Category: ახალი ამბები

  • პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? – გოცირიძე

    პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? – გოცირიძე

    საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ელჩებმა, ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს.

    მისი თქმით, ელჩებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ შეასრულონ პირობები, ანუ გამოუშვან „პოლიტპატიმრები“.

    „ხელისუფლებამ იძულებული გახადა ელჩები, რომ გაეკეთებინათ პირდაპირი, არაორაზროვანი და არადიპლომატიური განცხადება. ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამხილეს სიცრუეში. განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ, რომ შეასრულოს პირობები. ანუ, გამოუშვან „პოლიტპატიმრები“. ამაზე ნათლად და ამაზე არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს 8 მარტს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

    როგორც ელჩები აღნიშნავენ, შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

    შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

  • “კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება“–დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში

    “კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება“–დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში

    ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გაკეთდა. სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალურ თბილისს არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველოს მეგობრები ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ. შეშფოთების საფუძვლად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. მათ შორისაა, 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა. როგორ ხედავენ ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან და დაზიანდა თუ არა საქართველოს, როგორც დემოკრატიის რეპუტაცია ამ მოვლებების ფონზე. ამ თემებზე ბრიტანეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    სანამ დავიწყებ, მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ის, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღარ ვმუშაობ და ყველაფერი, რასაც ამ ინტერვიუში ვიტყვი, ჩემი პირადი მოსაზრებაა, საქართველოს მიმართ დიდი სიყვარულით.

    ვფიქრობ, რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან გვანერვიულებს. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ. ანუ ის, რომ ძალაუფლებაში დარჩენის სურვილი ხდება ყველაფრის გადამძალავი საჭიროება მოქმედი მთავრობისთვის, იმის ნაცვლად, რომ მათ რიგითი ამომრჩევლების საჭიროებები დააკმაყოფილონ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ადარდებს ეკონომიკური, შემოსავალთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კლასი ჩართულია ძალიან ინტენსიურ ბრძოლაში. ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს.

    არ მინდა საქართველოს მიმართ მკაცრი ვიყო. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც მომავალ წელს 30 წლის გახდება. ვფიქრობ, საქართველოს ზოგადი ტრაექტორია წარმატებულია და ის რეგიონში ჯერ ისევ დემოკრატიის შუქურაა. მთავრობები წარმატებით ებრძოდნენ კორუფციას, ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ცდილობს განათლების პრობლემის დაძლევას და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის უნაკლო, საქართველოში არსებობს შედარებით თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორს მუშაობის საშუალება ეძლევა. მაგრამ ეს პროცესი უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს.

    დემოკრატია რთულად ასაშენებელი ინსტიტუტია. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას სურს ხელისუფლებაში დარჩეს. მაგრამ დემოკრატიის ძირითადი ღირებულება შემოწმებისა და ბალანსის სისტემაა, სადაც ოპოზიცია ასრულებს საკუთარ როლს. ლეგიტიმურია ის, რომ ოპოზიციამ აკრიტიკოს მთავრობა, კითხვები დასვას მის საქმიანობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

    საკუთარი მთავრობის გამოცდა და მისთვის გამოწვევების შექმნა სრულიად პატრიოტული საქმიანობაა. ის, რასაც ვხედავ ძალიან მაწუხებს. ეს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის, რუსეთშიც, რომ მთავრობა ცდილობს არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის აქტივისტების შეზღუდვას. ამასთან, არის მცდელობა შეიქმნას შეხედულება, რომ ეს არ არის პატრიოტული საქმიანობა და თუ გაბედე მთავრობის კრიტიკა, ეს არ არის პატრიოტული და ერთგვარად სახელმწიფოს მტერი ხარ.

    ვფიქრობ, საქართველოსთვის და საქართველოს პოლიტიკური ლიდერშიპისთვის გამოსავალი ის იქნება, რომ ფოკუსირება მოხდეს საკითხებზე, რომლებიც ამომრჩევლებს აწუხებს და არ ხარჯონ დრო ერთმანეთთან ბრძოლაში და სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაში, რადგან ეს დემოკრატიულ პრინციპებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.

    გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა კლებულობს. ეკლესია და ჯარი ინარჩუნებს მხარდაჭერას, მაგრამ სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა დაღმავალ ტრაექტორიაზეა.

    მთავრობა აცხადებსრომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეა, რომელმაც ბრალდების თანახმად, ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი გაფლანგასასამართლომ ის დამნაშავედ სცნო. მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობაა და რომ უგულავა სასჯელს იმიტომ იხდის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და არა იმიტომ, რომ ის ოპოზიციაშია. რას ფიქრობთ მთავრობის ამ არგუმენტზე და ამ საქმის დროზე?

    რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს. საკითხი არა გამოძიება, არამედ შერჩევითი სამართალია. ვისი საქმის გამოძიება ხდება, რა გარემოებებში, რა არის კონტექსტი და რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა პროცესი. ის, რასაც ვხედავ, ისაა, რომ გაჩნდა შეშფოთებები გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.

    ასევე მნიშვნელოვანია დაკავების დროის გათვალიწინება. ცხადია, რომ მთავრობა ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების დაწესება 2020 წლის არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ამან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიცია კი ამის გამო მათ წნეხის ქვეშ აქცევს. უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ. საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს.

    ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. მე არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ იმის გამო, რომ ეს საარჩევნო წელია ვიღაც არ უნდა გამოვიძიოთ. ყველა სასამართლო გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გათვლის გარეშე. შეილება ზოგი გამოძიება არჩევნების წელს ჩატარდეს და შეიძლება ზოგჯერ სადავო დაპატიმრება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი საქმის დეტალებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ კონკრეტული განაჩენის შემთხვევაში კითხვები ჩნდება. ეს არა მხოლოდ ჩემი რეაქციაა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ამერიკის კონგრესიდან, ევროპელი მაღალჩინოსნებისგან და სხვა დასაფასებელი ადამიანებისგან.

    რას ფიქრობთ შეხედულებაზერომელიც ვაშინგტონში არსებობს დღეს საქართველოზევაშინგტონში იმიტომრომ აქ ცხოვრობთთუმცა ასევე ახლოს იცნობთ ევროპულ პრესასაცრას ფიქრობს ხალხი საქართველოზე?

    საქართველო ძალიან იღბლიანია. ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს. ეს ორპარტიული მხარდაჭერაა და ის უკვე დიდი ხანია გრძელდება. არსებობს ზოგადი დაფასება იმის, რომ საქართველომ ამდენს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უდიდესი რუსული ზეწოლის ქვეშაა და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა ისტორიულად მოჰყვება. მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის იგნორირება. კეთილი ნება, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, არ უნდა იქნას მიღებული, როგორც ისეთი რამ, რაც გეკუთვნის. ცოტა ხნის წინ, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა ამ კეთილ ნებაზე ისაუბრეს და საქართველოს მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს. მაგრამ ამის სანაცვლოდ, საქართველოს მოეთხოვება დემოკრატიული ქვეყანა იყოს.

    რა არის გამოსავალისაქართველოს უდიდესი გამოწვევები აქვს — ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პოლარიზაციასავარაუდოდ, 1990-ანების შემდეგ ასეთი ღრმა არასოდეს ყოფილაეკონომიკა სწრაფად არ ვითარდებამოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოასად ხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს?

    მთავრობისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა ყურადღება არ მიაქციოს შეშფოთებულ ხმებს. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ვიცი, ეს კრიტიკა არაკომფორტულია მთავრობისთვის, მაგრამ ეს შეშფოთება მართლა საქართველოს მეგობრებისგან მოდის. ვფიქრობ, მთავრობამ ამ ხმებს ძალიან ფრთხილად უნდა მოუსმინოს, ჩაერთოს მათთან საუბარში. ვაშინგტონში ხშირად ჩამოდიან ქართველი ოფიციალური პირები. პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას აქ იყვნენ. მათ აქ დიდ პატივს სცემენ და მათ ყურადღებით მოუსმინეს. თუმცა, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ იქნება უფრო მეტი პოლიტიკური ურთიერთობა ორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს შორის.

    ვფიქრობ, მთავრობამ ყურადღებით უნდა შეაფასოს საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობა. არ მგონია რამე სადავოს ვამბობდე. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი გავლენები აქვთ, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს განვითარებაში უკიდურესად დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მას არ აქვს არანაირი არჩეული პოზიცია. ეს არ არის მდგრადი პოზიცია. ეს არ არის გამჭვირვალე და ღია სიტუაცია. მთავრობამ მეტად უნდა მოუსმინოს იმას, თუ რა სურს ამომრჩეველს და ნაკლები დრო დაუთმოს იმაზე ნერვიულობას, თუ რას აკეთებს ოპოზიცია და კონცენტრაცია გააკეთოს ქვეყნის მართვაზე.

    ბატონი ივანიშვილიროგორც თქვენც აღნიშნეთქვეყნის ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენსმასსავარაუდოდქვეყნისთვის კარგი უნდათუმცამმართველობის მეთოდირომელიც მას აქვს არჩეულიიმაზე მიუთითებსრომ მიაჩნია, რომ მხოლოდ მან იცის რა არის კარგი ქვეყნისთვისროგორ უნდა გამოსწორდეს ეს სიტუაცია?

    წარმატებული ადამიანების მახე სწორედ ესაა, რომ რაღაც მომენტში ისინი ყველა ფიქრობენ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან როგორ გაართვან საქმეს თავი და რომ ისინი ფასდაუდებლები არიან. ზუსტად ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში. მარგარეტ ტეტჩერი, ზოგიერთის არით, იმაზე მეტ ხანს დარჩა ძალაუფლებაში, ვიდრე საჭირო იყო. აქედან წამოვიდა გამონათქვამი, “ყველა პოლიტიკური კარიერა მარცხით მთავრდებაო.” საიმისო დახვეწილობის ქონა, რომ იცოდე, როდის წახვიდე ან როდის გამოერთო დროებით, პოლიტიკური ლიდერებისთვის რთული გადასაწყვეტია.

    არ ვაპირებ ბატონი ივანიშვილის მოტივების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რადგან მას საკმარისად კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველო პატრიოტებითაა სავსე, რომლებსაც ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. მაგრამ როცა ასკვნი, რომ შენი ქვეყნისთვის საუკეთესო ის არის, რომ შენ და შენი პარტია ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეთ, იმას ნიშნავს, რომ დაგავიწყდა რისთვის მოხვედი ხელისუფლებაში.

    ქართული ოცნება ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ თავიდან აეცილებინა სააკაშვილის შეცდომები და გაეგრძელებინა საქართველოს განვითარება. ვხედავ, რომ ახლა ისინი იგივე შეცდომებს უშვებენ, როგორიც სააკაშვილის მთავრობამ ბოლო წლებში დაუშვა.

    თქვენი აზრითეს დროებით ჩავარდნა საქართველოს დემოკრატიულ პროგრესშიქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე იქონიებს გავლენასარსებობს შეშფოთებარომ იმ სკეპტიკოსებმარომლებიც აქამდეც თავს იკავებდნენ საქართველოსთვის ნატოში მხარი დაეჭირათ – მაგალითადგერმანიასაფრანგეთიიტალია – შესაძლოა ახლა უფრო აქტიურად გამოხატონ სკეპტიციზმი.

    საკუთარ სკეპტიკოსებს შენს წინააღმდეგ ამუნიცია თვითონ არ უნდა მისცე. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ეფუძნება. თუ ჩნდება შეხედულება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიცაა, მაგალითად სასამართლო, გამოიყენება შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებული გზით, ეს, რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს აზიანებს. მე ყოველთვის ძალიან გულახდილი ვარ. ამიტომაც ვამბობ ამას, არ მგონია ამ წუთას ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის მარტივი, სწრაფი და გარდაუვალია.

    ამან შეიძლება საქართველოში ზოგიერთი ადამიანი წააქეზოს, რაც უნდ ის გააკეთოს, რადგან ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება შორი პერსპექტივაა. მაგრამ ნატოს და ევროკავშირს საქართველოსთვის უარი არ უთქვამს. კარი ისევ ღიაა. რა თქმა უნდა, სტრატეგიული კონტექსტი განსხვავებულია. ვიცი საქართველოსთვის ეს მარტივი არ არის, მაგრამ ქვეყანამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს მაშინაც კი, როცა დიდი პროგრესი აქვს. მაგრამ საქართველომ შეცდომები არ უნდა დაუშვას. საქართველომ უკუსვლა არ უნდა აჩვენოს, რა შემთხვევაშიც, ეს კარი კიდევ უფრო რთული გასაღები გახდება.

    ამერიკიდან ყოველი წერილის გაგზავნასთან ერთადჩნდება შეხედულებარომ ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ერევაარის თუ არა ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა?

    მე კატეგორიულად არ მგონია, რომ ეს ჩარევა იყოს. ის ვინც ერევა საქართველოს საქმეებში, რუსეთია. მოდით სრულიად მკაფიოდ ვთქვათ ის, რომ საქართველოში რუსეთი ერევა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოში არსებული ფრაგმენტაციით, დასავლეთთან გართულებული ურთიერთობით, შიდა კრიზისებით სარგებლობს, არის რუსეთი. ის, რასაც ამერიკა და ჩემი ქვეყანა აკეთებს ისაა, რომ მხარი დაუჭიროს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს — ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ნატოსთან და ევროკავშირთან მეტად დაახლოვება.

    საშუალება რომ გქონდეთ რამე ურჩიოთ როგორც მთავრობასასევე ოპოზიციასრა იქნებოდა ეს?

    ადამიანებმა, რომლებიც საქართველოდან მიცნობენ, იციან, რომ ჩემთვის ეს პერსონალურია. საქართველოში ელჩობის დროს, ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდი იმას, რომ არავის მხარეს არ ვიყავი. ვფიქრობ, საქართველოში ფსიქოლოგიური შეხედულებების შეცვლა უნდა მოხდეს. ყველამ უნდა მიიღოს ის, რომ კარგი ადამიანები მუშაობენ მთავრობაშიც და კარგი ადამიანები არიან ოპოზიციაშიც. და მათ უნდა შეძლონ თანამშრომლობა.

    როცა საქართველოში ვიყავი, რეგულარულად ვურთიერთობდი როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც არც მთავრობაში იყვნენ და არ ოპოზიციაში. ბევრი ძალიან კარგი ადამიანი იყო ამ ჯგუფებში. მაგრამ როცა ვინმეს ვეტყოდი, რომ მუშაობა მთავრობაში შეეძლო დაეწყო, ან დალაპარაკებოდა ოპოზიციის წარმომადგენელს, ამაზე რეაქცია ძალიან მყისიერი იყო – არა მაგას ვერ დაველაპარაკები, ეგ ნაც-მოძრაობის წევრია, ან მეორე იტყოდა, არა იქ რა მინდა ეგ ქართული ოცნებააო. ძალიან ხშირად, მათი სურვილები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. შეწყვიტეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, დაიწყეთ შეჯიბრი ქართველი ამომრჩევლის ხმების მისაღებად. შეწყვიტეთ ერთმანეთთან ბრძოლა, მოუსმინეთ მეორე მხარეს, გადით რაიონებში და მოუსმინეთ ქართველ ხალხს — უმუშევრობა, განათლება, ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა — ესაა თემები, რომლებზეც მათ უნდა იმუშაონ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრს ავეჯის და ტექნიკის მაღაზიების გახსნის უფლება არ მისცეს

    “ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრს ავეჯის და ტექნიკის მაღაზიების გახსნის უფლება არ მისცეს

    11 მაისიდან საქართველოში მაღიათა დიდი ნაწილის (გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა)ამუშავების მიუხედავად სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთს“ ეკონომკის სამინისტრომ ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიების გახსნის ნებართვა არ მისცა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაღაზიებს, რომლებსაც შესასვლელი პირდაპირ ქუჩიდან აქვთ, მუშაობა შეუძლიათ. სწორედ ასეთია სავაჭრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიების დიდი ნაწილი. სავაჭრო ცენტრმა განცხადება ამის შესახებ გუშინ გაავრცელა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი, რატომ არ აძლევს ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიებს მუშაობის უფლებას:

    “ძვირფასო მეგობრებო, ხვალ 11 მაისს სიხარულით გელოდებით მხოლოდ დომინოში. სამწუხაროდ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ეტაპზე, ავეჯის ჰაბისა და ელექტრონიკის მაღაზიების ოპერირების ნებართვა არ მოგვცა. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვართ ამ ფაქტის გამო! ყველანაირ სიახლეს შეგატყობინებთ“– დაწერა სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტმა სოციალურ ქსელში.

     

  • ვიყავი მოწმე სისხლის სამართლის საქმეებზე შეთანხმების, იგულისხმებოდა უგულავას შეწყალებაც – თამარ  ჩუგოშვილი

    ვიყავი მოწმე სისხლის სამართლის საქმეებზე შეთანხმების, იგულისხმებოდა უგულავას შეწყალებაც – თამარ ჩუგოშვილი

    “ვიყავი მოწმე სისხლის სამართლის საქმეებზე შეთანხმების, იგულისხმებოდა უგულავას შეწყალებაც”- პარლამენტის დამოუკიდებელეი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას გულისხმობდა.

    “მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების.

    საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდგომ.

    შეთანხმების ტექსტი ამბობს: “ვთანხმდებით, რომ კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა იქნას აღქმული, როგორც ქართული მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირება და მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.”
    ამ ჩანაწერის შესაბამისად უკვე მოხდა ხაზარაძის, გვარამიას და სხვების საქმეების უვადოდ გადადება და გათავისუფლდა თამლიანი.

    შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი. ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ოქრუაშვილის და რურუას საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით.

    მე თანამდებობა და უმრავლესობა დავტოვე საარჩევნო სისტემის ცვლილებების ჩაგდების გამო და დღემდე სწორედ ეს საკითხი რჩება მთავარ ინეტერესად, ვინაიდან ეს ცვლილებები ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად აუცილებელი მგონია.

    დღეს უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. ორივე მხარე ცდილობს ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს. მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება”, — წერს ჩუგოშვილი.

  • შეთანხმება უნდა შესრულდეს – კონგრესმენი კინზინგერი

    შეთანხმება უნდა შესრულდეს – კონგრესმენი კინზინგერი

    ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებებისას შუამავალი დიპლომატების განცხადება ტვიტერის გვერდზე გააზიარა და  მედიატორთა განცხადებას მიესალმა.

    „იდეალურად არის  ნათქვამი. უმნიშვნელოვანესია, რომ შეთანხმება შესრულდეს და წინ წავიდეთ”, – წერს კინზინგერი.

    შეგახსენებთ, რომ კონგრესმენი კინზინგერი ბოლო თვეებია აქტიურად არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ პროცესებში. ის ერთ–ერთი პირველი იყო ამერიკის კონრესიდან, რომელმაც გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ მინისტრს კრიტიული წერილი გამოუგზავნა.

     

     

  • “ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“–დიპლომატების პასუხი ქართულ ოცნებას

    “ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“–დიპლომატების პასუხი ქართულ ოცნებას

    ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას – ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს– ასე პასუხობენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავალი დიპლომატები ქართული ოცნების ლიდერების დღევანდელ განცხადებას.

    დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:

    „8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

    მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ დღეს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების შუამავალ ელჩებს  მოუწოდა საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

  • ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში გავრცელებული იყო – რას ამბობს ცნობილი ქართველი ექიმი კორონავირუსზე

    ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში გავრცელებული იყო – რას ამბობს ცნობილი ქართველი ექიმი კორონავირუსზე

    “ეს ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში რომ იყო, ამის თქმა უკვე ცალსახად შეიძლება”-  ეს განცხადება ქართველმა ქირურგმა ჯუმბერ ფარცახაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით ვირუსს ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ამიტომ შეზღუდვებიც დაწესებული არ იყო შესაბამისად დიდი ალბათობით ეს ვირუსი  დიდ პოპულაციაში  გავრცელებული ყოფილიყო.

    “ეს ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში რომ იყო, ამის თქმა უკვე ცალსახად შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩინეთი ამ ინფექციის გავრცელებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა,

    შესაბამისად იმ პერიოდში შეზღუდვები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის მოგზაურობა აკრძალული არ იყო და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით, კორონავირუსი უკვე მოხდილი აქვს“ – განაცხადა ჯუმბერ ფარცხალაშვილმა.

  • პოლიტპატიმრებს თუ არ გამოუშვებენ, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ – ვაშაძე

    პოლიტპატიმრებს თუ არ გამოუშვებენ, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ – ვაშაძე

    პირველი დღიდან არის დაფიქსირებული, თუ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მთავარი არხის ახალ გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრისას.

    არც ერთი ინტერვიუ არ მიმიცია არც მე, არც სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეს არ დამეფიქსირებინა. არ მივიღებთ ამ კონსტიტუციურ პროცესში, ამ კენჭისყრაში მონაწილეობას და გამოვა, რომ კონსესუსური სრულიად საზოგადოებრივი შეთანხმებსი ნაცვლად, საქმე გვექნება ხელისუფლების კიდევ ერთ ცალსახა ნაბიჯთან, – ამბობს ვაშაძე. 

    იგი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ხელისუფლება შეთანხმების მეორე სვეტსაც დაანგრევს. იგულისხმება საარჩევნო სისტემის ცვლილება.

    არავინ არ აპატიებს საქართველოს ხელისუფლებას, მეორედ მოტყუებას მედიატორების, საერთაშორისო საზოგადოების, ქართული საზოგადოების და შედეგად, მთლიანად ქვეყანა დაზიანდება, – ასკვნის გრიგოლ ვაშაძე.

  • ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა

    ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა.

    „ხვალიდან, 12 მაისიდან, არასამუშაო დღეების პერიოდი მთელი ქვეყნისთვის სრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულებულია ბრძოლა კორონავირუსთან. ის კვლავ სახიფათოა, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, სადაც მდგომარეობა შედარებით უკეთესია“,-განაცხადა პუტინმა.

    ამასთან, მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების თვითიზოლაციის შესახებ.

    ცნობისთვის, რუსეთში დღეის მდგომარებით კორონავირუსის 221 344 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანა შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, მას კვლავ ბრიტანეთმა გადაასწრო და ის ამჯერად მეოთხე ადგილზე იმყოფება.

  • “რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და გახსნის პროცესს დააჩქარებს”- ბითაძე

    “რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და გახსნის პროცესს დააჩქარებს”- ბითაძე

    რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და გახსნის პროცესს დააჩქარებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

    „კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით. როგორც კი იქნება ეს გადაწყვეტილება, იქვე იქნება რეკომენდაციებიც. მხოლოდ ამ პრევენციული ზომების ჩართვით მოხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენც არ გვაქვს ჯერ საბოლოო ინფორმაცია, როდის გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე ავტობუსების და საბაგიროების ამოქმედება“, – განაცხადა ბითაძემ.

    „გახსნის ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და ამ პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

    წყარო: interpressnews.ge