Category: ახალი ამბები

  • ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყო

    ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყო

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად იმ კომპანიების შემოწმებას იწყებს, რომლებმაც მათ რამდენიმე კვირის წინ მიმართეს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის მიწოდების უფლების მითხოვნით.

    სამინისტროს ცნობით, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

    სამინისტროს განცხადებით, შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ.

    3 აპრილს მთავრობამ ონლაინ ვაჭრობის აკრძალვის შემდეგ განაცხადა, რომ კომპანიებს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გასაგრძელებლად მთავრობისგან სპეციალური ნებართვა უნდა მოეთხოვათ.

    ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.

  • მე-7 დღეა კონსულტანტები დღეში 10 კმ-ზე მეტს ფეხით დადიან, 12-ვე ფილიალს ვკეტავთ – ზოომარტი

    მე-7 დღეა კონსულტანტები დღეში 10 კმ-ზე მეტს ფეხით დადიან, 12-ვე ფილიალს ვკეტავთ – ზოომარტი

    კომპანია ,,ზოომარტის” განცხადებით, 26 აპრილიდან 12-ვე ფილიალი დაიკეტება, რადგან თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილების საშვი ვერ მოიპოვეს და მათ თანამშრომლებს ყოველდღიურად 10-ზე მეტი კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

    ,,გატყობინებთ რომ კვირას, 26 აპრილიდან ჩვენი კომპანიის 12-ივე ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება. მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში”,- წერს კომპანია.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ვერც საკურიერო მომსახურების საშვი მოიპოვეს.

    ,,გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.

    იმედს ვიტოვებთ რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება”,- წერია კომპანია ზოომარტის განცხადებაში.

    ცნობისთვის, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური საშვების დახმარებით აქვთ შესაძლებლობა, მანქანით გადაადგილდნენ.

  • როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში, ამას გაფრთხილება სჭირდება – კალაძე

    როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში, ამას გაფრთხილება სჭირდება – კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე თავის ინიციატივას, კარანტინის დასრულების შემდეგ თბილისში შაბ-კვირას ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. მისი თქმით, ეს ინიციატივაა და არა გადაწყვეტილება და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

    ,,უკვე დროა, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ჩვენი პლანეტა და, შესაბამისად, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ეს ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, არის ინიციატივის დონეზე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, იმსჯელოს, თუ როგორ გვინდა, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, კვირაში თუ თვეში ორი დღით უნდა იყოს.

    ჩვენ ახალ ველოსიპედს ნამდვილად ვერ გამოვიგონებთ. შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, მივაწოდოთ ეს ინფორმაციის სახით საზოგადოებას და საზოგადოებამ იმსჯელოს”,- ამბობს კალაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ სპეციალსტებმა წინა წლის მარტის და მიმდინარეს შედეგები შეადარეს და ახლა თბილისში ისეთი ჰაერია, როგორც ბახმაროში. მისი თქმით, ამას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება მომავალი თაობებისთვის.

    ჩვენ შევადარეთ 2019 წლის მარტის თვის მონაცემები დღევანდელს, თუ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა სურათი გვაქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა 2019 წლის მარტსა და 2020 წლის მარტის მონაცემებს შორის.

    როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში. ამას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. თუ ამას შევინარჩუნებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის.

    ვიმეორებ, ეს ინიციატივაა და არა გადაწყვეტილება. ჩვენ საზოგადოებას მივეცით კონკრეტული თემა სამსჯელოდ. ბევრი მიესალმა იდეას, წამოვიდა მოსაზრებები, როგორ ჯობია, როგორ დავაწესოთ ქალაქიდან გასვლა-შემოსვლის საათები. ეს ყველაფერი დასახვეწია სამომავლოდ. თუმცა ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს”,- ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

  • მარნეულის კლასტერიდან ინფიცირებული 5 წლის ბავშვი დაგვემატა – ბოჭორიშვილის კლინიკა

    მარნეულის კლასტერიდან ინფიცირებული 5 წლის ბავშვი დაგვემატა – ბოჭორიშვილის კლინიკა

    ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში კლინიკაში ინფიცირებული 5 წლის ბავშვი შეიყვანეს.

    მისი თქმით, ბავშვის ოჯახის წევრებს ჰქონდათ კორონავირუსი და ის მარნეულის კლასტერიდან არის.

    ,,დაგვემატა ერთი 5 წლის ბავშვი, რომელიც არის მარნეულის კლასტერიდან, მისი ოჯახის წევრები არიან დაინფიცირებულები. ოჯახის წევრები ჩვენთან არ არიან, ჩვენთან მხოლოდ ბავშვია გადმოყვანილი. ის გუშინ დღის მეორე ნახევარში უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- ამბობს სოლოღაშვილი.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 420 შემთხვევა დასტურდება, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 420-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    420 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 107 ადამიანი, გარდაიცვალა 5.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტეში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

    თერჯოლის მუნიციპალიტეტეში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დღეს დილის 6 საათიდან ჩაიკეტა. ადგილზე მოეწყო 5 ბლოკ-საგუშაგო, რომელიც სოფლის ტერიტორიას გააკონტროლებს.

    მოსახლეობას სოფელში შესვლის და მისი დატოვების საშუალება არ აქვს.

    სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ამ სოფელში კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დიდი რისკია.

    ,,გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 – ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ფაქტობრივად, ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“- განაცხადა შალამბერიძემ.

    მისივე თქმით, მოსახლეობის სკრინინგი უკვე დაწყებულია.

  • სასწრაფო დახმარების ორ ექიმსა და 3 მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

    სასწრაფო დახმარების ორ ექიმსა და 3 მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

    „ფორმულას“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.

    ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და კორონავირუსი სწორედ კარნატინიდან გამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ.

    სასწრფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.

    დაინფიცირებული ექიმის ბოლო სამუშაო დღე 31 მარტი იყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორთაჭალის ფილიალში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

    შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი

  • კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში ფერმერი დააყაჩაღეს

    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში ფერმერი დააყაჩაღეს

    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში ფერმერი დააყაჩაღეს და 4000  ლარის ოდენობის თანხა გასტაცეს. ინციდენტი 2 დღის წინ  კომენდანტის საათის დროს მოხდა.

    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ფერმერს თავს საკალმახეში დაესხნენ.

    კასპის შს სამმართველოს თანამშრომლები გამოძიებას ყაჩაღობის მუხლით აწარმოებენ.

  • 1 თვეა დაიკარგნენ, კონსტიტუცია ავალებთ, აკონტროლონ მთავრობა – უსუფაშვილი პარლამენტის წევრებზე

    1 თვეა დაიკარგნენ, კონსტიტუცია ავალებთ, აკონტროლონ მთავრობა – უსუფაშვილი პარლამენტის წევრებზე

    პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრები 1 თვეა დაკარგულები არიან, როცა კონსტიტუცია ავალებთ, რომ მთავრობა საგანგებო რეჟიმში აკონტროლონ. ის სწორედ ამ ფაქტით ხსნის პრემიერის პარლამენტში არ მისვლას. მისი თქმით, პარლამენტს დაკარგული აქვს ინსტიტუციური ძალაუფლება და ამიტომ, პრემიერიც შესაბამისად იქცევა.

    ,,შვებით ამოვისუნთქე, როცა დავინახე რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან ჩვენი პარლამენტის წევრები. ეს ერთი თვე დაიკარგნენ მაშინ, როცა კონსტიტუცია ავალებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლონ მთავრობა, მოაწყონ საკომიტეტო სესიები და ა.შ. დღეს მქონდა შვედეთისა, ესტონეთისა და უკრაინის საკომიტეტოსთან საუბარი და ისინი არცერთი დღე არ გაჩერებულან. ჩვენს პარლამენტს კი აღებული აქვს ხელი საკუთარ ფუნქციებზე. იმ ფონზე, როცა აზრად არ მოსვლია პარლამენტს მთავრობისთვის თუნდაც ერთი კითხვა დაუსვა, რა გეგმა აქვს და ა.შ., მაშინ არ უნდა გაუკვირდეთ, რომ პრემიერმაც გადაწყვიტა არ მისვლა”,- ამბობს დავით უსუფაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელ მდგომარეობაში მთავრობა ყველა პრობლემას კორონავირუსს გადააბრალებს. 

    ,,პრემიერი არ მივიდა რადგან ის ვითარებაა, როცა დაბრუნდა ზემოდან ყურების პოზიცია. ოპოზიცია სახლშია, მოსახლეობა დაზაფრულია და ამ ვითარებაში ხელისუფლება იქნება დაახლოებით ასე – ომი ყველაფერს ჩამორეცხავს და მთავრობა ყველაფერს გადააბრალებს კორონავირუს, აქეთკენ მიდის ყველაფერი”,- აცხადებს უსუფაშვილი ,,ფორმულას” ეთერში.

  • მდინარე რიონში გადავარდნილი ძაღლი ადგილობრივებმა გაადაარჩინეს – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

    მდინარე რიონში გადავარდნილი ძაღლი ადგილობრივებმა გაადაარჩინეს – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

    ქუთაისში მდინარე რიონში გადავარდნილი ძაღლი ადგილობრივებმა გაადაარჩინეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.