Category: ახალი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე და “გირჩის” 14 აქტივისტი 3000 ლარით დაჯარიმდა, 3 პირი დაკავებულია ხულიგნობის მუხლით – შსს

    ზურაბ ჯაფარიძე და “გირჩის” 14 აქტივისტი 3000 ლარით დაჯარიმდა, 3 პირი დაკავებულია ხულიგნობის მუხლით – შსს

    ოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩის” მიერ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციას შსს განცხადებით ეხმაურება:

    “”საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

    საქართველოს კანონმდებლობით “შეკრება” არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

    შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა

    თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. როგორც საიაში აღნიშნავენ,  პირები რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებას და პასუხის მიღებას.

    შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ. ჩამოფრენისთანავე ისინი გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში. ვინაიდან მათ ჰქონდათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი სახლი, მომდევნო დღეს შესაბამის პირებს აცნობეს, რომ სურდათ საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარება. მათი მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.

    „ხელის მოწერაზე უარის თქმა პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ორივე მათგანს შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დააჯარიმეს 3000-3000 ლარით. მომხდარის გამო, ირაკლი და შოთა გურეშიძეებმა შიმშილობა დაიწყეს, რომლის შეწყვეტაც 8 დღის შემდგომ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწიათ.

    გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკარანტინო ზონაში მოთავსებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს შესაბამის უწყებებს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ საკარანტინო ზონის დატოვების უფლება, საჩივარი გაგზავნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ მეილზე, ასევე facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე. თუმცა, მათთვის დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ საჩივრებს. ისინი ვერც ოფიციალურ ცხელ ხაზზე ახერხებენ დაკავშირებას და სათანადო დასაბუთების მიღებას.

    საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით 14-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე უზრუნველყონ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი შედეგების თაობაზე განმცხადებლების ინფორმირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებიდან იყო – ჯანმო

    ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებიდან იყო – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი, მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებელი იყო.

    „ჩვენს ხელთ არსებული გათვლებით, ევროპის რეგიონში, იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა“,-აღნიშნა ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის 1 130 393 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს კონტინენტზე 110 740 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა, გირჩი ,,ენმ”-ს კლასტერიდანაა – ვოლსკი გირჩის აქციაზე

    დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა, გირჩი ,,ენმ”-ს კლასტერიდანაა – ვოლსკი გირჩის აქციაზე

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის და ,,ქართული ოცნების” წევრის, გია ვოლსკის აზრით, იპოდრომზე გირჩის ჩატარებული ,,სეირნობის აქცია” დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა, ხოლო „გირჩი“ ნაციონალური მოძრაობის კლასტერის შემადგენელი ნაწილია.

    „ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობა, რაც ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩაიდინა. ეს არის გამიზნული ქმედება სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინშე და გამორიცხულია, რომ ამ რეალურ საფრთხეს არ აცნობიერებდნენ კონკრეტული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ქმედებებიც არის გამიზნული, დაგეგმილი და ზოგადად დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული. ესეც ერთ-ერთი შემადგენელია იმ კლასტერისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერი შეიძლება ვუწოდოთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, გირჩმა იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ აქციის ჩატარებისთვის, აქციის მონაწილეებთან ერთად 3000-3000 ლარით დააჯარიმა.

    იპოდრომზე სეირნობით გამოხატული პროტესტის შემდეგ, გირჩის რამდენიმე წევრი განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

  • ფერმერები მთავრობას დაწესებული შეზღუდვების შერბილებას სთხოვენ – ღია წერილი

    ფერმერები მთავრობას დაწესებული შეზღუდვების შერბილებას სთხოვენ – ღია წერილი

    საქართველოს ფერმერები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას და ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს ერთობლივ წერილს უგზავნიან, რომელშიც საგაზაფხულო აგრო სამუშაოების შესრულების პროცესში დაწესებული შეზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და მათ შერბილებას სთხოვენ.

    წერილში ისინი ითხოვენ ავტომობილით გადაადგილების საშვები ფერმერებზე უფრო სწრაფად და მარტივად გაიცეს და ამისთვის ცხელი ხაზი არსებობდეს. ამასთან, დაჩქარებული წესით გაიცეს საშვები ფერმერებზე, რომლებსაც იმ ოთხ დიდ ქალაქში უწევთ გადაადგილება, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია. ისინი მანქანით გადაადგილების დროის გახანგრძლივებასაც ითხოვენ, რათა აგრო-საშუალებების მაღაზიებითა და მექანიზაციის ცენტრებით ისარგებლონ.

    ,,მოხარულები ვართ ფერმერებისთვის ასეთი გამონაკლისის დაშვებით, თუმცა ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რას საჭიროებს დროულ რეაგირებას. მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგრო-საშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ:

    • ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.

    • ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.

    • შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.

    ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

    1) ფერმერებისათვის სპეციალური ეფექტური ცხელი ხაზის შეთავაზებით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას (ყოველგვარი რამდენიმედღიანი ლოდინის გარეშე). ეს შეიძლება მიბმული იყოს სოფლის რწმუნებულებზე (ქალაქში ქალაქის მერის თანამშრომლებზე, რათა სრულად დაიფაროს რეგიონებში არსებული ყველა დასახლება), რომლებიც ელექტრონულ საშვთა ბაზას აწარმოებენ და ერთიან ბაზაში გადაუგზავნიან საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს ავტომანქანისა და მისი მგზავრების შესახებ ინფორმაციას.

    • ასევე, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული წესით მოხდეს მათზე საშვების გაცემა.

    2) ავტომანქანით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს დილითაც და საღამოთიც, ისე რომ ეს ემთხეოდეს აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მუშაობის საათებს გარკვეული დროით მაინც, რათა ფერმერებმა არა მარტო საკუთარ ფერმამდე/მიწამდე მისვლა შეძლონ, არამედ ქონდეთ საშუალება რომ რეალურად აწარმოონ აგრო-სამუშაოები.

    სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისათვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა”,- წერია ფერმერების წერილში.

    მას ხელს აწერენ:

    1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე
    2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი
    3. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი – კახა კონიაშვილი
    4. საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის დირექტორი – ბელა სონღულაშვილი
    5. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე – რუსუდან გიგაშვილი
    6. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირაკლი არჯევანიძე
    7. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – თენგიზ სვანიძე
    8. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ – ალეკო ბაღდაძე
    9. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირინე ფხოველიშვილი
    10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლევან სილაგავა
    11. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ხარხელაური“.

  • საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დავიწყებთ განხილვას, საარჩევნო რეფორმა მოსწრებადია –  ოხანაშვილი

    საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დავიწყებთ განხილვას, საარჩევნო რეფორმა მოსწრებადია – ოხანაშვილი

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, არანაირი საფრთხე და კითხვის ნიშნები არ არსებობს საარჩევნო რეფორმასთან მიმართებით. დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ განხილვები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დაიწყება:

    “როგორც კი გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, გავმართავთ საყოველთაო სახალხო განხილვას და დავიწყებთ ამ ცვლილებების განხორციელებას. ეს მოსწრებადია. არანაირი საფრთხე არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს არჩევნებთან მიმართებით”.- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 111

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 111

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 111. ინფორმაცია სპეციალურ ვებ გვერდ Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    საქართველოში სულ კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პაციენტი. 

  • ახლა პოლიციის შენობის წინ ვაპროტესტებთ იმავეს, დაგვიჭირეთ-მეთქი, არა, დაიშალეთო – ჯაფარიძე

    ახლა პოლიციის შენობის წინ ვაპროტესტებთ იმავეს, დაგვიჭირეთ-მეთქი, არა, დაიშალეთო – ჯაფარიძე

    ზურაბ ჯაფარიძე დაჯარიმების და პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ წერს, რომ  პროტესტის განმეორებით გამოხატვის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

    მისი თქმით, ამჟამად საგანგებო მდგომარეობას პოლიციის შენობის წინ აპროტესტებენ, თუმცა პოლიცია მოუწოდებთ, რომ დაიშალონ.

    ,,პროტესტის განმეორებით გამოხატვის შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ციხეში ჩაგსვამთო.

    აგერ ვდგავართ და ახლა უკვე პოლიციის შენობის წინ ვაპროტესტებთ იგივეს, ანუ განმეორებით ჩავდივართ იგივე დანაშაულს და დაგვიჭირეთთქო.

    არაო, დაიშალეთო”,- წერს Facebook-ზე ჯაფარიძე.

    პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ აქციის ჩატარებისთვის, აქციის მონაწილეებთან ერთად 3000-3000 ლარით დააჯარიმა. იპოდრომზე სეირნობით გამოხატული პროტესტის შემდეგ, გირჩის რამდენიმე წევრი განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

    ცნობისთვის, განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

  • ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, დაიწყო ჩემზე სიბინძურის გავრცელება – ზურაბ გურული

    ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, დაიწყო ჩემზე სიბინძურის გავრცელება – ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქართველი ინფექციონისტები გააკრიტიკა, სახელმწიფო რეპრესიის აპარატი ამუშავდა და მის აკადემიურ სტატუსზე სიბინძურის გავრცელება დაიწყო.

    მისი თქმით, ამაში მონაწილეობენ როგორც ტელევიზიები, ისე ტროლები.

    ,,ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ, გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ, აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე. პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით. თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია. ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ “ბუტკაში”. ალბათ კიდევ ბევრ “საოცრებას” ვიხილავ ამ დღეებში. როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის საჯაროდ ლაპარაკი. არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში, მაგრამ… “,- წერს გურული.

    მისივე თქმით, გაქრობა მარტივი იქნებოდა, მაგრამ უნდა, ახალგაზრდებმა ნახონ, როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.

    ,,მე არ ველი მხარდაჭერას არავისგან, გარდა უახლოესი მეგობრებისა. ძალიან ადვილი იქნებოდა ფეისბუქის გამორთვა და გაუჩინარება, მაგრამ მინდა ახალგაზრდა კოლეგებმა “ლაივში” უცქირონ ამ პროცესს და გაიაზრონ რაც ხდება. ნახონ როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.

    მათ უნდა იცოდნენ, თუ რა ფსიქოლოგია აქვს ბრბოს, რომელიც უმწეო ქალს ქოლავს ქვებით რელიგიური ეთიკის დარღვევის გამო და როგორ ხდება ამ ფსიქოლოგიის რაფინირება შედარებით უფრო განვითარებულ საზოგადოებაში. 90-იანებში უკვე ვნახე ეს. არ მეგონა თუ ოდესმე საკუთარ თავზეც განვიცდიდი. არა უშავს, ეს “ლაივ” გაკვეთილი ძალიან ბევრს აუხელს თვალს”,- წერს ქართველი ექიმი.

    ცნობისთვის, ზურაბ გურულმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსუბუქ პაციენტებს საქართველოში პლაქვენილით მკურნალობენ. თენგიზ ცერცვაძემ ის ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულმა, გურულმა კი უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა. ამ კრიტიკას გურულის მიმართ ქართველი ექიმების და პოლიტკოსების აგრესია მოჰყვა.

  • ზურაბ ჯაფარიძე აქციის ჩატარებისთვის დააჯარიმეს და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ

    ზურაბ ჯაფარიძე აქციის ჩატარებისთვის დააჯარიმეს და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ

    პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დააჯარიმა და ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

    როგორც შსს-ს თანამშრომლებმა ჯაფარიძეს განუმარტეს, მან დაარღვია შეკრება-მანიფესტაციის წესი, რის გამოც 3000 ლარით დაჯარიმდა. ჯერჯერობით უცნობია, დაჯარიმდებიან თუ არა პროტესტის მონაწილეებიც.

    ჯაფარიძის თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

    14:00 საათიდან გირჩი იპოდრომზე სეირნობით საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებდა და მის გაუქმებას ითხოვდა. აქციის მონაწილეების თქმით, რადგან ქვეყანაში შეკრება-მანიფესტაციები აკრძალულია, პროტესტის ასეთი ფორმა მოიფიქრეს.