Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 6

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 6

    საქართველოში კორონავირუსი ინფიცირებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და შემთხვევათა საერთო რაოდეონობა 805 გახდა. ასევე, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, მთლიანობაში 650-მდე.

    მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.

  • ე.წ. “უჩიპო“, ანუ არაელქტრონული პირადობის მოწმობის დაკანონებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა

    ე.წ. “უჩიპო“, ანუ არაელქტრონული პირადობის მოწმობის დაკანონებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა

    საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი მოქალაქის სარჩელი, რომლებიც  კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომლებიც არაელექტრონული ანუ ე.წ. უჩიპო პირადობის მოწმობის გაცემას კრძალავს.

    ნანა სეფაშვილი, ია რეხვიაშვილი სარჩელს იმით ასაბუთებდნენ, რომ ეს აკრძალვა მათ რელიგიურ მრწამსს ბღალავს, რითაც მათი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა.

    კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა, რომლის პირადობის მოწმობასაც გაუვიდა მოქმედების ვადა, მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მას შეეძლო მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება.

    სასამართლოს რელიზში ნათქვამია:

    მოსარჩელეები, რელიგიური რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, მოსარჩელე ნანა სეფაშვილი ვერ სარგებლობს სხვაგვარი დოკუმენტით, რის გამოც რჩება სოციალური ცხოვრებისგან სრულად იზოლირებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით, სახელმწიფო მათ ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რაც მოსარჩელეთა განმარტებით, რწმენის თავისუფლების შინაგან განზომილებაში (forum internum) ჩარევას წარმოადგენს.

    მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა ანტიქრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზაა, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის ფლობა ეწინააღმდეგება მართლმადიდებელთა რწმენას. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, წმინდა წერილები აფრთხილებენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ მიიღონ ელექტრონული დოკუმენტები, ვინაიდან მათი საშუალებით ხდება ადამიანების ტოტალური კონტროლი, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ.

    მოსარჩელეთა განმარტებით, მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ელექტრონული პირადობის მოწმობის ანტიქრისტეს ბეჭდად მიჩნევის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მათი განმარტებით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის კრებამ, თავისი გადაწყვეტილებით, უარყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოწმობები ანტიქრისტეს ბეჭედია, თუმცა გაითვალისწინა საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა და სთხოვა სახელმწიფოს, გაეცა ალტერნატიული პირადობის მოწმობა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც, რწმენის გამო, უარს აცხადებდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.

    მოსარჩელეები იზიარებენ ათონის მთის წმინდა კინოტის გადაწყვეტილებას, წმინდანად შერაცხული ბერის მამა პაისისა და იოანე ღვთისმეტყველის მოძღვრებებს იმის შესახებ, რომ ელექტრონული მოწმობები ადამიანის სხეულში ჩასადგმელი ინპლანტის წინაპირობაა, რომლის მეშვეობითაც საბოლოოდ უნდა განხორციელდეს ადამიანთა მართვა. მოსარჩელეებს მოჰყავთ კონკრეტული ამონარიდები წმინდა წერილებიდან და აპოკალიფსის შესახებ ლიტერატურიდან, რომლითაც წმინდა მამები აფრთხილებენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისეთი ელექტრონული დოკუმენტის შემოღების შესახებ, რომლის გარეშეც ვერ მოხდება ყიდვა-გაყიდვა და სხვა უფლებების განხორციელება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მათთვის წმინდანად შერაცხული მამების აზრები უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ აღნიშნული მოძღვრებები გახდა სადავო ნორმების მიმართ მათი რელიგიური წინააღმდეგობის საფუძველი.

    მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათი შიშები დოკუმენტის ელექტრონულ მატარებელს (ჩიპი) უკავშირდება, ვინაიდან მათ არ იციან, თუ რა ინფორმაციის მატარებელია აღნიშნული მოწყობილობა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ, მართალია, ჩიპის შემადგენლობა და მასზე დატანილი ინფორმაცია ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, წვდომა განახორციელონ ჩიპზე და თავად წაიკითხონ მასზე არსებული ინფორმაცია.

    მოსარჩელეთა მოსაზრებით, პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი უნდა იყოს კანონით განსაზღვრული მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა შეიცავს. ელექტრონული პირადობის მოწმობა კი მასში ინტეგრირებული ელექტრონული კომპონენტის (ჩიპი) მეშვეობით, პირის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელია, რაც ზრდის სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელეთა კონტროლის საფრთხეს.

    ამ და სხვა არგუმენტების მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის შემუშავებისა და მიღების პროცესში სახელმწიფოს არ დაურღვევია კონსტიტუციით გათვალისწინებული ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები და სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება რწმენის/რელიგიის თავისუფლებას კონსტიტუციის გაგებით.

    სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გააჩივრებას არ ექვემდებარება.

     

  • საქართველო მზადაა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს – საგარეოს განცხადება

    საქართველო მზადაა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს – საგარეოს განცხადება

    საქართველო მზად არის კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთს, სადაც ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების მაჩვენებელი პიკს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი:

    „დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარესა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

    დღეს საქართველოს მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რომელშიც მთავრობას მოუწოდეს  სომხეთს  მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობა შესთავაზოს.

  • “ეს ძალიან კარგი განცხადებაა“-ბოკერია ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე

    “ეს ძალიან კარგი განცხადებაა“-ბოკერია ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე

    “ძალიან კარგია ეს განცხადება”,-ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ნიკა მელიას განცხადებას. საქმე ეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია თბილისის მასშტაბით მხოლოდ ორ ოლქში –გლდანსა და სამგორში დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატს.

    “ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ქმედება სხვა ლიდერებისგან. იმედი მაქვს, რომ არ იქნება არანაირი საბაბის ძებნა, რატომ არ იღებს ესა თუ ის პარტია მონაწილეობას, რაზეც გუშინ უდუმაშილმა ისაუბრა. თუ ეს სიტყვა შესრულდება, მაშინ თბილისში ნამდვილად იქნება მრავალფეროვანი პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი სია, მათ შორის ორი ნაციონალური მოძრაობიდან.ოლქები არ ყოფილა ჩვენთან შეთანხმებული, მაგრამ ეს წვრილმანებია. თუ ეს სიტყვა სრულდება, მაშინ ეს კარგი განცხადებაა და კი ბატონო – აღდგომა და ხვალეო”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში.

  • ნაციონალური მოძრაობა თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6–ს ოპოზიციას დაუთმობს – ნიკა მელიას განცხადება

    ნაციონალური მოძრაობა თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6–ს ოპოზიციას დაუთმობს – ნიკა მელიას განცხადება

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან, ექვსს ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    “ენმ თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ ენმ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის… ხვალინდელი დღიდან ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის ორ რაიონში – სამგორი და გლდანის რაიონი და იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

    მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის არჩევნებზე, მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დასახელების მომხრეა.

    მელია ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისშია, თუმცა ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ენმ პატივს სცემს სხვა პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც საკუთარი კანდიდატებით არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

  • ევროპარლამენტარის პასუხის პასუხის პასუხი – ვიოლა ფონ კრამონის კიდევ ერთი წერილი კავკასიურ სახლს

    ევროპარლამენტარის პასუხის პასუხის პასუხი – ვიოლა ფონ კრამონის კიდევ ერთი წერილი კავკასიურ სახლს

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კავკასიურ სახლს კიდევ ერთხელ პასუხობს. ის ორგანიზაციას საკუთარი პოლიტიკური მოტივების გაცხადებისა და კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების გამონახვისკენ მოუწოდებს.

    ფიოლა ფონ კრამონი კავკასიური სახლის წარმომადგენლებს რვა მარტის შეთანხმებას შეახსენებს და ამბობს, რომ უკვირს, რატომ ჭოჭმანობენ და რატომ არ სთხოვენ ხელისუფლებას სიტყვის შესრულებას.

    “პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მივიღე თქვენი წერილი.

    სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი.

    თქვენს პირველ წერილში არაერთგზის და ამავდროულად მცდარად დამდეთ ბრალი ზოგიერთი პოლიტიკოსის „პოლიტპატიმრად“ შერაცხვაში. ამ ცილისწამების განსამტკიცებლად ციტატად მოიყვანეთ თებერვალში გაკეთებული ჩემი კომენტარი ტვიტერიდან სადაც ვაცხადებ, რომ „პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელია და აზიანებს საქართველოს“. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ „პოლიტიკური ოპონენტი“ იგივეა რაც „პოლიტიკური პატიმარი“, მაშინ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კარგად კითხვის აუცილებლობის შესახებ.

    არგუმენტირების კიდევ ერთი მცდელობისას, თქვენ მახსენებთ ჩემ მიერ 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერას. ეს შეთანხმება, კვალავს რა გზას უფრო სამართლიანი, უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნებისკენ, დიდი მიღწევაა ქართული დემოკრატიისთვის. შესაბამისად, გასაკვირია არა ჩემ მიერ შეთანხმების მხარდაჭერა, არამედ თქვენი ჭოჭმანი შეახსენოთ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და მოსთხოვოთ სიტყვის შესრულება. ბატონი ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე გატეხა თავისი პირობა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა უფრო და უფრო ამსგავსებს მას სააკაშვილის საზარელ რეჟიმს.

    თქვენ თითქოს ასევე მიანიშნებთ, რომ მე უნდა ვიყო ანგარიშვალდებული იმაზე თუ რა თქვა ან არ თქვა ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა. თქვენ მიერ ჩამოთვლილ პირთაგან არცერთი არ არის ჩემი პარტიის წევრი. უფრო მეტიც, ისინი არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები. შესაბამისად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს არაეფექტურია ჩემგან მოითხოვდეთ განმარტებას ჩემი ოპონენტების იმ სიტყვებზე, რომლებსაც თქვენ მცდარად ისევ მე მომაწერთ. თქვენ თუ ჩემი ოპონენტების სიტყვებზე განმარტების მოსმენა გსურდათ მაშინ თქვენი წერილი უნდა დაგესათაურებინათ მათი სახელებით და არა ჩემით.

    მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ?

    თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემს წინააღმდეგ  წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ.

    მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.

    მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია განვიხილო თქვენთან სტუმრობის შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე“ (რომელიც თითქმის 8 წლის წინ დასრულდა), მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე როგორებიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა რომელიც აბრკოლებს საქართველოს იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს.

    იმედი მაქვს, მომავალში მოახერხებთ თქვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას და დაიწყებთ იმ ხიდების აღდგენას, რომლებიც უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა სამწუხაროდ ძლიერ დააზიანა.

    პატივისცემით,

    ვიოლა ფონ კრამონი” 

    შეგახსენებთ, რომ „კავკასიურმა სახლმა“ ევროპარლამენტარს პირველი წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა ევროპელ დეპუტატს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს და პოლიტპატიმრების მხარდაჭერის გამო უსაყვედურეს.

    ვითხოვ უკეთეს ნაწერს – კარგად წერა კი კარგად კითხვის შედეგია, – ასე პასხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კავკასიური სახლიდან გაგზავნილი წერილის ავტორებს.

  • საქართველოში ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდასტურდა

    საქართველოში ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდასტურდა

    საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდგინეს. მას თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში უმკურნალეს.

    ამის შესახებ PIA.GE-ს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგემ ვიტალი ხარაშვილმა განუცხადა. ვიტალი ხარაშვილის თქმით, კავასაკის სინდრომი საქართველოში პირველად 30 წლის წინ დადასტურდა და ეს სწორედ მის პრაქტიკაში მოხდა.

    “საქართველოში პირველად კავასაკის სინდრომი ჩემ მიერ დიაგნოსტირდა. ეს იყო 30 წლის წინ. ეს სინდრომი ძალიან რთული დასადგენი და ძვირი სამკურნალოა. ამჟამად საქართველოში აღნიშნული სინდრომის დიაგნოსტირება “ნიუ ჰოსპიტალსის” რევმატოლოგიის სპეციალურ განყოფილებაში ხდება. ასე რომ, ეს ჩვენთან ცნობილი სინდრომია და მისი ეფექტური მკურნალობის გამოცდილება გვაქვს”, – აცხადებს  ვიტალი ხარაშვილი.

    მისი განმარტებით, კავასაკის სინდრომი საქართველოში საკმაოდ ხშირად ვლინდება. კავასაკი უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიქსირდება, თუმცა, ნებისმიერი წლოვანების ადამიანს შეიძლება დაემართოს.

    ვიტალი ხარაშვილის განცხადებით, კავასაკის სინდრომის ბოლო შემთხვევა მის პრაქტიკაში 2 თვის წინ იყო – მცირეწლოვან ბავშვში დადასტურდა.

    “ეს იყო ადრეც, არის ახლაც და მომავალშიც იქნება. ჩემს პრაქტიკაში კავასაკის სინდრომის შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია. ბოლო შემთხვევა გვქონდა 2 თვის წინ. აღნიშნული სინდრომის დროს გადამწყვეტია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა. მისი უმძიმესი ფორმა არის უკვე ანევრიზმა, განსაკუთრებით გულზე, რამაც შესაძლოა, გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს “, – აღნიშნა ვიტალი ხარაშვილმა.

    როგორც ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის ამბობს, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია, როგორ და რატომ ჩნდება აღნიშნული სინდრომი, თუმცა საქართველოში მისი ეფექტიანი მკურნალობის გამოცდილება დიდია.

  • პროკურატურა ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისა და მისი მეგობრისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

    პროკურატურა ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისა და მისი მეგობრისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

    პროკურატურა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისთვის, გრიგოლ აბრალავასა და მისი მეგობრისთვის, უშანგი თალაკვაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

    „თბილისის პროკურატურამ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს – ი.კ-ს და ზ.მ-ს.

    ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

    სამართალდამცველებმა ნ.თ და გ.ა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • არჩევნებში ხმათა 40% – ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს – კობახიძე

    არჩევნებში ხმათა 40% – ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს – კობახიძე

    არჩევნებში ხმათა 40% – ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა.

    „40%-იანი ჩამკეტი ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ხმების 40%, ამ შემთხვევაში, თეორიულად ამ სისტემით მას შეიძლება, პარლამენტში 75 მანდატზე მეტი ერგოს, თუმცა ჩამკეტი გულისხმობს იმას, რომ ხმათა 40%-ით ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს პარტია 75 მანდატზე მეტს, რაც არის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ მანდატების 50%-ზე მეტი. ეს რეგულაცია ჩაიდო ოპოზიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით. 120/30-ის პირობებში რეალური აქტუალობა დაკარგული აქვს ამ ჩამკეტს, თუმცა თავისი დატვირთვა შეიძლება, ჰქონდეს, გარკვეული თეორიული ვარიანტის შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.

  • ევროპული საქართველოს ბრიფინგს მიდევნებული ლამპარის ფუნქცია ჰქონდა, თავი გადაიზღვიეს – ბერძენიშვილი

    ევროპული საქართველოს ბრიფინგს მიდევნებული ლამპარის ფუნქცია ჰქონდა, თავი გადაიზღვიეს – ბერძენიშვილი

    რესპუბლიკური პარიტის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ევროპული საქართველო მაჟორიტარებზე შეთანხმების მონახაზით კმაყოფილია, ბოკერიასა და ბაქრაძის დღევანდელი ბრიფინგი კი უბრალოდ თავის გადაზღვევა იყო.

    “როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ევროპული საქართველო ფრიად კმაყოფილია საკუთარი ინტერესების დაცვით შეთანხმების დრაფტში (მონახაზში). ამიტომ რამ გამოიწვია ევროპული საქართველოს ბრიფინგი – მემგონი თავი გადაიზღვიეს. ერთგვარად მიდევნებული ლამპარის ფუნქციაც ჰქონდა და ამით მათ როგორც ჩანს გაამყარეს იმის ალბათობა, რომელიც 99% იყო, ჩათვალეს, რომ ახლა არის 99.001%”,- ამბობს ბერძენიშვილი.

    რესპუბლიკელების ლიდერმა ასევე აღნიშნა, ის უფრო ენდობა თითოეულ ამ პარტიას, ვიდრე ერთმანეთს ენდობიან ენმ და ევროპული საქართველო.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

    დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

    ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.