Category: ახალი ამბები

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 114 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 114 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 114 ადამიანი დააჯარიმეს.

    მათ შორის, კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 ადამიანი დააჯარიმდა.

    ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 3 ადამიანს გამოუწერეს ჯარიმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – 29 მოქალაქეს.

    ასევე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესი დაარღვევისთვის 8 ადამიანი დააჯარიმა.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • მარტში საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით შემცირდა

    მარტში საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით შემცირდა

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2,7 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, წლის პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1,5 პროცენტი იყო.

    მარტში კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

    ზრდა მხოლოდ ორ სექტორში: კომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.

    საქსტატის ინფორმაციით, მარტში მთელი 47%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და მან 2,426 შეადგინა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეროვნული ბანკი 2020 წელს ეკონომიკის -4 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ. 2021 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 3%-ია.

  • რუსთავში ბაზრის გახსნის მოთხოვნით მოვაჭრეები აქციას მართავენ

    რუსთავში ბაზრის გახსნის მოთხოვნით მოვაჭრეები აქციას მართავენ

    რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. ათობით ადამიანი ბაზრის გახსნას ითხოვს. მათი თქმით, მარნეულის ბაზარში ბევრად უარესი პირობებია, მაგრამ ხალხი რომ გამოვიდა, გახსნეს, ამიტომ მთავრობა რუსთავშიც ხალხის გამოსვლას ელოდება.

    ,,არავითარ სტანდარტს არ აკმაყოფილებს მარნეულის ბაზარი, მაგრამ გამოვიდა ხალხი და გაუხსნეს, ეს უნდაც რუსთავში? ხალხის გამოსვლა უნდათ, მეტი არაფერი”,- ამბობს ინფო რუსთავთან ერთ-ერთ მოვაჭრე.

    მათი თქმით, ბაზარი სტანდარტებს აკმაყოფილებს.

    „ბაზრის გახსნას ვითხოვთ. ოჯახები გვყავს, შვილები გვყავს და ვითხოვთ ბაზრის გახსნას. ეს ბაზარი აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა სტანდარტს. დირექცია მზად არის, მომზადებული აქვთ ყველაფერი, რათა ბაზარი გაიხსნას. ყველანაირი საშუალება აქვთ მოტანილი, დეზინფექცია იქნება თუ რაც იქნება, რაც საჭიროა. დისტანციის დაცვაც მოხდება. მარკეტში შედიან ადამიანები, დახურულ სივრცეში და აქ ამხელა ღია სივრცეა. მინიმუმ 300 ადამიანია ამ ბაზარში დასაქმებული”, – ამბობს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი დაასახელა. პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდა, ღია ტიპის ბაზრების გახსნას ითვალისწინებს.

  • ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ? – ეზუგბაია რემდესივირზე

    ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ? – ეზუგბაია რემდესივირზე

    ,,ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ?”,- ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მედიკამენტ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვას.

    აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

    თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა – “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს”.

    კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.

    კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირი” პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.

     

  • ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წლის განმავლობაში ქორწინებაში იყო, COVID-19-ით ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

    ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წლის განმავლობაში ქორწინებაში იყო, COVID-19-ით ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

    ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წლის განმავლობაში ქორწინებაში იყო, კორონავირუსით ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა.

    90 წლის ბილ დარტნელი და მისი ცოლი, 81 წლის მერი დარტნელი საუთჰემპტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ.  პირველად საავადმყოფოში მერი გადაიყვანეს და მას კორონავირუსი დაუდგინეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბილ დარტნელმა ინსულტი გადაიტანა და კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მასაც Covid-19 დაუდასტურდა.

    მერი დარტნელი აღდგომის კვირას გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ, ბილმა უარი თქვა ჟანგბადის აპარატზე და ცოლის სიკვდილიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

    მათი შვილის, როზმერის თქმით მამამისს ცოლის გარეშე არ უნდოდა სიცოცხლე.

    “ისინი ერთი გუნდი იყვნენ. ცხოვრება არ იყო მათთვის ყოველთვის კარგი, მაგრამ ყველაფერი ერთად გაიარეს და ერთადაც დაგვტოვეს.

    საშინელებაა, როდესაც მშობლებს კარგავ. თუმცა, იყო მათგან განცალკევებული და ცხოვრების ბოლო წუთების განმავლობაში მათი ხელების დაჭერა არ შეგეძლოს, ასევე ძალიან ძნელია”, – თქვა როზმერიმ BBC-სთან.

    მისივე თქმით, მისი მშობლები შრომისმოყვარეები იყვნენ და ყოველთვის განსხვავებულად აკეთებდნენ საქმეს.

    ,,ისინი საკმაოდ განსაკუთრებული ხალხი იყვნენ. მთელი ცხოვრება ძალიან შრომობდნენ და  ცხოვრებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით იყვნენ”, – აღნიშნა როზმერიმ.

  • ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 სვანეთიდან, 4 ბოლნისიდან – ეზუგბაია

    ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 სვანეთიდან, 4 ბოლნისიდან – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 სვანეთის, ხოლო დანარჩენი 4 ბოლნისიდან. მათგან 1 მედპერსონალია.

    მისი თქმით, ამჟამად ინფექციურში 43 პაციენტი მკურნალობს, სულ კი 65 გამოჯანმრთელდა.

    ეზუგბაია აღნიშნავს, რომ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, მათგან ერთს დიაბეტი აქვს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქია.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

  • COVID-19-ით ინფიცირებულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა – სოლოღაშვილი

    COVID-19-ით ინფიცირებულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა – სოლოღაშვილი

    ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული აქვს კორონავირუსი და მესამე კვირაა კლინიკაში მკურნალობს, ოპერაცია გაუკეთეს.

    ,,ახალგაზარდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, შევეცადეთ ტკივილი კუპირებულიყო კონსერვატიული მკურნალობით, მაგრამ 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა – ქოლეცისტექტომია, ნაღვლის ბუშტში იყო კენჭები. მოგეხსენებათ, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის, საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ოპერაციის ჩატარება”,- ამბობს სოლოღაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტი თავს ახლა კარგად გრძნობს და დღეს წამოაყენეს კიდეც.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. მონაცემები Stopgov.ge-ზე განახლდა.

    539-დან გამოჯანმრთელდა 178 პაციენი, ხოლო 6 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5247 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 პირი.

  • პირველი გარღვევა კოვიდ-19-ის მკურნალობაში

    პირველი გარღვევა კოვიდ-19-ის მკურნალობაში

    ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს – განაცხადა დღეს ექიმმა ენტონი ფაუჩიმ. ის შეერთებულ შტატებში ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

    თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა. “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს” – ამბობს ექიმი ფაუჩი.

    კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.

    კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირი” პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან  გაისროლა–პროკურატურა

    ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა–პროკურატურა

    საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

    ცინარიძეს ბრალდება მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარედგინა. ცინარიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    „მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

    გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

    სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

    სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები.

    ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

    თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.