Category: ახალი ამბები

  • ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

    ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

    ისანში, უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. კაცს ჭრლობები სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს. ის ბინაში ქირით ცხოვრობდა.

    ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

    დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

  • ხელისუფლება, რომელიც 8 წლის თავზე საუბრობს, რა იყო ცუდი 18 წლის წინ, ეს პოლიტიკური განაჩენია – ბოკერია

    ხელისუფლება, რომელიც 8 წლის თავზე საუბრობს, რა იყო ცუდი 18 წლის წინ, ეს პოლიტიკური განაჩენია – ბოკერია

    ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ვეღარ შეძლებს ანალოგიური სტრატეგიის გამოყენებას, რაც 2018 წელს გააკეთა.

    მისი თქმით, ახლა ვითარება შეცვლილია და ოპოზიციაში არიან ის პოლიტიკოსებიც, ვინც წინა ხელისუფლების ოპონენტები იყვნენ.

    “ისე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე ერთადერთ რამეზე საუბრობს, რა იყო ცუდი 18 წლის წინ, ეს არის განაჩენი პოლიტიკური. ეგ იგივეა, წინა ხელისუფლებას ესაუბრა იმაზე, დენი რომ არ იყო. ეს შეიძლება გაიხსენო, ლეგიტიმურია, მაგრამ წინ უნდა იყურო, მოქალაქეები ითხოვენ წინ ხედვას, რას გააკეთებ”,- თქვა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე არ შეასრულებს, პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ მათზე, რადგან ოპოზიცია ამ შეთანხმებას ასრულებს.

  • სასულიერო პირს, რომელიც წირვის დროს პატრიარქს არ მოიხსენიებდა, მსახურების უფლება შეუჩერეს

    სასულიერო პირს, რომელიც წირვის დროს პატრიარქს არ მოიხსენიებდა, მსახურების უფლება შეუჩერეს

    ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ათენოგენეს საკვირაო წირვაში პატრიარქის, ილია მეორის არმოხსენიების გამო მსახურების უფლება შეუჩერეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

    არქიმანდრიტის თქმით, პატრიარქის მოხსნიება იმის მერე ვეღარ შეძლო, რაც მეუფე პეტრემ ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა. მამა ათენოგენე ყვება, რომ ამის შემდეგ ტაძარში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მივიდნენ და გადაიღეს, რომ პატრიარქს არ იხსენიებდა.

    “მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ , ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ რომ არ ვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ვისაუბრეთ ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით, – ამბობს მამა ათენოგენე.

    დღეს საკვირაო წირვა მის ტაძარში უკვე მისმა შემცვლელმა, მამა გაბრიელმა ჩაატარა, რასაც მრევლი აპროტესტებს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ეკლესიაში აღარ ივლიან, თუ წირვას კვლავ მამა ათენოგენე არ ჩაატარებს.

  • ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი? რა კუდები გამოაბით? – მეუფე ანტონი თავის განცხადებაზე

    ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი? რა კუდები გამოაბით? – მეუფე ანტონი თავის განცხადებაზე

    ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საკუთარ რეზონანსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პასუხობს და ამბობს, რომ განცხადებას “კუდები გამოაბეს”.

    “არის თუ არა სიტყვის თავისუფლება, არის თუ არა დემოკრატია? მოიცა, ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი და ჩემი არ არის დემოკრატია? რა გამოაბით კუდები”,- ამბობს მეუფე.

    კითხვაზე, ნანობს თუ არა საკუთარ განცხადებას, მიტროპოლიტიპი ანტონი პასუხობს, რომ ჟურნალისტების აღმსარებელი არ არის.

    “მომისმინეთ, მე რასაც ვნანობ და რასაც არა, მე თქვენი აღმსარებელი არ ვარ, გაიგე? რა მაქვს სანანებელი, მე ვთქვი, რომ შეძრწუნებული ვარ თქვენი მოქმედებებით”,- აცხადებს მეუფე.

    მისი თქმით, მედიასთან ურთიერთობას აღარ აპირებს და მათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

    მეუფე ანტონი 25 მაისს ინიციატივით გამოვიდა, საქართველომ ევროატლანტიკურ გზას გადახედოს და ამისთვის რეფერენდუმი ჩატარდეს. მან თქვა, რომ ვინც ეკლესიას უტევს, ევროპა აფინანსებს.

    “უკვე ეჭვი მეპარება, ესენი სულყველა ისეთი ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ეს არის ევროპის ფასეულობა, ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა, – თქვა მეუფე ანტონიმ. 

  • მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, არ დასტურდება – გამყრელიძე

    მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, არ დასტურდება – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მითია, რომ ნიკოტინი კორონავირუსისგან იცავს ადამიანებს.

    მისი თქმით,  თამბაქოსა და კორონავირუსს ბევრი საერთო აქვთ – ორივე სასუნთქ სისტემას აზიანებს.

    თამბაქო არის ქრონიკული დაავადებების გამომწვევი ერთერთი მთავარი მიზეზი. ის აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს დიაბეტსა და სიმსივნეს… ბევრი საერთო აქვთ თამბაქოსა და კორონავირუსს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდიუპირველესყოვლისა აზიანებს სასუნთქ სისტემას და იწვევს პნევმონიის გართულებას. ამ მხრივ ბევრი საერთო ზიანია, ერთის მხრივ თამბაქოს მოხმარება და მეორე მხრივ კორონავირუსი. ამ საკითხზე ბევრი დისკუსიაა…

    მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე დისკუსიას მოვეშვათ. პირიქით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან და უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები”,- აცხადებს გამყრელიძე.

    მისივე თქმით, თამბაქოს ინდუსტრია მოგების სანახავად ცდილობს, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანოს.

    “თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც არის უზარმაზარი, 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში, ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და ე.წ მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის მოხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ, ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

    დღეს თამბაქოს კონტროლის ალიანსმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს. ცვლილებების თანახმად, გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას, რაც, ალიანსის განცხადებით, გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს მომავალ თაობას.

    ალიანსი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა.

  • უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, არ არსებობს – გახარია პოლიციელებს

    უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, არ არსებობს – გახარია პოლიციელებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს პოლიციის დღე მიულოცა.

    გახარიას თქმით,  ფორმიანი ადამიანის ქცევის მოდელი სახელმწიფოს მოდელია, ხოლო ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს პოლიციელის საშუალებით.

    “ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი”,- განაცხადა გახარიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ღირსება, რომ ემსახურო ქვეყანას და დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა.

    “ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ მშვიდობის პირობებში, იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.

  • პარლამენტი კანონში ცვლილებებს იღებს, რომელიც ახალგაზრდებს გამანადგურებელ ზიანს მიაყენებს – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

    პარლამენტი კანონში ცვლილებებს იღებს, რომელიც ახალგაზრდებს გამანადგურებელ ზიანს მიაყენებს – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

    თამბაქოს კონტროლის ალიანსი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვით, გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას.

    მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევებით არაერთხელ გახმაურდა მოზარდებში მწეველობის მწვავე პრობლემა, საქართველოს პარლამენტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის შესამცირებლად.

    “პარადოქსია, მაგრამ კანონში ცვლილების ინიციატორებს მოსმენაც კი არ უნდათ იმ პრობლემის შესახებ, რასაც იაფად ხელმისაწვდომი თუთუნი პირველ რიგში მოზარდებს და ახალგაზრდებს შეუქმნის. პარადოქსია ისიც, რომ მსოფლიოს თამბაქოსთან ბრძოლის წლის დევიზია თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა, საქართველოს პარლამენტი კი, სწორედ ამ წელს ცდილობს კანონში ისეთი ცვლილების მიღებას, რომელიც გამანადგურებელ დარტყმას პირდაპირ მომავალ თაობას მიაყენებს”,- წერს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.

    ალიანსი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა.

    “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საიდუმლო აღარ არის ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით სიკვდილი, ჩვენ დავამატებთ, დიახ, საიდუმლო გაცხადდა, ნუ მოკლავთ ბავშვებს თქვენი ბიზნესისათვის“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

  • რატომ გაიზარდა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა – მარინა ეზუგბაის განმარტება

    რატომ გაიზარდა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა – მარინა ეზუგბაის განმარტება

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, რატომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 26-ით. მისი თქმით, 18 შემთხვევა მუშევანის კლასტერიდანაა, სადაც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები დაიტესტნენ.

    ეზუგბაიას განმარტებით, ასეთი ტესტირება 10-14 დღეში ხდება, რაც რამდენიმე დღით შემთხვევების მატებას იწვევს, შემდეგ კი რაოდენობა კვლავ იკლებს.

    “26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა – იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება.

    კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა”,- ამბობს ეზუგბაია.

    ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ იქნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 783-მდე გაიზარდა, მათგან 605 განკურნებულია, 12 – გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ეზუგბაია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდასტურდა, სულ შემთხვევების რაოდენობა 783-მდე გაიზარდა. მათგან 18 შემთხვევა მუშევანის კლასტერიდანაა. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 საკარანტინო სივრციდანაა, 4 კი კონტაქტებია.

    ამასთან ერთად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 5-ით და 605 გახდა.

    მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 166 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 77%-ზე მეტია.

    ქვეყანაში COVID-19-ით 12 ადამიანია გარდაცვლილი.

  • მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით – აშშ-ის საელჩო

    მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით – აშშ-ის საელჩო

    აშშ-ის საელჩო ქართველ პოლიციელებს პოლიციის დღეს ულოცავს და მისალოც განცხადებას ავრცელებს.

    საელჩოს განცხადებით, პოლიციელებმა თავდაუზოგავი ერთგულება აჩვენეს კორონავირუსის საპასუხო ქმედებებისას.

    “პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს.

    დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება.

    ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით!”, -წერია განცხადებაში.