Category: ახალი ამბები

  • წერეთელზე ორი ადამიანი დაჭრეს – შსს განცხადებას ავრცელებს

    წერეთელზე ორი ადამიანი დაჭრეს – შსს განცხადებას ავრცელებს

    წერეთლის გამზირზე მოხდარ სისხლიან დაპირისპირებაში ბრალდებულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული ედებათ.

    როგორც, ირკვევაცივი იარაღით დაჭრილები 1991 და 1988 წელს დაბადებულები არიან. მესამე პირს კი სხეულზე მძიმე დაზიანებები ხელკეტებით მიაყენეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

    დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გარდა ამისა, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • სუს რასობრივ დისკრიმინაციას ედავება ადამიანებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე საუბრობენ

    სუს რასობრივ დისკრიმინაციას ედავება ადამიანებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე საუბრობენ

    ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

    „აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

    კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

    პირთა ჯგუფი აღნიშნული მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა.

    პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “სხვა ქვეყნებში არ გაცემულა კონდიციონერის აკრძალვის რეკომენდაცია“–ინფექციონისტის არგუმენტები, რატომ არ არის სწორი კონდიციონერების აკრძალვა

    “სხვა ქვეყნებში არ გაცემულა კონდიციონერის აკრძალვის რეკომენდაცია“–ინფექციონისტის არგუმენტები, რატომ არ არის სწორი კონდიციონერების აკრძალვა

    ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით.

    უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში COVID პანდემიასთან დაკავშირებით? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამ თემაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება  შესაბამისი უწყებების მისაღებია, თუმცა, მისი  აზრით, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნები და პრობლემები:

    1. ვირუსის გადაცემის გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის დადასტურებული გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი მსოფლიოში ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში. სხვა ასეთი ტიპის ინფორმაცია სამედიცინო ლიტერატურაში კოვიდთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს რისკი ძალიან დაბალია.

    2. მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

    3. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის (ყოველ შემთხვევაში არ იძებნება:)

    4. კონდიცირების აკრძალვა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს პირბადეების გამოყენების გაძნელებას – ერთი მხრივ, სიცხეში უფრო მეტად გართულდება სუნთქვა პირბადით და მეორეს მხრივ, პირბადის დასველების რისკი ოფლით მოიმატებს, რაც ადამიანებს გაუძნელებს პირბადის გამოყენებას, ხშირად მოიხსნიან/მოკიდებენ ხელს პირბადეს. პირბადის გამოცვლა უფრო ხშირად გახდება აუცილებელი, რასაც ალბათ ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.

    5. აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, კონდიცირების გარეშე ვერ შენარჩუნდება ოპტიმალური ტემპერატურა, რაც აუცილებელია წამლების თუ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

    6. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, თუ ყველა შენობას ექნება ისეთი კონდიცირების სისტემა, რომელიც ჰაერის სრულ ცვლას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურია. ასევე გამოსავალი იქნებოდა ჰეპა ფილტრების დაყენება, მაგრამ ესეც არარეალისტურია, კლინიკებისთვისაც კი. ორივე ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამას ქართულ რეალობაში დაწესებულებათა უმრავლესობა ვერ შეძლებს.

    7. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, რომ ხშირად გავაღოთ ფანჯრები და ასეც უნდა მოვიქცეთ. კონდიცირებულ შენობებში ხშირად გავაღოთ ფანჯარა/კარი, რაც გარედაც ჰაერის ცვლას უზრუნველყოფს და შენობაც გრილი იქნება კონდიცირების გამო.

    8. აშშ გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ (ASHRAE), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით, გააკეთა განცხადება, რომ კოვიდთან დაკავშირებით უარი არ უნდა ვთქვათ კონდიცირების გამოყენებაზე: „In general, disabling of heating, ventilating, and air-conditioning systems is not a recommended measure to reduce the transmission of the virus“.

    9. თუ ჩვენ იმაზე ვწუხვართ, რომ კონდიცირებულ ოთახებში ვირუსის კონცენტრირება მოხდება, რადგან ფანჯრები ამ დროს დაკეტილია, ხოლო კონდიცირების დროს ჰაერის ცვლა უმეტეს სისტემებში ძალიან მინიმალურად ხდება, ზამთარში ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში უკვე ვიყავით, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეებში იყვნენ. ამიტომ ამ მხრივ დიდად არაფერი იცვლება.

    10. კონდიცირების აკრძალვა გაზრდის ვენტილატორების გამოყენებას, რაც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოვახდენთ ვენტილატორის მიერ ჰაერის ნაკადის წარმართვას, შეიძლება ინფიცირებული ადამიანიდან ვენტილატორის საშუალებით ჯანმრთელზე წვეთების (და ვირუსის) შეფრქვევას ხელი შევუწყოთ და თუნდაც დისტანციას იცავდნენ ადამიანები, ეს დისტანცია შემცირებული გამოვა. ამ დეტალების გათვალისწინება კი, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანებმა მოახერხონ.

    11. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის და ასევე, იმუნური პასუხის დაქვეითების გამო შეიძლება კორონავირუსით ინფიცრების რისკი, პირიქით, გაიზარდოს.

    ამიტომ, კონდიცირების აკრძალვის თემასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.“– ამბობს ბუწაშვილი.

  • მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა – თურნავა

    მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა – თურნავა

    მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან დაკავშირებით.

    „აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, იცით, რომ ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში. თუმცა ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ 2021 წელი იყოს ზრდის წელი და საწარმოები იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები,“ – განაცხადა თურნავამ.

  • 72 100 მოქალაქეს  200-ლარიანი კომპენსაცია  ჩაერიცხა

    72 100 მოქალაქეს 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა

    სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს” ინფორმაციით, უკვე დაიწყეს თვითდასაქმებულთა და შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეთათვის კომპენსაციების ეტაპობრივი გადარიცხვა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

    “გადარიცხვები მიმდინარეობს ეტაპობრივად, ერთბაშად ვერ მოხდება გადარიცხვა. 28-29 მაისს გადაირიცხა ეტაპობრივად და ეტაპობრივად აისახა ბენეფიციარების ანგარიშზე. გადარიცხვები გაგრძელდება მომდევნო კვირაში, ორშაბათიდან დაიწყება. 29 მაისის მდგომარეობით, სისტემაში ჯამში დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან 51 100 ადამიანს უკვე გადაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 15 375 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის შეადგენს 72 100 ადამიანს, მათზეც მოხდა კიმპენსაციების ჩარიცხვა, 14 435 000 ლარის ოდენობით. მაისში მათ აპრილის კომპენსაცია ჩაერიცხათ. ზოგადად, რეგისტრაციიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს გადარიცხვების განხორციელება. თუ ადამიანი დარეგისტრირდა 15 მაისს, 10 სამუშაო დღეში მის ანგარიშზე უნდა აისახოს შესაბამისი თანხა. დასაქმებულებს სიების დასაზუსტებლად ვადა 30 მაისამდე აქვთ. დაზუსტებულ სიაში მოხვედრილ ადამიანებზე კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება 10 ივნისამდე”, – აცხადებს სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ველთაური.

     

  • ახალი ინფიცირებულების წყარო, შესაძლოა, ჩემი კოლეგა იყოს, ერთი ოჯახის წევრები არიან – ამირან  გამყრელიძე

    ახალი ინფიცირებულების წყარო, შესაძლოა, ჩემი კოლეგა იყოს, ერთი ოჯახის წევრები არიან – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.

    “შესაძლოა, ეს არის ჩემი დიახ კოლეგა, სამედიცინო მუშაკი. ყველაზე დაზიანებული კლასტერი ყოველთვის გახლავთ სამედიცინო მუშაკები, მთელს მსოფლიოში კოვიდთან ბრძოლაში. საშუალო დაინფიცირების მაჩვენებელი 12-სა და 20%-ს შორის მერყეობს. საქართველოშიც, სამწუხაროდ, დაგვიინფიცირდნენ სამედიცინო მუშაკები, ციფრი არ იმალება, არის დაახლოებით 13%”, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

  • სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შემუშავდა

    სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შემუშავდა

    პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.

    როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტროდან აცნობეს, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

    “შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას. სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა. სპორტის ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.

    სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებმა უნდა დაიცვან 2 მეტრზე მეტი დისტანცია. სპორტის ეს სახეობებია: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო სპორტი, მძლეოსნობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის (დანართი №13) იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4883653/0/13

  • ჩამოყალიბდა  ე.წ. საბურთალოს კლასტერი შესაძლოა ინფიცირების პირველწყარო  მედიკოსი იყოს- გამყრელიძე

    ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი შესაძლოა ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს- გამყრელიძე

    ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა.

    “24 საათის განმავლობაში დაემატა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, აქედან 2 არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო 9 არის გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, 9-ს, მათ კონტაქტებს დაუდგინდა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას არ დავაზუსტებ. ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოები, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. სულ 11-ია. არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის 9 კონტაქტი”, – განმარტა გამყრელიძემ.

  • თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელო ქვაბი აფეთქდა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    „ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან”, – აღნიშნავენ უწყებაში.

  • 2 ივნისიდან  პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

    2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკურსელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.

     ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

    რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

    რეგისტრაციის ბოლო,  IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

    ამ ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

    ასევე სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

    • სკოლებში მოქმედებს საქმის წარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
    •  ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
    • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.
    •  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
    •  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
    •  მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).