Category: ახალი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

    ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა. დოკუმენტს ხელი მე-11 კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა მაიკლ კონავეიმ მოაწერა.

    ის სამხედრო და საგამოძიებო კომიტეტების წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ საიტზე დევს.

    სანქციების კანონის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, სადაც:

    • გამოვლენილი იქნება, მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში;
    • იდენტიფიცირებული იქნებიან უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტივობებზე (ანუ, აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტრაქტო შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრაზე);

    იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს.

    აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს.

  • კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვთან მუშაობის უფლება – კვლევა

    კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვთან მუშაობის უფლება – კვლევა

    გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებული კვლევის “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” მიხედვით, საქართველოში გამოკითხული კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლის შერცვხვებოდა. იმავეს ამბობს გამოკითხული ქალების 74%.

    კვლევის ავტორების თქმით, საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები. მათივე თქმით, რესპონდენტებს, განსაკუთრებით, კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები.

    ქალების 54% და კაცების 81% აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. გარდა ამისა, გამოკითხული კაცების 83% და ქალების 64%-ს, სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება.

    კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა დაა ჯამში 2 408 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე. კვლევისთვის ინსტრუმენტად შეირჩა საერთაშორისო კვლევა “კაცები და გენდერული თანასწორობის” (IMAGES) კითხვარი, რომელიც, თვისობრივი კვლევის დასკვნების საფუძველზე, კონტექსტუალურად იყო ადაპტირებული.

  • ჰოსპიტალიზაციამდე ინფიცირებულთა 11%-ს ვირუსი ასიმპტომური ფორმით სჭირდა – NCDC

    ჰოსპიტალიზაციამდე ინფიცირებულთა 11%-ს ვირუსი ასიმპტომური ფორმით სჭირდა – NCDC

    “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა“ საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციამდე კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 11%-ს (88 ადამიანს) ვირუსი ასიმპტომური ფორმით ჰქონდა. გარდა ამისა, 57.3%-ს ცხელება აღენიშნებოდა, 24.6%-ს კი ხველა.

    ფოტო: NCDC

    კვლევაში ასევე მოცემულია დადასტურებული შემთხვევების ასაკობრივი განაწილებაც, რომლის მიხედვით, ყველაზე ხშირად კორონავირუსი 30-59 წლის ასაკის ადამიანებს დადასტურდათ, რაც შემთხვევების 51.5%-ია. მხოლოდ 2.4%-ს შეადგენს 0-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა

    ფოტო: NCDC

    კვლევა მოიცავს 2020 წლის 26 თებერვლიდან საქართველოში აღრიცხული ინფიცირების 800 შემთხვევას.

  • თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება – მდინარაძე

    თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება – მდინარაძე

    უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის და გამოთქმულ ეჭვებს საფუძველი არ აქვს. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება საჭირო, არჩევნების თარიღი გადაიწევს.

    “თუ კატასტროფული მდგომარეობა იქნება და შეუძლებელი გახდა არჩევნების ჩატარება, ან ძალიან მაღალი ვარაუდი იქნება იმისა, რომ არჩევნების ჩატარება ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს, კონსტიტუციითაა ეს დარეგულირებული და არჩევნები გადაიწევს”,- ამბობს მდინარაზე.

    მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, არჩევნები მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება.

    „იმედია, არ დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციაში გარკვევით წერია, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები და ეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბერია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნების თარიღი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კოკულიამ თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” ყველაზე ნაკლებად აწყობს არჩევნების გადაწევა, ამიტომ პირიქით, არჩევნების აქეთ გადმოწევას მიესალმება. 

  • იაფფასიანი პრეპარატი დექსომეტაზონი კორონავირუსის წინააღმდეგ “სიცოცხლის გადამრჩენლად“ აღიარეს

    ერთ–ერთ ყველაზე იაფ და ფართოდ ხელმისაწვდომ პრეპარატს, დექსომეტაზონს კორონავირუსით სერიოზულად დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის უნარი აღმოაჩნდა.

    ბრიტანელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სტეროიდების დაბალი დოზებით მკურნალობა კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი გარღვევაა.

    ამან მესამედით შეამცირა იმ პაციენტების სიკვდილიანობის რიცხვი, ვინც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან შეერთებული. მათში  კი, ვისაც ჟანგბადი ხელოვნური გზით მიეწოდებათ სიკვდილიანობა ხუთჯერ შეამცირა.

    პრეპარატი მსოფლიოში უმსხვილესი მსოფლიო კვლევის ნაწილი გახდა, რომელიც სწავლობს დღეისათვის არსებული მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას და ცდილობს დადგენას, რომელი მათგანი მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე კარგად.

    მკვლევარების შეფასებით პრეპარატი დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდანვე რომ გამოეყენებინათ მკურნალობაში  5000 სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. იმის გამო, რომ ეს პრეპარატი იაფფასიანია, მას შეუძლია უდიდესი სარგებელი მოუტანოს შედარებით ღარიბ ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებული დიდი რაოდენობით პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.

    პრეპარატს უკვე მოიხსენიებენ სიცოცხლის გადამრჩენლად.

    ბიბისიში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 20 დან დაახლოებით 19 პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდა. მათგან კი, ვინც საავადმყოფოში ხვდება უმრავლესობა ასევე გამოჯანმრთელებას ახერხებს. თუმცა ზოგიერთს შესაძლოა ჟანგბადი ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დაჭირდეს.

    ესენი არიან მაღალი რისკის მქონე პაციენტები, რომლებსაც როგორც ირკვევა დექსომეტაზონი  ასევე შველის.

    პრეპარატს უკვე იყენებენ სხვადასხვა მდგომარეობაში ანთებების შესამცირებლად და როგორც ჩანს, მას აქვს უნარი ზოგიერთი დაზიანება შეაჩეროს, რომლებიც შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა კორონავირუსთან ბრძოლაში გადატვირთვას იწყებს.

    ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია ვირუსზე, რასაც ციტოკინურ ქარიშხალს უწოდებენ, როგორც ცნობილია მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

    კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდმა ჩაატარა, საავადმყოფოში მყოფი 2000 პაციენტის შედეგები, რომლებიც დექსომეტაზონს იღებდნენ შეადარეს 4000 პაციენტის შედეგებს, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ.

    ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფ პაციენტებში მან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40–დან 28%–მდე შეამცირა.

    პაციენტებში, რომლებიც ხელოვნურ ჟანგბადს საჭიროებენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25–დან 20%–მდე შემცირდა.

    მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს და ეს დიდი გარღვევაა.

    წამყვანი მკვლევარის, პროფესორ მარტინ ლენდრეის თქმით მიღებული შედეგები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პრეპარატს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ყოველი მერვე პაციენტის გადარჩენა შეუძლია.

    “ეს არის აშკარა და მკაფიო უპირატესობა. დექსომეტაზონით მკურნალობა მაქსიმუმ 10 დღე გრძელდება და ის დაახლოებით 5 ფუნტი სტერლინგი ღირს ერთი პაციენტისთვის დღეში. ამიტომაც, თითო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა საშუალოდ 35 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ეს პრეპარატი მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი “ – ამბობს ის.

    პროფესორ ლენდრეის თქმით, ამიერიდან საავადმყოფოში მყოფმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, თუმცა ადამიანები მის საყიდლად ქუჩაში არ უნდა გამოვიდნენ და ის სახლში არ უნდა მიიღონ.

    როგორც ჩანს, დექსომეტაზონი ნაკლებად შველის კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, ანუ მათ, ვისაც სუნთქვისას დახმარება არ ჭირდებათ.

    კორონავირუსის მკურნალობისას გამოყენებად პრეპარატებზე კვლევა მარტიდან მიმდინარეობს. მათ შორის, გამოიკვლიეს ჰიდროქსილქლოროქინი, რომელიც მოგვიანებით უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ მან შეიძლება სიკვდილიანობა და გულის პრობლეები გაზარდოს.

    კიდევ ერთი პრეპარატი, რემდესივირი, რომელიც სავარაუდოდ მკურნალობის ხანგრძლივობას ამცირებს, ამჟამად დაშვებულია, თუმცა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

  • ბათუმში მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა

    ბათუმში მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა

    ბათუმში ავარიას 6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • კორონავირუსი სანამ არის დედამიწაზე, სამწუხაროდ, კარგი დღე ჩვენ არ გვექნება – პაატა იმნაძე

    კორონავირუსი სანამ არის დედამიწაზე, სამწუხაროდ, კარგი დღე ჩვენ არ გვექნება – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კარგია, რომ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა სანამ დედამიწაზე არის კორონა, “კარგი დღე არ გვექნება”.

    მისი თქმით, თუ მოქალაქეები დაიცავენ წესებს, კორონავირუსი იქნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება მასთან თანაცხოვრება.

    “კორონა ისევ გრძელდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ როდესაც ქვეყანა გაიხსნებოდა, შემთხვევების დაბალი ნიშნული ყოფილიყო – ეს გამოგვივიდა და ახლაც ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, კორონა იქნება მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ შეგვაწუხოს. კორონასთან თანაცხოვრებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიახლოებულ ყოფას ძალიან მცირე შეზღუდვებით”,- ამბობს იმნაზე რუსთავი 2-ის ეთერში.

    მისივე თქმით, მინიმალური შეზღუდვა, რომელიც უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, არის ფიზიკური დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეში.

    იმნაძემ აღნიშნა, რომ 2 დღეში ახალი ავტობუსები “ციდან ვერ ჩამოფრინდება”, ამიტომ ადამიანებმა ტრანსპორტი მათ უნდა დაუთმონ, ვისაც უფრო სჭირდება.

    “თუ მიდიხარ 2 გაჩერებაზე, წადი რა ფეხით, თუ ახალგაზრდა ხარ და 4 გაჩერებაზე მიდიხარ, წადი ფეხით და ის ავტობუსი მას დაუთმე, ვინც მართლა შორს მიდის, ან მოხუცია და სიარული არ შეუძლია. ხო არ შეიძლება უცებ, 2 დღეში ციდან ჩამოფრინდეს ახალი ავტობუსები, ამიტომ ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ [პასუხისმგებლობა]“, – თქვა პაატა იმნაძემ.

  • თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალის ინფორმაციით, კიდევ 3 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

    დღეს,  ქვეყანაში COVID-19-ისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

  • გვარამიამ არ გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და ზომები მიიღეო – “ოცნების” PR კონსულტანტი

    “ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი  მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დაქირავებული მკვლელი რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

    ნაცვლიშვილის თქმით, სუს-მა საკუთარი მოვალეობა “ფრიადზე” შეასრულა და გააუვნებელყო პოტენციური დამნშავე, რის შედეგაც გაბუნია საღსალამათია.

    “რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბრიფინგის, გაბუნიას კომენტარის და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით. ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა. ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად. სუს-მა მისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე – გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია”,- წერს “ქართული ოცნების” PR კონსულტანტი.

    მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნია სასიკვდილო საფრთხეზე არც კი გააფრთხილა, რის გამოც, ნაცვლიშვილის მტკიცებით, ინტუიციურად უნდა ვხვდებოდეთ, ვის რა შედეგით უნდოდა ამ ისტორიის დასრულება.

    ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან არ თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი (@მთავარი), არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია. ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხვდეთ, ვის როგორ შედეგით სურდა, ეს ისტორია რომ დასრულებულიყო.

    პ.ს. რომ შევაჯამოთ – უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.”,- წერს სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილი.

    გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გიორგი გაბუნიას დაცვა გაუძლიერდა. თავად გაბუნია ამბობს, რომ მოთვალთვალე პირები მისმა დაცვის წევრებმა შენიშნეს.

  • ამ კრიმინალურ დანაშაულს შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოეწვია, მადლობა სუს-ს – ვოლსკი გაბუნიაზე

    ამ კრიმინალურ დანაშაულს შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოეწვია, მადლობა სუს-ს – ვოლსკი გაბუნიაზე

    უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დაქირავებული მკვლელი რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

    ვოლსკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის, რადგან, როგორც თავად ამბობს, მათ გამოავლინეს განზრახვა, რომელიც არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო.

    “ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა. ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანის მიმართ, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული. ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა, საქართველოში გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო,”- განაცხადა ვოლსკიმ.

    გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.