Category: ახალი ამბები

  • დღეიდან საქართველოში გამოიდარებს – რამდენ გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა

    დღეიდან საქართველოში გამოიდარებს – რამდენ გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 27-28 მაისს +33 გრადუსამდე მოიმატებს.

    ,,27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს”,- წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს.

  • “ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე“–ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს

    ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მწვავედ აკრიტიკებს. მიზეზი ცერცვაძის ვიდეოა, რომელშიც ის ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას აქებს და მის გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს, რომლებიც არანაირად უკავშირდება კორონავირუსის ეპიდემიას ან  ჯანდაცვის სფეროს. ნიკა მელიამ ვიდეო და სტატუსი ფეისბუქზე გამოაქვეყნა:
    “ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში?
    ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?!
    უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?
    Tengiz Tsertsvadze
    ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან?
    ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება.
    ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს.
    ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.
  • “კრიზისული პერიოდები გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ნამდვილ სიღრმეს“–მაიკ პომპეო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    “კრიზისული პერიოდები გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ნამდვილ სიღრმეს“–მაიკ პომპეო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო  ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

    “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველ ხალს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

    შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ერთიანობის დიდ სიყვარულზე. ამერიკის შეერთებული შტატები  შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში . ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს გააღრმაოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს  ინვესტიციას  თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა ქართველს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

    მომავალ წელს ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას, რადგან საქართველო ატარებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლოთია გამყარებული. მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას და ძალისხმევას, მიმართულს COVID19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად. ასეთი კრიზისული პერიოდები გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ნამდვილ სიღრმეს და ფასეულობას.

    გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” — ნათქვამია  პომპეოს წერილში.

     

  • პანდემიის გამო 26 მაისის აღსანიშნავი მაშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება

    პანდემიის გამო 26 მაისის აღსანიშნავი მაშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება

    მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური  ღონისძიებები წელს არ გაიმართება. პრემიერ მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

    ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით  აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები.

    „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • ვიღაც ცდილობს, შექმნას განწყობები, რომ ეკლესია ანტიევროპულია – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

    ვიღაც ცდილობს, შექმნას განწყობები, რომ ეკლესია ანტიევროპულია – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

    ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ დასავლური კურსის შესახებ მეუფე ანტონის ქადაგებისას გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა გაგებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

    “ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა“–განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გუშინდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

    მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ სინამდვილეში მან არა ევროპული ღირებულებები, არამედ მათი პროფანაცია იგულისხმა:

    „ევროპულ ღირებულებებზე კი არ არის საუბარი, რასაც მეუფე ანტონი ამბობს, არამედ იმ ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე, გაყალბებაზე, ტრანსფორმაციაზე, რაც ჩვენ ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან. მე მინდა გკითხოთ – თავიდან ბოლომდე მოისმინეთ? თუ მოისმინეთ, მიკვირს, რომ ამას ამბობთ. მეუფე ანტონი ევროპულ კურსში კი არ დაეჭვდა – ის არის აღშფოთებული, რატომ მოდის ამდენი სიძულვილი და ღვარძლი. დღევანდელი თქვენი საუბარიც ამის გაგრძელებაა. მეუფე ანტონმა თქვა, რომ დააყენებს სინოდზე ევროპული ორიენტაციის საკითხს კი არა, ყურადღებით მოისმინეთ. პირდაპირ რომ ამბობს, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

    მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საქართველო არის ევროპა და ამას ვერ შეცვლის ვერაფერი. მისივე განმარტებით, ამის დასტური არის „ვეფხისტყაოსანიც“.

    „ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ ეს განწყობები შექმნას – რომ ეკლესიაში ანტიევროპული განწყობაა. ჩვენ ვართ ევროპა. ეს ჟვანიამ თქვა პირველად. ჩვენ გეოგრაფიულად ევროპა ვართ. „ვეფხისტყაოსანია“ ჩვენი მთავარი ნაწარმოები – აღმოსავლურ ფორმაში შეფუთული დასავლური ღირებულებები. 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ – ამას ვინ შეეკამათება. როგორც შეიძლება, პრორუსულები ვიყოთ. მე თვითონ მაქვს განწყობა, როცა მიკრძალავენ რუსეთზე ლაპარაკს – რუსული პოლიტიკა არის მიუღებელი. მაგრამ რუსეთში არიან წმინდანები, რომლებიც გიჟდებოდნენ საქართველოზე. მაგალითად, სერაფიმე საროველმა თქვა, რომ ანტიქრისტე არ შეეხება მხოლოდ საქართველოს”, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

     

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. ავტორები საპროტესტო აქციებსაც გეგმავენ

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. ავტორები საპროტესტო აქციებსაც გეგმავენ

     

    არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა“ პეტიციას აქვეყნებს, რომლითაც პრემიერ მინისტრს და თბილისის მერს მიმართავს. პეტიციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნაა  გამოთქმული. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის  შემთხვევაში მისი ავტორები პერმანენტულ საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

    პეტიცია

    დაუყოვნებლივ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

    საქართველოს პრემიერ მინისტრის,

    საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს

    ბატონ გიორგი გახარიას

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს

    ბატონ კახი კალაძეს

    ადამიანის თავისუფალი გადაადილება გარანტირებულია

    1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;
    2. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.

    23 მაისის საქართველოს მთავრობის #322 დადგენლიბა, ისევე, როგორც დ.ხუნდაძის აწ უკვე მიღებული ცვლილება “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონი თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა ადამიანის უფლება თავისუფლად გადაადგილების შესახებ.

    ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ:

    1. ქვეყანა იწყებს ეკონომიკის გახსნას;
    2. იხსნება სამსახურები;
    3. თვითდასაქმებულებს ისედაც არ ერგოთ დახმარების პაკეტი;

    საერთაშორისო გამოცდილების და მაგალითების გათვალისწინებით – მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად

    1. 15 ივნისს იხსნება შიდა ტურიზმი;
    2. 1 ივლისს იხსნება გარე / საერთაშორისო ტურიზმი;

    ჩნდება კითხვა – როგორ გადავაადგილდეთ ქალაქებს შორის? აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით?

    მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღადგინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც კანონში, ისე დადგენილებაში მკვეთრად იკითხება პოლიტიკური შინაარსი და კანონით დადგენილი შეზღუდვების ფონზე – მოქალაქეები დავიწყებთ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს.

    პატივისცემით,

    დავით დონერიანი

    ორგანიზაციის თავმჯდომარე“

    პეტიციაზე ხელმოწერები უკვე დაწყებულია

  • ნიკა გვარამიამ მთავარი არხის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა

    ნიკა გვარამიამ მთავარი არხის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა

    ტელეკომპანია “მთავარი არხის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები მიმდინარეობს.  ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ 21 მაისს საჯარო რეესტრში 14 სხავადასხვა განაცხადი დაფიქსირდა. ამავე დღეს შევიდა წილზე გირავნობის უფლების შესახებ რეგისტრაციის 5 განაცხადიც.

    ამ განაცხადებიდან ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი განაცხადია დაკმაყოფილებული  და რეესტრში ასახული. ამ ცვლილებების შედეგად  არხის გენერალური დირექტორი,  ნიკა გვარამია არხის 51%–ს აღარ ფლობს. მან საკუთარი წილიდან 37% ბაკურ ჯახაიაზე გაასხვისა. ამჟამად არხის წილები ასე ნაწილდება:

    ნიკა გვარამია – 14%;

    კახაბერ ანჯაფარიძე – 38%;

    ბაკურ ჯახაია – 37%;

    ნიკოლოზ სისაური – 3%;

    მარი ანა რურუა – 2.5%;

    გიორგი რურუა – 2.5%;

    შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%.

    თეიმურაზ ვასილიძე – 1%.

    წილების საბოლოო გადანაწილება მოგვიანებით შეიცვლება, თუმცა ჯერჯერობით სხვა დოკუმენტების რეგისტრაცია შეჩერებულია, რადგან რეესტრის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

    თუმცა თუ ამ ცვლილებების ხარვეზები აღმოიფხვრა და ისინი დარეგისტრირდა, მთავარი არხის წილების შემდეგ გადანაწილებას მივიღებთ:

    კახაბერ ანჯაფარიძე თავის წილს –  38%-ს BGIM LTd-ზე ყიდის. ეს კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი ომეგა ჯგუფის მფლობელი, ზაზა ოქუაშვილია. ჯამში ყველა ცვლილების დაკმაყოფილების შემდეგ, არხის მესაკუთრეთა რიგებში 0.2%-ის წილებში შევლენ იურიდიული პირები – ბენმონტი, ომეგა მოტორ ჯგუფი და მატრიქსი, ასევე ფიზიკური პირი მაგული ხარებავა. ყველა მათგანი კომპანიის კაპიტალში ქონების იჯარით შედის. საუბარია ტელევიზიისთვის უძრავი ქონების იჯარით გრძელვადიან გადაცემაზე. ეს  ის ქონებაა, სადაც ამჟამად მთავარი არხის ოფისი მდებარეობს.

    რეესტრის მიერ ყველა განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში მთავარი არხის ყველაზე მსხვილი მეწილე ზაზა ოქუაშვილი ხდება. წილები კი ასე ნაწილდება:

    BGIM ltd – 39%

    ნიკა გვარამია – 12%

    მარი ანა რურუა – 2.5%

    თეიმურაზ ვასილიძე – 1%

    ბაკურ ჯახაია – 37%

    ნიკოლოზ სისაური – 3%

    გიორგი რურუა – 2.5%

    შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%

    ბენმონტი – 0.2%

    მონტე – 0.2 %

    ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 %

    მატრიქსი – 0.2%

    მაგული ხარებავა – 0.2 %

  • არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს – ნელი დოროყაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების გასაჯაროებას არ აპირებს

    არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს – ნელი დოროყაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების გასაჯაროებას არ აპირებს

    მტკიცებულებების გასაჯაროებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის ადამიანების პირადი ცხოვრება, ეს არის მძიმე ადამიანებისთვის და არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს, – ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „არაერთი მტკიცებულება, ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე უკვე არის შეგროვებული და ძალიან კარგად იციან ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა, იცნობენ ამ მტკიცებულებების შინაარსს, მათ ნანახი აქვთ ის ვიდეოჩანაწერები და ფოტომასალა, რაც წარდგენილი იქნა გამოძიებაში. ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მასალის გასაჯაროებას იმიტომ, რომ ეს არის ადამიანების პირადი ცხოვრება, ეს არის მძიმე ადამიანებისთვის და არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამ საქმის ასეთი დეტალები უნდა იცოდეს, მითუმეტეს, რომ ეს პირდაპირ დააზიანებს ბავშვის ინტერესებს, ეს ასევე ძალიან კარგად იცის დაცვის მხარემ, რომ ჩვენ ამ მტკიცებულებებს საჯაროდ არ გამოვიყენებთ, მაგრამ ყველა მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს, ფოტომასალას, მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნას, შეფასებებს წარვადგენთ გამოძიებაში, ვითანამშრომლებთ აქტიურად გამოძიებასთან და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე სასამართლოში. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და არა საჯარო სივრცეში სასამართლო განხილვებს იმიტომ, რომ ეს ძალიან სენსიტიური თემა, ბევრ ადამიანს ეხება, მათ პირად ცხოვრებას ეხება და ცხადია, ჩვენ ყველა ადამიანის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდებით და შეგნებულად ამ მტკიცებულებებს არ ვასაჯაროებთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის დანიშნული.

  • პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

    პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

    პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

    “ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს – რამაზან ბაირამს. მინდა გისურვოთ, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი – ზოგმა პატარა, ზოგმა – დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია – ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ. ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    სრულიად საქართველოს მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის ბოლო წლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

    „ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. დემოკრატიის ხარისხი იზრდება. დღეს უფლებრივი მდგომარეობაც გაცილებით განვითარებული და მაღალ დონეზეა, რისთვისაც ყველანი ერთობლივად მადლობელი ვართ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მუსლიმები ყოველთვის ვიდექით ამ ქვეყნის გვერდით“, – აღნიშნა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

  • ბასილაშვილის დედის მიმართ ორდერის გაუქმებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში გავასაჩივრებთ – ადვოკატი

    ბასილაშვილის დედის მიმართ ორდერის გაუქმებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში გავასაჩივრებთ – ადვოკატი

    “ბასილაშვილის დედის მიმართ ორდერის გაუქმებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში გავასაჩივრებთ”- ამის შესახებ, ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

    “ერთის მხრივ, ეს იყო სრულიად გასაკვირი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს საკმაოდ ცხადი დადებით პრაქტიკა. კონკრეტულმა მოსამართლემ აბსულუტურად დაუსაბუთებლად, სტერეოპიტული და წინასარი განწყობების ფონზე გააუქმა ორდერი.

    საქმეში იყო პირდაპირი მტკიცებულებები, ბავშვის მოსაზრებები და მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. ეს ორდერი და მისი გაუქმება, ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა, და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამგვარმა დაუსაბუთებელმა მსჯელობამ არაპირდაპირ, მაგრამ გამოიწვია შემდგომი ძალადობა ბავშვის მიმართ. მეტიც, დაამძიმა ქცევა და დედას შეეხო ფიზიკური სახით”.