Category: ახალი ამბები

  • ორ დღეში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან, რეკომენდაციების დარღვევის გამო, 16 კომპანია დაჯარიმდა

    ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება.

    „სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც კვების ობიექტებზე რეკომენდაციების დარღვევა ფიქსირდებოდა. შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტების ინსპექტირებები განხორციელდა. ჯამში 26 კომპანია შემოწმდა, 16-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა,10 კი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში საჯარიმო სანქციებმა 160 000 ლარი შეადგინა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანქცირება ჩვენი ან სახელმწიფოს თვითმიზანი არაა. გეგმურ ინსპექტირებამდე ჩვენ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განვახორციელეთ, თუმცა დავდექით იმ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ სანქცირება გამოგვეყენებინა და ამით მოგვეხდინა პრევენცია. აზრს კარავს ყველანაირი რეგულაცია, თუ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. ინსპექტირებები გაგრძელდება და თითოეულ მეწარმეს მოვუწოდებ, დაიცვან ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია,“-აღნიშნა ფერაძემ.

    რაც შეეხება სასტუმროებს, ბექა ფერაძის თქმით, დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150 მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე. „მინდა სასტუმრო სექტორს მოვუწოდო, რომ რეგისტრაცია და შესაბამისი სტანდარტების დაცვა აუცილებელ პირობას წარმოადგენს და გამოიყენონ პერიოდი, რომელიც აქვთ,“-აღნიშნა ფერაძემ.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს  3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:47 საათზე, მიწისძვრა კახეთში, ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანში დაფიქსირდა.

     

  • მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში – სალომე ზურაბიშვილი

    “მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში “- საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან  ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით  მიმართავს.

    “დღეს 15 ივნისია. დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს.

    დღეს ლამისყანაში ვართ, თბილისთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. ლამისყანის ეს ციხესიმაგრე ჯერ ქსნის ერისთავების, შემდეგ კი, ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხესიმაგრე იყო.

    აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცდაათამდე ძეგლი, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი. ჩვენ აქედან წავალთ დღეს და ბევრ სხვა ადგილს გაჩვენებთ. შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს Facebook გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებელია, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად!”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში.

    ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს.

  • არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს არჩევნების ჩატარებას  თუ „ავიშვით“, მაშინ არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების – გამყრელიძე

    არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს არჩევნების ჩატარებას თუ „ავიშვით“, მაშინ არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების – გამყრელიძე

    თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სექტორი და თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ თუ არ იქნება ის მდგომარეობა, რასაც ახლა ზოგიერთ რესტორანში, პლაჟებზე ვუყურებთ და დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რასაც იძლევიან ჩვენი სამსახურები ანუ გამოვიყენებთ პირბადეს საჯარო დაწესებულებებში. აქამდე ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამ სამი 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი როგორიც დღეს არის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და ისევ და ისევ „ავიშვით“ და როგორც გვინდა, როგორც შარშან, ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ არის რისკი, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ ეპიდსიტუაციისდა მიხედვით შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მისაღები, საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებ, ეს საჭირო არ გახდება თუ ა.შ. დაველოდოთ და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ქვეყანა საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ვერ გააუქმებს – გამყრელიძე

    ქვეყანა საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ვერ გააუქმებს – გამყრელიძე

    საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული პირებისთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება.

    „საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს, მითუმეტეს ჩვენს ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენციას ვახდენთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

  • აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

    აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    გამოძიებით დგინდება, რომ აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ, ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა.

    აგრეთვე ექსპერტმა, ზემოაღნიშნული პირების მითითებით, 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 2002-2006 წლებში აშენების თაობაზე, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა.

    გამოძიება, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • დიანა ტრაპაიძემ ტვ პირველი დატოვა

    ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ ტვ პირველი დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა:
    “დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
    განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
    ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
    პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან.“– წერს დიანა ტრაპაიძე.
  • პეკინში ორკვირიანი კარანტინი ცხადდება

    კვირას საღამოს ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის ხელისუფლებამ ქალაქში მოქმედი ყველა კომპანია და ბიზნესი დაავალდებულა თანამშრომლები 14 დღიან კარანტინში გაუშვან. ეს ქალაქში კორონავირუსის ახალი აფეთქების შემდეგ მოხდა. ეპიცენტრი პეკინში უმსხვილესი საბითუმო ბაზარი გახდა, რომლის ათობით თანამშრომელს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. ქალაქის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინისთვის საგანგებო პერიოდი დადგა. ახალ აფეთქებამდე ქალაქში რამდენიმე კვირის მანძილზე კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

  • მგონი მიკროფონთან პირბადის მოხსნა შეიძლება, თუ არ შეიძლება და ვარღვევ, გადავიხდი ჯარიმას და აგერ, ბიუჯეტს შევავსებთ – გოცირიძე

    მე მგონია, რომ როცა მიკროფონთან ვსაუბრობთ, შეიძლება პირბადის მოხსნა და არ დაგვაჯარიმებენ. თუ არ შეიძლება და ვარღვევ, მაშინ ბოდიშს ვიხდი, გადავიხდი ჯარიმას და აგერ, ბიუჯეტს შევავსებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, ჯერჯერობით არაა დადგენილი თუ როგორ უნდა გამოიყენოს მოქალაქემ პირბადე დახურულ სივრცეში.

    „ვინაიდან, მთავრობას ჯერ არ დაუდგენია ზუსტი რეგლამენტი თუ როგორ ხდება დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება და ველოდებით, მე მგონია, რომ როცა მიკროფონთან ვსაუბრობთ, შეიძლება ამის მოხსნა და არ დაგვაჯარიმებენ. თუ არ შეიძლება და ვარღვევ, მაშინ ბოდიშს ვიხდი, გადავიხდი ჯარიმას და აგერ ბიუჯეტს შევავსებთ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილები იხილება.

  • 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება- ეზუგბაია

    15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება- ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

    “ბოლო 24 საათში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს. 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ შემოტანილი, ანუ იმპორტორებული, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 არის „საბურთალოს კლასტერიდან“ და 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება.

    ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გუშინ 4 ახალი შემთხვევა შემოვიდა. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ჩვენ ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, მათგან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და როგორც საშუალო სიმძიმის, ისე განიხილება და 1 კვლავ მძიმეა, მართალია გაუმჯობესებულია, მაგრამ მთლიანად იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარება პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება, ამიტომ, ჯერჯერობით მძიმე სიაში რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.