Category: ახალი ამბები

  • როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს – ნორვეგიის ელჩი

    როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს – ნორვეგიის ელჩი

    საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართაველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    მისი თქმით, ნორვეგია ელოდება ოქტომბერში ინკლუზიურ, სამართლიან და თავისუფალ საარჩევნო პროცესს.

    ანდრესენმა აღნიშნა, რომ საქართველომ პანდემიას წარმატებით გაართვა თავი.

    “ნორვეგია საერთო მიზნების მიღწევაშიც საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება. როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ”,- თქვა მან.

    https://www.facebook.com/NorwayInGeorgia/videos/662725884305290/

  • ჯანმო მსოფლიოს Covid19-ის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს

    ჯანმო მსოფლიოს Covid19-ის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ აფრთხილებს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ საკარანტინო ზომების მეტისმეტად სწრაფი გაუქმება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები სტაბილურად მცირდება, შესაძლოა დაავადების კიდევ ერთი აფეთქების მიზეზი გახდეს.

    მსოფლიო ჯერჯერობით პანდემიის პირველ ტალღაზეა – განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა.

    “ჩვენ კვლავ ვართ ფაზაში, როცა დაავადება აქტიურად ვრცელდება. უნდა გვესმოდეს: ის, რომ სადღაც ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება.“– ამბობს ის.

    რაიანის განცხადებით რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლოა ახალი პიკის მომსწრენი გავხდეთ.

    ბოლო კვირებში ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო. იგივე ხდება აშშ–ს ზოოგიერთ შატატში. ესპანეთმა  პირველი ივლისიდან ტურისტული სეზონის გახსნის შესახებ განაცხადა.

     

     

  • “ერთმორწმუნე მტერი” კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია – მეუფე მელქისედეკი

    “ერთმორწმუნე მტერი” კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია – მეუფე მელქისედეკი

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქვეყნის ოკუპაციაზე საუბრობს.

    ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი “საქართველო”- “საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა, დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!”

    სამწუხაროდ, რუსულმა ოკუპაციამ დიდხანს არ გვაცალა ამ განძით ტკბობა და 1921 წელს, ისევე წაგვართვა იგი, როგორც დედას სტაცებენ ხოლმე ჩვილ ბავშვს. 70 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენს მშობლიურ წიაღს, ჩვენს დამოუკიდებლობას დავბრუნებოდით. თუმცა, ეს დაბრუნებაც არ გამოდგა სტატიკური მოვლენა, ჩვენს შემთხვევაში, იგი ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლას ნიშნავდა, იმ ბრძოლისა, რომელსაც უკვე 30 წელია ვაწარმოებთ, რათა დაბრუნებული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ”,- აცხადებს მეუფე.

    მისი თქმით, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები რუსული რბილი ძალის, პროპაგანდის შედეგია.

    ,,დღეს, “რბილი ძალის” გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა. აქტიურად ვრცელდება ე.წ. “ნეიტრალიტეტის” მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი “ნეიტრალიტეტი” აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას”,- აღნიშნავს მიტროპოლიტი.

    მეუფე მიტროპოლიტი ასევე ამბობს, რომ “ერთმორწმუნე მტრის” გავლებული მავთულხლართების გამო ქართველებს საკუთარი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებას უშლიან.

    ,,ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ “ერთმორწმუნე მტერი” კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის, მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია. დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე”,- თქვა მეუფე მელქისედეკმა.

    მიტროპოლიტის აზრით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე გამოწვევების გადალახვა გაუჭირდებოდა, ამიტომ მათ მიმართ მადლიერება გვმართებს.

  • საერთო ევროპული წარსული და საერთო ევროპული მომავალი გვაქვს – ევროპარლამენტარი საქართველოზე

    საერთო ევროპული წარსული და საერთო ევროპული მომავალი გვაქვს – ევროპარლამენტარი საქართველოზე

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, საქართველოს და ევროპას საერთო წარსული და მომავალი აქვს.

    “გილოცავ, დამოუკიდებლობის დღეს საქართველო. რუსული ძალებისგან დეოკუპაცია, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა დაბრკოლებები რჩება სრული დამოუკიდებლობისკენ გზაზე, თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული წარსული და საერთო ევროპული მომავალი”, — წერს ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონი და პოსტს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ფოტო ურთავს.

  • კორპუსებიდან პომიდვრებს გვესროდნენ, გვლანძღავენ ქალის დაცვის გამო – დოროყაშვილის ადვოკატი

    კორპუსებიდან პომიდვრებს გვესროდნენ, გვლანძღავენ ქალის დაცვის გამო – დოროყაშვილის ადვოკატი

    ნიკოლოზ ბასილაშილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ გუშინ პრესკონფერენციის შემდეგ, ადვოკატებს კორპუსებიდან პომიდვრები ესროლეს, გამვლელებმა კი გალანძღეს.

    “ჩვენ არ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, მათიც კი, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ქალთა თუ ფემინისტური იდეების მხარდამჭერი არიან. ჩვენ დღეს პომიდვრებს გვსროდნენ იმის გამო, რომ ქალს ვიცავთ. ჩვენ, ადვოკატებს, გამვლელები გვლანძღავენ. პრესკონფერენციის შემდეგ, როცა ქუჩაში ჟურნალისტს ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისროდნენ ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აკეთებენ”, – ამბობს ანა აბაშიძე ტვ პირველთან ინტერვიუში.

    ,,ამას იმიტომ ვამბობ, რომ დავინახოთ, უძნელესი იყო ყოველთვის ჩაგრული ჯგუფების დაცვა, ძნელია ახლაც, ასე ხდებოდა მაშინ, როდესაც რასიზმი ყვაოდა და ადამიანებს ქვებით მისდევდნნე. ასე ხდება ყველა უფლებადამცველის მიმართ, რომელიც ქალებს იცავს. ეს რატომ ხდება იცით? კრიტიკული მასა ჩვენი მოქალაქეების გაჯერებულია სტერეოტიპებით და უყვარს ძლიერის მხარეს ყოფნა”,- თქვა აბაშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

    სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის დანიშნული.

  • 30 წელია ვერ მივაღწიეთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ვერ გავიმართეთ წელში – ხაზარაძე

    30 წელია ვერ მივაღწიეთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ვერ გავიმართეთ წელში – ხაზარაძე

    პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქარველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწია.

    „მე მინდა ჩემი და „ლელოს“ სახელით სრულიად საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე მივულოცო. ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მებრძოლს, ვინც 26 მაისს, 1918 წელს, თავი შესწირა და დიდი შრომა და ენერგია ჩადო იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, მინდა პატივი მივაგო. ისევე როგორც ჩვენს უახლეს ისტორიაში ამ დამოუკიდებლობის აღდგენის ყველა შემოქმედს და ყველა მონაწილეს მინდა დიდი პატივისცემა დავუდასტურო.

    ვფიქრობ, რომ საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ბოლო 30 წელია ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რას ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქვია. ჩვენ ვერ დავდექით, ვერ გავიმართეთ წელში. ვფიქრობ, ახალი ტალღაა დასაწყები და ამ ტალღას ჩვენ სათავეში ჩავუდექით. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, საქართველოს ხერხემალში გასწორება და ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ხალხის, როგორც მართლა გამორჩეული ერის, წელში გამართვა და სახელმწიფოებრიობის შექმნა. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • შეღავათები, გახსნის თარიღის დადგენა – რას ითხოვენ მთავრობისგან ბარები და კლუბები

    შეღავათები, გახსნის თარიღის დადგენა – რას ითხოვენ მთავრობისგან ბარები და კლუბები

    ბარებმა და კლუბებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი მთავრობისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ დადგინდეს გახსნის თარიღი, ასევე მათთან ერთად შემუშავდეს რეგულაციები და დირექტივები.

    მათი განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გამო ბევრი ობიექტი გაკოტრების წინაშე დადგა.

    ,,იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის შესრულება, აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით. მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნესერთეულებისათვის კომერციულ ბანკებთან და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებისას”,- ამბობს სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დათა ლახაური.

    თუ დროულად არ გაიხსნება დახურული სივრცეები, კლუბები და ბარები ინიციატივით გამოდიან, ღია სივრცეებში შექმნან სარეკრეაციო, ტურისტულ-საიმიჯო პროდუქტი – “გადარჩენის პარკი”, სადაც დახურული ობიექტები თავის ღია ვარიანტს წარმოადგენენ.

    ,,ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტებისა და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევათ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად”,- განაცხადა “დედაენის” ბარის დამფუძნებელმა.

  • საქართველო – ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! – მარგველაშვილი

    საქართველო – ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! – მარგველაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    „საქართველო – ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოს მოქალაქენო – ყოველი ერისა და ეთნოსის, ყველა აღმსარებლობის და ათეისტებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ბავშვებო და ხანდაზმულებო, ყველა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებო, ყველა პროფესიის მუშაკებო, ემიგრანტებო, და ოკუპაციის ქვეშ მყოფო თანამემამულენო, ყველა პოლიტიკური შეხედულების მიმდევრებო, მდიდრებო და ღარიბებო, მსჯავრდებულებო და ბრალდებულებო, თანამემამულენო, გილოცავთ იმას რაც გვაერთიანებს – გილოცავთ 29 წლის წინ აღდგენილ დამოუკიდებლობას!

    მადლობა, დიდება და საუკუნო ხსოვნა მათ ვინც 30 წლის წინ და 30 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემსახურა. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ – ამ ლოზუნგით აღვნიშნეთ 2018 წლის 26 მაისს 100 წლის იუბილე ათობით საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად. და დღესაც, და მომავალშიც ეს მიზანი რჩება უზენაესი – შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ ვაშენოთ თავისუფლება. თავისუფლება კი საკუთარი თავის მთელ მის მრავალფეროვნებაში შეცნობას, აღიარებასა და სიყვარულს ნიშნავს,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

    მისივე თქმით, თავისუფლები მაშინ ვიქნებით, როცა კეთილდღეობას არა წართმევით, არამედ შრომით მივაღწევთ, “თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს”.

    ,,თავისუფლები ვიქნებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ – თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით – “დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის – მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

  • ვწუხვარ, რომ მთავრობამ ჩვენს ქუჩებში ეროვნული დროშების გამოფენაზეც კი არ იზრუნა – ბოკერია

    ვწუხვარ, რომ მთავრობამ ჩვენს ქუჩებში ეროვნული დროშების გამოფენაზეც კი არ იზრუნა – ბოკერია

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შეიძლებოდა ქუჩებში ეროვნული დროშები გამოფენილიყო, თუმცა მთავრობამ არ იზრუნა.

    მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ხელისუფლებას შეეძლო გარკვეული ღონისძიებების ჩატარება.

    ,,მესმის, რომ არ არის ტიპური ვითარება და გამოწვევაა ჯერ კიდევ პანდემიის, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გამართვა და ხაზის გასმა თუ როგორი საზეიმოა ეს დღე, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს და ამაზეც კი არ იზრუნა და ეროვნული დროშები არ არის ჩვენს ქუჩებში გამოფენილი. ეს მაინც ხომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო? რომ ამ დღის მიმართ ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩანდეს. ასეთ დღეს არ მიყვარს ხოლმე პოლიტიკური კრიტიკის ჩართვა, მაგრამ იმდენად აშკარაა ეს ვითარება, რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს”,- განაცხადა ბოკერიამ.

    მან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ არ უნდა დავუშვათ, ყველაზე დიდი მონაპოვარი, თავისუფლება ვინმემ წაგვართვას.

    “ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ ყოფილიყო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და თვითონ აერჩია საკუთარი მომავალი. ამ დიდ დღეს მოჰყვა არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ბოლშევიზმს და თავისი არჩევანი გააკეთა ცივილიზებული, ევროპული ტიპის პარტიების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეს არჩევანი სისხლში ჩაახშო სტალინისტურმა საბჭოთა რუსეთმა და მოგვისპო ნორმალური ცხოვრების შანსი. ამიტომ, დღევანდელ დღეს როცა აღვიშნავთ უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ამას, როგორც ყველაზე დიდ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ დავიბრუნეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისას და არასდროს არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თავისუფლება ვინმემ წარგვართვას“,- თქვა ბოკერიამ.

  • ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას”,- წერია დედოფლის წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

    დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ დღიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციის გამო მხოლოდ 3 წელს შეძლო არსებობა.