Category: ახალი ამბები

  • საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს – გახარია

    საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან აღნიშნა, რომ პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა საქართველოს შემდეგი ორიენტაცია.

    „უდიდესი პატივია ჰქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექნას. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობი მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავისი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში.

    ასევე, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა.

    ბატონებო, 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ჩვენი ქვეყნის თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და მათი სახელები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“,-განაცხადა პრემიერმა.

  • გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს – ტრამპი

    გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს – ტრამპი

    აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი ტრამპნა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

    ტრამპი აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერასს უცხადებს, ქართველებს კი კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს უსურვებს.

    “ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს!

    ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.

    ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე — ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.

    გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს”, — ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად საზოგადოება – პრეზიდენტი

    დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად საზოგადოება – პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალები და მათთან ერთად საზოგადოებაა.

    ,,გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დღეს უჩვეულო 26 მაისია საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ აქ ვართ და გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას.

    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს, უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ.

    როდესაც მიღწეულ წარმატებაზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, სადაც საჭირო იყო. და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა  საზოგადოების მხირდან ნდობის გამოცხადა და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბანერზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო დროშით ულოცავს. ფოტოზე დაკლიკებით მომხმარებელი იმ გვერდზე გადადის, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციაა განთავსებული.

    ბოლო რამდენიმე წელია გუგლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად ულოცავს.

    დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ დღიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციის გამო მხოლოდ 3 წელს შეძლო არსებობა.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 ადამიანს დაუდასტურდა, 11 გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 ადამიანს დაუდასტურდა, 11 გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა და შემხვევების საერთო რაოდენობა 732-მდე გაიზადა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა და 537 გახდა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.

    საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

  • გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა – კინზინგერი

    გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა – კინზინგერი

    აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    კონგრესმენი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ საქართველო აშშ-სთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მათთვის სასიხარულო იქნება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა.

    „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ვიმედოვნებ, დღეს საქართველოს ყველა მიღწევას იზეიმებთ. თქვენ ძალზედ მნიშვნელოვანი ხართ შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა კინზინგერმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

  • როგორც მტკიცე მეგობრები, თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას – დეგნანი

    როგორც მტკიცე მეგობრები, თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას – დეგნანი

    საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია ზეიმობენ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე.

    „გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის.

    ქართველებსა და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს იმიტომ, რომ ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას. როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,- აცხადებს კელი დეგნანი.

    https://www.facebook.com/usingeo/videos/237799111006982/

  • ყველა ეკლესიას რომ 20 ჰექტარი მისცენ საქართველოს ტყის 0,03% იქნება – ანდრია ჯაღმაიძე

    ყველა ეკლესიას რომ 20 ჰექტარი მისცენ საქართველოს ტყის 0,03% იქნება – ანდრია ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყველა მონასტერმა რომ 20-20 ჰექტარი მიწა მოითხოვოს, საქართველოს ტყეების მთლიანი რაოდენობის 0,03% იქნება.

    “ყველა მონასტერმა რომ მოითხოვოს და ყველა მონასტერს მისცენ 20-20 ჰექტარი ტყე, იცით რამდენი პროცეტნი იქნება მთელი საქართველოს ტყეების რაოდენობის — 0,03%, ანუ ეს არ ქმნის ამინდს, რომ სახელმწიფომ გადააბაროს ეკლესიას და ეკლესიას ამ 0,03% მოუაროს ამით არ იქმნება საქართველოს ტყეების მოვალში ცვლილება. ესაა მასშტაბური კანონპროექტი რომლის მხოლოდ ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი ეკლესია”, — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, ინფორმაცია საპატრიარქოსთვის რაღაცის გადაცემის შესახებ არასწორია, რადგან კანონპროექტი არა გადაცემას, არამედ შესაძლებლობას მოიცავს.

    პარლამენტმა 22 მაისს ტყის კოდექსი დაამტკიცა.

    საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

  • თბილისის 40-მდე ქუჩა, რომელსაც 27 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 40-მდე ქუჩა, რომელსაც 27 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თელასის ინფორმაციით, 27 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების შესრულებაა.

    საბურთალოს რაიონი 

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, პეტრიწის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, კაკი ბაქრაძის, ივანე სარიშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ყუშიტაშვილის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, გურამ ნიჟარაძის, ეგრისის და ტარიელ გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის, ბურძგლას, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის და ტოგო გუდავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი 

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი 

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო”,- წერს თელასი.

  • ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას – თურნავა

    ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იქნება, სადაც საქართველო ტურისტულ მიმოსვლას აღადგენს.

    ეკონომისკის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

    თურნავა აცხადებს, რომ ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.

    “პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

    22 მაისს თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ავიამიმოსვლა ბალტიის ქვეყნებთანაც აღადგინოს.