Category: ახალი ამბები

  • ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს ბრალი წარუდგინეს

    ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს ბრალი წარუდგინეს

    ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალი წარუდგინეს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ბრალდებულმა 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. არქიმანდრიტმა საბამ შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

    “პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, ყინწვისის მონასტრის მღვდლები მომხდარ შემთხვევას მალავდნენ. დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც ის ,,გულნატკენი და ნაწყენია”

  • პენსია ყოველ წელს მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება – მაჭავარიანი

    პენსია ყოველ წელს მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება – მაჭავარიანი

    ფინანასთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით პენსია ყოველ წელს მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება.

    მისი თქმით, 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდება.

    ” მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ მოცემულ წელს პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, რომ პენსია 20 ლარზე მეტით გაზრდილიყო. იყო წლები, როდესაც იზრდებოდა 20 ლარით ან საერთოდ არ იზრდებოდა. და იყო იმისდა მიხედვით, რომელი ხელისუფლება და რომელი მთავრობა რას წყვეტდა”, — თქვა მაჭავარიანმა.

    მისივე განმარტებით, დაწესებული იქნება ქვედა ზღვარი. 70 წლამდე მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელზე ზემოთ პენსიონერების — მინიმუმ 25 ლარით.

  • საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

    საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

    სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

  • სადამდე გაგრძელდება კომენდანტის საათი – მეზვრიშვილის განმარტება

    სადამდე გაგრძელდება კომენდანტის საათი – მეზვრიშვილის განმარტება

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, ე.წ კომენდანტის საათი 22 მაისამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ამ შეზღუდვას მობილობის შემცირების ფუნქცია აქვს.

    ,,მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია. ეს ნიშნავს, რომ მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც არ მოგვიხსნია. 27 აპრილს რაც მოვხსენით, აღარ მოქმედებს. დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის, კომენდანტის საათი მოქმედებს. კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე როგორც სხვა შეზღუდვების მოქმედებას, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქვს ერთდაერთი, უმთავრესი მიზანი – მობილობის შემცირება”, – უთხრა მეზვრიშვილმა რუსთავი 2-ს.

    შეგახსნებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი – 21:00-დან 06:00-მდე გარეთ ყველანაირი გადაადგილება იკრძალება.

    27 აპრილიდან ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა, ამიტომ მოიხსნა მანქანების და ტაქსების მოძრაობის აკრძალვა, ასევე, გაიხსნა ღია აგრარული ბაზრები და მუშაობის უფლება მიეცა ონლაინ სერვისებს.

  • კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბის პოზიტიური მოვლენაა – ქუთაისის საკრებულოს წევრი

    კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბის პოზიტიური მოვლენაა – ქუთაისის საკრებულოს წევრი

    ქუთაისის საკრებულო ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ალეკო ახალაძე აცხადებს, რომ კორონავირუსი ტრაგედიების მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბის პოზიტიური მოვლენაა.

    ,,მიუხედავად უამრავი სამწუხარო ტრაგედიებისა, რაც შეუფასებელია, კორონავირუსი- მსოფლიო მასშტაბის პოზიტიური მოვლენაა!”,- წერს დეპუტატი Facebook-ზე.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მსოფლიოში უკვე 212 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 3 მლნ 84 ათასი კი დაინფიცირდა. საქართველოში COVID-19-ით ამ დროისთვის 6 ადამიანია გარდაცვლილი, 511 ინფიცირებული.

    მსოფლიო პანდემიას უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი.

  • მუხიანში ხანძარია

    მუხიანში ხანძარია

    თბილისში, მუხიანის ტერიტორიაზე ხანძარია.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს, ნაგავს და საბურავებს უკიდია.

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის მიემართებიან.

  • შეიძლება ვიღაცისთვის ძვირია, ვიღაცისთვის – მისაღები – კალაძე ელექტროსკუტერის ფასზე

    შეიძლება ვიღაცისთვის ძვირია, ვიღაცისთვის – მისაღები – კალაძე ელექტროსკუტერის ფასზე

    თბილისის მერი, კახა კალაძე ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისზე ამბობს, რომ ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს და გააჩნია, ,,ვისთვისაა ძვირი”.

    “გააჩნია ვისთვისაა [ძვირი] ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის მისაღები. მე ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით. ვიღაცისთვის არაა ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. მომავალში ექნებათ ველოსიპედები. ადამიანებს ექნებათ არჩევანი”, — ამბობს თბილისის მერი.

    კითხვაზე, ძვირია თუ 22 ლარი 1 საათით სკუტერის ქირაობისთვის, კალაძე პასუხობს,რომ ეს ტრანსპორტი მხოლოდ მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვისაა.

    ,,ყველაფერი შედარებითია, თუ შევადარებთ ევროპულ ქვეყნებს ექვსჯერ იაფია საქართველოში. არ ვიცი ადამიანმა 1 საათი სად უნდა მოიხმაროს სკუტერი. ხაშურში წასვლას თუ აპირებს, მე ამას არ ვურჩევ და ეს არაა მიზანშეწონილი. ეს არის მოკლე მანძილებზე გამოსაყენებელი. ეს არის მოკლე მანძილისთვის, ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოხვედი და გინდა, სახლამდე მიხვიდე”,- ამბობს კალაძე.

    გუშინ თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა. მერია 1000 ერთეული სკუტერი ჩამოიყვანა, რომლით გადაადგილება, პირველი წუთი ლარი ღირს, ხოლო შემდეგ ყველა წუთი 35 თეთრი.

  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია

    უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია

    უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია, – ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

    „სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს. იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200 წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“,-წერს უკრაინული პორტალის ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე“.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის „ვერხოვნა რადას” სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

  • მაშველები თელავის ერთ-ერთ სოფელში დაკარგულ მამაკაცს მდინარე ალაზანში ეძებენ

    მაშველები თელავის ერთ-ერთ სოფელში დაკარგულ მამაკაცს მდინარე ალაზანში ეძებენ

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები კახეთში, სოფელ გულგულადან დაკარგულ 80 წლის მამაკაცს,  მდინარე ალაზანში ეძებენ.

    კაცი სოფლის ნახირს მწყემსავდა, ის მეორე დღეა გაუჩინარებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მისი ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე იპოვეს.

    ,,მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი.

    28 აპრილის დილიდან, პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.

    ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური”, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

  • წყალტუბოში COVID-19-ით ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები შსს-მ კარანტინში იძულებით გადაიყვანა

    წყალტუბოში COVID-19-ით ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები შსს-მ კარანტინში იძულებით გადაიყვანა

    წყალტუბოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი 62 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    დღეს პოლიციამ მისი ოჯახის წევრები კარანტინში იძულებით გადაიყვანა. ისინი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს. ისინი სავარაუდოდ წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინე ზონაში მოათავსეს.

    ცენტრის წარმომადგენელი მთავარ არხთან ამბობს, რომ ეპიდკვლევა ღამით დაიწყო და კაცის 10-ზე მეტი კონტაქტი დადგინდა, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. სიმპტომების მქონე პირებს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდებათ.

    ამ დროისთვის ქვეყანაშო კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.