Category: ახალი ამბები

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში შესვლას მოითხოვს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში შესვლას მოითხოვს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ვრცელ განცხადებას, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ. ვრცელ განცხადებაში წერია,  რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი არ უხსნის რუსეთს, რას აკეთებს რუსულ საზღვართან “ესოდენ” ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.

    გთავაზობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას:

    “ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის“ ბაზაზე მიმდინარე უცხო სახელმწიფოების სამხედრო–ბიოლოგიური მოღვაწეობა ბევრ საფუძვლიან კითხვას იწვევს. ეს მაღალი ხარისხის ბილოგიური დაცვის ლაბორატორია აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და მისი ინტერესებისთვის გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების აღმგზნებების შესასწავლად. ცენტრის ტერიტორიაზე მოქმედებს აშშ–საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო. არსებული ინფორმაციით ამერიკული სამხედრო უწყება და მასთან აფილირებული სტრუქტურები ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აფინანსებენ, ასევე იხდიან სექსპლუატაციო ხარჯების ფულს, მათ შორის მისი უსაფრთხოების ხარჯებს. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნებისა, აშშ არ გვაწვდის ინფორმაციას იქ მიმდინარე ორმაგი დანიშნულების საქმიანობის შესახებ– როგორც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში ნდობის გამყარების ზომების თვალსაზრისით, ასევე ორმხრივი არხებით.

    ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რას საქმიანობს რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს. ეს, ბუნებრივია არ შეიძლება ჩვენს მიერ განხილული არ იქნას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ასეთ მგრძნობიარე ასპექტებს.

    რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, საზოგადო მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევდა აშშ–ს მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის საკრძალვის კონვენციის  დაცვის შესახებ. კერძოდ, აღინიშნებოდა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდებოდა კვლევები მწერების გამოყენებით განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტების გამავრცელებლის და ინფექციის აღმგზნებების როლში. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ აშშ–ში უკვე დაპატენტებულია უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში დაინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად. გარდა ამისა, გაცემულია პატენტი საბრძოლო მასალებზე,  რომლებიც აღჭურვილია მომწამვლელი ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით. აშკარაა, რომ ასეთი „გამოგონებები„ ეწინააღმდეგება კონვენციის სულისკვეთებას და შინაარსს.

    რაც შეეხება თითქოსდა ლუგარის ცენტრის “არაერთ ინსპექტირებას,“ ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 2018 წლის 14–15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების მხრიდან მისი მონახულება, რომლის გაცხადებული მიზანი იყო “კონვენციის მოთხოვნების დაცვის შემოწმება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. “ არაერთი გაფრთხილება იყო, მათ შორის ვიზიტის მოსამზადებელ ეტაპზე, რომ ეს ღონისძიება აშკარად მიმართული იყო საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ამ ობიექტის რეალური სტატუსის შესახებ. პროგრამა არ ითვალისწინებდა ცენტრის დეტალურ ვერიფიკაციას, რაც რეალურად მოგვცემდა ინფორმაციას რამდენად სრულდება იქ კონვენციის მოთხოვნები, ანდა დაადასტურებდა ინფორმაციას, რომლებსაც შეიცავს ქართული განცხადებები ნდობის გამყარების ღონისძიებების შესახებ.

    ექსპერტების ჯგუფის მიერ გავრცელებულ ანგარიშში როგორც მოსალოდნელი იყო მოცემულია აშშ–სთვის ხელსაყრელი შეფასებები “ტრანსფარენტულობის“ შესახებ, რომლის დემონსტრირება თითქოსდა მიმღებმა მხარემ მოახდინა. აღნიშნულია, რომ არაფერი საეჭვო ვიზიტორებს არ შეუნიშნავთ. აშკარაა, რომ დამამშვიდებელი ფრაზები და ვითომ მეცნიერული აღწერა გამოყენებულია იმისათვის, რომ გაექცნენ მთავარ კითხვას: რატომ აფინანსებენ ამერიკელი სამხედროები ქართული ჯანდაცვის სისტემის ლაბორატორიას და რატომ არის მის ტერიტორიაზე მუდმივად აშშ–საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.

    ასევე აღსანიშნავია, რომ ანგარიშს არ ახლავს არცერთი ხელმოწერა. არსი როგორც ჩანს იმაშია, რომ „გაიდღაბნოს „ და ანონიმურობის შირმის უკან დაიმალოს ამ დადგმული ვიზიტის ჭეშმარიტი ორგანიზატორის და შემკვეთის – ანუ აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა.

    კვლავ გვიწევს ვაშინგტონის ფარისევლური პოზიციის კონსტატირება, რომელიც ფორმალურად კონვენციის დაცვაზე საუბრობს, თუმცა ამასთან, ორი ათწლეულის განმავლობაში ბლოკავს კონვენციის სავალდებულო იურიდიული პროტოკოლის მიღებას შემოწმების ეფექტური მექანიზმით. გაუგებარია, რა უშლის ხელს აშშ–ს დათანხმდეს პროოკოლით შემოთავაზებულ ვერიფიკაციას, თუ ის, როგორც ამტკიცებს არავითარ კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობას არ ეწევა. მითუმეტეს, რომ ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ვერიფიკაციის პოზიციონირება ხდება, როგორც შეიარაღების კონტროლის სფეროში ნებისმიერი შეთანხმების ეფეტურად შესრულების მთავარი ელემენტისა.

    ასევე არ ხერხდება ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების ვიზიტი ურთიერთმისაღები პირობებით. ქართული მხარე დღემდე საგნობრივად არ რეაგირებს ჩვენს 2019 წლის ივნისის ნოტაზე , რომელშიც ვითხოვდით შესაძლო ვიზიტის შესახებ განმარტებებს. ველოდებით ოფიციალური თბილისის რეაქციას.

    მიზანშეწონილად მიგვაჩნია რუსი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზება  იმ გარანტიით, რომ მათ წვდომა ექნებათ ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, რაც უზრუნვეწყოფს რეალურ შემოწმებას და არა მორიგი ამერიკული პიარ–კამპანიის ნაწილად ქცევას, რომლის მიზანია რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ–ს სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების ჭეშმარიტი მიმართულების დამალვა.

    ვაგრძელებთ მუშაობას ვაშინგტონთან და თბილისთან, რათა მივიღოთ კონკრეტული პასუხები ჩვენს მიერ დასმულ საკითხებზე“– ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე საქართველოს გიგანტური დროშა გაიშალა

    ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე საქართველოს გიგანტური დროშა გაიშალა

    26 მაისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე გაიშალა საქართველოს გიგანტური დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

    ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართველმა სტუდენტებმა და ასევე ლიეტუველებმა, რომლებიც ქართულ ენას შეისწავლიან ვილნიუსის უნივერსიტეტში.

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და ქ. კაუნასის მერიის ისტორიული შენობა “რატუშე”.

  • “როდესაც მმართველი ელიტა ვეღარ აყალიბებს თავის პოზიციას, ის უნდა დასრულდეს “–გიორგი მარგველაშვილი

    “როდესაც მმართველი ელიტა ვეღარ აყალიბებს თავის პოზიციას, ის უნდა დასრულდეს “–გიორგი მარგველაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ როდესაც მმართველი ელიტა ვეღარ აყალიბებს თავის პოზიციას, უნდა დასრულდეს. პოლიტიკოსები კი, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  პოლიტიკურ წარსულზე და არა მომავალზე ლაპარაკობენ, იდეები არ გააჩნიათ და არ უნდა იყვნენ სათავეში. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა:

    „მდგომარეობა, რომელშიც უკვე, როგორც მმართველი ელიტა ვეღარ არსებობს, ვეღარც აყალიბებს თავის პოზიციას, უნდა დასრულდეს. ყველა მათი ნათქვამი არის თავის მართლება, ყველა მათი განცხადება არის აგრესია. ყველა მათი განცხადება არის ტყუილის შემცველი, ასე იყო 2003 წელს, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ შევარდნაძის ელიტა ვერავითარ კონტექსტში ვერ იმართლებდა თავს და ნათელი იყო, რომ საზოგადოებისთვის რაღაც ახალი უნდა მოსულიყო. ასე იყო 2012 წელსაც. მე მირჩევნია, რომ 2003 და 2012 წლისგან განსხვავებულად მოხდეს ეს ყველაფერი. ვგულისხმობ წასულებთან დამოკიდებულებას, საერთოდ საკუთარი ისტორიის მიმართ დამოკიდებულებას, მშენებლობის მიმართ დამოკიდებულებას პირველ რიგში. ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ძალიან ბევრი მისცა საქართველოს, არავითარი მისი ღირსების აღიარება არ ხდებოდა სააკაშვილის დროს. მერე ქართული ოცნების მხრიდან ამ სისხლიან 9 წელიწადზე იყო საუბარი. როდესაც პოლიტიკოსს სცალია იმისთვის, რომ იყოს არა შემქმნელი, არამედ ისტორიის ანალიტიკოსი და მუდმივად გელაპარაკება წარსულზე და არ გიყვება არაფერს მომავალზე, როდესაც ამისთვის სცალია ესეიგი მას იდეები არ გააჩნია და არ უნდა იყოს სათავეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • “ვქმნი პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო.“– ალეკო ელისაშვილი

    “ვქმნი პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო.“– ალეკო ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტიის შექმნა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში თქვა:

    “დღეს, 2020 წლის 26 მაისია და მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, შევქმნა პოლიტიკური პარტია. არა კიდევ ერთი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოვეგლგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. პარტია, რომლის გარჯითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი. იამაყებდა მერაბ კოსტავა!

    ვქმნი პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო.“– ამბობს ელისაშვილი.

  • მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის – ზელენსკი

    მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    ზელენსკი ამბობს, რომ აფასებს ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინას შორის.

    “თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

    დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატოში სანუკვარი წევრობისაკენ

    დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.

    მე მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნისა.

    თქვენო აღმატებულებავ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ყოველგვარი წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა,” – წერია ზელენსკის წერილში, რომელსაც მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • “გაბუნძულდით აქედან“–მანანა არჩვაძემ ოპოზიცია და ჟურნალისტები ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვა

    “გაბუნძულდით აქედან“–მანანა არჩვაძემ ოპოზიცია და ჟურნალისტები ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვა

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს პრეზიდენტ გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცა.  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მეუღლე და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, დამოუკიდებელ  საქართველოს უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო.

    ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საფლავზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის იყვნვენ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი.

    “დაახვიეთ ახლა აქედან, გაბუნძულდით ახლა აქედან , არ გაქვთ უფლება, გეეთრიეთ აქედან, არ არის აქ თქვენი ადგილი,  როგორ ბედავთ საერთოდ რომ მოდიხართ“– ამ შეძახილებით გააბრუნეს საფლავზე მისული ოპოზიციონერები პირველი პრეზიდენტის ქვრივის მხარდამჭერებმა.

    ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, ეს საფლავები ეროვნულ გმირებს ეკუთვნით და ასეთ რთულ პერიოდში მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებაზე უნდა ფიქრობდნენ .

    „დღევანდელ დღეა მხოლოდ ერთიანობაზე უნდა ვიზრუნოთ. აქ ჩვენი ეროვნული გმირების საფლავებია: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე. მათ გაგვიკვალეს გზა. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში რა რთული იყო ხალხის ჩაბმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

    90-იან წლებში ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა თაკო ჩარკვიანმა და განაცხადა, რომ ახალი თაობები აღარ გაიმეორებენ წინა თაობების შეცდომებს.

    „რაც გადავიტანეთ 90-იანებში, აღარ გადავიტანთ და იმ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ახლა უფრო გავერთიანდებით – უფრო დავინახეთ რაღაცები. არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ადამიანების ხელოვნურად დაპირისპირება. მოდის ბრწყინვალე თაობა, რომელსაც არ ჰქონია შეხება იმ პერიოდთან. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

     

  • ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება

    ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება

    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებსა და 1 ფოტოგრაფს ექნებათ.

    “სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა”, — წერია ბრძანებაში.

    დოკუმენტის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისთვის სივრცეები გაიხსნება:

    • თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლში, რომლის მიმართ ბრძანება 2020 წლის 29 მაისიდანაა ძალაში;
    • თბილისის უზნაძის 2-ში მდებარე ქორწინების სახლი, რომლის მიმართ ბრძალება 31 მაისიდანაა ძალაში.

    მოცემული შეზღუდვა 15 ივლისამდე იმოქმედებს.

  • მინდა, დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს წარმატებები – ფაშინიანი

    მინდა, დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს წარმატებები – ფაშინიანი

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, სომეხ ხალხს უხარია საქართველოს წარმატებები.

    „მთელი გულით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი გადაწყვეტილება, აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება.

    საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დამყარებული. მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს სანდო მეგობარია.

    ძვირფასო პრემიერო, ვაფასებ ჩვენს მთავრობებს შორის არსებულ თანამშრომლობას ამ რთულ პერიოდში, რაც კორონავირუსის პანდემიას ეხება, განსაკუთრებით აღვნიშნავ ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის და სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში ამ პერიოდში. მჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გადავლახოთ კაცობრიობის ეს განსაცდელი.

    მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გისურვოთ საუკეთესო სურვილები, წარმატება, ჯანმრთელობა და გამძლეობა ამ რთულ პერიოდში“,- წერია სომხეთის პრემიერის განცხადებაში.

  • “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება–თურნავა

    “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება–თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება.

    მინისტრის განმარტებით, ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდება.

    „გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც „სოკარი“ , ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე,“-განაცხადა თურნავამ.

    ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ საქართველოს რუსული გაზის გარეშეც შეუძლია მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

    ,,ჩვენ არ გვჭირდება რუსული გაზი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე დამთავრდა მეორე, ძალიან დიდი პრექტი “შაჰდენიზ 2″და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გადის დამატებითი გაზი, რომელიც შედის თურქეთში და შემდეგ, მოგვიანებით ის წავა ევროპისკენ. ჩვენ გვაქვს ყველანაირად საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთის გარეშე 100%-ით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა”,- ამბობს ენმ-ს ლიდერი რომან გოცირიძე.

  • ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს დაიმსახურეთ – აპატურაი

    ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს დაიმსახურეთ – აპატურაი

    კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    “ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!! თქვენ ეს დაიმსახურეთ და ბევრი იშრომეთ მის შესანარჩუნებლად. გილოცავთ.”,- წერს აპატურაი Facebook-ზე.