Category: ახალი ამბები

  • შეუძლებელია, საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა – თემურ ჭყონია

    შეუძლებელია, საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა – თემურ ჭყონია

    “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტის, თემურ ჭყონის აზრით, შეუძლებელია, საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა, მაგრამ მიუღებელია, რომ იყოს ღარიბი.

    “შეუძლია თუ არა საქართველოს იყოს მდიდარი ქვეყანა? მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მდიდარი ქვეყანა, მაგრამ შეიძლება იყოს შეძლებული ქვეყანა. მდიდარი ქვეყნებია ამერიკა, ინგლისი…თუმცა, ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ ღარიბები. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.

    ხანდახან საუბრობენ, რომ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ამიტომ ვართ ღარიბები. კორონავირუსმა რა გვაჩვენა? ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წიაღისეული სიმდიდრე, გაკოტრდნენ. ნავთობის ფასი დაეცა და ჭკუაზე არ არიან, ოღონდ წაიღე და აქეთ გაძლევენ ფულს შენახვაში”,- ამბობს ჭყონია გადაცემა “Forbes კვირაში” .

    მისი თქმით, ქართული საზოგადოება განათლებას უნდა “მიაწვეს”, რადგან ესაც ერთგვარი წიაღისეულია და მასზე მოთხოვნა არსებობს.

    ,,ვინ არიან ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიოში? ბილ ფეითსი, Facebook-ის დამფუძნებელი, Amazon-ის დამფუძნებელი… წარმოიდგინეთ ესენი რომ საქართველოში დაბადებულიყვნენ. აი, ბილ გეითსს, რომ საქართველოში აეწყო ის გენიალური…ეს 4 ან 3 ადამიანი რომ დაბადებულიყო საქართველოში?! მათ ხომ წიაღისეული სიმდიდრე არ ჰქონიათ? ეს არის წიაღისეული, რომელზეც გარემო არ მოქმედებს. მოთხოვნილება ამაზე სულ არის, ეს არ გვაქვს. ამას უნდა მივაწვეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჭკუა და ცოდნა…”,- აცხადებს ჭყონია.

  • მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ, რა უნდა გავუკეთოთ ტყეს – მეუფე გერასიმე

    მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ, რა უნდა გავუკეთოთ ტყეს – მეუფე გერასიმე

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის სამამომავლოდ გადაცემულ ტყეებს სასულიერო პირები დაიცავენ და შემდეგ თაობებს გადასცემენ, სხვა დანიშნულება ტყეს არ აქვს.

    “არავის არაფერი მოუცია. ეს ჯერ კანონია და ვის რამდენს მისცემენ ეს უნდა განიხილოს, ალბათ, იმ კომისიამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება… ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა რა დანიშნულება აქვს ტყეს, რა უნდა გავუკეთოთ ტყეს”, – განაცხადა მეუფემ.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 22 მაისს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

    ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

  • რაჭის მოსახლეობა და გარემოსდამცველი ორგანიზაციები კანცელარიასთან აქციას მართავენ

    რაჭის მოსახლეობა და გარემოსდამცველი ორგანიზაციები კანცელარიასთან აქციას მართავენ

    რაჭის ადგილობრივი მკვიდრები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პოლიტიკური პარტიის წევრები კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

    ისინი რაჭის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ და მშენებელი კომპანიისთვის რაჭაში მშენებლობის ნებართვის შეჩერებას მოითხოვენ.

    მათი თქმით, მთავრობამ უნდა შეაფასოს რაჭის ტურისტული განვითარების შემთხვევაში მოგების რაოდენობა და ის ჰესებით აშენებით მიღებულ მოგებას შეადარონ.

    როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ჰესების მშენებლობა კლიმატის ცვლილებასა და უნიკალური ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევს.

    არასამთავრობო ორგანიზაცია EMC აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. მათი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

    ონის კასკადის მშენებელი კომპანია უარყოფს, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. ასევე, უარყოფენ, რომ კასკადის მშენებლობისთვის მდინარე რიონის დაშრობა იგეგმება.

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,  რაჭის ჰესების პროექტი ამჟამინდელი მდგომარეობით არც მაღალი კაშხლითაა, არც დიდი წყალსაცავით, ამიტომ ის მოსახლეობისთვის და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

    ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

    ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და საქმეში ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

    პროკურატურა  ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

    შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

     

  • ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა – პროკურატურა

    ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა. უწყება ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

    ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

    ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“ , – აცხადებს პროკურატურა.

    პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

    ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 26 მაისამდე

    სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

    სააგენტოს ინფორმაციით, ნალექმა შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

    ,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს”,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

  • მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მხოლოდ ჩვენი შვილები მიიღებენ – მეუფე ნიკოლოზი

    მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მხოლოდ ჩვენი შვილები მიიღებენ – მეუფე ნიკოლოზი

    “მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მხოლოდ ჩვენი შვილები მიიღებენ”,- ასე ეხმიანება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ტყის კოდექსში შესულ ცვლილებებს.

    მისი თქმით, თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს, ეკლესია რას ისარგებლებს ამით, არ იცის.

    „იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? – უნდა მოუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა.

    გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი2“-თან.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 22 მაისს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

    ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

  • ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია

    ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია

    მთავარი არხის ინფორმაციით, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

    მსოფლიოს 27-ე ჩოგანს გამოძიება ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავება. მისი ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს.

    “რადიო თავისუფლებას” წყარო უყვება, რომ ბასილაშვილი შსს-მ 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. წყაროს ინფორმაციით, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    თავად ბასილაშვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

  • იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება – მთავრობის დადგენილება

    იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება – მთავრობის დადგენილება

    საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება მოეთხოვება.

    დადგენილების მე-12 მუხლის (იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები) მე-8 პუნქტის მიხედვით, „იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება“.

    წესების დარღვევის შემთხვევაში, დადგენილების თანახმად, პოლიცია საქმეს ადგილზე განიხილავს და თვითიზოლაციაში მყოფ პირს ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს.

    „დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”,- წერია 23 მაისის დადგენილებაში.

    პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი, შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ბოლო ვადაც 15 ივლისია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.

  • კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი – ეზუგბაია

    კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ორივეს ინფიცირების წყარო ცნობილია. შემთხვევების რაოდენობა 730-მდე გაიზარდა.

    მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი, ჯამში – 522 პაციენტი.

    დღესდღეობით კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.

    ,,ინფექციურში 35 პაციენტი გვყავს, 1 ინფიცირებული დაგვემატა მუშევანიდან. კვლავ გვრჩება მძიმე 3 პაციენტი, სამივესთან რადიოლოგიურად მძიმედ გამოხატული პნევმონიაა. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”,- აღნიშნავს. მარინა ეზუგბაია.