Category: ახალი ამბები

  • ” we Dance or Die : თბილისის საკლუბო სცენა შესაძლო განადგურების წინაშე დგას!..” – ნაჯა ორაშვილი

    ” we Dance or Die : თბილისის საკლუბო სცენა შესაძლო განადგურების წინაშე დგას!..” – ნაჯა ორაშვილი

    კლუბ “ბასიანის” მფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ კონცერტები და საკლუბო ცხოვრება 2021 წლამდე, სავარაუდოდ, ვერ აღდგება, ხელისუფლებას კი არ ანაღვლებს არც მათი ბედი და არც იმ თანამშრომლების, რომლებიც დაუცველ ჯგუფებს განეკუთვნებიან და უსამსახუროდ დარჩნენ.

    “გლობალური პანდემიის შედეგად, უკვე ერთი თვეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანს მოგვიწევს ამ მოცემულობაში ცხოვრება. წარმოება გაჩერებულია, კომერციული ობიექტები დახურულია, სასწავლო პროცესი შეჩერებულია, საზღვრები ჩაკეტილია, 3-ზე მეტი პირის თავშეყრა დანაშაულია. ასე თუ გაგრძელდა, ეპიდემიის მასობრივ აფეთქებას შეიძლება გადავურჩეთ, მაგრამ სოციალური და ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას არც არასოდეს ულხინდა, მაგრამ ახლა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ზრუნვის და ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩა და უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას.

    დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი ამ სტატუსის დაწერისგან თავს. მაშინ როდესაც ადამიანები სიცოცხლისა და გადარჩენისთვის იბრძვიან, რთულია საჯაროდ ისაუბრო ამ თემაზე, თუმცა არასოდეს უნდა გვრცხვენოდეს საყვარელ საქმიანობაზე ფიქრის და მისი მხარდაჭერის. სიჩუმეს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე იმ სფეროზე ხმამაღლა საუბარს, რომელსაც წლები შევწირეთ.

    ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულმა საგანგებო ზომებმა უდიდესი ზარალი მოუტანა ყველა სფეროს, მათ შორის თბილისის საკლუბო სცენას, სცენას რომლის მშენებლობასა და აყვავებაში უამრავი შრომა გვაქვს ჩადებული. ეს სცენა ახლა შესაძლო განადგურების წინაშე დგას. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ფაქტს სიამოვნებით მიესალმება, ისე რომ არც დაინტერესდეს, თუ რამდენი ადამიანი დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უსაფრთხო და თავისუფალი სივრცის გარეშე.

    აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში დასაქმებული პირების უმრავლესობა მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნება და მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს კონკრეტული სივრცეეები წარმოადგენს.

    ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და ფონდები ამ ინდუსტრიას, არტისტებს და თვითდასაქმებულ პირებს. ვნახეთ ურთიერთდახმარების მასშტაბური პრეცედენტები. სამწუხაროდ, კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად და ეკონომიკის დასახმარებლად ჩვენი მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებში ვერ მოხვდა საქართველოს შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიის სექტორები.

    გვესმის, რომ ჩვენ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობას არც ინტერესი აქვს, რომ ეს სფერო გადარჩეს, რადგან ერთხელ უკვე ვნახეთ ამ სცენის დემონიზაციისა და დისკრედიტაციისთვის თუ რა ნაბიჯები გადაიდგა.

    სხვადასხვა ქვეყნის საკლუბო სცენას ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიარდამდე ევროს ოდენობის თანხა შეაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა არ არის აღრიცხული, არც მონაცემებია ხელმისაწვდომი, თუმცა, გვაქვს ერთი უტყუარი ფაქტი – საკლუბო კულტურამ და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტროამ თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

    ჯანდაცვის ექსპერტების დასკვნით, მასშტაბური ფესტივალები და საკონცერტო ღონისძიებები 2021 წლის შემოდგომამდე ვერ ჩატარდება, შესაძლოა, საზღვრებიც დიდი ხნით იყოს ჩაკეტილი, სოციალური დისტანციის პრაქტიკა წლობით გაგრძელდეს და ჩვენი შიში საყვარელი სივრცეების სამუდამოდ გაქრობაზე უფრო და უფრო მძაფრდება.

    არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერც ქველმოქმედების და ვერც რაიმე ტიპის სუბსიდირების იმედად ვერ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ. დანარჩენმა სამყარომ გვიჩვენა, რომ მხოლოდ მზრუნველ და პასუხისმგებლიან სახელმწიფოს შეუძლია ამ სფეროს გადარჩენა და დახმარება, და სოლიდარობა.

    დიახ, მე საკლუბო კულტურის და საცეკვაო მოედნის მხარდამჭერი, აქტივისტი და გულშემატკივარი ვარ. დაინტერესებული ვარ ქალაქის ღამის ცხოვრებით, არადომინანტური კულტურისა და უსაფრთხო სივრცეების განვითარებით, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იზიარებს ამ სულისკვეთებას. არც იმის მეშინია, თუ ბევრი ადამიანი დამძრახავს ამ საკითხზე საჯაროდ საუბრისთვის, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ამ სფეროს გადარჩენაში თითოეული ჩვენგანის როლი. სიჩუმე ჩვენს ყოფას შვებას ვერ მოუტანს, საჭიროა ქმედებები და ფიქრი მომავალზე.

    ნებისმიერი იდეისთვის და შესაძლებლობისთვის ვარ ღია, გთხოვთ, დავიწყოთ გამოსავლის ძიება.

    we Dance or Die”. – წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.

     

  • “ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება” – სამადაშვილი

    “ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება” – სამადაშვილი

    “ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება” – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყარონ.

    “მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა. ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა. გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება.”

  • ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს  ვიცე – პრემიერის თანამდებობას სთავაზობს

    ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე – პრემიერის თანამდებობას სთავაზობს

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ზელენსკის გუნდი მთავრობაში თანამდებობას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა liga.net წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, რომელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით.

    გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ჯერჯერობით კი თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

    იგივეს წერს გამოცემა “украинская правда“, რომლის  ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შესაძლოა უკრეინის ვიცე პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხში.

    გამოცემა ინფორმაციას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ წევრ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გამოცემის ინფორმაციით ფრაქციაში სააკაშვილის საკითხი აქტიურად განიხილება.

    უკრაინული გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი უმაღლესმა რადამ შესაძლოა უკვე პარასკევს განიხილოს.

    სააკაშვილის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა დაადასტურა. სააკაშვილის პრესსამსახურში გამოცემას დაუდასტურეს, რომ მან ვიცე პრემიერობის წინადადება მიღო, თუმცა სხვა კომენტარზე უარი თქვეს.

    გამოცემას საკუთარი წყაროს კომენტარი მოყავს: “სააკაშვილი რეფორმების საკითხებში იქნება ვიცე პრემიერი. ახლა ამ საკითხს განვიხილავთ, რომ დეპუტატების განწყობა გავიგოთ, იმიტომ რომ ამ საკითხს მათ უნდა მისცენ ხმა. “

    კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მალე ფრაქციის სხდომა გაიმართება, სადაც სააკაშვილსაც მიიწვევენ და მას შეკითხვებს დაუსვამენ.

     

  • დღის რომელ მონაკვეთში ექნებათ მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ავტომობილით გააადგილების უფლება

    დღის რომელ მონაკვეთში ექნებათ მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ავტომობილით გააადგილების უფლება

    სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ, ხოლო უკან სახლებში დაბრუნება – 18.00 საათიდან 19.00 საათამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნულ პროცესსა და საშვების გაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

    „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა უკვე წარადგინა პარლამენტში, რომ გახანგრძლივდეს ერთი თვით საგანგებო მდგომარება, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქოთ შეზუდვები და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და ჩვენი ეკონომიკური აქტივობებიც დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • მარნეულში ფერმერები აქციას მართავენ

    მარნეულში ფერმერები აქციას მართავენ

    მარნეულის სოფელ შულავერში, რამდენიმე სოფლიდან, ადგილობრივი ფერმერები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, ტონობით კიტრი ულპებათ, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია.

    ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. ადგილზეა მარნეულის მერიც. ასევე, ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ძალების ორგანიზებული აქციაა. მისივე თქმით, მთავრობა პროდუქტის რეალიზაციის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას, თუმცა ფორსმაჟორულ მდგომარეობებში პრობლემები იქმნება.

    კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეების ნაწილს პირბადე უკეთია, თუმცა ისინი დისტანციის წესის დარღვევით დგანან. ირღვევა 3 ადამიანზე მეტის შეკრების წესიც.

    ვიდეოს რადიო მარნეული ავრცელებს:

    შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

  • ირმა ინაშვილი 3000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის

    ირმა ინაშვილი 3000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის

    “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის.

    “მე მინდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო მდგომარეობა იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ყიდოს ეს თივა, რომ ეს 3000 ლარი გადაიხადოს”, – განაცხადა ინაშვილმა.

    როგორც ინაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, მისი ფრაქცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ უჭერს და მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდვები შეამსუბუქოს.

    “არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომაროება, გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

  • “საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ?” – კობერიძე პრეზიდენტს

    “საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ?” – კობერიძე პრეზიდენტს

    პრემიერ-მინისტრისგან რომ წერილი მიიღეთ ქალბატონო პრეზიდენტო, კითხვები არ გაგიჩნდათ? – ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ საგანგებო სესიაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

    ლევან კობერიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიმართვა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ არანაირი კონკრეტული ინფორმაციით დასაბუთებული არ არის.

    „პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა და აცდენილია საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესი არის სწორედ ის, რომ მიიღოს ინფორმაცია, ჩვენი ინტერესიც ის არის, რომ მივიღოთ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და ამოკრებილად არ ვეძებოთ მედიაში განცხადებები.

    მე ქალბატონ პრეზიდენტთანაც მაქვს კითხვა, როცა მან მიიღო პრემიერ-მინისტრისგან წერილი, სადაც არანაირი კონკრეტიკა არ არის, თუ რა მდგომარეობის, რამდენი ინფიცირებულის, რამდენი დატვირთული საწოლის შემთხვევაში მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა, ასეთი წერილი რომ მიიღეთ ქალბატონო პრეზიდენტო, კითხვები არ გაგიჩნდათ? რაიმე ციფრებზე ამ ქვეყანაში იქნება საუბარი თუ „მოდით ახლა ასე ვქნათ“- ამაზე უნდა იყოს? მგონი არადეკვატურობის იქით არის ეს ყველაფერი,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

  • “უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა”- კილაძე

    “უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა”- კილაძე

    კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. ერთი “საქმე”, რაც მე ვნახე თქვენი გაკეთებული, ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რომელსაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს.

    “ან ხელფასი მაინც გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთის, როგორც ეს “ქართული ოცნების” გუნდმა გააკეთა. რაღაცა მაინც გაგეკეთებინათ ქმედითი და აქტიური. ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ -ტოკი” რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი. რაღაცა მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მოუტანს სიკეთეს და არამხოლოდ საუბარი, რითაც ხართ დაკავებული, მათ შორის ეკლესიის ლანძღვა- გინებაც, რაც ხშირად გვესმის თქვენი მხრიდად,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

    მისივე თქმით, შეზღუდვები უმრავლესობასაც არ უხარია.

    “რადგან შეზღუდვებს სჭირდება დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკაც ზარალდება, მაგრამ ჩვენ ამ შეზღუდვებით მოვახერხეთ და მოვახერხებთ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენას. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ადამიანი და ჩვენი მოქალაქე არის ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ქვეყანას ჰყავს, ამიტომ ყველა ერთად უნდა გავაერთიანდეთ პოზიციაც და ოპოზიციაც მოქალაქეების გადასარჩენად. მგონი, სწორ გზაზე ვდგავართ და გავაგრძელებთ სწორ გზაზე ყოფნას,” – განაცხადა დეპუტატმა.

  • “თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით გამოდით ქუჩაში და დააავადეთ ერთმანეთი“–სესიაშვილი ოპოზიციას

    “თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით გამოდით ქუჩაში და დააავადეთ ერთმანეთი“–სესიაშვილი ოპოზიციას

    პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის ვადის ერთი თვით გაგრძელების საკითხის განხილვისას ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა. ოპოზიცია გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს და მთავრობისგან პირველ რიგში ეკნომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვს:

    “იმის გამო, რომ თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირებთ და პოპულიზმით აქცენტს ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებთ, არ უჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობას და ამ რეჟიმს, თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ გამოდით ქუჩაში, წადით სამსახურებში, იმგზავრეთ ავტობუსებით და დააავადეთ ერთმანეთი, გავრცელდეს პანდემია, დაემუქროს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე, ამას ეუბნებით თქვენ.

    თქვენ ძალიან კარგად იცით, უბრალოდ ამის აღიარება არ გინდათ. მთავრობამ ძალიან დროულად მოახდინა ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზება.რა დაგემართათ? რა გჭირთ? რომ თქვათ, რომ ეს ძალიან კარგია; ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეს თანხა სწორად როგორ მივმართოთ. პოპულიზმით ხართ დაკავებული, როცა ხალხს ეუბნებით, რომ მთავრობამ დაგირიგოთ ფული, მთავრობამ გაგიუქმოთ გადასახადები, ძალიან მარტივია ამის თქმა. თითოეულ მოქალაქეს ეს ყურში კარგად მოხვდება. ამას ამბობთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს და იცით, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემიაც, კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს და პოსტეპიდემიური სიტუაციის საკითხებზე იმუშაოს. ასევე, მთელ რიგ მიმართულებას მიაქციოს ყურადღება ერთდროულად. როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ და ამბობთ, რომ ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება ხალხი მივუშვათ და ეს პანდემია გავრცელდეს, ეს არის თქვენი დამოკიდებულება თქვენი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის” – განაცხადა სესიაშვილმა.

  • ანტიკრიზისული გეგმის მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაგრამ ამან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ უნდა შეაფერხოს – სალომე ზურაბიშვილი

    ანტიკრიზისული გეგმის მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაგრამ ამან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ უნდა შეაფერხოს – სალომე ზურაბიშვილი

    თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ; მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

    ასევე როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს ოპოზიციის მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის დროულად მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. მისი თქმით, ამ დღეებში მთავრობა გეგმას წარადგენს.

    “ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. მის აუცილებლობაში ყველა ვთანხმდებით. თუმცა, ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფარხების მიზეზი.

    ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ”,- განაცხადა მან.