Category: ახალი ამბები

  • მთავრობას მიენიჭება უფლება, საგანგებოს გარეშე შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა – ხუნდაძე

    მთავრობას მიენიჭება უფლება, საგანგებოს გარეშე შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა – ხუნდაძე

    შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებას უფლება მიეცეს, საკარანტინო რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს. საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში მუშაობა იწყება.

    პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ხელისუფლებას  შეეძლება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ ლოკაციაზე შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა.

    ,,მთავრობას მიენიჭოს უფლება, კონკრეტული ეპიდემიოლოგიური ლოკაციები, სადაც საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლებს იქ კრიზისული ვითარება დაარეგულიროს, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება.

    კანონით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაისჯება საჯარიმო სანქციით 500-დან 2000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი 2000-დან 10 000 ლარამდე,” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

    საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას განიხილავს.

    ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება.

  • ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე ინფიცირებული სოფელ მუშევანიდანაა და აქამდე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტია.

    პაციენტებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. მათი საკვლევი მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში ორი დღის წინ გადაიგზავნა.

    შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – გეტა და მუშევანი 15 მაისიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმში გადავიდა და ჩაიკეტა.

  • გაიგეთ, ხართ თუ არა მთავრობისგან კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში – საძიებო სისტემა

    გაიგეთ, ხართ თუ არა მთავრობისგან კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში – საძიებო სისტემა

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა –  https://www.rs.ge/kompensacia დაემატა, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადაამოწმონ, არიან თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

    „დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

    აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად”,- აცხადებს შემოსავლების სამსახური.

    დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

    ,,დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751 https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898 “,- წერია უწყების განცხადებაში.

  • მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაუშვეს ხელიდან – თაბაგარი ანძის განათებაზე

    მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაუშვეს ხელიდან – თაბაგარი ანძის განათებაზე

    Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის, განცხადებით, თბილისის მერიამ ანძის ცისარტყელის ფერებში განათებაზე უარის თქმით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილის გაშვების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

    “ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც აბსურდული დღე გამოიგონეს. 18 მაისსაა თურქმენეთის ეროვნული დღე და კარგად უნდა მოეძებნათ, ალბათ, თბილისის მერიის თანამშრომლებს. შეეძლოთ, ნორვეგიის კონსტიტუციის დღე მაინც ეთქვათ და არა – ეს სრულიად გამოგონილი დღე. სამწუხაროა, რომ მათ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინათ ამ ქვეყანაში და ერთი ნაბიჯი გადაედგათ წინ. სამწუხაროდ, ეს შანსი კახა კალაძემ გაუშვა”, – ამბობს თაბაგარი.

    რამდენიმე დღის წინ Tbilisi Pride-მა თბილისის მერს 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. მერიამ განმარტა, რომ თურქმენეთისგან ანძის განათებასთან დაკავშირებით წერილი მიიღეს და ვერ გამოტოვებენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

  • ივანიშვილის გუნდი მოძალადე ჯგუფებს მფარველობს – ევროპული საქართველო

    ივანიშვილის გუნდი მოძალადე ჯგუფებს მფარველობს – ევროპული საქართველო

    ევროპული საქართველო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს დღემდე სიძულვილისა და შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება.

    განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილის გუნდი მოძალადე ჯგუფებს მფარველობს და პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს.

    “დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ჩვენს მოქალაქეთა ნაწილს დღემდე სიძულვილის, ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

    ყველა წესიერი ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას და დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები. სამწუხაროდ, დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოახერხა ამ მიმართულებით იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. ხოლო ივანიშვილის გუნდი, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ისე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მფარველობს მოძალადე ჯგუფებს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს. 2013 წლის 17 მაისის დარბევის დაშვება და მოძალადეთა დაუსჯელობა ამის ნათელი დასტურია.

    ამ თემით სპეკულირებისა და ძალადობრივი ჯგუფების შეზღუდვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან მოძალადეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინურია და მათ უკან როგორც პოლიტიკურად ისე ფინანსურად რუსეთი დგას. ყველა დემოკრატიული და ღირსეული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ამოცანაა, გაერთიანდეს როგორც ქვეყნის შიგნით პიროვნული თავისუფლების, ისე მთლიანად საქართველოს თავისუფლების დასაცავად”, – წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

    17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

  • ტრანსგენდერი ქალის აქცია ჩაიშალა – მას დაემუქრნენ, რომ “ძვლებში დაამტვრევენ”

    ტრანსგენდერი ქალის აქცია ჩაიშალა – მას დაემუქრნენ, რომ “ძვლებში დაამტვრევენ”

    ტრანსგენდერი ქალი, გაბრიელა როსკიპოვა კანცელარიასთან ერთკაციანი აქციის ჩატარებას აპირებდა. მას დაემუქრნენ, რომ ,,ძვლებში დაამტვრევენ”, რის გამოც აქცია ჩაიშალა.

    ,,გაამზადა ბანერი წარწერით. მხოლოდ 5 წუთი უნდოდა გამოჩენა. აღარ უნდა მალვა, აღარ უნდა გარიყული ყოფნა, უნდა იცხოვროს სამართლებრივ, დაცულ ქვეყანაში, მაგრამ….. მაგრამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. შეუთვალეს, რომ “ძვლებში დაამტვრევენ”, თუ გავა. მაინც მიდიოდა. გადავაფიქრებინეთ”,- წერს აქტივისტი ნატა ფერაძე.

    ამჟამად კანცელარიასთან ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი და რამდენიმე ადამიანი იმყოფება. მათი თქმით, დღის ბოლომდე მორიგეობას აპირებენ.

    17 მაისი ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

  • პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებით ოჯახის სიწმინდეს მიაყენა შეურაცხყოფა – კობახიძე

    პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებით ოჯახის სიწმინდეს მიაყენა შეურაცხყოფა – კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებით ოჯახის სიწმინდეს მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან რელიგიური რიტუალები ხელკეტად გამოიყენა სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ.

    ,,როგორც არქაული შამანები სივრცის გაწმენდას აკეთებდნენ, დღევანდელ დღეს კათოლიკოს პატრიარქმა დაარსა ოჯახის სიწმინდის დღე, ასე ჩაანაცვლა, რითაც ოჯახის სიწმინდესაც მიაყენა შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არ შეიძლება ლოცვა, მარხვა, რელიგიური რიტუალები გამოყენებული იყოს ხელკეტად ვინმეს საწინააღმდეგოდ. იყო ჩვენს ისტორიაში ასეთი უამრავი შემთხვევა”,- ამბობს ბასილ კობახიძე ტვ პირველზე.

    მისივე თქმით, საპატრიარქომ შავი გაგების ჰომოფობია პატრიოტულ ჰომოფობიად გადააქცია, რითაც ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს.

    ,,ყოფითი ე.წ. შავი გაგების ჰომოფობია ეკლესიამ გადააქცია რელიგიურ, პატრიოტულ ჰომოფობიად, რომელიც იმდენად გაავრცელა, რომ პოლიტიკოსები იძულებულები არიან, მიიღონ ამაში მონაწილება. საპატრიარქო ამით აკეთებს ძალაუფლების განმტკიცებას და საკუთარი მრელის დაშინებას, პანიკაში ამყოფებს მათ, რომ უმცირესობები ემუქრებიან როგორც ჩვენს ღირებულებებს, ისე ჩვენს სულიერ ცხოვრებას”,- განაცხადა ბასილ კობახიძემ.

    ის ასევე აღნიშნავს, 2013 წლის 17 მაისის დარბევა ოფიციალურად საპატრიარქომ განახორციელა და არა მარგინალმა მღვდლებმა.

    ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი აქცია დაშალა.

    17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

  • უკრაინიდან ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვლის ექსტრადირება მოხდა

    უკრაინიდან ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვლის ექსტრადირება მოხდა

    საქართველოს დაცვის პოლიციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება მოხდა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

    „კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში.

    მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – წერია უწყების განცხადებაში.

    ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

  • ჩინეთის ელჩი ისრაელში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    ჩინეთის ელჩი ისრაელში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    ჩინეთის ელჩი ისრაელში, დუ ვეი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

    ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

    57 წლის დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად 2 თვის წინ დაინიშნა და თელ-ავივის გარეუბანში ცხოვრობდა. ჩინელი დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

  • აღმოვაჩინეთ ანტისხეულები, რომლებიც COVID-19-ს სხეულიდან განდევნიან – ამერიკელი მეცნიერები

    აღმოვაჩინეთ ანტისხეულები, რომლებიც COVID-19-ს სხეულიდან განდევნიან – ამერიკელი მეცნიერები

    ამერიკული ბიოფარმაკცევტული კომპანიის, Sorrento Therapeutics-ის მეცნიერების განცხადებით, მათ ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელსაც კორონავირუსის დაბლოკვა და სხეულიდან განდევნა შეუძლიათ.

    “არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც 100%-ით მუშაობს. თუ თქვენს სხეულში ამ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს შევიყვანთ, მაშინ ფიზიკური დისტანცირება აღარ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ წარსდგეთ საზოგადოებაში შიშის გარეშე”, – თქვა კომპანიის დამფუძნებელმა ჰენრი ჯიმ.

    კომპანიამ მილიარდობით ანტისხეული გატესტა, რის შედეგადაც ის ანტისხეულები აღმოაჩინეს , რომლებიც სავარაუდოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანად იმუშავებს.

    “როდესაც ანტისხეული იცავს უჯრედს ვირუსის შესვლისგან, ვირუსი ვერ გადარჩება. ანტისხეული ვირუსს ხელებს ხვევს და სხეულიდან გარეთ უშვებს”, – თქვა ჰენრი ჯიმ.

    მისივე თქმით, STI-1499 ტიპის ანტისხეული ადამიანის უჯრედებს ვირუსისგან 100%-ით იცავს.

    ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ექიმი ამეშ ადალიას აცხადებს, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური მაინც ვაქცინა იქნება და მას ვერანაირი წამალი ვერ შეედრება.

    უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 313 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა,  4 743 181 ადამიანი დაინფიცირდა ხოლო მათგან 1 800 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.