Category: ახალი ამბები

  • საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

    საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

    პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

    კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებენ. 

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ,,კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.

    ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგო რატიანისა და ,,დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, ლევან კობერიძის აზრით, ცვლილება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

    კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, პანდემია მზარდი იქნება და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს შეუქმნის.

    დეპუტატის თქმით, თუ ვინმეს კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

  • ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

    ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2012 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2012 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5028 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5115 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, ენმ-საც კი არ მიუღია მსგავსი კანონი – კობერიძე ხუნდაძის კანონპროექტზე

    ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, ენმ-საც კი არ მიუღია მსგავსი კანონი – კობერიძე ხუნდაძის კანონპროექტზე

    ,,დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას შეძლებს.

    მისი თქმით, ეს ცვლილება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ მიუღია მსგავსი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ ,,ავტორიტარიზმი იყო ქვეყანაში”.

    ,,ეს არის პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, უფრო მკაცრად ვიტყვი თუ შეიძლება, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის დროსაც, როცა პრაქტიკულად ავტორიტარიზმი იყო რეალურად ქვეყანაში, მათაც კი მსგავსი ტიპის კანონები არ მიუღიათ და „ქართულ ოცნება“, რომელიც სწორედ იმ ნიშნით მოვიდა, რომ იმ ავტორიტარიზმს ებრძოდა, ახლა იმაზე უარესს ვაკეთებთ – კანონის დონეზე გვინდა, რომ ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადავდგათ“, – განაცხადა კობერიძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტით საკარანტინე ღონისძიებების ,ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობასთან გათანაბრება ხდება, რაც არაკონსტიტუციურია. კობერიძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

    ახალი კანონპროექტი მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უფლებას მისცემს.

    თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭერს, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებს. 

  • გარემოს დაცვის კომიტეტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა

    გარემოს დაცვის კომიტეტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა

    გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

    კომიტეტზე ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დროს თქვა, რომ სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება მიზანმიმართუად საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოდ გადასცემს.

    “ამ კანონით, თუკი საპატრიარქოს მიეცემა რაღაცა რაოდენობის, გარკვეული რაოდენობის ტყეები, იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე რა თქმა უნდა, რომლებიც უმეტესწილად ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს”, — თქვა ნინო თანდილაშვილმა.

    საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტყვის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში მოუწოდებდა მთავრობას, შეეწყვიტა ამ ცვლილებებზე მუშაობა, რადგან, მათი განცხადებით, ეს კანონპროექტი დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ასევე, ,,ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები”.

  • თუ დაიღალე, სახლში უნდა წახვიდე – ეკა ბესელია ვოლსკის განცხადებაზე

    თუ დაიღალე, სახლში უნდა წახვიდე – ეკა ბესელია ვოლსკის განცხადებაზე

    პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება. ვოლსკი იმ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ქვეყანაში შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გაგრძელდება. უმრავლესობის წევრის განცხადებით, მსგავსი კანონის მიღებით, პარლამენტს დასვენების საშუალება მიეცემა.

    წარმოუდგენელი კომენტარია. ჯერ რამ დაღალა, ორი თვეა გაჩერებულია ყველაფერი. თუ ვინმე დაიღალა, ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგანან, მათ შორის წინა ხაზზეა მედია, რომელიც არ გაჩერებულა და 24 საათი მუშაობს. პარლამენტი გაჩერებულია, რით დაიღალა? ფორმალური შეკრებაა პრობლემა? ვინც დაიღალა უნდა დაისვენოს და სახლში წავიდეს და არა კონსტიტუცია დაარღვიოს. თუ დაიღალე, უნდა წახვიდე სახლში, – განაცხადა ბესელიამ. 

  • ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების გარეშე პანდემია მზარდი იქნება და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს შეუქმნის

    ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების გარეშე პანდემია მზარდი იქნება და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს შეუქმნის

    უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, პანდემია მზარდი იქნება და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს შეუქმნის.

    ის ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უფლებას მისცემს.

    ხუნდაძის თქმით, თუ ვინმეს კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

    „მიუხედავად ამ ბოლოდროინდელი განვითარებული პროცესებისა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. თუ პანდემია იქნა მზარდი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს საფრთხე შეექმნება და თუ ჩვენ ეს რეგულაციები სწორედ ამის გამო არ შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შევუშალოთ ხელი.

    რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს – ის, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მე ვერ ვხედავ ამ წინააღმდეგობას, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და თუ ვინმე მაინც ჯიუტად დადგება ამ პოზიციაზე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, არსებობს ამის ბერკეტიც – საკონსტიტუციო სასამართლო და შეუძლია გასაჩივრებაც კი, თუკი ვინმეს ამის სურვილი ექნება,“- აცხადებს ხუნდაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ სამი არჩევანი არსებობს, როგორც უნდა იმოქმედოს ქვეყანამ, მათგან კი ყველაზე ოპტიმალურია, რომ ,,გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა, ხელი შევუწყოთ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას, მთავრობის უფლებამოსილების დაზუსტების გზით გავაგრძელოთ ბრძოლა პანდემიასთან და საფრთხე არ შევუქმნათ ადამიანების ჯანმრთელობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    თუ პარლამენტი ახალ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებს. 

  • 20 მაისიდან თურქეთი 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის. ნახეთ, რა შემთხვევაში შეძლებთ თურქეთში შესვლას

    20 მაისიდან თურქეთი 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის. ნახეთ, რა შემთხვევაში შეძლებთ თურქეთში შესვლას

     

    20 მაისიდან თურქეთის საზღვრები 31 ქვეყნის მოქალაქეებისთვის იხსნება, თუმცა თავიდან ქვეყანაში ჩასვლა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის არის დაშვებული და არა დასასვენებლად.

    იმისათვის, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები თურქეთში მოხვდნენ, რა თქმა უნდა მათი ქვეყნების საზღვრებიც უნდა გაიხსნას და ავიამიმოსვლა აღდგეს, რაც ჯერჯერობით ჩამოთვლილ ქვეყანათა დიდ ნაწილში ჯერჯერობით არ იგეგმება.

    ქვეყნების ჩამონათვალში არიან: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქმენეთი, უზბეკეთი, ასევე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა.

    ზღვისპირა დასვენება სტუმრებისთვის ჯერჯერობით დაუშვებელია. თურქეთი მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო პროფილით სამკურნალოდ ჩასულ პაციენტებს მიიღებს. ესენია: ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ზოგადი და ბავშვთა ქირურგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია, გულ–სისხლძარღვთა ქირურგია, ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ჰემატოლოგია, ინტენსიური თერაპია და რეპროდუქტიული თერაპია.

    უცხოური რეისები მხოლოდ სტამბოლის და ანკარას აეროპორტებიდან შესრულდება. პაციენტთან ერთად ქვეყანაში ჩასვლა ორ თანმხლებ პირს შეუძლია. საზღვარზე მათ უნდა წარადგინონ ცნობა, რომ კორონავირუსი არ აქვთ  ან უკვე მოიხადეს, ან თურქეთში ჩასვლისას  უნდა გაიარონ ფასიანი ტესტირება. ქვეყანაში შესვლისა და სასაზღვრო კონტროლის შემდეგ პაციენტები და მათი თანმხლებნი პირდაპირ კლინიკაში უნდა წავიდნენ და მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში მის ტერიტორიაზე უნდა დარჩნენ.

    უცხოელების მკურნალობისთვის თურქეთის საავადმყოფოებში სპეციალური ზონები გამოიყო – ცალკე სართული ან ცალკე ფლიგელი.

  • ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა – უგულავა

    ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა – უგულავა

    ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს, მისდა საუბედუროდ, არა საკუთარი მოქალაქეების რისხვის, არამედ საერთაშორისო სანქციების ეშინია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილს ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა და ესმის პირდაპირი მითითებები.

    “მან დაინახა ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რაც უფრო მეტია საზოგადოების უკმაყოფილება და რისხვა აქ ქვეყანაში, ალბათობა იმის, რომ ის სანქციების ქვეშ მოხვდეს დასავლეთში იზრდება და ამ ამბავმა ეს დაგვანახა. მეორე დაგვანახა ის, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კი ფორმალურად, იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ, ხელისუფლებაში არიან და არიან პარტნიორები, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა, ივანიშვილი არ არის დასავლეთის პარტნიორი. ეს ძალიან ხაზგასმით გამოჩნდა. რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა რა ენა ესმის და რა ენით უნდა ელაპარაკონ. ამ ადამიანებმა მთავარი შეცდომა იმაში დაუშვეს, რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრეს, რომ ჩვენთან დიპლომატიურ საუბარს არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ასე ველური ფორმით, ასე უტიფარი ფორმით და ასე კატასტროფული შეცდომით დიპლომატებთან არასდროს საქართველოს ისტორიაში არავის ულაპარაკია. ამიტომ მივიღეთ პირდაპირი მოთხოვნები. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ ეს შეურაცხმყოფელია, ჩვენ ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო. ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა და ესმის პირდაპირი მითითებები. ამას არ გააკეთებ და ყოფა გეტირება. ეს ენა ესმის და ეს ძალიან ცუდია, ეს მათ პოლიტიკურ უმწიფარობაზე მეტყველებს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

  • უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა – კელი დეგნანი

    უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა – კელი დეგნანი

    უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა,- ამის შესახებ საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. ელჩის შეფასებით, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების დეპოლარიზაციისთვის, პრეზიდენტმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო.

    „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული და მძიმე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზება მომხდარიყო. მისი განცხადებიდან ნათელი იყო, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ მისი ეს მოქმედება დაეხმარება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებას და შექმნის მყარ საფუძველს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შემოდგომით. ეს არის ნამდვილი მიზანი, საქართველო დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ მიმავალ გზაზე, რომ აჩვენოს მსოფლიოს, რომ მას შეუძლია ჩაატაროს სანდო, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები შემოდგომაზე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

  • ახალგორელი პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას გარდაიცვალა

    ახალგორელი პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას გარდაიცვალა

    63 წლის ახალგორელი პაციენტი, ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გარდაიცვალა.გარდაცვლილის ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი დროულად გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა დე ფაქტო რეჟიმმა პროცესი გაწელა და დაგვიანდა, ამის შესახებ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

    ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა.

    როგორც ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, ახალგორელებისთვს შექმნილი პრობლემა არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ მოქმედებებს, რასაც საოკუპაცი რეჟიმი ახორციელებს.

    „ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – აცხადებსს ქეთევან ციხელაშვილი, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.