Category: ახალი ამბები

  • მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის სოციალური და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს – გია ხუხაშვილი

    მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის სოციალური და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს – გია ხუხაშვილი

    ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ გუშინ წარმოდგენილი გეგმა არის არა ეკონომიკური, არამედ სოციალური და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
    როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, აღნიშნული პროექტი ბევრად უკეთესად განხორციელდებოდა, თუ მთავრობა ბიზნესთან კოოპერაციაში იქნებოდა.

    „სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ზუსტი გაგება არ აქვს, რა არის ეკონომიკური გეგმა და რა არის სოციალური. ეს არის მთლიანად სოციალური პაკეტი. ეკონომიკის სტიმულირებასთან ამ გეგმას არანაირი კავშირი არ აქვს ორი მცირე გამონაკლისის გარდა. ერთი გახლავთ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე და მეორე დღგ-ს ავტომატური დაბრუნება. დანარჩენი, რაც ამ პაკეტში მოცემულია, არის წმინდა წყლის სოციალური პროექტები. მე არ დავიწყებ კრიტიკას, რომ მეტის გაკეთება იყო საჭირო. გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწირი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, პოპულისტური რიტორიკა რაც ისმის, რომ 200 ლარი კი არა, 1000 ლარი უნდა მიეცათ, არც თუ ობიექტურია, თუმცა ამ პაკეტის ფარგლებშიც კი შეეძლო ხელისუფლებას, რომ ამ პროექტისთვის მიეცა ეკონომიკური მიმართულება. მაგალითად, 200-ლარიანი პაკეტი რომ ავიღოთ, იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. მე ვფიქრობ, რომ ამ სახით არ უნდა მომხდარიყო, ჯობდა ამ პროექტისთვის ბიზნესთან ერთობლივი პროექტის სახე მიეცათ და ამას რამდენიმე პლუსი ექნებოდა. მენეჯმენტში გააიოლებდა საქმეს და უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, კორუფციული რისკებისგან დაზღვეული იქნებოდა. ეს იქნებოდა სწორი, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა. სამწუხაროდ, აქ ეჭვები ჩნდება, რომ ხელისუფელბა საარჩევნო, წმინდა პოლიტიკურ პრიზმაში უყურებს საკითხს და ურჩევნია, რომ ადამიანებს ხელიდან ხელში მისცეს ფული და არა ბიზნესის გავლით. სამართავად ამ ტიპის პროექტები ძალიან რთულია და კორუფციული რისკი არის ძალიან მაღალი. ხელისუფლებამ რომ მოინდომოს თავისი 80 000 საარჩევნო კოორდინატორის ამ სიაში ჩაწერა და ამ ფულის ხარჯზე საარჩევნო სახსრების ირიბად გენერირება, კაცი ვერ გაიგებს, ასე იქნება თუ არა. მე არ ვამბობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამის მძიმე გამოცდილება გვაქვს. ხელისუფლება თუ სახელმწიფოებრივ ამოცანებს ასრულებს, უნდა მოერიდოს იმ ტიპის პროექტებს, სადაც შეიძლება ისეთი კითხვები გაჩნდეს, სადაც დასაბუთებული პასუხის გაცემა ჭირს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

    როგორც ის აღნიშნავს, პოლიტიკურმა ინტერესმა არ უნდა დააზიანოს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

    „მე ვფიქრობ, ზოგიერთ დეტალში პოლიტიკური ინტერესი დომინირებს სახელმწიფო ინტერესზე. ეს პროექტი შეიძლებოდა ბევრად უფრო უკეთესად და ეფექტურად განხორციელებულიყო, თუ ის იქნებოდა ბიზნესთან კოოპერაციაში განხორციელებული. გახარიას აქვს პოტენციალი იმისა, რომ ეფექტური გუნდი შეკრას, მაგრამ მას ხელ-ფეხი აქვს შეკრული იმიტომ, რომ როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი არ არის. მე მოვუწოდებდი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს არაკომპეტენტური, მასთან აფილირებული მინისტრები გაიყვანეს თამაშიდან და მისცეს გახარიას საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ეფექტური გუნდი იმიტომ, რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი და არსებული გუნდით, რომელმაც ეჭვი მაქვს, განსხვავებაც არ იცის, რა არის სოციალური და რა არის ეკონომიკური და რა განსხვავებაა მათ შორის, ასეთი სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა ძალიან რთულია“, – განაცხადა ხუხაშვილმა

    წყარო:interpressnews

  • მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის 25-ით გაზრდას  ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს

    მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის 25-ით გაზრდას ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს

    ბოლო დღეღამეში საქართველოში კოვიდ19–ით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირებულთა რიცხვმა 456–ს მიაღწია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამის მიზეზი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ბევრი აგრესიული კვლევაა.

    “გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია – 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    მისი თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან 4 ინფექციურშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

     

  • ვის ექნება 27–28 აპრილს გამონაკლისის წესით ქალაქებიდან გასვლის და შესვლის უფლება

    ვის ექნება 27–28 აპრილს გამონაკლისის წესით ქალაქებიდან გასვლის და შესვლის უფლება

     

    მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათიდან მსუბუქ ავტოტრანსპოროტზე შეზღუდვები იხსნება, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვები, გამონაკლისი მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს დაიშვება.

    საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის იქნება დასაშვები.

    „როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც უკვე დაკონკრეტებულია გადაადგილების მიზნობრიობა. მანამდე პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ორშაბათს და სამშაბათს ქალაქებს შორის გადაადგილება იმ მიზნით დაიშვება, რომ  ქალაქიდან სააღდგომოდ გასულმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეძლონ.

    „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან რაიონში, გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ორშაბათს და სამშაბათს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, სატრანსპორტო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით არსებული შეზღუდვები ოთხშაბათიდან აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მოვუხსნათ შექმნილი დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს ელჩი თავხედურად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში

    გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს ელჩი თავხედურად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში

    „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს ელჩი თავხედურად ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში.

    ვაშაძე უკრაინიდან საქართველოს ამჟამინდელი ელჩის შესაძლო გამოწვევის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, რომ ეს უკიდურესი ფორმაა.

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში გამოჩენის ეშინია, რადგან თუ უკრაინის ხელისუფლებამ წარმატებებს მიაღწია, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, თუ რამდენად არაკვალიფიციური და არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს.

    „უზარმაზარი სურვილი მაქვს DHL-ში ან Federal Express-ში სადმე ჩავდო კონვერტში ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობებზე და გავუგზავნო ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ კაციშვილს ეტყობა ეს არასოდეს არ უსწავლია არც ინსტიტუტში და არც მერე, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაინიშნენ არ ჩაუხედიათ შიგნით. საქართველოს ელჩი თავხედურად ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში და პრეტენზიას უყენებს იმაზე, რომ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის მოქალაქეს ნიშნავს ან ირჩევს რაღაც სახელმწიფო თანამდებობაზე.

    ამას მხარს კიდევ უმაგრებს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები საქართველოში, რომლებიც გამოდიან და ზუსტად ასევე თავხედურად იმუქრებიან იმითი, რომ ამ ვითომდა ელჩს გამოიწვევენ უკრაინიდან. არც უფიქრდებიან იმას, რომ ელჩის გამოწვევა ომის წინა უკიდურესი ზომაა. ამის შემდეგ ცისფერი თვალებით გვიყვებიან იმას, რომ სტრატეგიულ მოკავშირეზე ვლაპარაკობთო. სამარცხვინოა ჩვენი საქციელი და პასუხიც საკადრისი მიიღეს კიევიდან. შეერთებულმა შტატებმა გაიწვია თავისი ელჩი უკრაინიდან ადრე და არ დანგრეულა და დიდი ბოდიში ეხლა ბატონი შარაშენიძის არ ყოფნას კიევში რამენაირად 45 მილიონიანი, ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპაში გადაიტანს.

    ქართულ ოცნებას მართლა ეშინია მიხეილ სააკაშვილი რომ დაინიშნება ამ პოსტზე, თუ მას ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა შეიძლება უკრაინაში მოხდეს რეფორმების ტალღა და მყისიერი წარმატებას მიაღწიონ. ეშინიათ აგრეთვე იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოჩნდება და ხალხი ნახავს, თუ რამდენად აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზოგადოება, რომელსაც წართმეული აქვს უფლება საქართველოში ცხოვრების და სურვილისამებრ პოლიტიკურ მოღვაწეობაში მონაწილეობის. თუ უკრაინაში იქნება წარმატება, კიდევ ერთხელ გამოაჩენს თუ რამდენად არაკვალიფიციური და არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშძემ.

  • “მეფე მზის დაბრუნება არ შედგა“– ბიბისი წერს, რომ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინულ რადაში შეიძლება ჩავარდეს

    “მეფე მზის დაბრუნება არ შედგა“– ბიბისი წერს, რომ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინულ რადაში შეიძლება ჩავარდეს

    ბიბისის რუსული რედაქცია ვრცელ სტატიას უძღვნის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკრაინის ვიცე პრემიერის პოსტზე რეფორმების საკითხებში.

    სტატიაში დეტალურად არის განხილული როგორც ამჟამინდელი პროცესის, ისე წარსულის პერიპეტიები:

    “უკრაინის რადამ პარასკევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის საკითხის განხილვა არ დაიწყო. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში შესვლა თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.

    პრეზიდენტის პარტიის – ხალხის მსახურის ლიდერმა, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნისთვის “ფრაქციებთან ურთიერთობის გზის გავლაა საჭირო“.

    ბიბისი პრეზიდენტის პარტიის წყაროზე დაყრდნობით წერს რომ პარტიას, რომელსაც უკრაინის პარლამენტში უმრავლესობა აქვს, ამ საკითხზე შედეგიანი კენჭისყრისთვის ხმები არ ყოფნის.

    ბიბისი საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეც წერს, კერძოდ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებაზე, რომელმაც სააკაშვილის დანიშვნას არამეგობრული ნაბიჯი უწოდა და საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შემთხვევაში კიევიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამწვევის შესახებ განაცხადა. ბიბისი იმაზეც წერს, რომ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში დანიშვნამ შეიძლება უკრაინულ–რუსული ურთიერთობები გააფუჭოს, რომელთა “გალღობასაც“ ზელენსკის გუნდი თავის მიღწევად თვლის.

    უკრაინის ვიცე პრემიერის პოსტზე სააკაშვილის დანიშვნის შესახებ უკრაინულმა მედიამ ოთხშაბათს დილით ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. პრეზიდენტის პრეს სამსახურმა ჭორებზე კომენტარი არ გააკეთა, რამდენიმე საათში კი სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა ამის შესახებ:

    “ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისგან ვიცე–პრემიერობის წინადადების მიღება. მქონდა ძალიან შინაარსობრივი და სასარგებლო საუბარი პრემიერ მინისტრ შმიგალთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ მთავრობაში ჩემს მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი“– დაწერა სააკაშვილმა.

    მისი სტატუსიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ეს წინადადება მიიღო. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსამსახურმა ბიბისის სააკაშვილისა და ზელენსკის შეხვედრის ფაქტი დაუდასტურა. მათი შეხვედრის თემა კი იყო “სააკაშვილის ხედვა უკრაინის განვითარებაში შესაძლო დახმარების შესახებ“. გარდა ამისა, პრეს სამსახურის განცხადებით ზელენსკიმ შესთავაზა სააკაშვილს საკუთარი ხედვა მთავრობისა და პარლამენტისთვის გაეზიარებინა.

    უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტს მთავრობის ფორმირებისას საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს. მას მხოლოდ შეუძლია პარლამენტს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურები წარუდგინოს დასამტკიცებლად.

    მთავრობის დანარჩენი წევრების დამტკიცება რადაში პრემიერ–მინისტრის წარდგინებით ხდება. თუმცა ფაქტიურად პრემიერის პოლიტიკური წონა ბევრად დაბალია პრეზიდენტის გავლენასთან შედარებით.

    დენის შმიგალის მთავრობა 4 მარტს დაინიშნა. უკვე მარტის ბოლოსთვის მისი ორი წევრი – ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები გადააყენეს.

    თავად შმიგალი ჯერჯეობით კომენტარს არ აკეთებს სააკაშვლთან შეხვედრისა და მისი შესაძლო წარდგენის შესახებ.

    ბიბისი წერს, რომ უკრაინის პარლამენტში მისი წყაროს თქმით, არ გამორიცხავდნენ სააკაშვილის პარასკევს დამტკიცებას. სწორედ ამ დღისთვის იყო დანიშნული რადას რიგგარეშე სხდომა. თუმცა უკრაინის ვიცეპრემიერად საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნისთვის საჭირო ხმების შესაძლო უკმარისობის გამო ეს საკითხი სხდომაზე აღარ გაიტანეს.

    თეორიულად ზელენსკის ფრაქცია ერთპიროვნულ უმრავლესობას ფლობს რადაში, თუმცა რეალობაში ბოლო დროს პრეზიდენტის ფრაქცია ძლივს აგროვებს ხმებს პრინციპულად მნიშვნელოვანი კენჭისყრებისთვის და ხშირად იძულებულია ოპოზიციურ ფრაქციებთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გამართოს.

    ბიბისის რამდენიმე წყარომ რადაში უთხრა, რომ სააკაშვილის დანიშვნის ინიციატივა პირადად ზელენსკის ეკუთვნის, თუმცა მათი თქმით პრეზიდენტმა ვერაფრით ვერ აუხსნა თანამებრძოლებს ასეთი გადაწყვეტილების არგუმენტები. შედეგად, სააკაშვილის მთავრობაში შესაძლო დანიშვნა თავიდანვე პრეზიდენტის არაერთი თანაგუნდელისთვის სადაო საკადრო გადაწყვეტილებად ითვლება.

    მათ გაიხსენეს სააკაშვილის კონფლიქტურობა და მისი მიდრეკილება თვითპიარისკენ, რომლითაც ის პრეზიდენტ პოროშენკოს პერიოდში უკრაინულ ხელისუფლებაში ყოფნისას გამოირჩეოდა. ბიბისი წერს, რომ ბევრს აშფოთებს მისი კონფლიქტი მაშინდელ და ამჟამინდელ შს მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, რომელსაც სააკაშვილი პრეზიდენტთან არსებულ რეფორმების საბჭოზე დაუპირისპირდა, რაც ურთიერთობების საჯარო გარკვევაში და ჭიქებიდან წყლის შესხმაში გადაიზარდა. ამჟამად არსენ ავაკოვი უკრაინული ხელისუფლების  ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.

    რადაში სააკაშვილისა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ნევროზულ ურთიერთობებსაც იხსენებენ.

    ბიბისი წერს, რომ ბევრს აწუხებს პოტენციური ვიცე პრემიერის უფლებამოსილებების გაურკვეველი ფარგლები, რადგან თვლიან, რომ საქმიანობისას ის აუცილებლად გადაიკვეთება და კონფლიქტში შევა მთავრობის სხვა წევრებთან.

    “ზელენსკის მიმართ ლოიალური ადამიანების დიდ ნაწილსაც კი ეშინია სააკაშვილის: მაღალია კონფლიქტურობის და ამ პოლიტიკოსის უმართაობის რისკი. მეორეს მხრივ, ზელენსკი უკვე რამდენიმე თვეა ეძებს ძლიერ ფიგურას, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებების ლოკომოტივი გახდება და შეძლებს ახალდანიშნული პრემიერის, შმიგალის სისუსტის და გამოუცდელობის დაკომპენსირებას“ – უთხრა ბიბისის უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვლადიმირ ფესენკომ.

    “ზელენსკი და სააკაშვილი ფსიქოემოციონალური ფორმატით  და ბიომეტრიკით ახლოს დგანან ერთმანეთთან. ორივე ქოლერიკია, მკვეთრი მოქმედებების მომხრე“ – ამბობს ის.

    უკრაინის პარლამენტში ბიბისის წყაროები ამტკიცებენ, რომ ზელენსკის გარემოცვაში სააკაშვილის მთავარი ლობისტი შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იყოს, რომელიც ინტერენეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით საქართველოს ექსპრეზიდენტს ჯერ კიდევ კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლის პერიოდიდან იცნობს.

    პარასკევს პარლამეტის სხდომის წინ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა ჩაატარა საპრეზიდენტო ფრაქციასთან “ხალხის მსახური“.არსებითად ამ შეხვედრაზე დეპუტატებთან მის ურთიერთობებზე იყო დამოკიდებული, გაიტანდნენ თუ არა მისი დანიშვნის საკითხს სასესიო დარბაზში განსახილველად. ამ შეხვედრის ტრანსლაციის მიხედვით, რომელსაც მისი მონაწილეები ფეისბუქზე აწარმოებდნენ, სააკაშვილმა დეპუტატების ცალსახად დარწმუნება ვერ შეძლო.

    თავიდან მან განაცხადა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობის სფერო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები იქნებოდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ. სააკაშვილმა შეახსენა დეპუტატებს, რომ პირადად იცნობს ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.

    “პირდაპირ მივალ მათთან და ვეტყვი: ან გვაძლევთ, ან უკრაინის საქმე ცუდად არის… მათ იციან, რომ ლაპარაკი შემიძლია “– ემოციურად არწმუნებდა დეპუტატებს სააკაშვილი – წერს ბიბისი.

    სააკაშვილისთვის კიდევ ერთი ამოცანა ვიცე პრემიერის პოსტზე მთავრობის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაცია, ბიზნესის დერეგულაცია და მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა უნდა გახდეს. მან პირობა დადო, რომ დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე რადას პროფილურ კომიტეტში შვიდი კანონისგან შემდგარ პაკეტს წარადგენს, რომელთა რეალიზაცია უკრაინას ერთ თვეში Doing Business–ის რეიტინგში ორი ათეული პოზიციით დაწინაურების საშუალებას მისცემს.

    გარდა ამისა, სააკაშვილი დეპუტატებს ტურიზმის განვითარებაზეც ესაუბრა და შსს–ს “გაჭედილ“ რეფორმაზეც, რომელსაც უკრაინაში სააკაშვილის თქმით “მისი გოგოები“ აკეთებდნენ. როგორც ჩანს, ის პოლიციის ყოფილ მეთაურს, ხატია დეკანოიძეს და შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეკა ზღულაძეს გულისხმობდა, რომლებიც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს უწყების რეფორმირებას კურირებდნენ.

    ამასთან, სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მისი პოტენციალის რეალიზება მხოლოდ მთავრობაში მისი ყოფნით არის შესაძლებელი, როცა პასუხისმგებლობის აღება შეუძლია გადაწყვეტილებებზე და არა პრემიერის მრჩევლის სტატუსით.

    სააკაშვილის დეპუტატებთან შეხვედრა შეჯამებით ან სარეიტინგო კენჭისყრით არ დასრულებულა, თუმცა ამ შეხვედრის ბოლოს მას ურჩიეს იშვიათად გაიხსენოს მისი ქართული გამოცდილება და არ გაექცეს დასმულ შეკითხვებზე პირდაპირ პასუხებს.

    შეხვედრის მონაწილეები პოლიტოლოგების პროგნოზებსაც ციტირებდნენ, რომელთა თანახმად სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინულ ხელისუფლებაში მოსვლა ტრამპლინად გამოიყენოს თავისი პოლიტიკური კარიერის ახალი სტარტისთვის ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც უკრაინაში ოქტომბერში იმართება.

    ““ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს გუნდს არ უღალატებთ?“– კითხა სააკაშვილს შეხვედრის ბოლოს ერთ–ერთმა დეპუტატმა. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს გუნდის და მითუმეტეს პრეზიდენტის ღალატს.

    თავად სააკაშვილმა შეხვედრას კონსტრუქციული და შინაარსიანი უწოდა. თუმცა რადას ორმა დეპუტატმა ზელენსკის ფრაქციიდან ბიბისი–ს უთხრა, რომ სააკაშვილის გამოსვლამ ისინი ვერ დაარწმუნა და შანსები სააკაშვილის წარმატებული კენჭისყრისთვის პარლამენში თავად სააკაშვილის მიერ სხვა პარტიებთან დამატებითი მოლაპარაკებების გამართვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც მისი დამტკიცების საკითხი რადას პარასკევის სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდა.

    “იყო იმედი, რომ დღეს შედგებოდა ჩემი კანდიდატურის კენჭისყრა… თუმცა მჯერა პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ფრაქციის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერის და სხვა ფრაქციებისაც, ეს კი ნიშნავს რომ მოვემზადებით ხუთშაბათს კენჭისყრისთვის“– დაწერა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა.

    რადას შემდგომ რიგგარეშე სხდომამდე სააკაშვილი შეეცდება სხვა საპარლამენტო ძალებს შეხვდეს და კენჭისყრაზე მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.

    ამასთან, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავად ვლადიმირ ზელენსკის . მისი სიტყვაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს რადას დეპუტატთა ნაწილის პოზიციაზე – წერს ბიბისი.

    ბიბისი იმასაც უსვამს ხაზს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე “დასავლური პრესის უკიდურესად პოზიტიურ რეაქციაზე“ წერს და გერმანული სტატიის ლინკიც განათავსა სათაურით „მეფე მზის დაბრუნება„. სწორედ ამ სათაურმა შთააგონა როგორც ჩანს ბიბისის საკუთარი სტატიის სათაური “მეფე მზის დაბრუნება არ შედგა.“

    ვრცელ სტატიაში განხილულია სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში და უკრაინაში. ასევე ხაზგასმულია, რომ ის რუსეთისთვის განსაკუთრებით მიუღებელი პერსონაა.

    ბიბისი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2016 წელს რუსეთს–უკრაინის მოლაპარაკებისას დონბასის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით კიევში პოროშენკოსთან ჩასულმა რუსეთის პარლამენტის ექს სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა ერთ–ერთ პირობად უკრაინის პრეზიდენტს ოდესის გუბერნატორის პოსტიდან სააკაშვილის სასწრაფოდ გადაყენება წაუყენა.

    სტატიის ორიგინალი

  • 64 მილიონი დოლარი საქართველოს აშშ–სგან ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად

    64 მილიონი დოლარი საქართველოს აშშ–სგან ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად

    ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 64 მილიონ დოლარს გამოუყოფს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მზარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

    “მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

    ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.“–ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

  • Reuters-ი „სუხიშვილების“ ონლაინ გაკვეთილებზე სტატიას აქვეყნებს

    Reuters-ი „სუხიშვილების“ ონლაინ გაკვეთილებზე სტატიას აქვეყნებს

    საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი    „სუხიშვილების“  ონლაინ საცეკვაო გაკვეთილების შესახებ  აქვეყნებს სტატიას და სიუჟეტსაც ურთავს.

    „საქართველოს ნაციონალური ბალეტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკ საცეკვაო ანსამბლი, ბავშვებს ონლაინ ამეცადინებს მას შემდეგ, რაც ანსამბლის პოპულარული საბავშვო სტუდიები კორონავირუსის გამო დაიხურა.

    დაახლოებით 5000 მცირეწლოვანი და თინეიჯერი, ვინც ცეკვის გაკვეთილებს, სულ მცირე, კვირაში სამჯერ ესწრებოდა, რეგულარული რეპეტიციების გარეშე დარჩა. ნაციონალური ცეკვა საქართელოში ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევა და მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია.”- წერია Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

    „ჩენ გადავედით ონლაინ გაკვეთილებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოს გარშემო, ვისაც მოსწონს ქართული ცეკვა და უნდა მისი შესწავლა“, აღნიშნავს ნინო სუხიშვილი Reuters-თან  საუბრისას.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. ინფორმაციისთვის, 444 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • “რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – მიხეილ სააკაშვილი

    “რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – მიხეილ სააკაშვილი

    “მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – განაცხადა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც სააკაშვილი აცხადებს ის უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მომხრეა.   ამის შესახებ ინფორმაციას ” Deutsche Welle” ავრცელებს.

    “მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პირობა, რომლის მიხედვითაც ეს მშვიდობა მიიღწევა. და ახლა ეს არც ისე ადვილია. ვფიქრობ, რომ ყველა მისი ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ ის იცავს უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს “, – განაცხადა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

    უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების მიმართულებით ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებები გამართოს მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან. უმაღლეს რადაში, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას,  კენჭს 30 აპრილს უყრიან.

     

  • 2020–ის პირველ კვარტალში 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 134 ადამიანი- „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

    2020–ის პირველ კვარტალში 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 134 ადამიანი- „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

    2020 წლის პირველ კვარტალში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 134, ხოლო დაშავდა 1610 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, შსს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა 2019-2020 წლების პირველი კვარტალის (იანვარ-მარტი) მონაცემთა ანალიზის მიხედვით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი 15,5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევების რაოდენობა – 5%-ით, დაშავებულთა რიცხვი კი შემცირდა 9,5%-ით. აღსანიშნავია, რომ თბილისში დაიღუპა 25 ადამიანი, ხოლო 721 პირი კი დაშავდა.

    შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დედაქალაქის შემდეგ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც 134 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აჭარაში კი – 105 შემთხვევა.

    ავტოავარიაში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში – 32 პირი.

    2020 წლის პირველ კვარტალში 0-16 წლამდე 8 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 142 დაშავდა. გარდაცვლილია 33 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 349 ქვეითი.

    „საგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები კი შემდეგია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში

    ცნობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ – info.police.ge“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.