Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა  ერთმანეთს გადაებმება – ცერცვაძე

    კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება – ცერცვაძე

    ისეთი პირი უჩანს, რომ კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტომა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    „ნუ დავყოფთ ტალღებად, ჯერ მთელს მსოფლიოში პირველი ტალღა გრძელდება. მართალია, დაიკლო შემთხვევებმა, მაგრამ ეს ჩვენთან დაიკლო – საქართველოში და სულ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, სადაც შედარებით დაიკლო ინფიცირების მაჩვენებელმა. რომ გადახედოთ მსოფლიო მონაცემებს, მსოფლიოში შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ეს ყველაფერი პირველი ტალღის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ მთლიანად არ დასრულებულა, ასე რომ მეორე ტალღაზე ჯერ საუბარი არ შეიძლება. ამაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როცა პირველი მთლიანად დასრულდება, ანუ არ იქნება არც ერთი შემთხვევა და ეს პერიოდი გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, მაგალითად 2 კვირა. ახლანდელი მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს პირველი ტალღის ნარჩენებად, გაგრძელებად. დასუსტდა პირველი ტალღა, თუმცა, გრძელდება. ორი ვარიანტია: ერთი, რომ პირველი ტალღის ნარჩენები თანდათან შემცირდეს და როცა დიდი სიცხეები დაიწყება, დავიდეს იმ დროისთვის მინიმუმამდე. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ტალღა იქნება თუ არა, უფრო სუსტი იქნება თუ უფრო ძლიერი. მეორე ვარიანტია, რომ პირველი და მეორე ტალღა ისე გადაებას ერთმანეთს, რომ მათ შორის წყვეტა ვერ დავინახოთ, რადგან კორონავირუსს არ აღმოაჩნდა ისეთი სეზონურობა, როგორსაც მოველოდით. საქართველოში კიდევ სეზონურობის გარკვეულ ნიშნებს ამჟღავნებს, სხვაგან არა. ასე რომ, პირველი ტალღის დამთავრებაზე საუბარი არასწორია, შესაძლოა ის დამთავრდეს სადღაც ერთ თვეში და მერე ვიფიქროთ, როგორი იქნება მეორე ტალღა, ჯერ ისეთი პირი უჩანს, რომ პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

  • 15 ივნისიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია გაიხსნება

    15 ივნისიდან, საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს.

    ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

    დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

    2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა:

    ყაზბეგის ეროვნული პარკი

    მარტვილის კანიონი

    პრომეთეს მღვიმე

    ოკაცეს კანიონი

    თბილისის ეროვნული პარკი

    საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა და მათი საერთო ფართობი მთლიანი ქვეყნის 9,56%-ს შეადგენს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა. დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა.

    იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ თქვენი რჩეული ეროვნული პარკი.

    დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისთვის, ბილეთების შეძენა შესაძლებელია დისტანციურად ვებ გვერდზე www.guru.ge

    დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.nationalparks.ge.

  • თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას აკეთებს

    8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.

    ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა.

    2019 წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

  • ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს – ილია მეორე

    ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს – ილია მეორე

    ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოველთა წმინდანთა კვირიაკეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

    “ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო უცხოეთში ეძებდა არა სიმდიდრეს, ოქროსა და ვერცხლს, არამედ ეძებდა მადლსა. ყოვლადწმინდა სამება აძლევდა მადლს და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

    როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ჩვენებით ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და ვკითხე მას: „თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის?“ – ვლოცულობო და მიმითითა საქართველოს დიდებაზე, – „ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო“. „საქართველოს დიდება“ ძლიერი ხატია, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

    რა არის წმინდანი?! დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით. წმინდანი – ეს არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი. გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

    მრავალი მაგალითია ჩვენ წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზსს უწოდებენ სწრაფ დამხმარეს და სასწაულთმოქმედს. მე, პირადად, არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა.

    წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიონ თქვენ და საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა

  • ევროპულმა ქვეყნებმა ფარმაკოლოგიურ გიგანტთან Covid19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზაზე შეკვეთა გააფორმეს

    ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია ფარმაკოლოგიურ გიგანტ AstraZeneca–სთან 300 მილიონი დოზა კორონავირუსისი ვაქცინის მიწოდების შესახებ. ეს ვაქცინა ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში გადის ტესტირებას.

    შაბათს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების სწრაფი, კოორდინირებული ქმედება ამ კრიზისში ყველასთვის მნიშვნელოვანია.

    ხელშეკრულებას ანგლო–შვედურმა კომპანიამ და ევროპის ინკლუციური ვაქცინაციის ალიანსმა მოაწერეს ხელი. ვაქცინა  ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ინიციატივაში მონაწილეობას მოინდომებს.

    ხარჯები ქვეყნების ბიუჯეტებიდან დაფინანსდება.

    “ეს შეთანხმება  იმას ნიშნავს, რომ ასობით მილიონ ევროპელს წვდომა ექნება ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაზე , როგორც კი ის წარმატებით დამტკიცდება.იმედი გვაქვს ჩვენი ევროპული მომარეგების ქსელის საშუალებით ვაქცინა სწრაფად და ფართოდ გავრცელდება. “ – განაცხადა კომპანია AstraZeneca–ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა.

     

    AstraZeneca–მ ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, აშშ–სთან, ნორვეგიაში მდებარე ინოვაციების კოალიციასთან და ვაქცინაციის საერთაშორისო ალიანსთან.

    შეთანხმება მოხდა ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან 1 მილიარდ დოზაზე.

    კქვიდ 19–ისი ვაქცინის კვლევები დიდ ბრიტანეთში აპრილში 1000 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით დაიწყო. მათი ასაკი 18–დან 55 წლამდეა. კიდევ ერთი რაუნდი 10 000 მოხალისით მაისში დაიწყო.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi . ვაქცინის შექმნა ერთადერთი ეფექტური გზაა მსოფლიო პანდემიის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

  • პაციენტმა კორონავირუსზე მკურნალობისას აღმოაჩინა, რომ ვირუსი არ აქვს

    გიორგი მაზმიშვილის გამაოგნებელი ისტორია – პაციენტმა, რომელსაც კორონავირუსზე, ინფიცირებულებთან ერთად მკურნალობდნენ, კლინიკაში მოთავსებიდან ოთხი დღის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ვირუსი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    გიორგი მაზმიშვილი ყვება, რომ შავი ზღვის ჰოსპიტალში, ის სასწრფაო დამხრების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა, მოგვიანებით კი, ის მცხეთის ჰოსპიტალში, ინფიცირებულებთან ერთად მოათავსეს.პაციენტმა ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაარკვია, რაც ოჯახის წევრებთან ეპიდემიოლოგები არ მივიდნენ და მისი კონტაქტების შეწავლა არ დაიწყეს.

    “მითხრეს, კორონავირუსი დაგიდასტურდაო, შენი ნივთები შეაგროვე და სასწრაფოდ, მცხეთის ჰოსპიტალში უნდა გადაგიყვანოთო. საავდმყოფოში რომ შევედით, ეგრევე თქვეს, ესენი კორონავირუსით დაავადებულები არიან და სასწრაფოდ გადაიყვანეთ პალატაშიო. ჩემმა მეუღლემ დარეკა და არ აქვს კორონავირუსი თქვენს მეუღლესო 100 %-ით დადასტურებული და თქვენს შესამოწმებლად მოსვლას აზრი არ აქვს, სანამ არ დაუდასტურდებაო”, – ამბობს გიორგი მაზმიშვილი.

  • თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა, უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე –  გამყრელიძე

    თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა, უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე – გამყრელიძე

    თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა, უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა„ქრონიკას“ განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრები, რომელიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.

    „ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთში 42 ჰექტარი მიიტაცეს – დავით ქაცარავა, ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება და სასულიერო პირები მალავდნენ

    ოკუპაციის ახალი ხაზი მცხეთა-მთიანეთში – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა, ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება და სასულიერო პირები საგულდაგულოდ მალავდნენ.

    მოძრაობის წევრებმა ახალი საოკუპაციო ხაზი ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ აღმოაჩიეს, სადაც დაახლოები 42 ჰექტარი ტერიტორიაა მიტაცებული და იქ რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ. თუმცა, სასულიერო პირების თხოვნით, ქაცარავა ზუსტ ლოკაციას არ ასახელებს.მისივე თქმით, ამ მონაცემებს, ჯიპიეს კოორდინატებითა და ლოკაციის ზუსტი მითითებით, მოძრაობის წევრებთან ერთად, დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს.

    “როდესაც სამშობლოს გართმევენ, როდესაც ყოველდღიურად მიმდინარეობს შენი მიწა-წყლის ოკუპაცია, ჩუმად და უსიტყვოდ ამის თვალის დევნება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება.
    2008წლის შემდეგ ოკუპანტებმა ჩვენი სამშობლოს რამდენიმე ათეული კილომეტრი შეღობეს და გაჩერებას არც აპირებენ..
    არ მეგონა, თუ მცოცავი ოკუპაციის აღმოჩენისას მომიწევდა ასეთი უცნაური წინასიტყვაობის გაკეთება, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს..
    —————————————————————–
    დღეს ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან, იქ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.
    სადღაც, მცხეთა-მთიანეთში.
    ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არც გუშინ მომხდარა, არც აპრილში და არც 2019 წლის სექტემბერში
    რუსებმა დაახლოებით 2 წლის წინ კვლავ მიიტაცეს ჩვენი სამშობლოს რამდენიმე ათეული ჰექტარი და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.

    არ ვიცოდით იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავს ჩვენი მიწა-წყლის მიტაცების ფაქტებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩება, მხოლოდ მაშინ ადასტურებს ოკუპანტების მიერ ჩადენილ ბოროტებას.

    ის ადგილი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს.. თვითონ ამ მონასტრის წინამძღვარმა დაგვიდასტურა, რომ საოკუპაციო ხაზმა ფაქტობრივად მონასტრის კედლებთან ამოიწია..

    დაჟინებით გვთხოვა, არ გაგვესაჯაროვებინა ადგილმდებარეობა, ემანდ რუსები არ გავაღიზიანოთო და ანანურამდე არ ჩამოვიდნენო…

    დავპირდი, იმისდა მიუხედავად, რომ დუმილს არ ვთვლი რამე კარგი შედეგი მოეტანოს ოკუპაციის საკითხებში ოდესმე .. ზუსტად ამ დუმილმა მისცა საშუალება ოკუპანტს წყნარად და აუღელვებლად წაეღო ჩვენი ტერიტორიების ათასობით ჰექტარი..

    ეს იყო ჩემი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, მაგრამ ამ მონაცემებს აუცილებლად გადავცემ დიპლომატიურ კორპუსს, თავისი ჯიპიეს კოორდინატებით და ლოკაციის ზუსტი მითითებით.

    მთავრობას გადავცემ თუ არა? რა საჭიროა, მას ეს ამბავი ნამდვილად არ აინტერესებს, უბრალოდ გააქტიურებს ცხელ ხაზს და ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიას ჩააყენებს საქმის კურსში. ესაა ამ მთავრობის მაქსიმუმი და ზუსტად ამის ჩანერგვას ცდილობს ეს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ტვინებში, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი და ჯობია ჩუმად ვიყოთ, ემანდ რუსი არ გაგვიბრაზდეს…

    მოვიშველიებ ქალბატონ ციხელაშვილის სიტყვებს – “ბორდერიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია მშვიდობა გვაქვს”..

    ჩვენი შეფასებით, ჩვენს მიერ აღმოჩენილ ლოკაციაზე მინ 42 ჰექტარი მიითვისა რუსეთმა და ხელისუფლება დუმს… გიკვირთ? მე არა, ყოველდღიურად, 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ოკუპანტმა 12 მილიონი კვადრატული მეტრი წაგვართვა წაღვლი-ჩორჩანა-პერევის ტყეში და 420 ათასი კვადრატული მეტრის მიცემა გვიკვირს ამათგან?

    ესაა და ეს..
    მეტი ასეთ კომპრომისზე აღარ წავალ,მამაომ კი არა და მამაჩემმა რომ მთხოვოს, მაინც…

    ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!!!”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • “მცდელობა რამენაირად გაიხანგრძლივონ არსებობა“– როგორ აფასებს ოპოზიცია არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ კობახიძის განცხადებას

    არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს, – ასე ეხმაურება “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის ყოფილი თამჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.

    ვაშაძე თვლის, რომ  მმართველი პარტია პროცესებს შეგნებულად აჭიანურებს და ოქტომბერში, მძიმე რეიტინგების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების მართლაც დეკემბრის ბოლოსთვის გადატანას ეცდებიან.

    “როცა პოლიტიკური ძალა ჯანმრთელობით სპეკულირებს, ეს ბინძური პოლიტიკური თამაშია. მე როგორც ვხედავ, სპეციალურად აჭიანურებენ ამ პროცესს, რომ მათ ჰქონდეთ გეგმა B. მათ დიახაც, აქვთ გეგმა B – თუ ოქტომბრის ბოლოსთვის ექნებათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა, შეეცდებიან გადაიტანონ არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის. ეს არის ცეცხლთან თამაში, პირდაპირ მინდა ვთქვა. ეს არის თამაში ადამიანის ნერვებზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს და ნუ შეეცდებიან ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირებას, – ამბობს ვაშაძე.

    ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების გახანგრძლივებას სწორედ არჩევნების გადატანით ცდილობს.

    “ბატონი კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის უნიჭო გებელსს, რომლის მოვალეობაა ოლიგარქის კაცთმოძულე აზრები გაახმოვანოს ყოველგვარი ზნეობისა და სირცხვილის გარეშე. ეს გახლავთ მორიგი მცდელობა რამენაირად გაიხანგრძლივონ ყოფნა-არსებობა და ძალაუფლება ფინანსებში და სისტემაში, რეჟიმმა რომელსაც დედამიწაზე აღარ დაედგომება“, – ამბობს ნათელაშვილი.

    “დამარცხებისთვის განწირული “ოცნება” გამოსავალს ეძებს“ – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი კობახიძის განცხადებას.

    “ცდილობენ მანიპულირება გააკეთონ არჩევნების თარიღით, მაგრამ ამას განსაზღვრავს არა კობახიძე, არა “ქართული ოცნება”, არამედ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და სწორედ კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამ მანიპულირებას ჯობია “ქართულმა ოცნებამ” თავი დაანებოს და მიხედოს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამის გარანტია მისცეს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, “- ამბობს უდუმაშვილი.

    ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციაში გადასასვლელად, ნებისმიერ დროს განწირულია.

    “როცა არ უნდა გაიმართოს არჩევნები და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს ის, საზოგადოების კონსენსუსი რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსენსუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს “ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად“ – ამბობს კანდელაკი.

    “ეს ხელისუფლების თაღლითურად გახანგრძლივების მცდელობაა“, – ასე ეხმაურებიან მოძრაობაში “ლელო საქართველოსთვის” პარლამენტის ყოფილი თამჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.

    “კობახიძისაგან აბსურდი და გაურკვეველი ტიპის განცხადებები ახალი ნამდვილად არ არის. ეს გარკვეულწილად არის ხელისუფლების თაღლითურად და ორი თვით გახანგრძლივების მცდელობა. “ქართული ოცნებისგან” არც გადაგდება, არც ტყუილი და არც უკადრებლის კადრება, ახალი არაა“, – ამბობს მოძრაობის წევრი საბა ბუაძე.

    “ქართლი ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

    “თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

  • თუ რეიტინგები არ მოეწონათ, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს, შეეცდებიან არჩევნები გადაწიონ – გოცირიძე  ხელისუფლებაზე

    თუ რეიტინგები არ მოეწონათ, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს, შეეცდებიან არჩევნები გადაწიონ – გოცირიძე ხელისუფლებაზე

    თუ რეიტინგები არ მოეწონათ, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს, შეეცდებიან არჩევნები გადაწიონ , – ასე ეხმიანება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.მისი თქმით ხელისუფლება ეცდება გამოიყენოს ვირუსი  არჩევნების გადასაწევად.

    ”ამ განცხადებით ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. ეს ან წამოცდენა იყო ან საცდელი ინფორმაციის სახით გაახმოვანა კობახიძემ ეს აზრი, რათა ენახათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, პირველი ის, რომ უნდა მოადუნონ ოპოზიციის აქტივობა და გაურკვევლობაში ჩააგდონ საარჩევნო სუბიექტები. ამასთან, მათ გადაწყვეტილი აქვთ კორონავირუსის თემით მანიპულირება-უნდა ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ – არა, როგორც მათ აწყობთ იმის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მათი რეიტინგი. თუ ოქტომბერში არ მოეწონებათ რეიტინგი, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს ქვეყანაში, შეეცდებიან დაძაბული ვითარება შექმნან, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ არჩევნები გადაწიონ. როგორც ჩანს, გეგმავენ რა დროში ააწყობენ პიარს, ფულს, საკუთარ რეიტინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის. თუნდაც კონგრესმენების ბოლო განცხადებები მოწმობს იმას, რომ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი,“- განაცხადა გოცირიძემ.

    ცნობისთვის, “ქართლი ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

    “თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ.