Category: ახალი ამბები

  • მდინარე ალაზანში მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

    მდინარე ალაზანში მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ.  დედოფლისწყაროელი გიორგი ანთაური, რომელიც მწყემსად ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა მამაკაცმა ვეღარ შეძლო.

    სამძებრო სამუშაოების მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები იმყოფებიან.

  • დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

    საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

    ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის რანგში „მინისტრის საათის” ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში პირველად მოუსმენენ.

    ცნობისთვის, „მინისტრის საათი“ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

  • საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 837 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 697 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 303 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • “მაკა სოლოღაშვილის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება“–მარინა ეზუგბაია ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს უპირისპირდება

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის  განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ განცხადება მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება და  ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს. ამის შესახებ ეზუგბაიამ ფეისბუქზე დაწერა:

    ქ-ნ მაკა სოლოღაშვილის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.

    ა.წ. 9 ივნისს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნმა მაკა სოლოღაშვილმა მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“.

    სინამდვილეში ოთხ COVID კლინიკას – რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არა ჰყავთ არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, „არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად“, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქ-ნი მაკა. არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა ა.წ. 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა ა.წ. 26 თებერვალს.

    ქ-ნი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადექვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა. ვერც ქ-ნ მაკას კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოვება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა – ბ-ნმა ლევან გაფრინდაშვილმა გაუწია მათ დახმარება საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სწორედ ბ-ნმა ლევანმა მოახერხა შესულიყო კომუნიკაციაში აღნიშნულ პაციენტთან და გადასცა იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე, რომ ქ-ნ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს.
    გასაგები მიზეზების გამო მედპერსონალს და განსაკუთრებით COVID-19-ით ავადმყოფებთან მომუშავე მედპერსონალს მთელ მსოფლიოში დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ უხდება ყოფნა. ასე მაგალითად ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იტალია და გერმანიაა – თითოეულს 10 ათასზე მეტი დაინფიცირებული მედპერსონალი ჰყავთ, მაშინ როდესაც საქართველოში სულ 104 დაინფიცირებული მედპერსონალია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია (12,6%), ვიდრე საშუალოდ ევროპაში (დაახლოებით 20%).

    ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამოდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის. ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქ-ნმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა.“– წერს ეზუგბაია.

    მაკა სოლოღაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათი კლინიკის მედპერსონალი – 2 ექთანი და ერთი სანიტარიფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტისგან დაინფიცირდა . როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები ჰყავდათ და მედპერსონალის დაინფიცირება მოხდა მაშინ, როდესაც მათ ამ პაციენტების შეკავება მოუწიათ. კლინიკაში ასევე აცხადებენ, რომ მათ ფაქტზე რეაგირებისთვის კონკრეტულ უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა პოლიციამ დახმარებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მედპერსონალს თავად მოუწია ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან მუშაობა.

    „ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემის გამო. ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის. ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა, თუმცა კლინიაკში დაცულია უსაფრთხოების ზომები. სანიტარს ჰქონდა უაშუალო კონტაქტი, ჰქონდა მედდას იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის გაკავება, ფიზიკურად გაკავება და ისე ვერ მოხდებოდა, რომ არა ესეთი ქმედება“,-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის  თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უნივერსიტეტი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაინფიცირებულის პირადი კონტაქტები დადგენილია, მასთან კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს კი ტესტირება უტარდება.

    “თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.

    მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები”, — წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

  • “მელანდება, თუ მართლა ხდება? ცოტა მეშინია” – ნიკა გვარამია ვახტანგ კახიძის სიმღერაზე

    ცოტა ხნის წინ Youtube-ზე  მუსიკოსმა ვატო კახიძემ კორონავირუსის პანდემიას სიმღერა სახელად “ყველაფერი კარგად იქნება” მიუძღვნა. სიმღერამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა ასევე გამოეხმაურა ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი ნიკა გვარამიაც.

    “ეს ახლა მელანდება, თუ მართლა ხდება?ცოტა მეშინია.” – წერს გვარამია.

     

  • “თუ ესეთი დაბალი რანგის, უმნიშვნელო,ფულზე გაყიდული ორპირი ხალხია ან რას ხვდებით და ან რას აქეიფებთ?“–მწვავე ანგარიშის ავტორი ორი კონგრესმენი საქართველოს ორჯერ სტუმრობდა

    ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის ავტორი 13 ამერიკელი კონგრესმენიდან ორი საქართველოში ნამყოფია და ქართული ოცნების ლიდერებსაც კარგად იცნობს. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს:

    “იმ 13 კონგრესმენიდან რომელთა ხელმოწერაც 147 კონგრესმენისგან შემდგარი კონსერვატიული ჯგუფის (Republican Study Committee – RSC) სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშზეა და რომელთაც ირაკლი კობახიძემ ლამის აგინა, მინიმუმ ორს – ალექს მუნის და ჯო ვილსონს თავად კობახიძე და არჩილ თალაკვაძე არაერთხელ შეხვედრიან. ჯო ვილსონის ხელმძღვანელობით კონგრესმენთა დელეგაცია ორჯერ იყო საქართველოში და მასპინძელი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სწორედ კობახიძე იყო. სულ ბოლოს, ჯო ვილსონს არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში წელს, 7 თებერვალს შეხვდა. ჰოდა ბატონებო, თუ ესეთი დაბალი რანგის, უმნიშვნელო და თან ფულზე გაყიდული ორპირი ხალხია ან რას ხვდებით და ან რას აქეიფებთ?(ფოტოზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს ჯო ვილსონს. შეხვედრების ლინკები იხილეთ კომენტარებში)„– წერს კანდელაკი.

    ამ ვიზიტის და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები პარლამენტის გვერდზეც იძებნება.

    ვიზიტი 2017 წლის აგვისტოში შედგა.

    პრესრელიზში ნათქვამია:

    “პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე.

    საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.“

  • “არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი“– გუბაზ სანიკიძე ამერიკის ელჩს ბოდიშს უხდის

    “არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი“– გუბაზ სანიკიძე ამერიკის ელჩს ბოდიშს უხდის

    გუბაზ სანიკიძემ ამერიკის საელჩოს მთავარი არხის ეთერში ბოდიში მოუხადა:

    “მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. გუშინ ტვ პირველზე ვიყავი და არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით. არასწორი მოსაზრება გამოვთქვი, არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი. ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ელჩს და მინდა და დავადასტურო ჩემი უღრმესი პატვისცემა შეერთებული შტატების მიმართ, საქართველოში საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც უკვე 30 წელია იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. თუ სურვილი ექნებათ მზად ვარ შევხვდე საელჩოს წარმომადგენლებს და ჩემი ახსნა განმარტება გავაკეთო.“–თქვა გუბაზ სანიკიძეს.

    საქმე ეხება მის მიერ გუშინ, ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს:

    „20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი. ისმენს, მუშაობენ ისე. ის არ დატოვებდა ფაქტს სატელეფონო საუბარში, რომ ესროლეთო. გამოუშვა ანზორ ჩუბინიძე და ანზორ ჩუბინიძემ გასცა“, – განაცხადა სანიკიძემ.

    ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა აშშ–ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა:

    „ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“, – განაცხადა დეგნანმა.

    ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

    სანიკიძის ყოფილმა თანაგუნდელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:

    „ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია“ და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“.

    “დარწმუნებული ვარ, გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოჰყვება როგორც ქართველი ჯანსაღი პოლიტიკოსების მხრიდან რეაქცია, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“–განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

    „სისულელეებს შორის, ზოგი კარგი გასართობი სისულელეც არის და ეს კარგი გასართობი სისულელეა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    “ეს სკანდალური განცხადებაა. თვითონ ამ განცხადების წყარო იმდენად უმნიშვნელოა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ შეიძლება, ამას ყურადღება არც მივაქციოთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ აშშ-ს წარმომადგენლობამ რაღაც დონეზე პასუხი მაინც უნდა გასცეს ამ სისულელეს” – განაცხადა გია  ვოლსკიმ.

  • სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე მაგრამ სულით ქართველია და ის არასდროს შეწყვეტს, იყოს ქართველი – უკრაინის ელჩი

    ” სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე მაგრამ სულით ქართველია და ის არასდროს შეწყვეტს, იყოს ქართველი”- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა  განაცხადა. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, არის ქართველი და საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

    „როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთ საკითხი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხებოდა. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების,“- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

    ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

    „ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,– აღნიშნა სააკაშვილმა.

  • დოკუმენტი შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური – კალაძე კონგრესმენების ანგარიშზე

    “რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს”  – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

    „ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მოყოლებული 2012 წლიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები. ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა კახი კალაძემ.