Category: ახალი ამბები

  • რაო ბიძინა, გიჭირთ ხო? ნუ გვეჭიმები ერთი, შე ვირუსით დამფრთხალო…. – დავით ბერძენიშვილი

    რაო ბიძინა, გიჭირთ ხო? ნუ გვეჭიმები ერთი, შე ვირუსით დამფრთხალო…. – დავით ბერძენიშვილი

    “რაო, ბიძინა ( ლაშა, შალვა და სხვა), ინტელექტუალურად გიჭირთ, ხო? ნუ გვეჭიმები ერთი… შე ვირუსით დამფრთხალო…”, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ ძმებ დავით და ლევან ბერძენიშვილებზე მომზადებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში.

    “სახელისუფლებო მედიას, ტროლებს, ბოტებს და აგიტპროპაგანდის ჩინოვნიკებს თქვენს მორიგ მდარე მესიჯბოქსზე გპასუხობთ: 1. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა/არდანიშვნის საკითხი არის იმ ქვეყნის- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეწყვილის – უკრაინის საშინაო საქმე და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები ელჩის შესაძლო გამოწვევაზე და ა.შ. არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ქვეშევრდომების ქვეყნისთვის დამაზარალებელი აკვიატება. 2. ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტებაზე პასუხისმგებელი არის სააკაშვილის ხელისუფლება, რაც რესპუბლიკელებისთვის იყო, არის და იქნება უტყუარი ფაქტი. იხელმძღვანელეთ ამ ორპუნქტიანი ტექსტით და პარტიის განცხადებით. ნუ ” შეგიყვარდით” ახლა ყველას ერთდროულად ყველა რესპუბლიკელი)))”, – წერს ბერძენიშვილი. ტელეკომპანიის სიუჟეტთან დაკავშირებით, ბერძენიშვილმა მეორე პოსტიც გამოაქვეყნა.

    „იმედი“ თურმე რესპების გაშავებითაა ახლა დაკავებული. უმუშავიათ ბევრი. ეს საზიზღარი ძმები, პარტიის განცხადებები, პრუსტიც კი ახსენა გორგილაძემო…. ხო გეუბნებით, “რესპუბლიკა ეტერნა”. რაო, ბიძინა (ლაშა, შალვა და სხვა), ინტელექტუალურად გიჭირთ, ხო? უკრაინაზე ჩვენმა განცხადებამ გაგაცოფათ და ვალერი გელაშვილის ცემაზე იგივე პოზიციაზე რომ ვართ, საკაშვილის ხელისუფლება რომაა პასუხისმგებელი, ახლაც რომ ვამბობთ ამას მიუკიბ- მოუკიბავად, ამან უფრო, ხო? ბიძინა! 2005-2006 წლებში, გელაშვილის ცემის და მერე პარლამენტიდან გაგდებისას შენი ვოლსკი მიშას მინისტრის მოადგილე იყო, ახლა შენია ( მისი მინისტრიანა). შენ თითონ მიშასი იყავი, შენი კალაძეც და მთელი „ქართუ“, ახლა რომ მთავრობაში გყავს… ხმა არ ამოგიღია გელაშვილზე თავდასხმაზე, იქნებ, მოიწონე კიდეც. სააკაშვილის ხელისუფლების ზეობის ჟამს ჩვენ მის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდით. ნუ გვეჭიმები ერთი, ნურც წესიერებაში და ნურც კვალიფიკაციაში, ნურც სითამამეში….შე ვირუსით დამფრთხალო”, – წერს დავით  ბერძენიშვილი.

  • საქართველოში COVID-19-ის გამო მიღებული შეზღუდვები სხვადასხვა კონფესიისთვის დისკრიმინაციული იყო – Amnesty International

    საქართველოში COVID-19-ის გამო მიღებული შეზღუდვები სხვადასხვა კონფესიისთვის დისკრიმინაციული იყო – Amnesty International

    უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა კორონავირუსის პანდემიის დროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

    ანგარიშის მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვების ნაწილი სხადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაციული იყო.

    დისკრიმინაციის მაგალითად ორგანიზაცია მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარებასაც ასახელებს.

    ,,სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ კანონით არ შეიზღუდა რელიგიური შეკრებების დიდი ნაწილი, რათა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სააღდგომო ლიტურგიის აღსრულების შესაძლებლობა ჰქონოდა. 12-დან 19 აპრილამდე, ბზობისა და აღდგომის აღნიშვნისას რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათობით მორწმუნე მიიღო. სხვა ყველა რელიგიურმა ჯგუფმა კი ნებაყოფლობით დახურა საზოგადოებისთვის რელიგიური დაწესებულებები.

    15 აპრილს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს ხელმძღვანელმა მირტაგ ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დაწყებისას ასევე გახსნიდნენ მეჩეთებს იმ მოლოდინით, რომ საქართველოს ხელისუფლებას იგივე მიდგომა ექნებოდა მათ მიმართ, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ჰქონდა. ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, მირტაგ ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით“, – წერია Amnesty International-ის ანგარიშში.

     

  • ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    როვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2032 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ევროსი – 3.4748 ლარი.

    დოლართან მიმართებით ლარი 0.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.74 თეთრით გამყარდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედაში, სოფელ ქოქოლეთიდან 2 კმ-ს დაშორებით დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ კი 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

  • სამართალდამცველები 2019 წელს წამების ფორმად იყენებდნენ ცემას, იყო გაუპატიურებისა და იძულებითი აბორტის ფაქტიც – საია

    სამართალდამცველები 2019 წელს წამების ფორმად იყენებდნენ ცემას, იყო გაუპატიურებისა და იძულებითი აბორტის ფაქტიც – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის 29 აპრილს “წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმები და პრევენცია“ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

    საია-ს განცხადებით, ანგარიშის მიზნებისათვის გაანალიზდა 2019 წელს საია-ს მიერ წარმოებაში აღებული 10 სისხლის სამართლის საქმე. შეფასდა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფორმა, მისი განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები, პირის დაზარალებულად ცნობის საკითხი, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პრობლემურობა. ასევე, ანგარიშში გაანალიზებულია ქართული კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მომუშავე ადვოკატებისა და პენიტენციარული დაწესებულების 2 მსჯავრდებულის  გამოკითხვის შედეგები.

    ასოციაციის განცხადებით, წინა წლების მსგავსად, სამართალდამცველი უწყებების მხრიდან გამოწვევად რჩება მსგავსი ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების გონივრულ ვადებში წარმართვა, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაზარალებულად ცნობა. საია პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და მისი ამოქმედებას, თუმცა, უარყოფითად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის იმ რედაქციით მიღება, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს შეზღუდული მანდატი აქვს.

    საია გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახელებს:

    ,,- საიას წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს სამართალდამცველთა მხრიდან წამების/არასათანადო მოპყრობის ფორმად, ძირითადად, გამოყენებული იყო ცემა, თუმცა, ფიქსირდება ფსიქოლოგიური ძალადობის, ერთ შემთხვევაში – იძულებითი აბორტის და ერთ შემთხვევაში –  გაუპატიურების ფაქტებიც.

    – საიას წარმოებაში არსებული საქმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა და პენიტენციარულ დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლის შემდგომ სუიციდის მცდელობა ჰქონდათ, რაც წამების/არასათანადო მოპყრობის ფსიქოლოგიური შედეგების სიმძიმეზე მიუთითებს.

    – საიას წარმოებაში არსებული წამების/არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიება, მიუხედავად მათი სიმძიმისა, უმეტეს შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (60%).

    – სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა უმეტესობის გამოძიება  პროკურატურის მიერ დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (91%).

    – არასათანადო მოპყრობის საქმეებში მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ დაბალია, კერძოდ, საიას წარმოებაში არსებული 10 საქმიდან მხოლოდ ორი პირია ცნობილი დაზარალებულად.

    – საიას წარმოებაში არსებული საქმეებიდან, სადაც გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლით, არცერთში არ არის ბრალი წარდგენილი.

    – პროკურატურის მიერ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაწყებული გამოძიებების სტატისტიკის (2019 წლის ცხრა თვის მონაცემები) თანახმად, ძალიან დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. პროკურატურის მიერ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაწყებულ გამოძიებებში სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პირის მიმართ განხორციელდა, რაც საქმეების მხოლოდ 1.6%-ია.

    – 7 საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა.

    გამოვლენილ მიგნებებზე დაყრდნობით, რელევანტური სახელმწიფო უწყებებისათვის მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტად მოხდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია.

    ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში“, ფარგლებში, რომელსაც საია 2018 წლის თებერვლიდან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) ერთად ახორციელებს”,- წერია საიას განცხადებაში.

  • კორონავირუსით გარდაიცვალა მღვდელი, რომელიც მსახურებას ფარულად აღავლენდა

    კორონავირუსით გარდაიცვალა მღვდელი, რომელიც მსახურებას ფარულად აღავლენდა

    უკრაინის, ტერნოპილსკის ოლქში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა.

    „55 წლის სასულიერო პირი ერთ-ერთი დასახლების მღვდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მსახურება აკრძალულია, ის ფარულად კერძო შენობაში წირვა-ლოცვას აღავლენდა, სადაც სავარაუდოდ კორონავირუსით დაინფიცირდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კუდლაკი მედიასთან საუბარში.

    გარდაცვლილი სასულიერო პირი, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის ღვთისმსახურია.

    ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის გამო კიევ-პეჩორის ლავრაც დაიხურა, სადაც ვირუსით 100-მდე პირი დაინფიცირდა

  • მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა –  ევროპული საქართველო

    მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა – ევროპული საქართველო

    ევროპული საქართველოს განცხადებით, მთავრობის მიერ მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისათვის, წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა.

    გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

    “ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისათვის, წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა.

    ევროპული საქართველო საზოგადოებას სთავაზობს გეგმას, რისი მიხედვითაც აუცილებელია დღევანდელი ბიოროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების 1.7 მლრდ-ით შემცირების, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნების (650 მლნ) და მომავალი 8 თვის მანძილზე ამ შენატანების შეჩერების (325 მლნ), საერთაშორისო დახმარების მიღების გზით (1.1 მლრდ დოლარი), 6 მლრდ ლარის მობილიზება, რაც შესაძლებელს გახდის:

    1. მოქალაქეებს ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, სახელმწიფო დაეხმაროს მომავალი 8 თვის მანძილზე, ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით. ამით მოვახერხებთ საშუალო შემოსავლის ოჯახების გადარჩენას, რომელთა ფინანსურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ათი ათასობით უფრო გაჭირვებული მოქალაქე და მთლიანად ეკონომიკა. ხელისუფლება 200 ლარს სთავაზობთ, მხოლოდ იმათ ვინც ოფიციალურად დაკარგავს ხელფასს.

    2. ეპიდემიამ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენა თვითდასაქმებულები, საქართველოს კი ასეთი 840 000 მოქალაქე ჰყავს. ევროპული საქართველო მათ 400-ლარიან დახმარებასა და 120- ლარიან კომუნალურ ვაუჩერს სთავაზობს. ხელისუფლება კი გაუმჭვირვალე და უსამართლო წესს ამკვიდრებს, რისი მიხედვითაც ყოველი სამი თვითდასაქმებულიდან ორი დახმარებას ვერ მიიღებს.

    3. მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, დაიბრუნონ მათ მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. ყველა დასაქმებული საშუალოდ 500 ლარს დაიბრუნებს, ხოლო მეწარმე თითოეულ დასაქმებულზე 225 ლარს.

    4. ხელისუფლება არაფერს ძირეულსა და ღირებულს არ სთავაზობს პენსიონერებს, არადა ამ ჯგუფის მხრიდან იზოლაციის წესების დაცვა, შესაბამისად ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობისგან თავის შეკავება, მნიშვნელოვანია პანდემიის სამართავად. ევროპული საქართველო საჭიროდ მიიჩნევს, კომუნალურ გადასახადებზე 120 ლარიან ვაუჩერსა და 400 ლარიან ფულად დახმარებას.

    5. ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს გადასახადების შესამცირებლად. ევროპულ საქართველოში კი მიიჩნევენ, ეკონომიკის გადასარჩენად და ასი ათასობით ოჯახის სიღარიბისგან სახსნელად, მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერება (1.7 მლრდ ლარი) , ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება (150 მლნ), ქონების გადასახადის განულება (390 მლნ) ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილება და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრა.”- წერია განცხადებაში.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შეძენისას?

    რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შეძენისას?

    შესაძლებელია, თქვენ ფიქრობთ: „დღევანდელ სადილს არაჟანი კიდევ უფრო მოუხდებოდა! ან იქნებ, ცხარე სოუსი?“, მაგრამ თქვენ ორივე მათგანის ყიდვა დაგვიწყებიათ. გვერწმუნეთ, არ ღირს მაღაზიაში უკან შებრუნება მხოლოდ ამ ორი პროდუქტისთვის. ეცადეთ, საყიდლებზე კვირაში მხოლოდ ერთხელ იაროთ.

    მაქსიმალურად შეამცირეთ მაღაზიაში ყოფნის დროც. ამაში პროდუქტების სიის წინასწარ ჩამოწერა დაგეხმარებათ. პროდუქტების ყიდვის პროცესში აუცილებლად დაიცავით სხვა ადამიანებისგან დაახლოებით 2 მეტრიანი დისტანცია. თუ შესაძლებელია, გამოყენებამდე გაწმინდეთ ურიკის სახელურები ხელსახოცით ან  სადეზინფექციო  ხსნარით. მაღაზიაში ყოფნისას არ შეეხოთ სახეს.

    გამოსვლისას, თუ საშუალება გექნებათ, დაიბანეთ ან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეთ ხელები. სახლში დაბრუნებისთანავე დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ სამზარეულოს ყველა ის ზედაპირი, რომელსაც ამოლაგებისას პროდუქტი შეეხო. არ დაგავიწყდეთ მობილური ტელეფონის ეკრანის გაწმენდაც, თუკი ის მაღაზიაში ყოფნისას გამოიყენეთ.

    ხანდაზმულ და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს ვურჩევთ, გამოიყენონ სახლში მიტანის სერვისი. შეძენილი პროდუქტები, სასურველია, კურიერმა კართან დატოვოს, თქვენ კი, თანხა ონლაინ, ბარათით გადაიხადოთ. თუ ამის საშუალება არ არის, დახმარება თქვენს ახალგაზრდა ახლობლებს, მეზობლებს თხოვეთ.   ჭამის წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

    პროდუქტების შეძენისას აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

    1) გაწმინდეთ ურიკის სახელურები ანტისეპტიკური ხელსაწმენდით.

    2) წინასწარ მოიფიქრეთ, რისი ყიდვა გსურთ და შეადგინეთ ერთი ან ორი კვირის სამყოფი პროდუქტების სია.

    3) პროდუქტებს მოაცილეთ ყველანაირი შეფუთვა. რომელსაც ვერ აშორებთ, ჩაუტარეთ დეზინფექცია ანტისეპტიკური ხსნარით.

    4) გამდინარე წყალში, ხელთათმანით გარეცხეთ ზეთის, იოგურტის, რძის ბოთლები; არაჟნის, მაწვნის ქილები და ა.შ. ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ სათითაოდ, გამდინარე წყლით.

    5) ჩაუტარეთ დეზინფექცია სამზარეულოს იმ ზედაპირებს, რომლებზეც პროდუქტები ეწყო.

    6) გაწმინდეთ ტელეფონის ეკრანი.

     

    წყარო : Covid19info.ge

  • სააპელაციო სასამართლომ ,,ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

    სააპელაციო სასამართლომ ,,ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

    აქტივისტები და ადგილობრივები, რომლებიც ,,ანას ბაღის” გადასარჩენად იბრძვიან, ავრცელებენ განცხადებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებელ კომპანიას, ნებართვა მისცა, დავის დასრულებამდე საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა მოხდა.

    ,,ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! გაუგონარი რამ მოხდა!!!

    სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება და “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს ააშენოს კორპუსი. აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას”,- აცხადებენ აქტივისტები.

    მათი თქმით, არ დაუშვებენ მშენებლობის გაგრძელებას.

    ,,”ანას ბაღის” დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის.

    ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში.
    ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად”,- წერენ ისინი Facebook გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ სასამართომ 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის დასრულებამდე ,,ანას ბაღთან” კორპუსის მშენებლობა აქამდე შეჩერებული იყო.

  • დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ

    დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ

    დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, სოციალური დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დამქირავებელი გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შემოსავლების სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, ამ პირთა სიას დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვეში 200- ლარიანი დახმარების გაცემა ამ სიების მიხედვით მოხდება.

    „დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, ან არიან უხელფასო შვებულებაში გაშვებულები, ან არიან სამსახურიდან გათავისუფლებული, ამ შემთხვევაში მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს. აღნიშნული სიები იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებული, რომელიც ამ სიებს დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. ამ სიებში მყოფ პირებს, ანუ ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს, არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა. მათი დამსაქმებელი, ისევე, როგორც მანამდე აკეთებდა ყოველთვიურად ანგარიშგებას, ახლაც გააკეთებს ანგარიშგებას შემოსავლების სამსახურში, მიაწვდის ინფორმაციას გათავისუფლებული ადამიანების შესახებ და გადარიცხვები ავტომატურად მოხდება მათ ანგარიშებზე“, – განაცხადა ბარკალაიამ.