Category: ახალი ამბები

  • “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“– კუბილიუსი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე

    “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“– კუბილიუსი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე

    ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

    „მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიწყალა, თბილისი ყოფილი მერი, გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს“,-წერს ანდრიუს კუბილიუსი.

     

    შეგახსენებთ, რომ ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს აკრიტიკებდა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა.

    სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს საღამოს შეიწყალა.

  • “ჩემთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან“–კალაძე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    “ჩემთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან“–კალაძე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა:

    “ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, რომლებიც იქნა გაკეთებული. მე ვისაუბრე და კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაში, რომ ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა, რომელზეც იყო საუბარი ზოგადად, ცვლილება რომელიც უნდა განხორციელდეს, ეს ცვლილება ვერ განხორციელებულიყო  და ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ისინი მიმართული იყვნენ ზუსტად იმ განწყობით, რომ ეს საარჩევნო სისტემა  ვერ მიღებულიყო, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას.

    კითხვას, იცოდა თუ არა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ კალაძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მმართველ გუნდს არ ქონდა.

    “სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც აპელირება მიდიოდა 8 მარტის შეთანხმებაზე, მე ვსაუბრობდი, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების საფუძველი და ვერ იქნებოდა, რადგან ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერ მიიღებდა ამ გადაწყეტილებას. და შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე, რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობდა.პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან.“ –ამბობს კალაძე და ამტკიცებს, რომ პატიმრების გამოშვება  მარტის შეთანხმების საგანი არ ყოფილა და ხელისულება მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აღებულ პასუხისმგებლობას აღიარებს.

    კალაძე ოცნების მხარდამჭერებსაც მიმართავს:

    “მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, არცერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა. ჩვენ ყველას ვაჩევნებთ არჩევნებზე, რას წარმოადგენს ქართული ოცნება და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან.“– ამბობს თბილისის მერი.

  • “ივანიშვილმა ოპოზიციონერების ციხეში წლობით გაშვების დაპირებაც ვერ შეასრულა” – ციხე ოქრუაშვილმაც დატოვა

    “ივანიშვილმა ოპოზიციონერების ციხეში წლობით გაშვების დაპირებაც ვერ შეასრულა” – ციხე ოქრუაშვილმაც დატოვა

    საპატიმრო გიგი უგულავასთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილმაც დატოვა.

    “ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ მრავალ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ”,- თქვა ოქრუაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

    მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში, მათ შორის ელჩებს და ევროპარლამენტარებს.

    ,,მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო ჩვენი გათავისუფლება განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს ქალბატონ დეგნარს და ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ისევე როგორც სენატორ რიშს და ბატონ კუბილიუსს. რომ არა მათი შეფასებები ეს შედეგი არ შესრულდებოდა”,- თქვა ოქრუაშვილმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

    ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ ეს შეთანხმება, არ არის არჩევნების შესახებ ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის შესახებ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდირებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყო იმას რომ ოპოზიციამ ხელი შეუწყოს იმას რომ ოპოზიციამ მოახერხოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

  • “სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ ძუძუები ილოცებოდა“– გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

    “სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ ძუძუები ილოცებოდა“– გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

    გიგი უგულავამ საპატიმრო უკვე დატოვა. სასჯელაღსრულების 12 დაწესებულებიდან ის საღამოს ათი საათისთვის გამოვიდა, ზუსტად ორ საათში მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მისი და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

    გიგი უგულავა ამბობს, რომ დღეს ტელევიზორისთვის არ უყურებია და როცა საღამოს ცხრის ნახევრისთვის ეთერში გასული ტიტრი ნახა, სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა, თავიდან გრამატიკული შეცდომა ეგონა.

    “ამასობაში ანახეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ ძუძუები ილოცებოდა ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ასი წელი არ გავახსენდებოდი, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ადამიანურად ბუნებრივია მადლობას ვებუნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა.

    იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში.პირობა ეგრეა, როცა კაცი სიტყვას დებ ბოლომდე უნდა შეასრულო.

    ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ  ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერაც ზიანი იყო, ჩემი გამოშვებაც ზიანი იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებას იკეთებს სახიფათოა ქვეყნისთვის,  ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უზამს, თვითონ ამდენ თვითდაზიანებას რომ იკეთებს.

    ამიტომ არჩევნების გზით უნდა გავუშვათ.

    ეს ადამიანი არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა.“ – განაცხადა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. ის თვლის, რომ ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო და საერთაშორისო საზოგადოება ქართული საზოგადოების გვერდით დადგა.

    მან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, აქტიურობას და პრინიციპულობას აქვს ფასი და ეს ქვეყანა ,,ჩალით არ არის დახურული”.

    ,,მინდა პარტნიორებს დიდი მადლობა ვუთხრა, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებს. ამ ერთსულოვნებამ გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენს გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობის და ტყუილის ნიაღვარს, რასაც ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირდა მაინც სიმართლე და მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია ,მათ შორის ჩვენმა პრეზიდენტმა” ,- თქვა უგულავამ საპატიმროს დატოვებას.

  • ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს მითითების მიცემას, ასეთი რამ აზრადაც არ გაგვივლია – კობახიძე

    ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს მითითების მიცემას, ასეთი რამ აზრადაც არ გაგვივლია – კობახიძე

    უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმიანება და ამბობს, რომ პრეზიდენტს სავარაუდოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა.

    ,,გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, პრეზიდენტს რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე, რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ, მათი ყოფნა პოლიტიკაში”,- განაცხადა კობახიძემ.

    მისივე თქმით, მათი ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით პრობლემას არ შეუქმნიდა

    ,,არც იმას იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული“, – თქვა ,,ქართული ოცნების” ლიდერმა.

    მანვე აღნიშნა, რომ  მმართველ გუნდს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მას მითითების მიცემას ვერ აკადრებდნენ.

    ,,ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, რა არის ხელისუფლების დანაწილება, პრეზიდენტი არის გამიჯნული ხელისუფლებისგან და ასეც უნდა იყოს და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს რაიმე მითითების მიღებას და აზრადაც არ გაგვივლია ასეთი რამე”,- თქვა კობახიძემ.

    დღეს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მათ გათავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ოპოზიცია და ევროპარლამენტართა ნაწილი ითხოვდა.

  • “გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ“–სააკაშვილი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    “გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ“–სააკაშვილი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    “გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ. გილოცავთ!“– ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საღამოს რვა საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა. 

    “დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ  ყველას მიერ აღიარებულ წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად რომ ისეთი დემოკრატიული,  თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

    პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის  ქვეშ  შეიძლება დააყენოს  საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს- სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

    ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია.  მეორეს მხრივ ისიც არ სჩანს, რომ  ქართულ ოცნებას  პოლიტიკურ ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის  და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი  გააჩნდეს.
    აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა,  სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

    სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    “მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი.

    სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი  ჩემი გადაწყვეტილება  იოლი გასაგები ვერ იქნება  და  შესაძლოა ვერც მაპატიოს.
    სანამ ჩემი, ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, შეწყალების არსი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად,  უნდა განვმარტო:

    1.   არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, რომ საქართველოში  დღეს არ არსებობენ  პოლიტპატიმრები.
    ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად,  დღეს  საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში…
    გასაგები რომ იყოს, დავამატებ, პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება –  იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.
    ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად  სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს!

    2.   არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს.  შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.  ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას!

    3.   არავის, არც მანამდე, და არც ეხლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით…. და ეს უკვე არა ერთხელ დავამტკიცე!
    პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე, უნდათი არავინ არ უნდა საუბრობდეს!

    მითუმეტეს არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ  პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად თუნდაც განიხილებოდეს  საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში.

    4.   ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ  ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს.

    ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც  სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ  როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.
    როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან  ვიღებ ამ გადაწყვეტილებას

    როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალურ ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესეც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას.
    ჩემი პრინციპულობა  არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებს და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებ!

    ახლა მთავარი-  ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას?

    დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ  ყველას მიერ აღიარებულ წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად რომ ისეთი დემოკრატიული,  თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.
    პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის  ქვეშ  შეიძლება დააყენოს  საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს- სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

    ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია.  მეორეს მხრივ ისიც არ სჩანს, რომ  ქართულ ოცნებას  პოლიტიკურ ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის  და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი  გააჩნდეს.
    აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა,  სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

    ვერ დავუშვებ  ორი დამნაშავის გამო,  რომ სიტუაცია გამძაფრდეს.  ვერ დავუშვებ  ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ  შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს!

    რადაც არ უნდა მიღირდეს – და მერწმუნეთ ეს  ნაბიჯი  ჩემი მანდატის  ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება-  მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ.

    დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს.

    საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის!“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     

  • თქვენ გგონიათ, ენმ-ს უგულავა გულზე ეხატება? ეს არის სპეკტაკლი – გია გაჩეჩილაძე

    თქვენ გგონიათ, ენმ-ს უგულავა გულზე ეხატება? ეს არის სპეკტაკლი – გია გაჩეჩილაძე

    უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ აინტერესებს და ამ საკითხზე მთავრობას იმიტომ აკრიტიკებს, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალოს.

    ,,თქვენ გგონია ნაციონალურ მოძრაობას უგულავა გულზე ეხატება? და მისი პოლიპატიმრობა… ეს არის სპეკტაკლი დადგმული იმისათვის, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს მაიმუნობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, რომ როგორმე ჩავარდეს ეს [საარჩევნო სისტემა], რომ საერთაშორისო დონეზე ატყდეს ხმაური და ნაკლები მათი მეგობრები არ შევიდნენ პარლამენტში”,- ამბობს მწვანეთა პარტიის ლიდერი ტვ პირველზე.

    ცნობისთვის, ოპოზიცია და მათ შორის ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან, მათი თქმით, ,,ქართული ოცნება” 8 მარტის შეთანხმებას არ ასრულებს. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. მსგავსი ტიპის მოწოდებები გაავრცელეს ევროპარლამენტარებმაც.

  • ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს – მდინარაძე

    ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს – მდინარაძე

    უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ,,პიარული თავხედობის” მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეძლებს.

    მისივე თქმით, გარანტიისთვის კარგი იქნებოდა ოპოზიციური ძალების ხმებიც ყოფილიყო და მათ მხარი დაეჭირათ.

    ,,ეს იქნებოდა მყარი გარანტია, რომ არცერთ შემთხვევაში 1%-ითაც კი არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ ეს ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტიუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ. იმიტომ რომ ჩვენი გუნდი ფაქტობრივად მთლიანად უჭერს მხარს და დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ შორის საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზე, უჭერენ მხარს და ვფიქრობ, რომ ეს ხმები საკმარისი იქნება.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა და დღეს ამბობენ, რომ გავდივართ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ“, – თქვა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, რადგან, მათი თქმით, ,,ქართული ოცნება” 8 მარტის შეთანხმებას არ ასრულებს და არ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.

  • ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიგება

    ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიგება

    საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე საავტომობილო გზის გასაყვანად ტენდერი გამოაცხადა.

    ტენდერის ღირებულება 11 928 092 ლარია. ელექტრონული ტენდერი 29 მაისიდან დაიწყება და წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდება.

    ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზის გაყვანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

    ტობავარჩხილის ტბა ტურისტების საყვარელი ადგილია. ის სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 650 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის სიღრმე 35 მეტრია, ფართობი კი 160 ათასი კვადრატული მეტრი.