„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, საქმე სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობას და იმ ფაქტს ეხება, რომ გვარამიამ ამის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოდა და სათანადო ორგანოებს არაფერი შეატყობინა.
Category: ახალი ამბები
-

„ქართული ოცნება“ 20 ივნისს არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს – კახა კალაძე
„ქართული ოცნება“ 20 ივნისს არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე უარყოფს, რომ 20 ივნისს კონტრაქციისთვის მომზადება მიმდინარეობს.
მისი თქმით, ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, რომ არანაირ კონტრაქციას „ქართული ოცნება“ არ გეგმავს. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
-

აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ – მდინარაძე კადიროვის განცხადებაზე
აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„ჩვენ მსგავს საკითხებზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ვაყენებთ და რეაქციასაც ყოველთვის ვთხოვთ. ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არის მიმართული, მაგრამ ზოგადად აგრესიულ რიტორიკაში შესვლაც არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს და მისი თანმდევი შედეგები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხშირად გვინახავს. ამიტომ თუ ვინმეს მიზანია, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კი არ ვიმუშაოთ ასეთ საკითხებზე, არამედ ჩვენც ჩავერთოთ ამ აგრესიულ პოლიტიკაში, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, საფრთხეებთან და აი, ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ და დავიწყოთ უშედეგო აგრესიული რიტორიკა, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგთან არანაირი შემხებლობა არ ექნება. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად, მყარად, კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში რატომ არ შემოდიხართო – ამ თემებში ჩაყოლას არ ვაპირებთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. აღნიშნულს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი და რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“, – წერს კადიროვი
-

გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ყველაფერი 100%-ით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს – გია ვოლსკი
“გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ყველაფერი 100%-ით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს” – პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეებს ხედავს. როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებულად სრულად მხარს უჭერს საკონსტიტუციო პროექტს, არ არსებობს 100 – იანი გარანტია, იქნება თუ არა მიღებული საკონსტიტიციო ცვლილებები.
„საფრთხეებს ვხედავთ. გუშინ ჩემმა კოლეგებმაც ილაპარაკეს ამის თაობაზე. გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი მხრიდან რასაკვირველია გარანტია არსებობს. თავისუფალ, დამოუკიდებელ ან ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, მათი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ გარანტია იქნება მაშინ, როცა მთლიანად შეიკრიბება პარლამენტი და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, მათ უნდა გაიზიარონ სრული პასუხიგებლობა და პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ ამისთვის,”- განაცხადა ვოლსკიმ.
-

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
ამასთან, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
-
მიუღებელია პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება რუსეთის საპატრიარქოს მიერ – საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას აპროტესტებს – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში რუსული მხარისადმი, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია და შესაბამისი წერილით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს, დასავლეთ ევროპის და სლავიანური დიასპორის მმართველს, მიტროპოლიტ იოანეს მიმართეს.
წერილში საპატრიარქო აცხადებს, რომ პარიზში 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია და საზღვარგარეთ მყოფ მართლმადიდებელ ქართველებზე სულიერად სწორედ ის ზრუნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, “სათანადო კომუნიკაციის არქონის” შედეგია და იმედოვნებენ, რომ ეს “გაუგებრობა” დროულად აღმოიფხვრება და ორმხრივ ურთიერთობებში “დაბრკოლების” მიზეზი არ გახდება.

-

ივანიშვილს კარზე პერსონალური სანქციები უკაკუნებს და ამ კარს მალე გამოაღებენ – გოცირიძე
ივანიშვილს კარზე პერსონალური სანქციები უკაკუნებს და ამ კარს მალე გამოაღებენ ,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩავარდნის საფრთხე.
“3 დღით ადრე ყველა ამბობდა პარლამენტში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაუჭერდნენ მხარს და შემდეგ აღმოჩნდა 44 „პროტესტანტი“ ისეთი მაჟორიტარი, საერთოდ სახელი და გვარი რომ არ ვიცით, ზოგჯერ პარლამენტში ვხედავ და არ ვიცი ვინ არიან, ხან მგონია, რომ უცხოა შემოსული ვინმე. ახლაც, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, კენჭისყრის დღეს, ისე იქნება. როგორ იქნება, ეს დამოკიდებულია იმ შიშზე, რა განცდებიც ექნება მას. ხოლო შიში უნდა ჰქონდეს – პერსონალური სანქციები უკაკუნებს კარზე და მალე გამოაღებენ ამ კარს. ამიტომ არ მგონია, რომ საკუთარი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მეორეჯერ მოატყუოს საერთაშორისო პარტნიორები ერთი და იგივე საკითხზე. თუმცა, ვიმეორებ, შეთანხმება სანახევროდ იქნება შესრულებული, რადგან პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება,”- განაცხადა გოცირიძემ.
-
ხელისუფლებამ პირობა დადო და ამას შესრულება სჭირდება არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგი რურუას საქმეში იარაღი ჩადებულია -უგულავა
პირობას სჭირდება შესრულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და პრაქტიკულად, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გიორგი რურუას საქმეში იარაღი ჩადებულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ის გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.
მისივე თქმით, გიორგი რურუა დაკავების წინ აქციაზე დაცვასთან ერთად იმყოფებოდა და მას იარაღის ქონის საჭიროება არ ჰქონდა.
,,იმ ღამით, მთელი ღამის განმავლობაში გიორგი რურუა აქციაზე იმყოფებოდა, მას თან ჰყავდა დაცვა. მის ირგვლივ აქტივისტებს აკავებდნენ და ჩხრეკდნენ, არც ერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს იარაღი არ ექნებოდა. 100% -ით გამოვრიცხავ, რომ გიორგი რურუას რაიმე იარაღი ჰქონდა. ჯანსაღი აზრის ფარგლებში ყველა ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ მას ჩაუდეს იარაღი. ამაზე რეაგირებს საერთაშორისო საზოგადოებაც, დღეს ვნახეთ კიდევ ერთი განცხადება ევროპარლამენტარის, რომელმაც პირადი წერილი მიწერა ბატონ შოთაძეს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმარი გიორგი რურუას სახით. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიდის წინ 8 მარტის შეთანხმება გახლავთ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ პატიმრებს.
„ხელისუფლება ლენჩის პოზიციაში დგას და მთელს მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. მათ პირობა დადეს და ამ პირობას სჭირდება შესრულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ იარაღი ჩადებულია. ამას ადასტურებს ისიც, რომ 30 წლის წინანდელ საქმეებზე აპელირებს ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული ორგანოები,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
-
შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ სველი წესით უნდა იწმინდებოდეს – გამყრელიძე დამსვენებლებს მიმართავს
შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ, სველი წესით უნდა იწმინდებოდეს. სასურველია, ასევე გაუკეთდეს მას ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექციაც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე დამსვენებლებსაც ურჩევს, შეზლონგი გამოყენებამდე თავადაც გაწმინდონ.
“თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს, ყოველი გამოყენების წინ. რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს კოვიდზე,”- აღნიშნა გამყრელიძემ.
-
სადაზღვევომ მზაობა გამოხატა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეს დანაკარგი – კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება.
„საუბარი მინდა დავიწყო იმით, რაც დედაქალაქში მოხდა. კონკრეტულად სამგორის რაიონში. ხანძარი გაჩნდა, დაიწვა შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია. მართლაც მძიმე მდგომარეობა იყო. რაც მთავარია, არ არის მსხვერპლი. ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ჯიხურებზე, დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. საშიშროება იყო, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მართლაც გმირულმა მუშაობამ ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ მეხანძრე-მაშველს მადლობა გადავუხადო თავგანწირული შრომისთვის. ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე, ჩემი მოადგილე, ასევე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
დაზარალებულ ადამიანებს თანადგომა გამოვუთქვით. გუშინ, ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა გაითვალისწინოს და უკვე ყველამ ვიცით, რომ სავალდებულო და აუცილებელია ასეთი ბაზრობების დაზღვევა მოხდეს, იმისათვის, რომ რისკები ყველანაირად ავიცილოთ თავიდან. გუშინ, ჩვენ განცხადებები მოვისმინეთ, სადაზღვევო კომპანიამ, რა თქმა უნდა, მზაობა გამოხატა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, თვითონ დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება. თბილისის მერიაც მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა ამ საკითხზე და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები და კონსულტაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დადგინდება, საიდან გაჩნდა ხანძარი.
