Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა.  გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის  იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

    „პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა  Covid19. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ეს პაციენტი  ჩვენთან სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

     

  • აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

    აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით  112-ში შევიდა შეტყობინება, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებიდა დაკვამლიანება.

    შეტყობინების მიღებისთანავე შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი.

    მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს წყლის 10 დასხმა.

    ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

  • “ვერ ვხდები რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება“…–სალომე ზურაბიშვილი

    “ვერ ვხდები რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება“…–სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს ჯანმოს რეკომენდაციების, მათი ინტერპრეტაციების და საზოგადოების ქცევის შესახებ. გთავაზობთ სტატუსს ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტმა დაწერა:
    “ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას, ჯანმოს განცხადებებზრ ვითომცდა დაყრდნობით. ვითომც ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო. გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს,რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური ( უკვე ინფიცირებული მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი რაც სამ დღემდე შეიძლე გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში.
    მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველასი ინტერესში უნდაბიყოს. ვერ ვხდები რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება… ალბათ თავის გამოჩენას … და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!
  • ერთიანი სია სუფთა პრაგმატულად არასწორია – ზურაბ ჯაფარიძე

    ერთიანი სია სუფთა პრაგმატულად არასწორია – ზურაბ ჯაფარიძე

    “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ინიციატივა ერთიან სიასთან დაკავშირებით პრაგმატულად არასწორია, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი, ერთიან სიას ხმას უბრალოდ არ მისცემს.

    მისი თქმით, ერთიანი სია ივანიშვილის იგივე თამაშის საშუალებას მისცემს, რასაც თამაშობდა – იქით “ნაცები” , აქეთ “ოცნება”.

    ჯაფარიძის აზრით, სააკაშვილს ეს ყველაფერი ესმის და აღნიშნული ინიციატვა კი იმიტომ გაავრცელა, რომ ოპოზიციის წაგების შემთხვევაში სათქმელი ჰქონდეს, ერთიანი სიით მოვიგებდითო.

    “სუფთა პრაგმატულად, არასწორი იქნებოდა ასეთი რამ. თუ გვინდა ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება, ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, იგივე თამაში ითამაშოს, რასაც თამაშობდა – იქით “ნაცები” არიან, აქეთ “ოცნება” და მხოლოდ ამ ორს შორის არის არჩევანი. რამდენადაც სააკაშვილს ვიცნობ, მეეჭვება, ეს არ ესმოდეს. მეტიც, მეეჭვება ისიც არ ესმოდეს, რომ ეს შეუძლებელია იმიტომ რომ პარტიები ამას არ დათანხმდებიან. მგონია, რომ ეს განცხადება უფრო გათვლილია იმაზე, რომ ასეთი ერთიაი სია ვერ შედგება და ოპოზიციის მარცხის შემთხვევაში სააკაშვილს სათქმელი ექნება, აი ხომ ვამბობდი, ერთიანი სია უნდა გაგვეკეთებინა და ამ შემთხვევაში მოვიგებდითო, – განაცხადა ჯაფარიძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია შექმნას. 

  • გაჩნდა დესტრუქციული მოსაზრებები, რომ შეზუღუდვებს ეკონომიკის სერიოზული რეცესია მოჰყვა – ცერცვაძე

    გაჩნდა დესტრუქციული მოსაზრებები, რომ შეზუღუდვებს ეკონომიკის სერიოზული რეცესია მოჰყვა – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მაშინ როდესაც გაირკვა, რომ პანდემია საშიშია, მაგრამ არ არის კატასტროფული და შეიძლება მასთან თანაცხოვრება, გამოჩნდა სხვადასხვა დესტრუქციული მოსაზრებები.

    მისი თქმით, დაიწყო კრიტიკა, რომ შეზღუდვებს ეკონომიკის სერიოზული რეცესია მოჰყვა და თავისუფლებების შეზღუდვას ნეგატიური პროცესები ახლავს მოსახლეობისთვის, არგუმენტად კი შვედეთი მოჰყავდათ.

    “ასახელებენ შვედეთის მოდელს, რომელმაც არ შეზღუდა თავისუფლებები. დღეს ამის ცუდ შედეგებს იმკიან და აღიარებენ, რომ ეს არის შეცდომა. მაგრამ ისინი აღიარებენ იმიტომ, რომ მათ არ შეზღუდეს. ვინც არ შეზღუდა – ამბობენ, რომ შეიძლება ეს არ იყო საჭირო. არის მეორე მიმართულებით გარკვეულად პანიკის დათესვა, რომ მიღწეული მშვიდობა დროებითია, რომ ისევ მოხდება აფეთქებები, რაც თესავს პანიკას მოსახლეობაში, ქმნის არადამაჯერებლობის შეგრძნებას”,- ამბობს ცერცვაძე ტვ იმედის ეთერში.

    მისივე თქმით, ამ კრიტიკამ გადაინაცვლა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში, ამიტომ გარკვეული ძალები ამბობენ, რომ ქვეყანამ შეიძლება სწორი და სწრაფი რეაგირება მოახდინა უშუალოდ დაავადებაზე და მის პრევენციაზე, მაგრამ ვერ მოახდინა – სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში.

    “ის რომ, ჩვენთან წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები, მათ შორის ეკონიმიკური, აი, ხდება ამათ წარმოჩენა ისე, რომ თითქოს ეს არის ვიღაცის ბრალი. ამ დროს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველომ ამ დაავადებასთან კონტექსტში წარმოაჩინა კრიზისის მართვის ძალიან შესაშური უნარი, ისეთი, როგორიც ვერ წარმოაჩინეს მსოფლიოს, ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა. ზოგადად კრიზისის მართვის უნარში ოპტიმალური იყო მთავრობის ძალისხმევა. ყველგან მთავრობამ შესაძლებლობის ფარგლებში გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო”,- აცხადებს ცერცვაძე.

    მანვე აღნიშნა, რომ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში რესურსების მობილიზება სწორად მოახდინა და სწორად ხდება მისი განკარგვაც.

  • ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, მისასალმებელია – გიორგი ვაშაძე

    ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, მისასალმებელია – გიორგი ვაშაძე

    პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ამბობს, რომ ის ძალიან საინტერესოა. მისი თქმით, ნებისმიერი იდეა, რომელიც ოპოზიციის გამარჯვებას ემსახურება, მისასალმებელია.

    “მე და “ახალი საქართველოს” გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია შექმნას. 

    ამ ინიციატივას მწვავე კრიტიკა მოჰყვა “ევროპული საქართველოს” მხრიდან. გიგა ბოკერია ამ იდეას უდროოს უწოდებს და ამბობს, რომ მის განხილვას კატეგორიულად არ აპირებენ.

    მისი თქმით, ერთიანი სიები ივანიშვილსა და მის გუნდს ორპოლუსიანი გარემოს დახატვაში დაეხმარება, ამიტომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდება.

    ამ შეფასებებს გამოეხმაურა ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილის გზავნილები ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილს მტრის ხატად წარმოაჩენენ, რაც ქართული ოცნების ინტერესს ემთხვევა.

  • კოლეგასთან ხელჩართულ ჩხუბში მონაწილე იმედის ჟურნალისტი ბოდიშს იხდის და კოლეგებს ამ ფაქტის გაშუქების გამო საყვედურობს

    ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან გრიგორაშვილი, რომელიც დღეს თავის კოლეგასთან ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა ფეისბუქზე განმარტებას აქვეყნებს. ინციდენტი დღეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან მისული პრემიერ მინისტრის კომენტარი ჩაწერეს, მას შემდეგ კი, რაც გახარია წავიდა ორი ჟურნალისტი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ვიდეო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. solostudio.agency/-მ სწორედ ეთერში გასული ვიდეო შესთავაზა მკითხველს.

    ქეთევან გრიგორაშვილი ფეისბუქზე წერს:

    “მეგობრებო, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომელმაც სრულიად ადეკვატურად შეშფოთება გამოიწვია თქვენში.

    პირველ რიგში ჩვენ, ჟურნალისტები ვდგავართ წინა ხაზზე ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ვამხელთ და გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც გაუგონარ ბოროტებას სჩადიან. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემგანაც მოგესმინათ რამდენიმე სიტყვა დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით.

    კადრები თქვენმა უმეტესობამ უკვე ნახა, რაღაც შეამჩნიეთ, რაღაც გამოგრჩათ და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეთ. თავის მართლებას არ ვაპირებ, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი (ვინც გადაღებაზე იყო ალბათ დამეთანხმება). უბრალოდ ვწუხვარ იმის გამო, რომ წყობიდან გამოვედი და ამ მდგომარეობამდე მივედი. ვინც მიცნობს, მათთვის ასახსნელიც არაფერია. ყველამ კარგად იცის, როგორი წარმოუდგენელია ჩემგან თუნდაც ხმამაღალი საუბარი…

    ბოდიშს ვუხდი მხოლოდ “ტელეკომპანია იმედს”, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე და ჩემი თავშეუკავებლობის გამო ჩემს კოლეგებს უწევთ თავის მართლება. ახლა თავად ტელევიზიის გადასაწყვეტია ყველაფერი.

    PS. მადლობა იმ “სააგენტოებს”, “ჟურნალისტებს”, “მეგობრებს”, ვინც არ დაიზარეთ და “რეიტინგის” გამო ვიდეო სოციალურ ქსელში განხილვის თემად აქციეთ. მაინც გახსოვდეთ, რომ 0.01 შეარისთვის კოლეგიალურობა არ უნდა დავიწყოთ„ – წერს ჟურნალისტი.

    solostudio.agency/ თავს ვალდებულად თვლის მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ:

    არა მხოლოდ ინციდენტის, არამედ მთლიანად მთავრობის წევრების ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა ყველა პლატფორმიდან გამოქვეყნებიდან მალევე გაქრა. ჩვენ, უბრალოდ ვიდეოს დროულად ჩაწერა მოვასწარით.

    ჩვენი ინფორმაციით, ქართველი ჟურნალისტები, სხვადასხვა არხებიდან შეეცადნენ ეს ვიდეო ყველა გვერდიდან გამქრალიყო და ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც.

    ჩვენი “კოლეგები“ შეეცადნენ მასალა solostudio.agency/-საც წაეშალა, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს მასალა არ უნდა წაგვეშალა, რადგან:

    ჟურნალისტი არის რიგითი ადამიანი და არავის მიუცია მისთვის უფლება უპირატესობით ისარგებლოს მაგალითად, გარე მოვაჭრესთან ან მაღაზიის გამყიდველთან შედარებით. არ ვართ დარწმუნებული, რომ სხვა პროფესიის ადამიანების მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში  ჩვენი “კოლეგები“ ასეთივე ერთსულოვნებით და მონდომებით შეეცდებოდნენ გაექროთ ინციდენტის ამსახველი კადრები.ჟურნალისტები საბოლოოდ პოლიციამ გააშველა და მსგავსი ინციდენტის დროს შესაძლოა სხვა მოქალაქეები დაეპატიმრებინათ კიდეც.

    ჟურნალისტი საჯარო პირია და მკითხველს/მაყურებელს აქვს უფლება იცოდეს როგორ იქცევა ის საჯარო სივრცეში.

    ვიდეო გადაიცა პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ის არ ყოფილა პირადი ცხოვრების ამსახველი, პირადი ინფორმაციის შემცველი, პირად სივრცეში, ან არაეთიკური გზით მოპოვებული მასალა.

    ჩვენ ვემიჯნებით ყალბ კოლეგიალობას და ვარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ ამ საკითხის გაშუქებასთან კოლეგიალობა არაფერ შუაშია.

    ჩვენთვის ყველაზე გამაოგნებელი კი ამ ისტორიაში ის აღმოჩნდა, რომ ქართულმა ჟურნალისტურმა “თანამეგობრობამ“ გადაწყვიტა, მოინდომა, და წარმოიდგინა, რომ მართლაც შეუძლია მომხდარი ფაქტი გააქროს მედია სივრციდან ისე, თითქოს არც ყოფილა. ვინც  თვლის, რომ ამაში არმონაწილეობა არაკოლეგიალობაა, ნამდვილად არ უნდა ჩაგვთვალოს კოლეგებად.

    solostudio.agency/

  • პოლიციამ ბათუმის საკათედრო ტაძრის გაძარცვის ბრალდებით მამაკაცი დააკავა. ამოღებულია მოპარული ნივთები

    შსს–ს ინფორმაციით  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედება.

    შსს–ს ინფორმაციით„ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თ.ღ.-მ მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში – სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა.

    პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • კატეგორიულად არ ვაპირებთ ამ იდეის განხილვას – ბოკერია სააკაშვილის ინიციატივაზე

    კატეგორიულად არ ვაპირებთ ამ იდეის განხილვას – ბოკერია სააკაშვილის ინიციატივაზე

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უდროოს უწოდებს და ამბობს, რომ მის განხილვას კატეგორიულად არ აპირებენ.

    მისი თქმით, ერთიანი სიები ივანიშვილსა და მის გუნდს ორპოლუსიანი გარემოს დახატვაში დაეხმარება, ამიტომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდება.

    “პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და ეს არ გამოხატავს რეალობას. ოპოზიციაც ამომრჩევლის წარმოდგენები და პოზიციები არის მრავალფეროვანი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალ-ცალკე გამოსვლა ორივე ამოცანას პასუხობს – ამომრჩელს ექნება საშუალება ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მის იდეებს ქადაგებს, მეორეს მხრივ პირველი ტურში დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და რისკებს შევამცირებთ.

    დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად. კატეგორიულად არ ვაპირებთ ამ იდეის განხილვას. საფრთხე არის, რომ ეს დაეხმარება ივანიშვილს ორპოლუსიანი საფრთხის დახატვაში, ეს არ მოხდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ განმეორდება”,- აცხადებს გიგა ბოკერია.

    დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას. 

     

  • დეკანოიძის აზრით, ოპოზიციის ნაწილის გზავნილები ენმ-სა და სააკაშვილს მტრის ხატად წარმოაჩენს

    დეკანოიძის აზრით, ოპოზიციის ნაწილის გზავნილები ენმ-სა და სააკაშვილს მტრის ხატად წარმოაჩენს

    ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებებს პასუხობს.

    მისი თქმით, არ არის აუცილებელი, პრობლემა ეძებონ იქ, სადაც ის არ არის.

    “ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი გუნდის ლიდერების მიმართ, ჩვენ ერთიანობისკენ სწრაფვა და ერთიანობის სურვილი და კოორდინაცია არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ყველაზე მძლავრი პარტია ვართ და შესაბამისად, ამბიციებიც შესაძლებელია დიდი გვქონოდა. ამიტომ პრობლემა იმაში კი არ არის, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან ან ენმ-სთან, პრობლემა იმაშია, რომ ამ სიტუაციაში კი მოვახდინოთ კოორდინაცია”,- თქვა დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში.

    იგი ასევე აღნიშნავს, რომ ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილს მტრის ხატად წარმოაჩენენ.

    “ის გზავნილი, რომ რაღაც მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ისევ მტრის ხატად წარმოაჩინონ, ეს ახლა, გულწრფელად და ხმამაღლა ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რასაც დღემდე საუბრობს იგივე ირაკლი ღარიბაშვილი. მაგალითად, გუშინ რამდენჯერმე ახსნა დესტრუქციული ძალა”,- აცხადებს დეკანოიძე.

    დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას. 

    ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე აპირებს კონცენტრირებას, ამიტომ სხვა იდეას არ განიხილავენ. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.

    სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგულავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია.