საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მშრომელთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ თვითდასაქმებულები პანდემიის პირობებში დღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამიტომ კითხვებს აჩენს, რამდენად ადეკვატურია მათთვის შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება.
„მთავრობამ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა და მათ შორის განსაზღვრა კორონავირუსის პანდემიის შედეგად სოციალური დახმარების პაკეტი იმ დასაქმებულების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. თუმცა, კითხვებს აჩენს, რამდენად ადეკვატურია არაფორმალური ან/და თვითადასაქმებული პირებისათვის შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, მაშინ როდესაც, ეს პირები პანდემიის დროს დარჩნენ დღიური შემოსავლის გარეშე.
გარკვეულ შემთხვევებში, არ არსებობს თვითდასაქმებული და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირებისათვის ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა. დღეს არსებული მოცემულობით, პირი, რომელიც დასაქმებული იყო ფიზიკურ პირთან ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას“, – წერია საიას განცხადებაში.
საია სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად განახორციელოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა, რითაც მეტად იქნება დაცული დასაქმებულების უფლებები.
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, კორეამ საქართველის COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ელჩმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ,” – წერს ბერძენიშვილი.
საელჩოს ინფორმაციით ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.
ცნობისთვის, საქართველოს სამინისტოებისა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია – SD Biosensor, Inc. საქართველოში კოვიდ 19-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს ახორციელებს.
გლდანის ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ გაფუჭებული პროდუქტი ნაგვის ურნაში გადაყარეს.
,,დილით გამოვედით. გვინდოდა, გაგვეყიდა ეს პროდუქტი ცოტა მაინც. მოვიდა ინსპექცია, დაგვიშალეს, აიღეთო. მოვიდა პატრული, დავემორჩილეთ, უსიტყვოდ დავემორჩილეთ და ავიღეთ. რა გავაკეთოთ? 2 თვე ვზივართ სახლში. ჩვენ უკან დგანან ბავშვები, მოხუცები. რა გავაკეთოთ? მივიდეთ ნებისმიერ დიდი მაღაზიაში და ვნახავთ, თუ იცავენ დისტანციას, რაღა ამ გლეხებზე და გაუბედურებულ ხალხზე გადადის ყველაფერი“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „ტვ პირველთან”.
კიდევ ერთი მოვაჭრის თქმით, მათ ბაზრის გარეთაც არ აძლევენ ვაჭრობის უფლებას.
,,მოვიტანე 9-ათასლარიანი საქონელი. კიტრი, პომიდორი და ასეთი რაღაცები. მიფუჭდება. იძულებული გავხდი, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი გამოვიდა და გაყიდა აქ [ბაზრის გარეთ]. მოვიდა პატრული, ზედამხედველობა და გვითხრა, ჩქარაო, ვითომ რამეს ვაშავებდით, აიღეთ, ეს უნდა გადაგიყაროთ ურნაშიო, გადით აქედანო”, – ამბობს მოვაჭრე.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზრების მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით დასრულებულია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.
რეგისტრირებულთა რაოდენობა:
აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი.
პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია დასრულდა (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილის 18:00 საათზე.
ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.
ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.
აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი – ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.
გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.
მარნეულში, სოფელ მარადისში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ოჯახებს კარტოფილის მოსავალის შესანარჩუნებლად ნაკვეთი გათოხნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში UN Women Georgia-ი ავრცელებს.
ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა.
“სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”, -ამბობს ნაირა პაქსაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) დაადგინა პოლიტიკური მიზნით მოქმედი, კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელი. ორგანიზაციის განცხადებით, დადგენილია 14 ცრუ მედიის გვერდი, 35 ,,ფეისბუქ ჯგუფი”, 15 პერსონალური ანგარიში და 2 ფეისბუქ გვერდი და 50 ყალბი ფეისბუქ გვერდი.
,, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ეს ცრუ მედია გვერდები პროსახელისუფლებო სტატიების გარდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.
ფოტო: ISFED
ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. „ფეისბუქ“ გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე „იუთუბ“ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, „ფეისბუქ“ გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.
ცრუ მედიის გვერდების სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდება მრავალათასიანი გამომწერების მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში და ამ გზით აღწევს „ფეისბუქის“ მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულ 35 ჯგუფში სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება, ჯამურად თითქმის 5 მილიონი წევრია გაერთიანებული”,- აცხადებს ,,სამართლიანი არჩევნები”.
კვლევის მიხედვით, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად პერსონალური ანგარიშები გამოიყენება, რომლებიც ცრუ მედიების გვერდებზე განთავსებულ პოსტებს სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში აზიარებენ.
ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, ადრე გამოვლენილი ცრუ მედიის გვერდებისგან განსხვავებით, რომლებიც აუდიტორიას პოსტების მასობრივად დასპონსორებით ზრდიდნენ, ეს გვერდები, როგორც წესი, პოსტებს არ ასპონსორებენ, არამედ აუდიტორიის მოკრებვას მრავალათასიანი „ფეისბუქ“ ჯგუფების გამოყენებით ცდილობენ.
ცრუ მედიების ფეისბუქ გვერდებია:
ფოტო: ISFED
კვლევის მიხედვით, ცრუ მედიის გვერდები „იუთუბის“ პლატფორმასაც ორგანიზებულად იყენებენ. „იუთუბზე“ 14-ივე „ფეისბუქ“ გვერდის შესაბამისი არხიც მოქმედებს, რომლებზეც 7,771 ვიდეო არის ატვირთული.
,,ზემოთაღნიშნული 14 კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდის მოქმედების სტრატეგია მიმართულია მათ მიერ საკუთარი თავის ნამდვილ საინფორმაციო სააგენტოებად წარმოსაჩენად, რაც სოციალური მედიის მომხმარებლების საინფორმაციო მანიპულაციას ისახავს მიზნად. ამასთან, ცრუ მედიის გვერდების კონტენტი მრავალათასიან „ფეისბუქ“ ჯგუფებში ძირითადად არაავთენტური ქცევის მქონე ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება.
გამოვლენილი ცრუ მედია გვერდების მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი ქსელის არსებობა საინფორმაციო გარემოსთვის დამაზიანებელია და სოციალურ მედიაში ამომრჩეველთა მანიპულირების რისკებს შეიცავს. ამდენად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ქსელის „ფეისბუქის“ მხრიდან შესწავლა და პლატფორმის წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გატარება”,- აცხადებს ,,სამართლიანი არჩევნები.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მათი ექიმის დაინფიცირების გამო კლინიკაში კარანტინის გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა კარანტინშია, რადგან ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი გამოუვლინდა.
,,კარანტინი არ გამოცხადებულა, რატომ ავრცელებთ დეზინფორმაციას? რაც კი გაიხსნა კლინიკა ერთი კლასია. ოღონდ გამკაცრდა იმიტომ, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც რამდენიმე საათით გადიოდნენ, აღარ გადიან” — განუცხადა ფორმულას რატიანმა.
კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ კი რატიანმა თქვა, რომ ,,კლასტერს ზოგადად არ ასახელებს” და რეანიმაციის განყოფილებაში არც ერთი ინფიცირებული არ ჰყავთ.
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული დატოვებს.
“დღეს COVID ინფექციის გარეშე ვწერთ 4 პაციენტს. მოვიდა პროტოკოლის გათვალისწინებით 4 უარყოფითი პასუხი და რამოდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას”, — თქვა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია, მათგან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5 რჩება მძიმედ.
,,რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, მათგან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე, თუმცა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში, ხოლო 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა არც ერთ მათგანს არ სჭირდება დამატებითი ჩარევა. რაც შეეხება სხვა განყოფილებებს, ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა
პრესკონფერენციაზე, როდესაც ტრამპი ჩინეთს აკრიტიკებდა, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ კი, აქვს.
დამაზუსტებელ კითხვას კი, რა ნახა, უპასუხა, რომ ამას ვერ იტყვის.
ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს საკუთარი საქციელის, რადგან ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტოსავით მოიქცა.
,,ვფიქრობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან ჩინეთისთვის PR-სააგენტოსავით მოიქცა. ეს ქვეყანა მათ წელიწადში თითქმის $50 0000 000-ს უხდის და ჩინეთი – $38 000 000-ს. მნიშვნელობა, ეს ბევრია, თუ ცოტა. ისინი არ უნდა ამართლებდნენ, როდესაც ადამიანები საშინელ შეცდომებს უშვებენ, განსაკუთრებით თუ ეს შეცდომა მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას ადამიანს კლავს”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის განკარგულებით, აშშ-მ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 156 ადამიანი დააჯარიმა.
სამინისტროს ცნობით, 30 აპრილის 21 საათიდან 1 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 88 მოქალაქე დაჯარიმდა.
პოლიციამ მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 7 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 61 მოქალაქე დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.