Category: ახალი ამბები

  • გახარია პრემიერის პოსტზე შესაძლოა ტიკარაძემ შეცვალოს

    გახარია პრემიერის პოსტზე შესაძლოა ტიკარაძემ შეცვალოს

    ინფორმირებული წყაროების ცნობით ივანიშვილი პრემიერის პოსტზე გახარიას შემცვლელად ეკატერინე ტიკარძეს ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარიას თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. არაოფიციალური ინფორმაციით გახარიას გაშვება დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად მოითხოვეს. ივანიშვილმა გახარიას შემცვლელის ძებნა დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა.  საკადრო ცვლილებებს მარტში ვარაუდობდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმები შეცვალა და საკადრო ცვლილებების საკითხი გადაიდო. ამის მიუხედავად გახარიას შეცვლა დღის წესრიგში კვლავ დგას და ბოლო ინფორმაციით ივანიშვილი მის შემცვლელად უკვე ჯანდაცვის მინისტრს განიხილავს. ეკატერინე ტიკარაძის გაპრემიერებაზე რამდენიმე თვის წინ საუბარი არც ყოფილა, თუმცა ხელისუფლების პიარ მრჩეველებმა ჩათვალეს, რომ პანდემიის დროს ტიკარაძის რეიტინგი და ცნობადობა გაიზარდა. ბოლო ორი თვის მანძილზე აშკარა იყო სახელისუფლო ექსპერტების და მედიის აქცენტები ტიკარაძის კარგი მენეჯერობის და იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სისტემამ კრიზისს თავი კარგად გაართვა. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას ხელისუფლების ოპონენტები არ ეთანხმებიან, თუმცა ივანიშვილს პრემიერის კანდიდატურის ძებნისას დიდი არჩევანი არ აქვს, შესაბამისად დღეს ტიკარაძე გახარიას შემცვლელად დღეს ყველაზე ინტენსიურად განიხილება.

    ამის შესახებ უკვე სოციალურ ქსელებშიც ხშირად წერენ, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებიც, თუმცა როდის შედგება საკადრო ცვლილება ჯერ უცნობია. საგანგებო მდომარეობის დასრულებამდე ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი ვერ მიიღებს, თუმცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა და ახალი პრემიერის დანიშვნა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა მოესწროს. შესაბამისად, ცვლილება სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე განხორციელდება.

  • თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, საქართველო აღმოჩნდება თავისი დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში – გერმანიის ელჩი

    თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, საქართველო აღმოჩნდება თავისი დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში – გერმანიის ელჩი

    გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში არჩევნების წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში აღმოჩნდება.

    ელჩმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ თავიდან იქნება აცილებული.

    “არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება, ახლა მაისის შუა რიცხვებია და საქართველოში ჯერ არ არის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ეს არჩევნები რეალურად შეიძლება ჩატარდეს. ვფიქრობ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პრობლემა საერთაშორისო რეაქცია კი არ იქნება, არამედ საქართველო აღმოჩნდება თავისი დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ თავიდან იქნება აცილებული

    მიუხედავად პანდემიისა, ძალიან კარგი მიღწევებია არჩევნებისთვის მომზადების კუთხით. ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოში ახალი საარჩევნო კანონით, უკეთესი პირობებით, ამ არჩევნების ჩატარება. თუმცა, პარტიებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. მე ჯერ არ მინახავს პარტიების წინადადებები, კანდიდატები, პროგრამები, მათი შეთავაზებები, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს უკეთესად. ეს არის პოლიტიკური პარტიების ამოცანები, რომ ამაზე იფიქრონ და მოსახლეობას თავიანთი წინადადებები წარუდგინონ. მოუთმენლად ველი ამ პროცესს,”- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

  • პატიმრები ერთმანეთის პირბადეებსა და ბოთლებს გამიზნულად იყენებდნენ რათა Covid19-ით დაინფიცირებულიყვნენ (ვიდეო)

    პატიმრები ერთმანეთის პირბადეებსა და ბოთლებს გამიზნულად იყენებდნენ რათა Covid19-ით დაინფიცირებულიყვნენ (ვიდეო)

    ბრიტანული ტელეარხი  Skynews-ი ავრცელებს ვიდეოს სადაც ჩანს რომ ლოს- ანჯელესში,  პატიმრები ერთმანეთის პირბადეებს და ბოთლებს გამიზნულად მოიხმარდნენ რათა კოვიდ19-ით დაინფიცირებულიყვნენ.

    გამოცემის ინფორმაციით, კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. პატიმრების ქმედების მიზანი, ვირუსით დაინფიცირება და შემდეგ პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება იყო.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა რომ ამ ინციდენტის შემდეგ დაპატიმრებულთა ნახევარი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული თუმცა  მიუხედავად ამისა ლოს ანჯელესის შერიფმა ალექს ვილანეუვამ განაცხადა, რომ დაინფიცირებულ პატიმრებს არ გაათავისუფლებდნენ.

    „პატიმრებს ჰქონდათ არასწორი წარმოდგენა იმაზე, რომ თუ ისინი დაინფიცირდებოდნენ კოვიდ19-ით, ეს გვაიძულებდა მათ გათავისუფლებას ციხიდან, თუმცა  ეს არ მოხდება“,- აცხადებს ალექს ვილანეუვა.

  • “ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს” – მამუკა მდინარაძე

    “ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს” – მამუკა მდინარაძე

    “”ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

    პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება არ შეეხებოდა რომელიმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და შავით თეთრზე წერია ის, რაზეც სინამდვილეში შეთანხმება მოხდა!

    შესაბამისად, ჩვენ ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

    ჩვენ შევასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, რაც მხარეებს შორის შედგა და ხელი მოეწერა – გუნდი მხარს დაუჭერს 120/30-ზე სისტემას და მოახდენს რეაგირებას მართლმსაჯულების პოლიტიზების თითოეულ მცდელობაზე.

    ფაქტია, რომ ოპოზიცია აპირებს ორივე ნაწილის დარღვევას – უკვე ღიად აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს 120/30-ზე სისტემას და ცდილობენ მოახდინონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზაცია, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და დადებული შეთანხმების პირობებს.

    რაც შეეხება შეთანხმების ცალკეულ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და გამოხმაურებებს, ფაქტია, და ეს შეთანხმების ტექსტითაც დასტურდება, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ არც ერთ მომენტში (!) არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით.

    ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ამ ფაქტს ეწინააღმდეგება, აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური დამოკიდებულება, პოლიტიკური მიკერძოებულობა, ინფორმაციის არქონა თუ სხვა.

    სუბიექტური დამოკიდებულება და მიკერძოებულობა მისი ავტორის უფლებაა, თუმცა, იმ შემთხვევაში, სადაც ფაქტის და დოკუმენტის საწინააღმდეგო განცხადება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციით, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მის აღმოსაფხვრელად.

    რეალურად, პირველივე კენჭისყრაზე გამოჩნდება, ვინ ასრულებს და ვინ არღვევს პირობას, ვინ ზრუნავს საარჩევნო გარემოს, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხალხზე და ვინ – მხოლოდ თავის კრიმინალ მეგობრებზე.

    როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ არც ერთი სისტემით შანსი არ აქვთ ,,ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ არჩევნებში, ამიტომ მათ შეცვალეს მესიჯი, სადაც ისინი არჩევნებში გამარჯვებაზე და პოლიტპატიმრებად მათ მიერვე მოხსენიებული დამნაშავეების გამოშვებაზე ლაპარაკობდნენ. ამჯერად ისინი ცდილობენ განსხვავებული გეგმით მოქმედებას, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები მათი ინტერესი არ არის.

    დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ფაქტების საწინააღმდეგო ნარატივის შექმნის მცდელობა, ისევე როგორც კატეგორიულად მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის თუ ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მართლმსაჯულებაში და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევა. როდესაც ვინმე, მაგალითად, შეწყალებაზე ლაპარაკობს, იქვე უნდა გაიხსენოს, რომ ეს პრეზიდენტის საქმეა და არა მთავრობის, პარლამენტის ან რომელიმე პარტიის.

    საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება კანონის უზენაესობა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას და მომავალშიც მოახერხებს მრავალი რთული გამოცდის ჩაბარებას ისე, როგორც ეს მოახერხა ბოლო პერიოდში მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.”- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 642 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ამ დროის მონაცმებით, 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა.

  • პარიზში არაერთი მაღაზიის ქურდობაში ქართული მაფიოზური კლანი  ფიგურირებს – ფრანგული პრესა

    პარიზში არაერთი მაღაზიის ქურდობაში ქართული მაფიოზური კლანი ფიგურირებს – ფრანგული პრესა

    თითქმის 2 წლიანი გამოძიების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა ქართულ მაფიოზურ კლანს, სახელად „Vory v Zakone”, უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაღაზიები დიდ ფინანსურ დანაკარგს არ განიცდიან, თუმცა ქართული მაფიოზური კლანის ქმედებები კარგად დაორგანიზებულია.
    ფრანგული მედიის ცნობით პარიზის სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart–იც კი, ბოლო წლებში ქურდობის რაოდენობა გაიზარდა. საქმეში ჩართულები არიან არა მხოლოდ წვრილმანი ჩვეულებრივი ქურდები, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს, ტყავის ნაწარმს ან კოსმეტიკურ საშუალებებს იპარავენ, არამედ ქართული მაფიოზები, რომლებიც კანონიერი ქურდების სახელით არიან ცნობილი.
    პარიზის პროკურატურამ სასამართლოს 35 პირის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა, “დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობისა“ და დანაშაულებრივ გაერთიანებასთან კავშირის ბრალდებით.

    ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი წერს, რომ “ქართული მაფიოზური კლანი  „Vory v Zakone”  იერარქიული ორგანიზაციაა და ჯგუფის ლიდერები ,,ქურდები“. ჯგუფის ლიდერებს ჰყავთ ე.წ. “მაყურებლები” რომლებიც უბნებს აკონტროლებენ  და ფულს უგროვებენ ლიდერებს “ობშიაკისთვის”. ამის სანაცვლოდ “მაყურებლები” ქართველი მაფიოზების   მხარდაჭერას  იმსახურებენ თუ მათ პოლიციასთან პრობლემები შეექმნებათ”

    პარიზის პროკურატურია ორ წელიწად ნახევარია გამოძიებას ატარებს. 14 ეჭვმიტანილი 2017 წლის ნოემბერში პარიზის ერთ–ერთ რაიონში დააკავეს. ძირითად ოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ და პარიზის სასამართლო პოლიციის ფინანსური გამოძიების ბრიგადამ ჩაატარა.

     

  • სარფში დაკავებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

    სარფში დაკავებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

    სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კორონავირუსი დაუდასტურდა.

    უწყების განცხადებით, ინფიცირებულს საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

    „24 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შსს-ს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადაიბარეს.

    მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ.კოვიდის სამკურნალო კლინიკაში”,- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

  • სანამ განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი მეგობრები, საქმე დეტალურად შეისწავლონ – ვოლსკი

    სანამ განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი მეგობრები, საქმე დეტალურად შეისწავლონ – ვოლსკი

    პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სანამ ისინი რამეს განაცხადებენ, საქმეს დეტალურად გაეცნონ.

    ვოლსკის თქმით, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა შესაძლებელია.

    ,,იმის მოთხოვნა, რომ პარტიულმა, სამთავრობო ან საპარლამენტო სტურქტურამ სასამართლოს მიუთითოს, როგორ მოიქცეს ან იუსტიციის სამინისტროს, რომ გააღოს საკნის კარები და გამოუშვას კონკრეტული პირები – არ არსებობს. არსებობს კიდევ ერთი აუცილებლობა, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი ადამიანი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი, საქმე უნდა შეისწავლოს დეტალურად და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რიშიმ  განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

    ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებებისას შუამავალი დიპლომატების განცხადება ტვიტერის გვერდზე გააზიარა და  მედიატორთა განცხადებას მიესალმა.

    „იდეალურად არის  ნათქვამი. უმნიშვნელოვანესია, რომ შეთანხმება შესრულდეს და წინ წავიდეთ”, – დაწერა კინზინგერმა.

    განცხადება გაავრცელეს ელჩებმაც, რომლებმაც თქვეს რომ 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს. 

  • ავღანეთში სამშობიარო კლინიკაზე შეტევას 2 ბავშვი და 11 დედა ემსხვერპლა

    ავღანეთში სამშობიარო კლინიკაზე შეტევას 2 ბავშვი და 11 დედა ემსხვერპლა

    ავღანეთის დედაქალაქში საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სამშობიარო კლინიკაზე მოხდა, რომელსაც „მედიკოსები საზღვრებს გარეშე“ მართავენ.

    გარდაცვლილთა შორის ორი ახალშობილია. „გარდიანის“ ინფორმაციით, დაჭრილია 15 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. „თალიბანში“ აცხადებენ, რომ მათ მომხდართან კავშირი არ აქვთ.

    ცნობისთვის, დღეს ქაბულის სამშობიარო საავადმყოფოში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ქვეყნის შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, გარდაცვლილთა კიდევ რაოდენობა გაიზარდოს.

  • კონკურენციის სააგენტომ 2 მლნ ხელფასებში გასცა, პურის გაძვირების მიზეზი კი ვერ დაადგინა

    კონკურენციის სააგენტომ 2 მლნ ხელფასებში გასცა, პურის გაძვირების მიზეზი კი ვერ დაადგინა

    ,,ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტო უკვე 16 თვეა პურის ფასის ზრდის მიზეზებს იკვლევს და ამ დროის განმავლობაში 2 მლნ ლარი ხელფასებში გაიცა.

    სსიპ კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,200,000 ლარით ფინანსება, სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 1.45 მილიონი ლარი, მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება.

    სააგენტო 2014 წელს შეიქმნა დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი მაშინ, როდესაც საწვავის ბაზარი შეისწავლეს

    2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოში 43 ადამიანი არის დასაქმებული, მათი სახელფასო ბიუჯეტი 1.45 მილიონი ლარია. გამოდის, თითო თანამშრომელი თვეში დაახლოებით 2,800 ლარს იღებს.

    აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გაეზარდა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. (2018 წელი – 1,861,500 ლარი, 2019 და 2020 წლები – 2,200,000 ლარი).

    კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძეა, ის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

    სააგენტოს პურის ფასის გაზრდის მიზეზების დადგენა ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის დეკემბერში დაავალა.