Category: ახალი ამბები

  • წერილი შეიცავს საგანგაშო გზავნილებს – გიორგი ვაშაძე პომპეოსადმი მიწერილ წერილზე

    წერილი შეიცავს საგანგაშო გზავნილებს – გიორგი ვაშაძე პომპეოსადმი მიწერილ წერილზე

    ამერიკის სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მიწერილ წერილში საგანგაშო გზავნილებს ხედავს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, სადაც ივანიშვილის რუსეთთან მოკავშირეობაზეა საუბარი.

    ამ წერილს აქვს რამდენიმე საგანგაშო გზავნილი, პირველი, ინვესტიციების შეზღუდვა, ანუ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველო ეუბნება უარს, ეს საგანგაშოა. საქართველო რაღაც შავი სქემებით თანამშრომლობს ირანთან, ეს საგანგაშო და მესამე, სამწუხაროდ, პირდაპირ არის მოხსენიებული ივანიშვილი რუსეთის მთავარ საყრდენად საქართველოში, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    გიორგი ვაშაძის შეფასებით, მსგავსი წერილი აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ აქამდე არავის გაუგზავნია.

    ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.

    წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან. ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ.

  • ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

    ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

    ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასესხო დახმარება 10 ქვეყანაზე გაიცემა, მათ შორის საქართველოზეც. კერძოდ, აღნიშნული პაკეტით, ყველაზე მეტ თანხას 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს. საქართელოსთვის გამოყოფილი სასესხო პაკეტი კი 150 მილიონ ევროს შეადგენს. ქვეყნებს შორისაა: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, ტუნისი და ალბანეთი. პარლამენტის აღნიშნულ პროექტს 547-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ამჯერად გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

  • „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. შესაძლოა შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. შესაძლოა შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“. სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან – „წერეთელი“ და „ნაძალადევი“ მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა. „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. ასევე, შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება.

    სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია.

    სწავლება უწყებათშორისია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მასში ჩართული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.

    ღონისძიების მიზანია შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა. სასწავლო წვრთნის დასრულების შემდეგ მოხდება სახანძრო-სამაშველო მოქმედებების გაანალიზება და შეიქმნება პროცედურებისა და მოქმედების გაწერილი გეგმა, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მომავალში შესაძლო ხანძრებზე რეაგირებას.

  • 18 მაისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში გარკვეული სერვისების მიწოდება, მათ შორის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება

    18 მაისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში გარკვეული სერვისების მიწოდება, მათ შორის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება

    კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფარგლებში, 18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება.

    პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

    ასევე, უწყების ინფორმაციით, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

    „სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას,მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

    პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება: – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება; – ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 677-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 677-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.

    ინფორმაციისთვის, 677 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • 3 ივნისიდან იტალიაში  საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება

    3 ივნისიდან იტალიაში საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება

    იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მოსახლეობას საკუთარ რეგიონებში მოგზაურობის უფლება ექნებათ, ხოლო 3 ივნისიდან რეგიონიდან – რეგიონში და საზღვარგარეთ. ამასთან, გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციას უფლება ექნებათ შეზღუდვები კვლავ გაამკაცრონ, თუ კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება.

    ჯერჯერობით უცნობია, საერთაშორისო მოგზაურობა ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები თუ არაწევრი ქვეყნებისთვისაც, თუმცა, იტალიური მედია ვარაუდს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის და შენგენის ზონის მოქალაქეებს შეეხება.

  • სენატორები რიში და შაჰინი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    სენატორები რიში და შაჰინი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებას გამოეხმაურნენ.

    „მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა.

    ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ. „ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული.“

    სენატორებმა რიშმა 8 მარტის შეთანხმების მიღწევიდან მალევე მხარეებს შორის ხელმოწერილი თანხმობა შეაქო. 10 მარტს მან განაცხადა, რომ “ძალიან მოხარული ვარ შეთანხმების ხილვით, რომელსაც ამ უქმეებზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და მოველი, რომ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში მისი სრული განხორციელება მოხდება,” თქვა მაშინ სენატორმა რიშმა. “მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ. იმ ფონზე, როცა საქართველო, წელს, მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად დაინერგოს და ისინი ყველა მხარემ დაიცვას,” თქვა სენატის საგარეო ურთიერთოებების კომიტეტის თავმჯდომარემ.

    იმავე დღერს, სენატორმა ჯინ შაჰინმაც გააკეთა განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მას ეიმედება “ის, რომ საქართველოს მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ. ეს კრიტიკულად აუცილებელია მათი ქვეყნის დემოკრატიისთვის.”

  • “მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“–დიპლომატების ერთობლივი განცხადება უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

    “მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“–დიპლომატების ერთობლივი განცხადება უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

    ამერიკის საელჩო ხელისუფლებისა და ოპოზიციის  პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ:

    “მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

    ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

    მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

    კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.“– ნათქვამია განცხადებაში.

  • “ გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რომლებიც ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან“–სენატორების წერილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს

    “ გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რომლებიც ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან“–სენატორების წერილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს

    ამერიკელი სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებას გამოხატავენ წერილში, რომლითაც  მიმართავენ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს.

    “გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის მოშლასა და პოტენციურად უკანონო ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი იზრდება ჩვენი წუხილი ამერიკის მტრებთან საქართველოს კავშირების გამო, რომლებიც ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

    ბოლო წლების მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დაახლოებით 50%–ით შემცირდა, რადგან გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები დასავლური ბიზნესისთვის გაიზარდა“– ნათქვამია წერილში.

    ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა კი  უკვე წლებია (2013 წლიდან) გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით და ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტი კიდევ ერთხელ იქნა შემჩნეული ირანთან დაკავშირებულ უკანონო ვაჭრობაში.

    “ამ დავებსა და გართულებებს აქვთ ღრმა გეოპოლიტიკური შედეგები. “ფრონტერას” მოპოვებითი სამუშაოს მიზანი იყო საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზანი კი იყო საქართველოს დამოკიდებულების შემცირება რუსული პორტის ინფრასტრუქტურაზე.

    უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც ლეგალური ბიზნესი გამოძევებულია, მიმდინარეობს უკანონო ვაჭრობა. ქართული ბიზნესები და ქართული საფინანსო სექტორი ამერიკაში სანქციებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისთვის წლების მანძილზე ცნობილი იყო როგორც ირანზე დაწესებული სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება ჯერ კიდევ 2013 წლიდან, მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში არსებული მცირე ზომის საბანკო ორგანიზაცია მოექცა სამი ირანელი ბიზნესმენის კონტროლქვეშ. ისინი ამ ორგანიზაციას იყენებდნენ როგორც ფულის მიმოქცევისთვის, ასევე სხვა აქტივობებისთვის,  ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპანიებისთვის და ავიაკომპანიისთვისაც კი. ქვეყნის  დასავლური ორიენტაცია და მისი პორტები ამ მხრივ ირანელებისთვის იდეალურ სამიზნეს წარმოადგენენ. ბოლოდროინდელი ცნობები უდაოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი.“–ნათქვამია წერილში.

    წერილის ბოლოს ისინი მიმართავენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს:

    “საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქართული ოცნების სახით გარეულია ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც აკეთებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში .

    მსგავს აქტივობებს აქვს გეოპოლიტიკური მოტივები, მათ შორის არის კავშირები ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის,რის შესახებ არსებობს ინფორმაცია.

    საქართველოში მდებარე შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებიც საფრთხის შემცველია ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებისთვის. მათ მათ შორის:

    პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

    არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად და განსაკუთრებით  კი, პორტებთან დაკავშირებული ქმედებების  კონტექსტში.

    საქართველო სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო თვალსაზრისით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან მარშრუტზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ამერიკისათვის, რაც თავის მხრივ ითხოვს ყურადღება მივაქციოთ და მხარი დავუჭიროთ აქ კარგ მმართველობას.

    მსგავსი გადახლართული სტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები ფედერალური მთავრობისაგან პასუხს საჭიროებს . როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ,  მოგაწოდოთ რესურსები, რაც გჭირდებათ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების გასამტკიცებლად და დასაცავად„–  ნათქვამია წერილში.

  • როგორ დახვდნენ ციხიდან გამოსულ გიგი უგულავას სახლში (ვიდეო)

    როგორ დახვდნენ ციხიდან გამოსულ გიგი უგულავას სახლში (ვიდეო)

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ დახვდნენ ციხიდან გამოსულ გიგი უგულავას სახლში ოჯახის წევრები.

    “წინა გათავისუფლებაზე ვერ დავხვდი ციხესთან, მეტიც, ურთიერთობაც არ გვქონდა, რაზედაც მართალი გითხრათ, ყოველთვის თავისებური დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ბიძინა „კარგად“ გვყავდეს და ეს დისკომფორტიც გავანულე – ამჯერად შინ, ოჯახში დავხვდი და ჩადგმით მივულოცე გიგის თავისუფლება! მალე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულსაც მივულოცავ!”- წერს ნიკა მელია.