Category: ახალი ამბები

  • აქციის ჩატარება მათი უფლებაა – კალაძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

    აქციის ჩატარება მათი უფლებაა – კალაძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას არ აქვს უფლება, აქციის ჩატარება აკრძალოს, ან ნებართვა გასცეს. მისი თქმით, მოქალაქეების უფლებაა, 20 ივნისს აქცია ჩაატარონ.

    “ჩვენ ვერავის ვერ დავრთავთ ნებას ან ვერ ავუკრძალავთ, ეს არის მათი უფლებაა, კონკრეტულ ლოკაციაზე ჩაატარონ აქცია, სადაც მოითხოვენ. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს და ადამიანთა ჯგუფებს შემოტანილი აქვს კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ნებართვა, მერია უფლებამოსილი და ვალდებულია, ეს იმ მხარეს აცნობოს, რომელსაც კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით წერილი შემოაქვს”,- თქვა კალაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობასთან საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას მიზნად არ ისახავს.

    „არ მგონია მაგას სერიოზული პასუხი სჭირდებოდეს. როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავიანთი პროტესტის გამოხატვას? ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროტესტი გამოხატონ და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“, – განაცხადა კალაძემ.

    ცნობისთვის, მოძრაობა “სირცხვილიამ” გავრილოვის ღამის წლისთავზე, 20 ივნისს აქცია დაგეგმა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, რუსთაველის მოედანზე იწვევენ მათ:

    ,,ვისაც გაწუხებთ:

    • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
    • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
    • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
    • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
    • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა

    გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს და ისევ სირცხვილია”,- წერია აქციის აღწერაში.

    მათივე ინფორმაციით, აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცული იქნება.

  • მადლობა გადამიხადოს, რომ მოქალაქეების ცემისგან გადავარჩინეთ – კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე

    მადლობა გადამიხადოს, რომ მოქალაქეების ცემისგან გადავარჩინეთ – კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე

    თბილისის მერი კახა კალაძე არ მოელის , რომ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას დაიწყებენ.

    მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე ადამიანმა მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან მოქალაქეების ცემისგან გადაარჩინეს.

    „არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“,- განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.

  • მოლაპარაკებები გვაქვს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან – გახარია ტურიზმზე

    მოლაპარაკებები გვაქვს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან – გახარია ტურიზმზე

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან და ავსტრიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    მისი თქმით, გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

    “ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. თუმცა, იქ ახლა არის შიდაევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილებებიც უახლოეს პრიოდში იქნება მიღებული, და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ”,- ამბობს გახარია.

    პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ მიღწევები რისკის ქვეშ არ დადგება, თუმცა საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა.

    “ხაზგასმით აღვნიშნავ – ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ის რაც ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და არ უნდა დავაყენოთ, თუმცა, ამასთან ერთად გეტყვით, რომ საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა”,- განაცხადა გახარიამ.

    ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა თქვა, რომ იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს ტურიზმზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული ჰქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც დალოდება სთხოვეს.

  • ლომისობის დღესასწაულზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    თიულეთში, ლომისობის დღესასწაულზე შუახნის მამაკაცი  გარდაიცვალა. მამაკაცი ეკლესიის ეზოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მას მაშინვე  გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ დაზუსტებული არ არის.

     

  • თუ ეროვნულ გამოცდებზე ნიღაბი სავალდებულოა, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ვხედავ – კულუმბეგოვი

    “თუ ეროვნულ გამოცდებზე ნიღაბი სავალდებულოა, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ვხედავ”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი მთავარ არხის ეთერში ისაუბრა.

    “თუ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვირუსის გარეთ გავრცელება, რომელმაც პოტენციურად აეროზოლიზაცია განიცადოს, დარჩეს და მერე ჰაერის ნაკადმა 10 მეტრზე გადაიტანოს, მაშინ მინიმალურია. თუ ნიღაბია, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. თუ უნიღბოდ უნდა იყოს, მაშინ უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი. პოტენციური რისკი იზრდება და უზრუნველვყოთ განიავების სხვა მეთოდები. ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპი კონდიციონერები, რომლებიც გარეთ გაიწობენ. მანდატორული ნიღაბი გვაცილებს თავიდან იმ რისკებს, რაც შეიძლება იყოს ჰაერის ნაკადით გამოწვეული ინფექციის არსებობა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

  • პოლიტიკური სპექტრი ტოკსიკურია – გახარია ოპოზიციაზე

    პოლიტიკური სპექტრი ტოკსიკურია – გახარია ოპოზიციაზე

    თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? – ასე მიმართა ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც აშშ-ის ელჩის პროკურატურაში ვიზიტზე ჰკითხა.

    ჟურნალისტის პასუხზე, რომ ასე შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში, გახარიამ განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი ტოქსიკურია.

    „თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? თავს რატომ იქნევთ? პოლიტიკური სპექტრი, საწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე დღეს არის ძალიან ტოქსიკური. მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც კიდევ ამასთან ერთად „ფეიქნიუსებზე” არის დაყრდნობილი და ეს სამწუხაროა. სამწუხაროდ, ამას ყველა უნდა მივეჩვიოთ არჩევნებამდე და ყველაფერ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, მედია კულტურაც ნელ-ნელა ავიმაღლოთ”, – განაცხადა გახარიამ.

  • ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ -20 ივნისს 200 კაცზე მეტი იქნება – კაპანაძე

    20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე 20 ივნისის აქციაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმით, 200 „ნაციონალის“ შეკრება არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით პრობლემა არ არის

    „რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, სულ ასე აცილებს ხოლმე როდესაც რაიმე შეფასებას აკეთებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

    ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი იქნება.

     

  • აპრილში 170 ათას ადამიანს არ მიუღია ხელფასი, კომპანიებმა კი 95 ათასზე წარადგინეს ინფორმაცია – კაკაურიძე

    აპრილში 170 ათას ადამიანს არ მიუღია ხელფასი, კომპანიებმა კი 95 ათასზე წარადგინეს ინფორმაცია – კაკაურიძე

    ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო ისეთი, ვისაც აპრილში ხელფასი არ აუღია და სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა, ინფორმაცია, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს. როგორც მან თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით კომპენსციები ჯამში, დაახლოებით, 400 000 ადამიანს აქვს აღებული.

    „ვგულისხმობ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას და 1200-ლარიანი დახმარების ერთი თვის ანაზღაურებას. ჯერჯერობით ყველაფერი ერთი თვის არის გაცემული. ერთჯერად დახმარების მიღებაზე განაცხადი დაახლოებით 90 000-მა ადამიანმა გააკეთა, რომელთა ნაწილი განხილვის პროცესშია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 3-4 ათასი განაცხადი შემოდის. პროცესი მიმდინარეობს, ერთი თვეა კიდევ დარჩენილი და ეს მოუცულობა, რაც ამ მიმართულებით არის გამოყოფილი 75 მილიონი, ვფიქრობს, საკმარისი იქნება. რაც შეეხება 1200-ლარიან დახმარებას, ამ შემთხევაში ადმიანების იდენტიფიცირება შედარებით მარტივი იყო, მაგრამ კომპანიების ნაწილმა ინფორმაცია არ წარმოადგინეს. რაც ჩვენი ბაზიდან ჩანდა დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად წარმოადგინეს, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე. კომპანიებს ბევრი კითხვა გაუჩნდა. ვფიქრობ, ის მონაცემი რაც გვაქვს, მაისში მინუმ გაორმაგდება. ივნისის მონაცემები კი დაგვანახებს რამდენი ადამიანი საჭიროებს ამ კომპენსაციის მიღებას“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

  • თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

    თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

    თბილისის მერია მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერს, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძე ამბობს, რომ პანდემიის შედეგად თბილისის ბიუჯეტმა შემოსავლების სახით 150 მილიონი ლარი დაკარგა, შექმნილი ვითარების გამო ბევრი დაანონსებული პროექტი შეჩერდა, თუმცა კალაძე ამბობს, რომ მათი შეჩერება ჩაშლას არ ნიშნავს და მათი განხორციელება უბრალოდ დროში გადავადდა. ერთ–ერთი პირველი შეჩერებული პროექტი, რომელსაც მერია დაუბრუნდა მიკროავტობუსების შეძენაა.

    “ერთ–ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო უკვე ტენდერი შესყიდვაზე, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. მე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს და ფინანსთა მინისტრს. გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხების წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები გამოყენებული იქნება მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე. 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“– განაცხადა კალაძემ.

  • ბირთვისის ციხის გზაზე, მაშველებმა გამოიყვანეს მოქალაქე, რომელიც კლდიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა

    ბირთვისის ციხის გზაზე, მაშველებმა გამოიყვანეს მოქალაქე, რომელიც კლდიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემვიდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე მოქალაქე ვერ ახერხებდა კლდიდან ჩამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. ინიციატორის განცხადებით, პიროვნება კლდოვან ადგილას, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფოდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეტყობინების შემდეგ ადგილზე გავიდა. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ოპერაციაში თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის ჩართვა.

    მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.