Category: ახალი ამბები

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 12 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის მიზეზად თელასი ქსელში გადართვებს და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3  II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III   მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის, აბაშვილის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ,” – აცხადებს თელასი.

  • გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

    გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

    „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

    მას აღკვეთის ღონისძიებაპატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

    ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

  • პირბადეებმა შესაძლოა პანდემიის მომდევნო ტალღები, აკრძალვებისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეაჩეროს

    პანდემიის პიკი მსოფლიომ შეიძლება ითქვას უკვე გადაიარა და ქვეყნების დიდმა ნაწილმა გახსნაც დაიწყო, სპეციალისტები კი ახალი კორონავირუსის კვლევას აგრძელებენ. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ პანდემიის მომდევნო ტალღა გვიანი შემოდგომისთვის იქნება თუმცა ბრიტანელი სპეციალისტების დასკვნა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა მომდევნო ტალღები ვერ ვიხილოთ ან ის გაცილებით სუსტი იყოს ვიდრე მოლოდინი იყო.

    კოვიდ19-ის მომდევნო ტალღების შემცირების მთავარი წყარო არა საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები, არამედ შეიძლება პირბადეები გახდეს, რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აუცილებელი ნივთია. ბრიტანელი სპეციალისტები კემბრიჯიდან ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის შეკავება პირბადეებს შეუძლიათ.

    დასკვნაში წერია, რომ ამისთვის საჭირო მხოლოდ სამედიცინო ნიღბები არ არის, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხელნაკეთ პირბადესაც შეუძლია თავისი დიდი როლი შეიტანოს ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში.

    ბრიტანელი სპეციალისტები თვლიან, რომ პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირების დაცვა შესაძლებელს ხდის პანდემიის მართვას და ეკონომიკების გახსნას, მანამ, სანამ ვაქცინაზე მუშაობა დასრულდება. ბრიტანელების კვლევის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of Royal Society A უკვე გამოქვეყნდა.

    პირბადეების გამოყენების შესახებ რეკომენდაცია გასულ პარასკევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც გასცა.

    წყარო:ამერიკის ხმა
  • თითქოს ეს დოკუმენტი ვინმემ მოიპარა და გვარი-სახელი ბიძინა ივანიშვილი მიაწერა – ქანთარია

    თითქოს ეს დოკუმენტი ვინმემ მოიპარა და გვარი-სახელი ბიძინა ივანიშვილი მიაწერა – ქანთარია

    უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კონგრესმენების ანგარიშზე ამბობს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვინმემ ეს დოკუმენტი მოიპარა ბიძინა ივანიშვილის გვარ-სახელი მიაწერა.

    “დამეთანხმებით, ასეთი მჭიდრო კავშირი, როგორიც დღეს არის ამერიკასთან, არასდროს არ ყოფილა, ორპარტიული, ასევე უმჭიდროვესი კავშირი ნატოსთან, საერთოდ ევროპასთან, საერთოდ არ ყოფილა. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს დოკუმენტი ვინმემ მოიპარა და გვარი-სახელი ბიძინა ივანიშვილი მიაწერა, არ ვიცი მე-13 კონგრესმენმა, მე-12-მ თუ მე-5-მ, მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა კონტექსტში უცბად არის ეს გვარი, კაცზე რომელსაც, აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის”,- ამბობს ქანთარია ტვ პირველის ეთერში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ არამგონია “რაღაც დეტექტიურ სურათთან გვქონდეს საქმე”, თუმცა ასეთი შთაბეჭდილება დარჩა.

    ქანთარიასვე თქმით, ერთადერთი დანაშაული რაც კრემლთან ივანიშვილს აქვს ჩადენილი, ის არის, რომ ამ დროის განმავლობაში ომის პროვოცირება არ მომხდარა.

    “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

  • ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

    ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0387 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0387 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4551 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ – ნილ ფერგიუსონი

    როგორ შეცვლის სამყაროს ახალი კორონავირუსი, რას ნიშნავს ის საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში – ამ თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ცნობილ ისტორიკოსს, ჰუვერის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს და ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ ფერგიუსონს ესაუბრა.

    როგორც ისტორიკოსი, თქვენ სწავლობთ, თუ როგორ შეცვალა წინა პანდემიებმა საზოგადოება. რას უნდა ველოდოთ ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

    გააჩნია, თუ რამხელა გავლენა ექნება ახალი კორონავირუსის პანდემიას, რადგან პანდემიების მასშტაბები განსხვავდება. იყო პანდემიები, მაგალითად, შავი ჭირი, მე-14 საუკუნეში, ასევე რომის იმპერიაში, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედი შეიწირა. დღეს, ეს არ გვემუქრება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პანდემია ისევე ცუდია როგორც 1918 წლის ესპანური გრიპი იყო, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის ორი ან სამი პროცენტი შეიწირა.

    კოვიდ-19 მასშტაბურია, თუმცა არც ისე დამანგრეველი, როგორიც 1957 წლის პანდემია, რომელიც ჩვენ არა, თუმცა ჩვენს ბებია-ბაბუებს ახსოვთ. ეს ნამდვილი გლობალური კრიზისი, გრიპის ახალმა ტალღამ გამოიწვია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არავის ქონდა. მაშინ სრულიად განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ ვიდრე ახლა. კარანტინი არ შემოუღიათ, სკოლები არ დაუკეტავთ. ცხოვრება გრძელდებოდა. პანდემიის რამდენიმე ტალღას, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვნებელი სდევდა თან. თუმცა არავის ახსოვს 1957-58 წლების პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ მან მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

    ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მიუდგები პათოგენს. ჩვენ საშინელი შეცდომა დავუშვით. ორმაგად საშინელი, რადგან ჯერ არაფერი გავაკეთეთ და შემდეგ პანიკა დავიწყეთ. 1957 წელს, როგორც კი ამერიკელმა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ჰონგ-კონგში ახალი ვირუსი დაფიქსირდა, მაშინვე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა და ის გასაოცრად მალე შექმნეს. მათ ხალხის ვაქცინაცია იმავე წელს დაიწყეს.

    პანდემია არაა უპრეცედენტო, ამ დრომდე მსოფლიოს, ალბათ, 60 პანდემია აქვს გადატანილი. კოვიდ-19, მასშტაბებით სადღაც შუაშია. თავად პანდემია იმდენად დამანგრეველი არ არის, რამდენადაც მიღებული ზომები, რომლებმაც ეს უდიდესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

    კარანტინის პერიოდში, ბევრის მსგავსად, მეც დავიწყე ჯოვანი ბოკაჩიოს დეკამერონის კითხვა. წიგნის დასაწყისში ავტორი მე-14 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეულ ვითარებას აღწერს, რომელიც დღევანდელ სიტუაციას ძალზედ გავს. მაშინაც, როგორც ახლა, თავის დაცვის ერთადერთი საშუალება სოციალური დისტანცირება იყო… საუკუნეების შემდეგ, ვერ განვვითარდით იმდენად, რომ მსგავს პანდემიებთან ბრძოლის უკეთესი გზა გვეპოვნა?

    უნდა განვვითარებულიყავით. ზოგი ქვეყანა წინ წავიდა. მაგალითია ტაივანის პასუხი პანდემიის დასაწყისიდან იქამდე, სანამ ჩინეთი პრობლემის მასშტაბებს აღიარებდა. ტაივანელებმა ორი რამ გააკეთეს: მათ ფართო ტესტირება დაიწყეს და კონტაქტების მოძიების ტექნოლოგიით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ადგენდნენ. ამის გაკეთება ადრე არ შეგვეძლო. ტექნოლოგია ბევრ რამეს აადვილებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ ყველანი სმარტფონებს ვატარებთ. რამდენიმე აზიურმა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა აპლიკაციები კონტაქტების დასადგენად. შეერთებულ შტატებში ამას არ ვაკეთებთ, ევროპაშიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იქცევა ასე. ამიტომ, დავუბრუნდით ძველი ყაიდის მიდგომებს, რომლებიც ყველაზე ადვილი გზაა: ხალხს უბრალოდ სახლებში ვკეტავთ, დაინფიცირებულნი არიან ისინი თუ არა.

    კარანტინი, რომელსაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატმა მიმართა, ძალიან ძველი მეთოდია. ასე იქცეოდნენ შავი ჭირის დროსაც. თუმცა, ეს ძალზედ არაეფექტურია, რადგან გულისხმობს, რომ ნაკლები რისკის ქვეშ მყოფი ჯანმრთელი ადამიანები, მუშაობას ვერ აგრძელებენ. ამ მიდგომით ჩვენ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყენებში უდიდესი ეკონომიკური ზარალი გამოვიწვიეთ. ტაივანელებივით რომ გვეფიქრა, ცოტა მაინც, არ დაგვჭირდებოდა კარანტინი. თუმცა სოციალური დისტანცირება მაინც საჭრო იქნებოდა. ტაივანში ეს ასე გააკეთეს. მათი ეკონომიკა ისე არ ჩავარდნილა, როგორც ამერიკის და ბევრი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში. სოციალური დისტანცირების ფრთხილი რეჟიმი საკმარისი იქნებოდა და ეკონომიკის შეჩერება არ დაგვჭირდებოდა.

    ხშირად ამ ეკონომიკურ კრიზისს “დიდ დეპრესიას” ადარებენ. რამდენად სწორი შედარებაა ეს?

    ნათელია, რომ მსგავსი მაღალი უმუშევრობის დონე შერთებულ შტატებში 1930-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. არ გამიკვირდება, რომ უმუშევრობა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე დიდი დეპრესიის პიკისას 1932 წელს. უახლოეს მომავალში შეიძლება უმუშევრობა 26 პროცენტს გაუტოლდეს. ამიტომ შედარება სამართლიანია.

    “დიდი დეპრესიის” შემდეგ, ეს წარმოების ყველაზე დიდი შეკვეცაა და უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე 2008-2009 წლის კრიზისი იყო. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ კრიზისი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე “დიდი დეპრესიის” დროს. 1929 წლის ფინანსური კრიზისის დადგომას რამდენიმე წელი დაჭირდა, რის შედეგადაც 1932 წელს უმუშევრობამ ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ამ დონეზე რამდენიმე თვეში დავედით. ამიტომ ჩვენ რეალურად დიდ დეპრესიას გავდივართ, მაგრამ 12-ჯერ უფრო სწრაფად. ეს დაჩქარებული დიდი დეპრესიაა.

    ზოგი თვლის, რომ კრიზისიდანაც მალე გამოვალთ. თუმცა, რთულია სერიოზულად აღიქვა იდეა, რომ მალევე დავუბრუნდებით საწყისს ეკონომიკურ ნიშნულს. ყველაფერი საწინააღმდეგოს აჩვენებს. მომხმარებელი პანდემიამ შეაშინა და დანაზოგების რაოდენობა ძალზედ მაღალზეა, არამარტო იმიტომ, რომ ხალხს არ შეუძლია გარეთ გავიდეს და ფული დახარჯოს, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ გარეთ გასვლა და ხარჯვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გაუმჯობესება იქნება ნელი.

    ბევრი საუბრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის შემდეგ, მას 11 სექტემბერს ადარებენ, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

    ვფიქრობ ეს გადაჭარბებაა. უფრო სწორი „შიდსის“ შედეგებზე ფიქრია. იმ დროიდან, რაც დავადგინეთ, რომ ის სექსუალურად გადამდები დაავადებაა, წლების მანილზე არც მკურნალობის საშუალება იყო და ვაქცინაც ჯერ ისევ არ არსებობს. სოციალური ცხოვრების ისეთივე ცვლილებას ვიხილავთ, როგორიც სექსუალურ ცხოვრებაში მოხდა, მას შემდეგ, რაც შიდსი გაჩნდა. ადამიანებმა შედარებით ფრთხილად დაიწყეს მოქცევა თუმცა, არცთუ იმდენად განსხვავებულად, როგორც საჭირო იყო. ადამიანებს კვლავ აქვთ დაუცველი სექსი და დაუცველი სოციალური ქცევაც იარსებებს. ადამიანებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.

    წარსულში შეერთებულ შტატებს სხვადასხვა კრიზისების დროს ლიდერის პოზიცია ეკავა. კრიზისი შესაძლებლობაცაა, რომ მეტი გააკეთო იქნება ეს ევროპაში თუ სხვაგან. თუმცა ამ დრომდე ვაშინგტონის მხრიდან ეს არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, გამოიწვევს ეს „ამერიკის იმპერიის“ დაღმასვლას?

    შეერთებული შტატები ცივი ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნათლად დომინანტური ზესახელმწიფოა. ვფიქრობ, კარგი კითხვაა დასუსტდა, თუ არა ამერიკის როლი. ზედაპირულად შეიძლება ეს ასე ჩანს. დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად არ უყურებს ენთუზიაზმით პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს. ფართოდ გავრცელებული წარმოდგენაა, რომ შეერთებული შტატები ამ კრიზისს კარგად ვერ გაუმკლავდა. ამავდროულად, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს ყურადღების გადასატანად იმ ფაქტიდან, რომ ეს დიდწილად მათი ბრალია. ამისთვის ქვეყნებს დახმარებას უგზავნიან, იქნება ეს იაფი პირბადეები თუ გაუმართავი ვენტილატორები.

    ჩინეთი ცდილობს პროპაგანდით ამერიკა დაჩრდილოს. მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები კვლავ დომინანტია.

    მოდით რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველი ისაა, რომ ყველაზე მეტი კვლევა ვაქცინაზე და თერაპიებზე ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობს. და თუ გამარჯვებული გვეყოლება ვაქცინისკენ რბოლაში, დიდი ალბათობით, ეს ამერიკული კომპანია ან ინსტიტუტი იქნება. ჩინეთშიც არიან ამ მიმართულებით მოთამაშეები, თუმცა ჩინეთის წარსული გამოცდილება ვაქცინაციებთან დაკავშირებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, კატასტროფულია. მეორე, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის კუთხით, აშშ-ის ფედერალური რეზერვი, მთავარი მოთამაშეა. არავის მიუმართავს ჩინეთის სახალხო ბანკისთვის დახმარების თხოვნით. ისინი ფედერალურ რეზერვს და ამერიკაში დაფუძნებულ ინსტიტუტებს, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავენ. ამიტომ, როცა პროპაგანდას, კვამლის და სარკეების მიღმა შეხედავ შეერთებული შტატები კვლავ მთავარი მოთამაშეა, ჩინეთი კი უკანა პლანზეა.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია – შალვა ნათელაშვილი კონგრესმენების ანგარიშზე

    “დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით კონგრესმენების ანგარიშით ნათელაშვილის  მიერ ხალხისთვის მიცემული პირობა შესრულდა.

    “ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის შეერთებული სტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • “ ივანიშვილი  არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი,  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი“–წულუკიანი

    “ ივანიშვილი არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი“–წულუკიანი

    „ჩემთვის დასკვნა არის მარტივი – „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ, პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით ტელევიზორებს და მაცივრებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი, ახლა კი, ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას, ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული“, – ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა 13 ამერიკელი კონგრესმენის ანგარიშზე, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

    წულუკიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს  სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია.

    „ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში კლინიკას 4 ინფიცირებული მედიკოსი ჰყავს.

    „ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია, მათგან 10 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა იმიტომ, რომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ორმხრივი პნევმონია აქვს. სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივარდ ვატარებდით გეგმურად PCR ტესტირებას მთელი პერსონალის, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, – განაცხადა გოფოძემ.

    „წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი“, – აღნიშნა გოფოძემ.

  • ორი დღეა ქალბატონი ეკას და ანრის პაექრობას ვუყურებ, კარგი იქნება, თუ სამოგზაუროდ წავლენ – ქანთარია

    ორი დღეა ქალბატონი ეკას და ანრის პაექრობას ვუყურებ, კარგი იქნება, თუ სამოგზაუროდ წავლენ – ქანთარია

    უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ანრი ოხანაშვილისა და ეკა ბესელიას პოლემიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ერთად სამოგზაუროდ წავლენ.

    „რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავლენ. იქიდან ალბათ ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ,“ – თქვა ნუკრი ქანთარიამ.

    მას ეკა ბესელიამ უპასუხა და უთხრა, რომ ერთმანეთს ოხანაშვილი და ქანთარია უფრო უგებენ.

    „ჩემო ნუკრი, შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს. ერთ ხმასა და ერთ ლექსიკაზე მეტყველებთ. ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად. ასე რომ, ძალიან უკბილო ხუმრობა გამოგივიდა,“ – უთხრა ბესელიამ ნუკრი ქანთარიას.

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს განიხილავენ, რომელის მიხედვით, პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო  იურიდიული პირი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით