Category: ახალი ამბები

  • თერჯოლის ცხელების ცენტრში პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა

    თერჯოლის ცხელების ცენტრში პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა

    თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ინფორმაცია “მთავართან” კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ დაუდასტურა.

    მისი განმარტებით, ცხელების ცენტრის დატოვებისას, დაცვამ დააფიქსირა, რომ პაციენტს სუბოტექსის აბები და მარიხუანას რამდენიმე პაკეტი ჰქონდა.

    ,,ნამდვილად მოხდა ასეთი შემთხვევა. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, გაწერისას დაცვამ შენიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა. პირადად, მე სუბოტექსი არ დამითვლია, თუმცა, პოლიციამ განაცხადა, რომ 55 აბი არისო და ასევე ჰქონდა მარიხუანა, – თქვა კეპულაძემ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

  • საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ეს ჩვენი ბედი და ჯილდოა – ილია II

    საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ეს ჩვენი ბედი და ჯილდოა – ილია II

    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველო სარწმუნოებაში მტკიცედ იდგა, რაც ღვთის ჯილდოა.

    დღეს ურთულესი დროა, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შედგება ცოლისა და ქმარისგან და შვილებისგან. განსხვავებული ხასიათებია, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხი გაამთლიანა და გახადა ერთიანი.

    თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი რა გვეშველება მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი

    დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატისთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი”,- თქვა პატრიარქმა.

    დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

     

  • ანძის თურქმენეთის დროში ფერებში განათება დემოკრატიის, დასავლური ღირებულებების დაცინვაა – მშვენიერაძე

    ანძის თურქმენეთის დროში ფერებში განათება დემოკრატიის, დასავლური ღირებულებების დაცინვაა – მშვენიერაძე

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე 17 მაისს თბილისის ანძის თურქმენეთის დროშის ფერებში განათებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს დემოკრატიის, დასავლური ღირებულებების და პარტნიორების დაცინვაა.

    ,,აბა თუ იცით, რა არის ის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც თურქმენეთი ზეიმობს და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოც უნდა შევუერთდეთ?

    თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორესათან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე “კონსტიტუციის და დროშის დღეს” აღნიშნავს. ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს. შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.

    ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი”,- წერს მშვენიერაძე ფეისბუქზე.

    რამდენიმე დღის წინ Tbilisi Pride-მა თბილისის მერს 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. მერიამ განმარტა, რომ თურქმენეთისგან ანძის განათებასთან დაკავშირებით წერილი მიიღეს და ვერ გამოტოვებენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

  • სასულიერო პირები ავტომობილებიდან თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

    სასულიერო პირები ავტომობილებიდან თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

    სასულიერო პირები ავტომობილებიდან თბილისის ქუჩებს აკურთხებენ და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ.

    ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ და თბილისის ქუჩებში სიარულს აპირებენ.

    ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი აქცია დაშალა.

    17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

  • ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში – მეუფე იაკობი გიორგი რურუაზე

    ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში – მეუფე იაკობი გიორგი რურუაზე

    ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი რურუა ციხეში ტელევიზიის გამო მოხვდა.

    „უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი (უგულავას და ოქრიაშვილს), მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ ახლა. თუნდაც, ტელევიზია ავიღოთ, “მთავარი” ავიღოთ, რურუა არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე პირადად, რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში. მაგი მასეა ჩემთვის”,- ამბობს მეუფე.

    მისივე თქმით, როგორც უგულავას და ოქრუაშვილის, რურუასაც მალე გაათავისუფლებენ.

    ,,რურუასაც გაუშვებენ, ტელევიზიაზე რომ მაგის მეპატრონეობა არ ყოფილყო, ვის სჭირდებოდა? აქამდე დაიჭერდნენ დაჭერა, რომ ნდომებოდათ. ვერ დაიჭერდნენ?“- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

    მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფოს ხალხი უყვარს, დიდი ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

    “მივულოცე განთავისუფლება და ნებისმიერს მივულოცავ და სახლმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. მაგენი რომ გამოუშვან შეიძლება ამერიკელებისთვის ბევრი პოლიტიკური დევნილი იყოს, ან რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის, მაგრამ რისთვის არის და რისთვის იძახიან ისინი, რომ პოლიტიკური დევნილები არიან – შეიძლება, ხელისუფლების რაღაც არ მოსწონთ და თუნდაც მაგათ გამო აღიარებენ პოლიტიკურ დევნილად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, გიორგი რურუა კი მათ შორის სავარაუდოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ჯერ მსჯავრდებული არ არის.

    პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მთავრობას ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ.

  • 17 მაისს თბილისის ანძას თურქმენეთის დროშის ფერებში გავანათებთ – მერია

    17 მაისს თბილისის ანძას თურქმენეთის დროშის ფერებში გავანათებთ – მერია

    თბილისის მერია ანძის განათების პრინციპს განმარტავს და აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება, ხოლო შემდეგ დღეებში – თეთრად.

    “სხვადასხვა ორგანიზაცია, უწყება, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.

    კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.

    ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად” – აცხადებს მერია.

    რამდენიმე დღის წინ Tbilisi Pride-მა თბილისის მერს 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა მერიას ანძის საქართველოს დროშის ფერებში განათება მოთხოვა.

  • კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კიდევ 81 მოქალაქე დააჯარიმეს

    კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კიდევ 81 მოქალაქე დააჯარიმეს

    შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 89 ადამიანი დააჯარიმეს.

    ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 81 ადამიანი დაჯარიმდა, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 7 მოქალაქე.

    გარდა ამისა, პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 პირი დააჯარიმა.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

     

  • კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისს უკავშირდება – ეზუგბაია

    კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისს უკავშირდება – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონს, ძირითადად სოფელ გეტასა და მუშავანს უკავშირდება.

    მისივე თქმით, 8 პაციენტი ინფიცირებულების კონტაქტებია, ხოლო 2 საკარანტინო სივრცეებიდან გადმოიყვანეს.

    „დღეს დილისთვის დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 695 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული დაგვემატა 6 და არის 425. დღეს 258 პაციენტი მკურალობს კოვიდცენტრებში.

    18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონიდანაა. ძირითადად ესაა სოფლები – გეტა და მუშევანი. 8 არის დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ 2 არის ახალი დადასტურებული, რომელიც საკარანტინო სივრციდანაა. ბოლნისის 8 შემთხვევიდან 4 ჩვენთთანაა მოთავსებული. დანარჩენი 4 სხვა ცენტრებშია. კიდევ ჩვენთან არის დადასტურებული ოჯახის წევრის 4 კონტაქტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

    დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საბოლოო ჯამში ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 695-ია, მათგან გამოჯანმრთელებულია 425 პაციენტი, ხოლო 12 ადამიანი გარდაცვალა.

  • ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხის გარეშე უნდა შეძლონ იდენტობის გამოვლენა – ელჩების განცხადება

    ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხის გარეშე უნდა შეძლონ იდენტობის გამოვლენა – ელჩების განცხადება

    საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ სამთავრობო უწყებებმა უნდა გააძლიერონ მუშაობა, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ჩვენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.

    წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება. ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.

    ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და შემოსავლისა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა.

    ვითარების გათვალისწინებით, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რაც ადიანის უფლებების საბჭოს და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მეშვეობით ხორციელდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.

    თუმცა, არსებული გამოწვევა მიმდინარე კრიზისის ფარგლებს სცილდება. ამ დღეს გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს იმ დისონანსთან დაკავშირებით, რომელიც შეიმჩნევა საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთებასა ადამიანის უფლებების დაცვისა და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში და იმ რუტინულ სტერეოტიპებსა და ძალადობას შორის, რომელსაც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

    მას შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის 2020 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს.

    ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა. თუმცა, პასუხისმგებლობა ამით არ ამოიწურება. რელიგიურ და სათემო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოში ტოლერანტობის კლიმატის შექმნის საქმეში.

    COVID-19-მა საქართველოს საუკეთესო მხარეები გამოავლინა, დაგვანახა ადამიანების სოლიდარობა, მათი მზაობა, იმოქმედონ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავლში ეს სულისკვეთება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ მრავალფეროვნებაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემზეც გავრცელდება, რაც ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

    ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვხედავთ საქართველოს მომავალს, სადაც განვითარების მიღმა არავინ დარჩება”, – აცხადებენ დიპლომატიური წარმომადგენლობები.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.

    17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 425

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 425

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 425-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 695 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 12 გარდაიცვალა.