Category: ახალი ამბები

  • ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის, მათთვის მიმართვისა და მხარდაჭერის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

    ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის, მათთვის მიმართვისა და მხარდაჭერის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

    ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

    მისივე თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

    “დაკავებულ თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, მ.გ.-სა და ზ.ტ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში; ნ.ო.-ს, ზ.თ.-ს, ბ.შ.-ს, კ.ბ.-ს, გ.ბ.-ს და ი.ნ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო გ.ბ.-ს და ი.ბ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში.

    გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

    გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს,” – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

    მისივე თქმით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

    დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • რა ძირითადი მოთხოვნები იქნება გასათვალისწინებელი საზოგადოებრივი ტრანპორტით სარგებლობისას

    რა ძირითადი მოთხოვნები იქნება გასათვალისწინებელი საზოგადოებრივი ტრანპორტით სარგებლობისას

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა  აუცილებელი ხდება.

    “საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების ტარება აუცილებლად. მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, გვესმის, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა”, – განაცხადა იმნაძემ.

    “სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

  • სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს – სუსი

    სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს – სუსი

    ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

    “უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას,” – აცხადებენ სუს-ში.

  • “რატომ გაჩერდით გზის ნახევარზე? გიორგი რურუა ჯერ კიდევ ციხეშია”- ევროპარლამენტარი რურუას გათავისუფლებას ელოდება

    “რატომ გაჩერდით გზის ნახევარზე? გიორგი რურუა ჯერ კიდევ ციხეშია”- ევროპარლამენტარი რურუას გათავისუფლებას ელოდება

    “რატომ გაჩერდით გზის ნახევარზე?, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია ”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალცკი სოციალურ ქსელ თვითერზე წერს. ევროპარლამენტარი უგულავასა და ოქრუაშვილის განთავისუფლებას მისეალმება თუმცა ასევე აღნიშნავს რომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია.

    “კარგი ახალი ამბავია საქართველოდან. მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ, რატომ გაჩერდით შუა გზაზე? გიორგი რურუა კვლავ ციხეშია პოლიტიკური საფუძვლებით. ევროკავშირი ელოდება მის გათავისუფლებას, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის”- წერს ევროპარლამენტარი.

    </div

  • არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურის დასახელება, ჩასავარდნად არის განწირული – ძაბირაძე

    არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურის დასახელება, ჩასავარდნად არის განწირული – ძაბირაძე

    ადრეა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება. ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თაკო ჩარკვიანის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას.

     

    „როდესაც არ ვიცით, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, შევა თუ არა შესწორებები კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება საერთოდ პოლიტიკური სპექტრი, ასეთი ინიციატივა ნააადრევია. მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ვინმეს კანდიდატურა დასახელდეს, მაგრამ მაშინ უნდა დასახელდეს, როცა ამას ფასი ექნება. დღეს, ქალბატონ ჩარკვიანს გიორგი ვაშაძე მოსწონს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას რატომღაც დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ვაშაძემ თქვა, რომ თურმე 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მას ასახელებდა პრემიერად. ამას იცით რატომ ვამბობ, ნებისმიერი ამგვარი გახმოვანება დროზე ადრე და მითუმეტეს, როდესაც შეთანხმებული არ არის და არ არის მოლაპარაკების თემა, ოპოზიციის სამომავლო ერთიანობისთვის არის ხელისშემშლელი. თუ ამას ვერ ხვდებიან, მაშინ არ ვიცი, გაცილებით სერიოზული პრობლემები ჰქონიათ, ვიდრე მე მგონია. ადრეა პრემიერის დასახელება, ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! აქ საუბარი არ არის იმ პარტიებზე, რომლებიც „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, არამედ საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ზოგადად, როდესაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურა სახელდება, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოში ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, როცა სპექტრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, ეს ფიგურა ჩასავარდნად განწირულია“, – განაცხადა ძაბირაძემ.

  • მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 0000000–ს გადააჭარბა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 325 156 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 1 970 918.

    პირველ ადგილზე დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია–1,570,583 დაინფიცირებულით და 93,533 გარდაცვლილით.

    მეორე ადგილზეა რუსეთი– 308,705 დაინფიცირებულით, თუმცა რეგისტრირებულ გარდაცვილთა რაოდენობა ამ ქვეყანაში პროცენტულად დაბალია – 2,972 გარდაცვლილი.

    მესამე ადგილზეა ესპანეთი278,803 დაინფიცირებულით და 27,778 გარდაცვლილით.

    ბოლო კვირას ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ბრაზილიაში და ამ ქვეყანამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 271,885 დაინფიცირებული და 17,983 გარდაცვლილი – ასეთია ამ ქვეყნის მონაცემები.

    მეხუთე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი –248,818 დაინფიცირებული და 35,341 გარდაცვლილი.

    იტალიამ კი მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ქვეყანაში ბოლო კვირებში ვირუსის გავრცელება შეშნელდა  – 226,699 დაინფიცირებული და 32,169 გარდაცვლილი.

    მეშვიდე ადგილზეა საფრანგეთი, მერვეზე გერმანია, შემდეგ მოდის თურქეთი, მეათე ადგილზე კი ირანია.

  • თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

    თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

    თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    „თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. პრობლემა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, თბილისიდან რუსთავში ჩასვლა უნდა, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც რუსთავში ცხოვრობს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სერიოზული კომფორტი იქნება. შესაბამისად, მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდეგნილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები საიდან უნდა გავიდნენ ავტობუსები რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია ამ პასუხისმგებლობას აიღებს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. იმოძრავებს განახლებული ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

  • თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარიას ანდრია ბასილაია ჩაანაცვლებს

    თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარიას ანდრია ბასილაია ჩაანაცვლებს

    თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს. ამის შეასხებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

    „მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი“, მანამდე კი „ვესტთაუნის სკოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ. ანდრია არის მაგარი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანი და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა კალაძემ.

    ცნობისთვის, ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.

  • პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მილიონობით ლარი ქართული ოცნების შემომწირველებს გადაურიცხა. IDFI-ის კვლევა

    პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მილიონობით ლარი ქართული ოცნების შემომწირველებს გადაურიცხა. IDFI-ის კვლევა

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარებისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მილიონებიან შეკვეთებზე მოდის:

    საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის განკარგულებით, სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით, ააიპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა არაუმეტეს 5,000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონის ნაწარმისა და 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ჯამურად შესყიდვების სააგენტოსგან 16 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელება მოითხოვა, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით. აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში 2 ხელშეკრულება გაფორმდა:

    3 აპრილს სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს მზიურთან 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის მიწოდებაზე, რომლის ჯამურმა თანხამ 1,424,400 აშშ დოლარი შეადგინა. 3 აპრილის გაცვლითი კურსით ეს თანხა 4,531,443.72‬ ლარია. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 11 მაისის მდგომარეობით მიღება-ჩაბარებების აქტები 448,098$-ზეა გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულება კვლავ ძალაშია.

    მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების დანართის მიხედვით, შპს მზიური სააგენტოს რუსული წარმოების პროდუქტით უზრუნველყოფს:

    რაც შეეხება მიმწოდებელ კომპანია შპს მზიურს, მისი დირექტორი შოთა ბასილაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – დიმიტრი რამიშვილი. ორივე მათგანს, ერთსა და იმავე დღეს ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისათვის 80-80 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

    კომპანიის 100%იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც მრავალ კომპანიაში ფლობს წილს. ახვლედიანის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორია ნოდარ საბანაძე, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია და ამასთან, დაკავშირებულია შსს მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძესთან. მედიის ინფორმაციით, ნოდარ საბანაძე დგას ასევე ერთ-ერთი სამკერვალო კომპანიის უკან, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრომ „აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში დოლბანდის პირბადეების შეკერვა დაავალა.

    ასევე, 3 აპრილს გაფორმდა 5,000 ტონა შაქრისა და 500 ტონა მაკარონის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შპს ალფასთან, რომლის ჯამურმა ღრებულებამ 2,808,400 აშშ დოლარი შეადგინა, რომლიც ხელშეკრულების გაფორმების თარიღის ოფიციალური გაცვლითი კურსით 8,934,362.92‬ ლარია. ამ ეტაპზე აღნიშნული შესყიდვის მიღება ჩაბარების აქტები არ არის ატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შესყიდვაშიც პროდუქციის ნაწილი, კერძოდ, 500 ტონა მაკარონი, ასევე რუსული წარმოებისაა, რომელშიც სახელმწიფომ 212,400$ გადაიხადა.

    შპს ალფას 100% წილის მფლობელი კობა კურდღელაშვილია, რომელიც VII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა 2016 წელს ქართულ ოცნებას სწორედ შპს ალფას სახელით შესწირა 120,000 ლარი. კურდღელაშვილის მონაწილეობა სხვა 9 კომპანიაში ფიქსირდება, მისი ბიზნეს პარტნიორები სხვადასხვა კომპანიებში არიან როგორც ქართული ოცნების შემომწირველები, ასევე მმართველ პარტიასთან სხვა სახით დაახლოებული პირები. მაგალითად, კურდღელაშვილის ბიზნეს პარტნიორია ვაჟა ოქრიაშვილი, რომელიც პსპ ფარმას დირექტორი და ამავე კომპანიაში კახაბერ ოქრიაშვილის 95%-იანი წილის მმართველია. თავის მხრივ, კახაბერ ოქრიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია ქართული ოცნებიდან. ჯამურად ზეთის, შაქრისა და მაკარონის მარაგების შესაქმნელად სახელმწიფოს 13,465,806.64‬ ლარის ხელშეკრულება აქვს დადებული.

    შპს “მადაგონი-2”

    თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტმა Covid-19-ის გამო დამდგარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით შესყიდვების სააგენტოს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოთხოვნით 20 მარტს მიმართა. მიღებული თანხმობის საფუძველზე, 25 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით, 17 გამარტივებული ხელშეკრულება დადო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 411,532 ლარი შეადგინა. ყველა შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებელი ერთი კომპანიაა – შპს „მადაგონი 2”. კომპანია რუსთავშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი იური ბედინეიშვილია, რომელმაც 2016 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.

    ანალოგიური საფუძვლით, შესყიდვების სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტმაც რამდენჯერმე მიმართა და თანხმობის შემდგომ იმავე შპს მადაგონი 2-თან 5 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 243,741 ლარი შეადგინა.

    აღნიშნულმა კომპანიამ Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 655,000 ლარზე მეტი მიიღო.

    ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული შესყიდვები 

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად კორონა ვირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები შეიძინა. ამ შესყიდვის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია, სულ 30,000 ერთეული – თითეულის ღირებულება კი 31 ლარია. პროდუქტის მწარმოებელ ქვეყანად ნიდერლანდებია მითითებული, კომპანია კი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტესტები ჩამოუტანა შპს „სოლემარტია”. მისი 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. უშუალოდ მასთან მიმართებით არანაირი საეჭვო კავშირი არ იძებნება, თუმცა მისი ბიზნეს პარტნიორები სხვა კომპანიებში, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და ჯამურად 63,000 ლარის შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.

    მედიის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული სწრაფი ტესტები სინამდვილეში ჩინური წარმოებისაა და ნიდერლანდურმა კომპანიამ საკუთარი ეტიკეტირებით გადაფუთა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კითხვები ტესტების სიზუსტესთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 12 მაისს, სოლემარტის დამფუძნებელმა, ზურაბ ტუკვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა 8 მაისს, რადგან მას ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დროს ვერ ჩამოჰქონდა პროდუქტი. თუმცა, მსგავსი შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არ არის.

    27 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაისთან გააფორმა ხელშეკრულება ავია მომსახურებაზე თბილისი-პეკინი-თბილისის მიმართულებით, რომელსაც 27-28-29 აპრილს უნდა განეხორციელებინა ფრენა შემდეგი პროდუქტის ჩამოსატანად:

  • „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს- ტრამპი

    „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს- ტრამპი

    ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო. რადგან მედიკამენტი ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ტრამპის თქმით, ასაკისა და სხვა დაავადებების გამო  უკვე განწირულები იყვნენ.

    „ჰიდროქსიქლოროქინზე ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირას იყვნენ,“- განაცხადა  დონალდ ტრამპმა.