Category: ახალი ამბები

  • 9 ახალი შემთხვევიდან  1-ის დაინფიცირების წყარო  უცნობია- ეზუგბაია

    9 ახალი შემთხვევიდან 1-ის დაინფიცირების წყარო უცნობია- ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 2 უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, 6 – საკარანტინო სივრციდან, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

    მისი თქმით, 7 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 7-ვე ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მისივე განცხადებით, ამჟამად კვლავ 1 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

    “დაგვემატა 9 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 არის საკარანტინო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება. 7-ვე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრისაა, 7-ვემ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი. დღეს გვყავს 28 პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, 2-ვეს მდგომაროება რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა

    საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 888 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 731 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

     

  • სოფელ ჟონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

    სოფელ ჟონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

    წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

    არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა. ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

  • პეკინი Covid19- ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონეს აცხადებს

    პეკინში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს პეკინიდან და პეკინის მიმართულებით დაგეგმილი შიდა ფრენების 70 პროცენტი გაუქმდა.

    გზები და მაგისტრალები ჯერჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის.

    აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონე გამოაცხადა. დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები.

    ცნობისათვის, პეკინში კორონავირუსის დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ე.წ. „ბაზრის კლასტერს“ უკავშირდება.

  • “გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს“–კადიროვი უარყოფს, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა შეუკვეთა

    რამზან კადიროვი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველ ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე მისი შეკვეთით თავდასხმა მზადდებოდა.

    “ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც წარმატებით ვითარდებოდნენ ისეთი ადამიანების მიერ იმართება, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრობდნენ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. დამიჯერეთ ბატონებო, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას შეასრულებს.“– დაწერა ჩეჩნეთის მეთაურმა ტელეგრამზე.

    კადიროვი გიორგი გაბუნიას განდიდების მანიით შეპყრობილს უწოდებს და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ჟურნალისტი ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება.

    „ეს თქვენი ვაიჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – აცხადებს კადიროვი.

     

  • ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ახალი ძვირადღირებული მანქანა სამტრედიის მერმა ბახმაროს ტყეში ქეიფით აღნიშნა

    მთავარი არხის ინფორმაციით თეთრი “მიცუბიშ ტრიტონის” ფონზე სამტრედიის მერი ვალერიან ფოცხვერია და მისი მეგობრები არიან. მერმა  ეს ფოტო ბახმაროს ტყეში მას შემდეგ გადაიღო, რაც სამტრედიის ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ახალი მანქანა ჩამოუვიდა. ვალერიან ფოცხვერიამ კომფორტული პიკაპის შეძენა მეგობრებთან ერთად ბუნებაში მწვადის შეწვით აღნიშნა.

    “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში ფოცხვერიამ დაადასტურა რომ ავტომობილი ნამდვილად მან შეიძინა. ამბობს, რომ ის ძალიან კომფორტულია და მხოლოდ სამტრედიელების დასახმარებლად სჭირდება.

    ვალერიან ფოცხვერიამ 60 ათას ლარიანი პიკაპისთვის ფასიანი ნომრები შეიძინა და საქეიფოდ ბახმაროში სა-001-მტ სახელმწიფო ნომრების მქონე ახალი ავტომობილით წავიდა.

    ფოცხვერია უარყოფს, თუმცა ადგილობრივი ოპოზიცია მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრნობით ამტკიცებს, რომ მერმა ახალი ავტომობილი კოვიდ პანდემიის დროს კონსოლიდირებული ტენდერით იყიდა.

    სამტრედიელები ამბობენ, რომ ადგილობრივების უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა.  მათთვის ძნელი გასაგებია, რატომ ამართლებს ფოცხვერია ახალი მანქანის შეძენას სამტრედიელების საჭიროებით, როცა მისგან დახმარება არასოდეს მიუღიათ.

    ფოცხვერიას მისი ქალაქის გაჭირვებული მცხოვრებლებისთვის მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. ის ამტკიცებს, რომ პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა არ აქვს პასუხი რატომ გახდა მისი და მისი მეგობრების ზეიმის მიზეზი ავტომობილი, რომელიც სამტრედიელების ფულით შეიძინა.

  • “აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული.ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას  ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის     “–გახარიას პირველი კომენტარი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთაზე

    “აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული.ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის “–გახარიას პირველი კომენტარი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთაზე

    პრემიერმა გახარიამ პირველი კომენტარი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმეზე პირველი კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს დაუსვა კითხვა, რომელიც სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ  ბოკოვის  დაკავებას  შეეხებოდა.

    “ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილი ქვეყანაში, უმძიმესი დანაშაულია. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად ღიად, ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულს კი არა, ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებს მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმაზე, რაც მოხდა და რა აღკვეთა სამართალდამცავმა სისტემამ. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას შესაძლებლობა, საქმე სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასება. სამწუხაროდ, ამას პოლიტიკური იერსახე დასდევს მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა აუქციონზე იყიდება.საწყისი ფასი 122 მილიონია

    საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა. ორშაბათს  სამეურვეო საბჭოს სხდომაზე   შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

    აუქციონის პირობები  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. აუქციონზე ინტერესის დასაფიქსირებლად მსურველებს 30 დღიანი ვადა აქვთ.

    გასაყიდად არის გამოტანილი 33209 კვ. მ. მიწა და 23649 კვ. მ. შენობა ნაგებობები.

    აუქციონზე მყიდველისთვის შემდეგი პირობაა ჩადებული:

    – გასაყიდი უძრავი ქონების განკარგვა/სარგებლობას მყიდველი შეძლებს 2023 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, მაუწყებელი გადავა ახალ შენობაში და გამოათავისუფლებს გასაყიდ ქონებას;

    – გასაყიდი ქონების საფასურის 1-ლი ნაწილი – 40 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას აუქციონის დასრულებიდან (გამარჯვებულის გამოვლენიდან) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

    – გასაყიდი ქონების საფასურის მე-2 ნაწილი – 10 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2021 წლის 1 ივლისამდე;

    – გასაყიდი ქონების საფასურის მე-3 ნაწილი – 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

    – გასაყიდი ქონების საფასურის მე-4 ნაწილი – 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2023 წლის 1 აპრილამდე;

    მყიდველი ტერიტორიის განკარგვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გადავა. 9 ივნისს საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

  • თბილისში ლიფტი ჩამოწყდა – დაშავებულია 4 ადამიანი

    თბილისში ლიფტი ჩამოწყდა – დაშავებულია 4 ადამიანი

    თბილისში, ბაგრატიონის 6-ა-ში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ერ-ერი არასრულწლოვანია, ერთი კაცი და ორი ქალი.

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ პირს ქვედა კიდურების მოტეხილობა, დანარჩენ ორ დაშავებულს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.

    ამჯამად ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

  • “საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან“–ზურაბიშვილი გაბუნიას საქმეზე

    “საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან“–ზურაბიშვილი გაბუნიას საქმეზე

    სალომეზ ზურაბიშვილი გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

    “ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

    როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.


    დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.


    მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა.“–ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.