Category: ახალი ამბები

  • დაავიწყდა თუ არა მერიას ჭავჭავაძის გამზირზე მილების დაერთება – თბილისის მერიის განმარტება

    დაავიწყდა თუ არა მერიას ჭავჭავაძის გამზირზე მილების დაერთება – თბილისის მერიის განმარტება

    თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ხელახლა ითხრება. მისი განცხადებით, თბილისის მერიას, სავარაუდოდ, ჭავჭავაძეზე ჭების მილების დაერთება დაავიწყდა და დაგებული ასფალტი ხელახლა აყარა.

    თბილისის მერია BM.GE-სთან აცხადებს, რომ არაფერი დავიწყებიათ და ახლა ჭების წამოწევის პროცესი მიმდინარეობს. მათი განმარტებით, საფარი იმიტომ დაიგო, რომ მანქანების გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალა.

    „ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება იწყება, ჭების წამოწევა უნდა მოხდეს შესაბამის ნიშნულზე. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმისთვის, რომ ავტომანქანების გადაადგილებისთვის არ შეეშალა ხელი, მოხდა ჭების დროებით დაფარვა. ახლა მიმდინარეობს საბოლოო ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭები უნდა გასწორდეს შესაბამის ნიშნულზე“, – აცხადებენ მერიაში.

  • ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება და სარწყავი წყალი 2020 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ- გახარია

    ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება და სარწყავი წყალი 2020 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ- გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. გარდა ამისა, გახარიას თქმით, იმ ფერმერებს, ვისაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს.

    მისივე ინფორმაციით, ამისთვის ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.

    „დღეს საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა არის 42 000 სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი 2020 წლის განმავლობაში ექნებათ უფასოდ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით, ეს იქნება გრანტი. ეს ყველაფერი მოქმედებაში შევა და ფერმერებს შეეძლებათ, მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კონკრეტული დახმარებისა, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო “, – განაცხადა გახარიამ.

  • რა შემთხვევაში მიიღებენ ფერმერები დახმარებას – გახარიას განმარტება

    რა შემთხვევაში მიიღებენ ფერმერები დახმარებას – გახარიას განმარტება

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის დახმარებას ის ფერმერები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული.

    „ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილი გვაქვს დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული ნებისმიერი სახის მიწა.

    ყველა ის დახმარება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენ ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვს, წლის ბოლომდე რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს”,- თქვა გახარიამ.

    პრემიერმა ფერმერებს მოუწოდა, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ, რაც შეიძლება სწრაფად დაირეგისტრირონ, რომ დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ.

    სამეურნეო ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მთავრობა ფერმერებს 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარის ოდენობით დახმარებას მისცემს. ასევე, 1 ჰექტარზე ისინი 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებენ.

  • ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს — გიორგი გახარია

    ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს — გიორგი გახარია

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისრირებული მიწა, ყოველ 1 ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს.

    გახარიას თქმით, ფერმერებისთვის დიზელის ფასი საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი იქნება.

    “ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის. ერთმნიშვვნელოვნად შემიძლია გითხრათ გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე”, — განაცხადა გახარიამ.

    შეღავათები, რომელსაც სახელმწიფო ფერმერს სთავაზობს, შეეხება ყველას, ვინც წლის ბოლომდე მიწის რეგისტრაციას მოახერხებს.

    პრემიერის თქმით, ფერმერებს აღნიშნული დახმარებისთვის მიმართვა 20 მაისიდან შეეძლებათ.

    მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

  • ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

    ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

    „თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“- თქვა გახარიამ.

    გახარიამ აღნიშნა, რომ დახმარება დაახლოებით 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

    ფერმერებმა, დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.

  • ქალაქების ე.წ გამშვები პუნქტებიდან თავდაცვის ძალები მოიხსნა

    ქალაქების ე.წ გამშვები პუნქტებიდან თავდაცვის ძალები მოიხსნა

    უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან თავდაცვის ძალები მოიხსნა. სპეციალურ პოსტებზე 12 მაისიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან.

    უწყებათაშორისმა საბჭომ, ასევე, გახსნა სოფელი ღვანკითი. სოფელთან ე.წ გამშვებ პუნქტებზე მხოლოდ პოლიცია დარჩება და სოფლის შესასვლელთან მოსახლეობის თერმოსკრინინგს გააგრძელებს.

  • უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი – ილია II

    უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი – ილია II

    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო სულიერად გაბრწყინდება. მისი თქმით, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზე.

    „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე”,- თქვა პატრიარქმა.

    12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.  ასევე, აღინიშნება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

  • ორჯერ რომ გადააგდებ პარტნიორს და შანტაჟს დაუპირებ, ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე – ხიდაშელი

    ორჯერ რომ გადააგდებ პარტნიორს და შანტაჟს დაუპირებ, ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე – ხიდაშელი

    საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნებამ“ ის დღეც მოიყვანა, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვიტერზე“ გვითხრა, , ,,საქართველოში პოლიტპატიმრები გყავთო.”

    „ის დღეც მოიყვანა „ოცნებამ“, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიპატიმრები გყავთო, გვითხრეს. და იძახეთ ახლა შეცდომაში შეყვანილები. ჯერ ორჯერ რომ გადააგდებ პარტნიორს და მერე შანტაჟის მოწყობას დაუპირებ , ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე“, – წერს თინა ხიდაშელი.

    ცნობისთვის, 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

    “ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებაში პროგრესს გულისხმობს”,-წერს რიში ტვიტერზე.

  • სააკაშვილმა პრეზიდენტობისას შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია – ზელენსკი

    სააკაშვილმა პრეზიდენტობისას შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს თანამედროვე საბაჟო სამსახური შექმნა და კორუფცია დაამარცხა.

    მისივე თქმით, სააკაშვილს ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან.

    „მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“,-აღნიშნა ზელენსკიმ.

    შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა. ღვანკითის გამგებელი ამბობს, რომ  სოფლის შესასვლელთან ბლოკ-პოსტი მაინც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

    ღვანკითი 23 აპრილს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა. სოფელში მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა.