Category: ახალი ამბები

  • უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე ივანიშვილს, გახარიას, თალაკვაძეს წინასწარ შევატყობინე – ზურაბიშვილი

    უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე ივანიშვილს, გახარიას, თალაკვაძეს წინასწარ შევატყობინე – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე განცხადების გაკეთებამდე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერს, გიორგი გახარიას წინასწარ  შეატყობინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.

    ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება, რომ მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი ყოფილიყო სახელმწიფო შტოებისთვის.

    “სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებაზე და როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე იმ შტოებს, ინსტიტუტებს ქვეყნის, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს — ბიძინა ივანიშვილს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

    15 მაისს პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მმართველი გუნდის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს და თქვეს, რომ მათთვის ეს მოულოდნელი იყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ შეწყალებაზე წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონია.

  • ეს ჩემთვის უკიდურესად მძიმეა – გახარია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    ეს ჩემთვის უკიდურესად მძიმეა – გახარია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის მძიმეა. მისი თქმით, ესმის მოქალაქეების გაბრაზების, რადგან ,,პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას” უყურებენ.

    შეწყალებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ან ადამიანმა რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ იმის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

    კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ უყურებენ ვიღაც პრივილეგირებულ პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები აცხადებდნენ, რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. საპატიმრო გიორგი რურუას არ დაუტოვებია.

  • თქვენ ხართ ადამიანი–ვირუსი, სხვა რა გიწოდოთ? – რომან გოცირიძე მათიკაშვილს

    თქვენ ხართ ადამიანი–ვირუსი, სხვა რა გიწოდოთ? – რომან გოცირიძე მათიკაშვილს

    ენმ–ს ლიდერმა რომან გოცირიძემ, უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს ადამიანი–ვირუსი უწოდა.

    „თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს არა ადამიანის, არამედ- ადამიანი ვირუსის. თქვენი დღევანდელი განცხადება არ არის პოლიტიკოსის განცხადება“,-მიმართა რომან გოცირიძემ მათიკაშვილს.

    სიტყვიერი შელაპარაკება მათიკაშვილის განცხადებას მოყვა. მან ნაციონალური მოძრაობა ეპიდემიად მოიხსენია.

    ,,საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანა. კოვიდ-ეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით დასახიჩრდა, დაიკარგა საქართველოს 1/3 ტერიტორია და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ეს ყველაფერი”,– განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

  • მოეწონა ხელისუფლებას კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ – ჭიჭინაძე

    მოეწონა ხელისუფლებას კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ – ჭიჭინაძე

    პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა შეძლებს,  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სხვადასხვა შეზღუდვები დააწესოს.

    მისი თქმით, ხელისუფლებას მოეწონა კანონგარეშედ არსებობა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ დეპუტატები, რომლებიც ამ კანონს ხმას მისცემენ, მომავალში აუცილებლად დაისჯებიან.

    „როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ; ძალიან მოეწონა საუკუნეების განმავლობაში მოპოვებული ფუნდამენტალური უფლებების ერთი ხელის მოსმით ჩამორთმევა. ამიტომ, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, მომავალში აუცილებლად დაისჯება”,– აცხადებს ჭიჭინაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” არ ჩაატარებს, შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს.

    ,,თუმცა, ყველას გვახსოვს ისიც, რომ ახლანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ შს მინისტრობის დროს დარბოდა თავის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალებით, საჭირო იყო თუ არა და კინაღამ „ააფეთქა“ ქვეყანა არაერთხელ და ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნების დროს რომ იქნება ასეთი უფლებები, რა მოხდება მერე?! ანუ, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ჩაატარებს არა „ქართული ოცნება“ , დიდი ალბათობით შესაძლოა კანონგარეშე გამოცხადდეს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

    პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

  • ეჭვებს აჩენს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინასაარჩევნოდ საფრთხილოა – ჯაში ახალ კანონპროექტზე

    ეჭვებს აჩენს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინასაარჩევნოდ საფრთხილოა – ჯაში ახალ კანონპროექტზე

    უმრავლესობის ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდველი ღონისძიებების გატარება შეეძლება.

    მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვებს აჩენს და მისი მიღება წინასაარჩევნოდ საფრთხილოა, რადგან მთავრობას გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს.

    ,,პირველ რიგში, შეუძლებელია დავა იმაზე, რომ უპირველესი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნები. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ძალიან მცირე დრო დღევანდელ ბიურომდე, რომ შევსულიყავით დეტალურ განხილვაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს ვემსახურებოდი ჩემი პროფესიული გზის უდიდესი ნაწილი, ეს გადაწყვეტილება, პირველი შეხედვით, რეალურად აჩენს სერიოზულ ეჭვებს.

    ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მართვის დროს. არამხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა ეს ტენდენციები. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს. ამგვარად, ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, პრემიერმინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშვალდებულება, NCDC-ისთან რეგულარული დიალოგის საშუალება საპარლამენტო სიტუაციაში, ამდენი შეკითხვა არ იქნებოდა”,– თქვა ჯაშმა.

    გახარიას განმარტებით, პარლამენტს იმიტომ მიმართეს, რომ შეზღუდვები საჭიროა, თუმცა კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა – არა.

    ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

    პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

     

  • მთავრობამ საგანგებოს გარეშე შეიძლება შეზღუდვების დაწესება შეძლოს – გახარიას განმარტება

    მთავრობამ საგანგებოს გარეშე შეიძლება შეზღუდვების დაწესება შეძლოს – გახარიას განმარტება

    პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მიმართმა მთავრობამ პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებოს გარეშე გაატაროს შემზღუდავი ღონისძიებები.

    გახარიას თქმით, შეზღუდვები გვჭირდება, თუმცა არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ამიტომ მივმართეს პარლამენტს.

    ,,ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა ეს შეზღუდები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული”,– განაცხადა გახარიამ.

    მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა.

    ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

    პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

    მისი ერთ–ერთი ინიციატორის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ,,სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას”.

  • მაკალისტერი რურუას მოიხსენიებს პოლიტპატიმრად, აცდენილია მისი განცხადებები რეალობას – კობახიძე

    მაკალისტერი რურუას მოიხსენიებს პოლიტპატიმრად, აცდენილია მისი განცხადებები რეალობას – კობახიძე

    უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარი დევიდ მაკკალისტერის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან თქვა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.

    კობახიძე ამბობს, რომ მაკალისტერის განცხადებები საქართველოში არსებულ რეალობასთან აცდენილია.

    ,,რაც შეეხება მაკალისტერს და რამდენიმე მის კოლეგას, რომელიც სამწუხაროდ ისეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე, რომელიც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სინამდვილეს, ერთ-ერთმა კოლეგამ დღეს ძალიან კარგი პასუხი გასცა, როდესაც შეახსენა, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და როდესაც ახსენა მან, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ფეიკ ნიუსის გამავრცელებლები. ეს არის ადეკვატური შეფასება.

    რა თქმა უნდა, როდესაც გიორგი რურუას მოიხსენიებს მაკალისტერი პოლიტპატიმრად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

    მაკალისტერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხის განხილვისას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR) კითხვით მიმართა, რას აკეთებენ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

  • მთავრობისგან ამ უფლების მოთხოვნაც კი შემაშფოთებელია – რატიანი ახალ კანონპროექტზე

    მთავრობისგან ამ უფლების მოთხოვნაც კი შემაშფოთებელია – რატიანი ახალ კანონპროექტზე

    ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

    რატიანის აზრით, დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ასეთი უფლების მინიჭება სრულიად დაუშვებელია და შემაშფოთებელია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. მისი თქმით, ოპოზიცია ავტორიტარიზმის სურვილს ხედავს.

    “ბუნებრივია, ქართული ოცნების პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა იყოს დაწესებული, ის უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება.

    მსგავსი უფლებების მოთხოვნაც კი არის შემაშფოთებელი და ეს არის ბერკეტი იმისათვის, რომ პარლამენტის როლი იყოს დაყვანილი მინიმუმამდე, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში უბრალოდ თავხედობაა ამის მოთხოვნა”,– აცხადებს რატიანი.

    ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

    პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

    მისი ერთ–ერთი ინიციატორის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ,,სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას”.

  • თაკო ჩარკვიანი გაერთიანებულ ოპოზიციას პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს სთავაზობს

    თაკო ჩარკვიანი გაერთიანებულ ოპოზიციას პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს სთავაზობს

    პარტია “კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი 12პარტიისგან შემდგარ გაერთიანებას – ძალა ერთობაშია – პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს სთავაზობს. ამ კანდიდატურას ის გაერთიანების შეკრებაზე აყენებს. ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს მისი პირადი აზრია, თუმცა გაერთიანებაში თანამოაზრეებიც ყავს და საკითხი უმრავლესობით გადაწყდება:

    “პროპორციულთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რომ დასრულდება საუბარი, გადადის ყველაფერი საარჩევნო რეჟიმში.

    ჩემი რჩეული კანდიდატი ყოველთვის იყო გრიგოლ ვაშაძე და ახლაც ვრჩები მისი პიროვნების და პროფესიონალიზმის ამღიარებლად, მაგრამ იქ იყო საუბარი პრეზიდენტის ინსტიტუციაზე და ძალიან დიდი წარმატება დადო ამ გაერთიანებამ – ძალა ერთობაშია, რომლის დაშლის მცდელობა და სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან ყველაზე დიდი დარტყმა ივანიშვილს იმ პროექტმა მიაყენა, რაც იყო მეორე ტური.

    ახლა საუბარი არ არის ბატონი გრიგოლის უგულებელყოფაზე , რას ბრძანებთ, ბატონი გრიგოლი არის იმ პოლიტიკოსთაგანი, რომელსაც პატივს ვცემ და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.

    უბრალოდ პრემიერის ინსტიტუციაზეა ახლა საუბარი და მე ჩემი აზრი გამოვთქვი, და მინდა რომ დავაყენოთ ჩვენს გაერთიანებაში საკითხი.“– ამბობს თაკო ჩარკვიანი.

    რაც შეეხება გაერთიანებაში შემავალი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, ჩარკვიანი ამბობს, რომ გაერთიანება არავის აქვს პრივატიზებული:

    “მე და არავინ აქ არავისი პრივატიზებული პოლიტიკოსები არ ვართ და პარტიები. მთელი ხიბლი ამ გაერთიანებისა, ძალა ერთობაშია, და რაც მომწონს ზუსტად ნაცმოსთან ურთიერთობაში, ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ვიყავით აზრის გამოთქმაში.

    შევჯერდებით. მე დავაყენებ საკითხს. უმრავლესობაში მოხვდება, ნაციონალური მოძრაობის აზრი– ძალიან კარგი. არ მოხვდება – გადაწყდება ისე, როგორც ბევრი საკითხი გადაწყვეტილა თორმეტ პარტიაში, ამ გაერთიანებაში – ძალა ერთობაში.

    ეს არის ძალიან ნორმალური ურთიერთობა და ამას უნდა მივეჩვიოთ. აქ ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე პარტიის მონათა ყრილობა არ არის. აქ არის 12 პარტია.“

    თაკო ჩარკვიანი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ოპოზიციის “გაერთიანებულმა მაგიდამ“, რომელიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბება  ყველა პოლიტდევნილის საკითხი დააყენა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

    “ეს ცოტა გასაკვირელია საკითხი არ გახლავთ? მოდით ობიექტურები ვიყოთ,ყველა პოლიტდევნილი აღმოჩნდა, გარდა იმ რეფორმატორისა, რომელიც იყო?

    მე გავემიჯნე ჯერ კიდევ თვეების წინ ამ პარტიების თავყრილობას. მხოლოდ პროპორციულის და პოლიტპატიმრების გამო შევასრულე პატიოსნად პირობა, მაგრამ დასრულდა ახლა , იწყება საარჩევნო რეჟიმი. რატომ გამოიწვია ვნებათაღელვა გამოიწვია გარკვეულ ადამიანებში, მიკვირს, ახალგაზრდაა, ეკონომიკაში გარკვეული, ბრწყინვალედ  მიშა სააკაშვილის რეფორმების უბრწყინვალესი შემოქმედი გიორგი ვაშაძე იყო, იუსტიციის სახლი შეასრულა. როგორ შეიძლება ამ  კადრის  დაკარგვა.  ჩემთვის ალტერნატივა როგორც ახალგაზრდა კადრს პრემიერობისთვის არ ჰყავს. მე ამ აზრს გამოვამზეურებ, თუ ეს მოხვდება უმრავლესობაში, ძალიან გამიხარდება. არ მოხვდება, არ მოხვდება.  კონსულტაციები გვაქვს უკვე და ვიცი რომ ბევრი  ადამიანი ჩვენს გაერთიანებაში ემხრობა.“– ამბობს ჩარკვიანი.

    ის არ პასუხობს კითხვას, ემხრობა თუ არა ვაშაძის კანდიდატურას მიხეილ სააკავშილი:

    “მოდით შევინახავ მე ამ ნიუანსებს. არ მიყვარს ყველაფრის გამოტანა საჯაროდ. ის, რომ გიორგი ვაშაძის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ქონდა საერთოდ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის დროს, როდესაც რეფორმა ბრწყინვალედ შედგა სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის რეფორმა, ამაზე მეტყველებს, რამოდენიმეჯერ ბოლო დროსაც ნახეთ როგორ კონტექსტში მოიხსენია. მე ჩემი თავის მაგივრად ვლაპარაკობ, არავის მაგივრად არ ვლაპარაკობ.

    მე პრინციპულ ახალგაზრდად ვხედავ გიორგი ვაშაძეს და ძალიან მინდა ჩემ საქართველოს შევთავაზო ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ეკონომიკაში ერკვევა, რომელსაც ვერ მიაძახებ, რომ სისხლში გასვრილი იყავი და რაღაცა იყავი.

    თუ ვიღაცა ეჭვიანობს რაღაცას და რაღაცა სხვა პრობლემები აქვს, არის კიდევ რაღაც დაჯგუფება, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს, მათი პრობლემები იყოს. დავაყენოთ საკითხი და გადაწყდება. არაფერი აქ ასაღელვებელი არ არის.  ეს არი სამუშაო შეკრება. გავა ჩემი კანდიდატურა, კარგი. არ გავა და ნუ გავა. მე ეჭვი მაქვს რომ გავა.“– ამბობს თაკო ჩარკვიანი.

  • არანაირი ერთბაშად სწრაფი გახსნები ვერ იქნება – გახარია

    არანაირი ერთბაშად სწრაფი გახსნები ვერ იქნება – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ნაბიჯები გააზრებული უნდა იყოს, ეკონომიკა კი ერთბაშად, სწრაფად არ გაიხსნება.

    „ჩვენ პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილიდან, იმიტომ, რომ იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთულია, კახეთში და რეგიონში ბევრად უფრო მარტივია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება .

    ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გახარიამ.