუმსახურებლად არ უნდა გაანაწყენონ, რადგან მათ კიდევ ბევრი შრომა მოუწევთ.

    მისი თმით, ექიმების განკითხვა ადამიანებს კორონასაგან ვერ დააზღვევს და სულიერ ზიანს მოუტანს.

    ,,აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი. განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან”, — წერს ჯაღმაიძე.

    ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

    გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.

    ლევან რატიანმა დღეს კრიტიკოსებს მიმართა, რომ თუ ვინმეს შენიშვნის ან რჩევის მიცემა უნდა, კლინიკაში მიბრძანდნენ და მათთან ერთად იმუშავონ. ,,ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილეკებენ და გვლანძღავენ, ტვინს მოუხმონ”,- თქვა რატიანმა.

  • ბაღდათში კაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა

    ბაღდათში კაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა

    ბაღდათში, სოფელ ხანში გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.

    დაჭრილი პოლიციელის დედა ,,მთავარ არხთან” საუბრისას ყვება, რომ პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, ადგილზე მისვლის შემდეგ კი შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. დედის ინფორმაციით, პოლიციელებმა კაცს ცეცხლსასროლი იარაღი გადააგდებინეს, თუმცა შემდეგ ჯიბიდან დანა ამოიღო და ერთ-ერთი პოლიციელი მუცლის არეში დაჭრა. შემთხვევა 17 აპრილს, წითელ პარასკევს მოხდა.

    შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

  • დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა! – მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში აქცია დაგეგმეს

    დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა! – მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში აქცია დაგეგმეს

    საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით მოქალაქეებმა Facebook-ზე აქცია დაგეგმეს.

    აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები დაუსაბუთებელი და შერჩევითია. ისინი მთავრობისგან თავისუფლებისა და არჩევანის უფლების დაბრუნებას ითხოვენ.

    „უკვე ერთი თვეა, რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევით სამართლით. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება!

    ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული! ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!

    მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი არა მხოლოდ მთავრობის ქმედებებს შეეხება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკუთარ ვალდებულებებს და გამოიყენოს მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, რათა გაძლიერდეს კონტროლი მთავრობაზე.

    აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენ სოციალური დისტანციისა და კანონების სრული დაცვით, მივაწვდენთ პოლიტიკოსებს (მმართველ პარტიასა და ოპოზიციას) ჩვენს ხმას. ამისათვის, საგანგებო მდგომარეობის პარლამენტში განხილვის მომენტში, ჩვენ ვირტუალურად შევიკრიბებით პარლამენტის წინ. Check-in-თან ერთად, დავაფიქსირებთ თითოეული ჩვენთაგანის პოზიციას! როგორც ყოველთვის, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოგვისმენენ.

    ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და – არა მთავრობის!

    #არაუკონტროლომმართველობას“, – წერია განცხადებაში.

    აქცია 22 აპრილს, პარლამენტის წინ 12:00-დან 14:00 საათამდეა დაგეგმილი.

    კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქვეყანაში დაწესებულია კომენდანტის საათიც,21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. ასევე, აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება.

    საგანგებო მდგომარეობის ვადა დღეს იწურება. მთავრობამ 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და სხვა შეზღუდვები.

  • საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ, საზიანოა ქვეყნისთვის – ბოკერია

    საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ, საზიანოა ქვეყნისთვის – ბოკერია

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მისი პარტია მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არის საჭირო, მაგრამ არსებული ფორმით და აბსურდული შეზღუდვებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.

    მისი თქმით, მთავრობამ ეკონომიკური გეგმა უნდა შეიმუშავოს.

    „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავადაა საჭირო, მაგრამ ამ აბსურდული შეზღუდვებით, რისი მაგალითიცაა ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, მანქანით გადაადგილება და ბევრი სხვა რამე, ისევე, როგორც მკაფიო კრიტერიუმების გარეშე, სადაც შეუძლებელი იქნება ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, მაგალითად „სუფთა სახლი“ და სხვებმა იმუშავონ – ამ ტიპის აბსურდის გაუქმების გარეშე მხარს ვერ დავუჭერთ.

    ასევე, ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადების შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს იმიტომ, რომ ეს არის საზიანო ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

    კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა დღეს იწურება.

    მთავრობამ 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და სხვა შეზღუდვები.

  • ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ, ტვინს მოუხმონ – რატიანი

    ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ, ტვინს მოუხმონ – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ,,მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს” მოუწოდებს, რომ არ არის ახლა ქილიკის დრო.

    მისი თქმით, თუ ვინმეს შენიშვნის ან რჩევის მოცემა უნდა, კლინიკაში მიბრძანდნენ და მათთან ერთად იმუშავონ.

    ,,მინდა ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ უნდა გადავრჩეთ, ახლა არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემა, რჩევის მოცემა, დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, აი ბატონო სივრცე, შეუძია მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად, იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშავონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები და ჩვენ დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

    რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს , ჭკუის სწავლებას პროტოკოლის შემქმნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან. ტვინს მოუხმონ. თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებ. ძაან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილოში შემსვლელ ექიმებს”,- ამბობს რატიანი.

    მისივე თქმით, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითი კი ინფიცირების და ლეტალობის დაბალი, ხოლო გამოჯანმრთელების მაღალი დონეა.

    შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

    გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.

  • იტალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს

    იტალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს

    იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გაავრცელა.

    მისი თქმით, იტალიის მთავრობა მიმდინარე კვირის ბოლოსთვის შეზღუდვების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს.

    „ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან… მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს. უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც ტერიტორიულ თავისებურებებს ითვალისწინებს”,- აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი.

    ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 181 228 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 24 114 გარდაიცვალა, ხოლო 48 877 გამოჯანმრთელდა.