Category: ახალი ამბები

  • ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს

    ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს

    ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ და ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზი ევროკავშირმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ 21 აპრილს განხორციელებულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ, პანდემიასთან ბრძოლის საკითხები და მის სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილეს. ასევე, საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.

    „ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო – სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლე-ვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

    ასევე, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

    „ევროკავშირი საქართველოს რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ის ასევე მტკიცედ ემხრობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ კონტექსტში აბსოლუტურად მიუღებელია სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ განვითარებული ბორდერიზაციის ბოლოდროინდელი მოვლენები,“- ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

  • ,,ივანიშვილის TikTok ვიდეოს ღვარძლიანი კრიტიკა მოჰყვა” – ,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    ,,ივანიშვილის TikTok ვიდეოს ღვარძლიანი კრიტიკა მოჰყვა” – ,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    “ქართული ოცნების” პრესსამსახური ბიძინა ივანიშვილის TIkTok ვიდეოზე გამოხმაურებებს ვრცელი განცხადებით პასუხობს და წერს, ,,ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში.”

    პარტია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დატვირთული გრაფიკით მუშაობდა, ახლა კი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს.

    სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე ივანიშვილი ბერასთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

    ,,ქართული ოცნების” განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    ,,გუშინ, სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის „ტიკტოკ” პლატფორმაზე განთავსდა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე საკუთარ შვილს ესალმება ამ პლატფორმაზე მიღებული სახალისო ფორმით.

    ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში. ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ – მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს.

    თუმცა, ვინაიდან ოპონენტები ჯიუტად და აგრესიულად ცდილობენ, კრიტიკის ეს სრულიად აბსურდული ხაზი განავითარონ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, რათა ერთი სამუშაო დღის მაგალითზე ვაჩვენოთ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.

    მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

    ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში; თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე, მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.

    ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

    ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.

    თუმცა, როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

    მუშაობის შედეგები სახეზეა, საქართველოს, მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც. ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.

    ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

    და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

    ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას; ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ; ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად აკეთებდა და თანაც ნახევრად და ხშირად უკუღმაც. ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება და ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან ასეთ საქართველოში თავის ადგილს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსს ვეღარ ხედავენ.

    საყოველთაოდ ცნობილია, ხელისუფლების მდგრადობას და ეფექტიანობას, ყველაზე უკეთ სწორედ კრიზისი ავლენს.

    უკანასკნელ წლებში საქართველოს ორი ყველაზე მწვავე კრიზისი ჰქონდა – ეს პანდემია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩნდა და რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს როგორ ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება და აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი, რომელში პასუხისმგებლობა აგრესორთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასაც” მიუძღვის და ყველას კარგად ახსოვს მაშინ, როგორ სამარცხვინოდ დაკარგა სახე „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, როგორ აბსოლუტურად გაშიშვლდა, რომ ვინ რას სჩადიოდა და ვინ რა განცხადებას აკეთებდა, ჭკუა აღარავის მოეკითხებოდა.

    აი, სწორედ ეს ხალხი აკრიტიკებს და ვერ ეგუება დღეს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ოპტიმიზმს.

    დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი.

    მათ ხომ ავტომატურად აღონებს და ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება. ივანიშვილისგან განსხვავებით, ისინი ხომ მაშინ იქნებოდნენ კარგ ხასიათზე პანდემიას რომ დამანგრეველი შედეგი მოეტანა იმიტომ, რომ ასობით გარდაცვლილის და ჩამოშლილი ქვეყნის ფონზე, საკუთარ პოლიტიკურ შანსს დაინახავდნენ.

    თუმცა, საბედნიეროდ, დღეს მათ არავითარი შანსი არ აქვთ, შანსი აქვს ჩვენს ხალხს და ქვეყანას.

    რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ელის მსოფლიოს და საქართველოს, მაგრამ მთავარია, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი სრულ მზადყოფნაშია ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, აქვს ქვეყნის მომავლის რწმენა და გამარჯვების ფაქტებით დასაბუთებული იმედი!”,- წერია განცხადებაში.

  • ვის აქვს მანქანით გადაადგილების უფლება – მთავრობამ სია განაახლა

    ვის აქვს მანქანით გადაადგილების უფლება – მთავრობამ სია განაახლა

    საქართველოს მთავრობამ იმ საქმიანობების სია გაანახლა, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების უფლება ექნებათ და ისინი არ დაჯარიმდებიან.

    განახლებული სია ასე გამოიყურება:

    1. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია):

    პაციენტებს/თანმხლებ პირს გადაადგილების უფლება აქვს კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე (აღნიშნული ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით), დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

    ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს, ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას მასზედ, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე/საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე, სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.

    აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ელექტრონულად, მათ შორის მობილურ ტელეფონზე ფოტოსურათის გადაგზავნით.

    იგივე პროცედურით ხდება ექიმის მიერ შესაბამისი ცნობის გაცემა, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერისას საჭირო გადაადგილებისთვის. ამ შემთხვევაშიც ექიმი გასცემს ცნობას, რომელშიც უთითებს სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლს და პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის დროს.

    სოფლის ექიმთან კონსულტაცია:

    სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციის გავლა შეუძლია სოფლის ექიმთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გასცემს ცნობას აფთიაქში გაადადგილების მიზნით. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო, ასევე, მძღოლის მონაცემები და სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.

    2. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მიზნობრივი გადაადგილება:

    სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას/მოწმობას.

    სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს სხვა პირსაც, თუ ის ასევე ფლობს კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას.

    ცნობა უნდა იყოს სველი ბეჭდით დამოწმებული და მასში მითითებული უნდა იყოს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი), დაკავებული პოზიცია, პირის გადაადგილების მარშრუტი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი.

    3. სამედიცინო დაწესებულებებში დაწესებული საკარანტინო რეჟიმის მოქმედება:

    საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებებში არ დაიშვებიან პაციენტების ოჯახის წევრები ან მნახველები.

    კლინიკაში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრის მიერ საკვების, ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება გასცემს საკუთარ ბლანკზე, ბეჭდით და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, სადაც მითითებულია გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის, გადაადგილების ტრაექტორია, საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი, გადაადგილების დრო და საათი, გადასაადგილებელი ტრანსპორტის მარკა/მოდელი და სახ. ნომერი, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძღოლის პ/ნ სახელი გვარი). აღნიშნული ცნობა საკვების/ნივთების გადამტან პირს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით, ან აქვს მატერიალური სახით, ან პოლიციას წარუდგენს ტელეფონით (ფოტოს სახით).

    ნივთების კლინიკაში მიტანის შემდეგ, კლინიკა წერილობით, ბეჭდით ადასტურებს, რომ მიიღო ნივთები/საკვები. თუ პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა, კლინიკა უბეჭდავს და უდასტურებს ცნობაზე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალი ცნობას, რომ აღნიშნულმა პირმა ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.

    4. აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების გადაადგილება:

    აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების ავტომობილით გადაადგილება, სპეციფიკის გათვალისწინებთ დასაშვებია. ამ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლმა/თანმხლებმა პირმა უნდა წარმოადგინოს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა/ჯანმრთელობის ცნობა, მათ შორის დასაშვებია ელექტრონულიც (მაგ.ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი).

    5. დისტრიბუციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება:

    დისტრიბუციის განმახორციელებელ პირებს /სატრანსპორტო საშუალებებს უფლება აქვთ გადაადგილდნენ სპეციალური ნებართვის გარეშე.

    6. ადგილზე მიტანის – „დელივერი“ სერვისი:

    საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის ე.წ. „დელივერი“ სერვისების მიწოდება დაშვებულია.

    7. პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული (გასვენება, დაკრძალვა) გადაადგილება:

    პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გადაადგილება დაშვებულია ოჯახის წევრებისთვის. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ მიზნობრივად (პირის დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭიროებები) გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში მათ თან უნდა ჰქონდეთ გარდაცვალების ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ექიმის ცნობა გარდაცვალების შესახებ (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით).

    8. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილება:

    27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 06:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

    9. სოფლებში სურსათის მაღაზიების დისტრიბუციის მიზნით გადაადგილება:

    სოფლებში არსებული სასურსათო ობიექტების მეპატრონეებმა, მსუბუქი ავტომანქანით სურსათის მომარაგება/დისტრიბუციის განხორციელების ნებართვისთვის უნდა მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

    10. ვეტერინარული სერვისის მიწოდებით მიზნით გადაადგილება:

    ვეტერინარული სერვისის მიმწოდებელი პირების და მცენარეთა დაცვის საშუალებების/რეალიზაციის ობიექტების თანამშრომელთა გადაადგილება დასაშვებია.

    გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღნიშნულმა პირებმა უნდა მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

    11. ტვირთების განბაჟებასთან დაკავშირებული გადაადგილება:

    სატრანზიტო ან სხვა ტიპის ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად, შესაბამის უფლებამოსილ პირს აქვს მიზნობრივი გადაადგილების უფლება, იმ შემთხვევაში თუ წარადგენს ტვირთთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას.

    საკმარისია დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით (მაგ. ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი) წარდგენა”, – წერია მთავრობის განცხადებაში, რომელსაც bm.ge აქვეყნებს.

    ცნობისთვის, ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.

  • თბილისში 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა

    თბილისში 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა

    ,,თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

    „დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა.

    ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი. ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან.

    ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა”,- აცხადებს კომპანია.

    კომპანია აბონენტებს აფრთხილებს, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება.

  • ,,ჩემთვის დიდი პატივია” – სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერობის შეთავაზებაზე თანახმაა

    ,,ჩემთვის დიდი პატივია” – სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერობის შეთავაზებაზე თანახმაა

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო და ამ შეთავაზების მისაღებად მზადაა.

    ,,ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ზელენსკისგან მიღებული შეთავაზება – გავხდე უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების კუთხით. მე ასევე მქონდა შინაარსიანი და სასარგებლო საუბარი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შმიგალთან, რომლის დროსაც ჩვენ ჩემი ხელისუფლებაში მუშაობის საკითხები დეტალურად განვიხილეთ.

    მე პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების და შემდგომ პერიოდშიც მხარს ვუჭერ და უკრაინისა და მთელი რეგიონის სასარგებლოდ მის გუნდზე დიდ იმედებს ვამყარებ. ამ შეთავაზებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რამდენადაც ქვეყნისთვის ეს არ არის მარტივი დრო. წინ ჩვენ ქვეყნისა და მის ეკონომიკაში რთული პერიოდი გველის. ჩვენ ახლა, როგორც არასდროს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში გაბედულები უნდა ვიყოთ”,- წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

    მისივე თქმით,  უმაღლეს რადას თავის პროგრამას წარუდგენს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს დენის შმიგალის მთავრობას. ასევე, გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ მმართველ გუნდს სარგებელი მოუტანოს.

    ,,საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელი ცვლილებების შესახებ ჩემს წინადადებებს წარვადგენ, შმიგალის მართველობის სამთავრობო პროგრამის ნაწილის კონკრეტული დამუშავებით, რომელიც ჩამომიყალიბდა უკრაინაში ჩამოსვლამდე და ასევე აქ მუშაობის პერიოდშიც, დავეფუძნები რა როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ გამოცდილებას.
    იმისთვის რომ უკრაინამ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი უმცირესი დანაკარგებით გადალახოს და ყველა გამოწვევას უპასუხოს, პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მზად ვარ ვიმუშავო უკრაინის პარლამენტის ყველა პატრიოტულ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. ვიმედოვნებ რომ ვიქნები გუნდის სანდო წევრი და უკრაინელ ხალხს გამოვადგები, მათთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთებით.

    მე ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ ვიყო მმართველი გუნდის სარგებლის მომტანი წევრი, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხით, გავაძლიერო უკრაინის პრესტიჟი და მოვახდინო მისი ინტეგრირება საერთაშორისო კავშირებთან, იმისთვის რომ დავიცვა პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესები და ქვეყნის განვითარებას შევუწყო ხელი. “, – აცხადებს მიხეილ სააკავშვილი.

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შესაძლოა უკრაინის ვიცე პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხში. უკრაინული გამოცემა  “украинская правда“ წერს, რომ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი უმაღლესმა რადამ შესაძლოა უკვე პარასკევს განიხილოს.

  • ,,ენმ” თავისი ორივე განშტოებით შეგნებულად ქმნის ეპიდემიურ კერას მარნეულში – კობახიძე აქციაზე

    ,,ენმ” თავისი ორივე განშტოებით შეგნებულად ქმნის ეპიდემიურ კერას მარნეულში – კობახიძე აქციაზე

    ,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში ფერმერების პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” ეპიდემიის კერას ქმნიან.

    კობახიძე აფრთხილებს პარტიებს, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან, თორემ ,,პასუხი იქნება ძალიან მკაცრი”.

    „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ორივე განშტოებით, შეგნებულად ქმნის ეპიდემიურ კერას მარნეულში, რაც არის უმძიმესი ქმედება, რაზეც ისინი აუცილებლად მიიღებენ მკაცრ პასუხს. ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რაზეც მივიღეთ პრაქტიკულად აღიარება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ სწორედ მათი ორგანიზებულია ეს პოლიტიკური აქცია. ეს აქცია ორგანიზებულია ორივე განშტოების მხრიდან, ეს არის აჰმედ იმამყულიევი „ევროპული საქართველოს“ და აზერ სულეიმონავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

    ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ შეიქმნას ხელოვნური ეპიდემიური კერა მარნეულში, რაც არის უმძიმესი ფაქტი,მით უმეტეს იმ გმირული ბრძოლის გათვალისწინებით, რომელიც წარიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიის წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი აქტი, ამაზე ისინი მიიღებენ მკაცრ პასუხს და კიდევ მინდა, გავაფრთხილო თითოეული მათგანი, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, პასუხი იქნება ძალიან მკაცრი“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ცნობისთვის, დღეს მარნეულის სოფელ შულავერში, რამდენიმე სოფლიდან, ადგილობრივი ფერმერები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მოქალაქეები გზების გახსნას და პროდუქტების რეალიზაციას ითხოვენ.

    შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

  • მარაგების მართვის შტაბის უფროსის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი პროტესტს აღარ გააგრძელებენ

    მარაგების მართვის შტაბის უფროსის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი პროტესტს აღარ გააგრძელებენ

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსის თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

    „მიმდინარეობს მოლაპარაკება შეკრებილ ხალხთან. ჩემთან ერთად არის ქვემო ქართლში გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და ასევე სოზარ სუბარი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და დადებითი შედეგი გვაქვს. მოგეხსენებათ, კომპანია ჩამოდის აქ, რომელმაც გუშინ და გუშინწინ იყიდა დიდი რაოდენობით კიტრი და წაიღო. ჯერჯერობით კიტრზეა საუბარი. დღესაც იტვირთება ამ კომპანიის ორი დიდი ტრაილერი, გზაშია კიდევ სამი ტრაილერი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოვა და დადგება იმ სოფლების ცენტრებში, სადაცაა ეს პროდუქცია. ფასის მხრივ მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩვენ აქ ვერ ჩავერეოდით ეს ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების საგანია. ჩასაბარებელი ფასი არის 1 ლარი, რომლითაც როგორც გლეხია კმაყოფილი, ასევე თვითონ შემსყიდველი. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დადებითად გადაწყდა და აქციის მონაწილეები პროტესტს აღარ აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

    ცნობისთვის, მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ.

  • ” ხომ არ დავტოვოთ ავტომობილების აკრძალვა შაბათ-კვირას?!” – კალაძე  ინიციატივით გამოდის  (ვიდეო)

    ” ხომ არ დავტოვოთ ავტომობილების აკრძალვა შაბათ-კვირას?!” – კალაძე ინიციატივით გამოდის (ვიდეო)

    “კვირაში ორი დღის განმავლობაში მაგალთად შაბათი და კვირა ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების?” – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც კახა კალაძე აცხადებს ეს საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და აინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.

    “გვაქ ასეთი იდეა კვირაში ორი დღის განმავლობაში მაგალთად შაბათი და კვირა ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების? და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ შესაძლებელი იყოს იმ აუცილებლობის პირობებში გადაადგილება, როგორც ავტობუსებით ასევე მეტროთი ” – განაცხადა თბილისის მერმა.

     

     

     

     

  • პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. სხდომას 118 დეპუტატი ესწრებოდა. საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე ბრძანება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

    პლენარულ სესიას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა, თუმცა მათ მხარი არ დაუჭირეს დადგენილებას. ისინი ითხოვენ ეკონომიკურ გეგმას, თუ როგორ დაეხმარება ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას. გარდა ამისა, ოპოზიცია აპროტესტებს მანქანებით გადაადგილების აკრძალვის გახანგრძლივებასაც. ევროპული საქართელოს დეპუტატმა, ოთო კახიძემ ბიუროს სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლა და მისგან პასუხების მოსმენა მოითხოვა.

  • “დავწვი ის, რაც დავწვი და სწორადაც მოვიქეცი”–სააკაშვილის ბიბლიოთეკის დაწვისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა(ვიდეო)

    “დავწვი ის, რაც დავწვი და სწორადაც მოვიქეცი”–სააკაშვილის ბიბლიოთეკის დაწვისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა(ვიდეო)

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ ბაჩო ქათამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ქათამაძე პროცესზე აცხადებდა, რომ ბიბლიოთეკის დაწვას არ ნანობს.

    ბაჩო ქათამაძემ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარი 19 აპრილს გააჩინა და ეს პროცესი ფეისბუქ ლაივში გაუშვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის მეორე დღეს დააკავა.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.